სუარესის დილემა: სოხუმი თუ კოსოვო?!
07-07-2014
სუარესის დილემა: სოხუმი თუ კოსოვო?!
"გვესმის, რომ სუარესის ფინანსურად დაინტერესებას ვერ შევძლებთ, მაგრამ მას შეუძლია, ჩვენთან სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად  ივარჯიშოს"

თითქოს ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია არ ეყოფოდა, ლუის სუარესს ახალი საფიქრალი გაუჩნდა - სოხუმში გაემგზავროს თუ კოსოვოში? ურუგვაელ თავდამსხმელს არათუ ფიფას ეგიდით გამართულ ასპარეზობებში მონაწილეობა, სტადიონზე გამოჩენაც აკრძალული აქვს. ამიტომაც მისი გადაბირება მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ აუღიარებელმა "ქვეყნებმა" მოინდომეს და "კბენია" ჯერ კოსოვოში, გასული კვირის მიწურულს კი სოხუმშიც დაპატიჟეს. "აფხაზეთის ჩემპიონატის" 9-გზის გამარჯვებულმა, სოხუმის საფეხბურთო კლუბმა
"ნართმა" სუარესს შესთავაზა, დისკვალიფიკაციის პერიოდში აფხაზეთის პირველობაზე ითამაშოს(?!). "გვესმის, რომ ურუგვაელი ვარსკვლავის ფინანსურად დაინტერესებას ვერ შევძლებთ, მაგრამ მას შეუძლია, ჩვენთან სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად ივარჯიშოს", - განაცხადა სოხუმური კლუბის პრეზიდენტმა გენადი წვინარიამ. ბუნებრივია, დე ფაქტო აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია ფიფას წევრი არ არის და აფხაზურ კლუბს იმედი
აქვს, რომ სუარესს ამით დააინტერესებს.

მანამდე, ურუგვაელ ფორვარდს მსგავსი წინადადებით კოსოვოს "ჰაივალიამაც" მიმართა. მეტიც, ეს კლუბი მზად არის, სუარესში 25 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს, ყოველთვიურ ანაზღაურებად კი 1.200 გირვანქა დაუნიშნოს.

ამგვარად, ურუგვაელ ფეხბურთელს დიდი საფიქრალი გაუჩნდა. თუმცა, სხვა ყველაფერი აუკრძალეს და რა საქმე აქვს?! - იჯდეს და იფიქროს! შეგახსენებთ, იტალია-ურუგვაის მატჩისას სუარესმა ჯორჯო კიელინის უკბინა, რისთვისაც ფეხბურთიდან ოთხი თვით მოკვეთეს და 9 მატჩით ნაკრებსაც ჩამოაშორეს. გარდა ამისა, არათუ ვარჯიში, "ლივერპულის" ბაზაში მისვლა, ტრიბუნებზე ყოფნა, გუნდურ ფოტოებზე გამოჩენა, კლუბის პროდუქციის პროპაგანდა და საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობაც კი აუკრძალეს!

P. S. კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა სუარესს სასჯელი შეუმსუბუქა და მხოლოდ ვარჯიშის უფლება მისცა. ჰოდა, როგორც ჩანს, "სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად" სოხუმში ჩასვლა აღარ დასჭირდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით