"კოსტა-რიკა თუ გავიდა, ჩვენ რატომ ვერ უნდა გავიდეთ?!" - კვირის პალიტრა

"კოსტა-რიკა თუ გავიდა, ჩვენ რატომ ვერ უნდა გავიდეთ?!"

"ბრაზილია-არგენტინის ფინალს ვისურვებდი"

"არაბებთან რომ წააგებ, "ნორმალურად" თამაში ვიღას აინტერესებს?!"

ჯანო ანანიძე შვეიცარიაშია შეკრებაზე და მოსკოვის "სპარტაკთან" ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ხელის ტრავმის გამო აქამდე თამაშს ვერ ახერხებდა. არადა, შვეიცარიული შეკრების დასრულებამდე კვირაზე ნაკლებია დარჩენილი, რუსული კლუბის ახალმა თავკაცმა მურატ იაკინმა კი მალევე უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს თუ არა გუნდში 21 წლის ქართველ ნახევარმცველს, რომელიც გასულ სეზონში "როსტოვში" იყო განათხოვრებული და კარიერის საუკეთესო სეზონიც ჩაატარა. ჯანო ანანიძეს საკლუბო ამბებიც გამოვკითხეთ და მსოფლიო ჩემპიონატზეც ველაპარაკეთ:

- საკონტროლო მატჩები ხელის ტრავმის გამო გამოვტოვე. თანაგუნდელები კი მერიდებიან ვარჯიშის დროს, მაგრამ მოწინააღმდეგეც იმავეს ხომ ვერ გააკეთებს? ამხანაგურ მატჩებში ამიტომ ვერ ვითამაშე. თუმცა, უკვე სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. ახალ მწვრთნელთან დადებითად დამახასიათეს, მაგრამ იაკინმა საქმეში თუ არ მნახა, მხოლოდ ვარჯიშით როგორ უნდა შემაფასოს? შვეიცარიული შეკრება რამდენიმე დღეში დამთავრდება, მერე მოსკოვში ვითამაშებთ ორ ამხანაგურ მატჩს და აგვისტოში რუსეთის ჩემპიონატიც დაიწყება.

- ანუ, აგვისტოს დასაწყისისთვის უნდა გაირკვეს, გტოვებენ თუ არა "სპარტაკში".

- ჩემი ინფორმაციით, ჯერჯერობით, "სპარტაკში" ვრჩები. ბოლო სიტყვა მაინც მწვრთნელზეა - თუ იაკინი იტყვის, ჯანო მჭირდებაო, დავრჩები, თუ არა და, გაყიდვაზე დაიწყება ლაპარაკი. "სპარტაკთან" ჩემი კონტრაქტი წელიწად-ნახევარში იწურება და არა მგონია, ისევ არენდით გამიშვან სადმე. გერმანული ბუნდესლიგისა და ჰოლანდიის ერედივიზიონის კლუბების გარდა, ჩემი გადაბირება პირეოსის "ოლიმპიაკოსსაც" სურს. თუ ასარჩევად იქნება საქმე, ესპანეთის ჩემპიონატი მირჩევნია, მაგრამ ვფიქრობ, არც გერმანიაში გამიჭირდება.

- უკვე შეიძლება იმის თქმა, რა სტილის ფეხბურთს ითამაშებს "სპარტაკი" მურატ იაკინის ხელში?

- "სპარტაკულ ფეხბურთზე" მეტად, ახალი მწვრთნელი ძალისმიერ, მებრძოლ თამაშს ანიჭებს უპირატესობას - დისციპლინურ ფეხბურთს, პრესინგს, წინ პასებს ითხოვს.

- როგორც ამბობენ, "სპარტაკში" არტიომ ძიუბას დარჩენა გადაწყვეტილია, შენ და ძიუბა კი ისეთ დუეტად ჩამოყალიბდით, დაშლა საცოდაობა იქნება ("როსტოვში" გატანილი 17 ბურთიდან, ძიუბამ ნახევარზე მეტი სწორედ ჯანოს პასით გაიტანა. - ავტ.)...

- თეორიული მეცადინეობისას იაკინმა იკითხა, ვის გაქვთ მოგებული რამე ტროფეიო. ჩემი და ძიუბას გარდა, 30 ფეხბურთელიდან მხოლოდ სამიოდე მოთამაშემ ასწია ხელი! ყველა ელის, რომ მე და ძიუბა "სპარტაკშიც" ისეთი შედეგიანი ვიქნებით, როგორიც "როსტოვში", მაგრამ ამისთვის ერთად თამაშია საჭირო (იცინის). იაკინი გუნდში ახალი მოსულია, გადაწყვეტილება არც ერთ ფეხბურთელზე არ მიუღია და ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, ვინ ვისი მეწყვილე ან კონკურენტი იქნება. ამიტომაც "სპარტაკში" დღეს ყველა ერთმანეთის კონკურენტია, ყველას უნდა გუნდში დარჩენა და დამტკიცება, რომ კარგი ფეხბურთელია!

- რუსეთში ყველას ისედაც ანანიძე-ძიუბას დუეტი აკერია პირზე. ყაზანის "რუბინის" მწვრთნელმა ისიც კი თქვა, ძიუბა ნაკრების ფეხბურთელი რომ გახდეს, საჭიროა, ჯანოც რუსად "გადავაქციოთო".

- რუსეთის ნაკრებში თამაში რომ მნდომოდა, თავის დროზე დავთანხმდებოდი! ძიუბა ძალიან კარგი თავდამსხმელია და ერთმანეთისაც უსიტყვოდ გვესმის - რაც უნდა კარგი პასი მისცე, გატანა ხომ უნდა?! რუსებმა მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანეს და დაისაჯნენ კიდეც - ჯგუფში ჩარჩნენ.

- მერე, როგორ შეხვდნენ რუსეთში ამ ამბავს?

- ბუნებრივია, უკმაყოფილო არიან, მით უმეტეს, ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ და მუნდიალზე საკმაოდ იოლ ჯგუფშიც მოხვდნენ. მათი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო, ამბობს, მე ჩემი საქმე გავაკეთე, შესარჩევ ქვეჯგუფში პორტუგალია მყავდა, მაგრამ გუნდი მაინც გავიყვანე ფინალურ სტადიაზეო.

- რუსეთის თასის ფინალში გამარჯვება საქართველოს დროშით აღნიშნე. ეს წინასწარ გქონდა ჩაფიქრებული?

- ასეთ მატჩებზე დროშა სულ დამაქვს ხოლმე და ფინალზეც წავიღე, თუ გავიმარჯვებთ, შემოვიხვევ-მეთქი. მიხარია, ქართველი რომ ვარ, ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ, თორემ იმისთვის ნამდვილად არ გამიკეთებია, ვინმემ შემაქოს, ყოჩაღ, რუსეთში ქართული დროშის აფრიალება რომ გაბედაო! ქართველი ვარ და ჩემს სათქმელს ყოველთვის ვიტყვი, მაგრამ ფეხბურთი და პოლიტიკა ნამდვილად არაფერ შუაშია! ისე, გულნატკენი კი ვარ, თასის მოგების შემდეგ ერთი ქართველი ჟურნალისტიც კი არ შემხმიანებია!

- საქართველოს ნაკრების ბოლო ამხანაგური მატჩები თუ ნახე?

- სამწუხაროდ, ნაკრებებთან მატჩებში ტრავმის გამო ვერ ვითამაშე. რუსეთის ჩემპიონატის რამდენიმე მატჩიც გამიცდა, თასის ფინალშიც ტკივილგამაყუჩებლით ვითამაშე. რომ ჩამოვედი, თემურ ქეცბაიასა და ნაკრების ექიმთან შეთანხმებით გადავწყვიტე, რომ გართულებასა და საკვალიფიკაციო მატჩების გაცდენას, სჯობდა, ამხანაგური მატჩები გამომეტოვებინა. საამიროებთან მატჩზე კი რა უნდა ვთქვა, ცუდი მატჩი არ ყოფილა, ბიჭებმაც ნორმალურად ითამაშეს, მაგრამ არაბებთან რომ წააგებ, "ნორმალურად" თამაში ვიღას აინტერესებს?!

- მსოფლიო ჩემპიონატით კმაყოფილი ხარ?

- ძალიან მაგარი ჩემპიონატია! ყველა გუნდი ცდილობს, შეუტიოს და რაც მთავარია, გამოსდით კიდეც! ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა. ისეთი გუნდები, როგორიც ალჟირი, კოსტა-რიკა და სხვები არიან, ფლეი-ოფში დამსახურებულად გავიდნენ. კოსტა-რიკა, პატარა ქვეყანა, რომელიც შეიძლება ბევრმა რუკაზეც კი ვერ იპოვოს, მსოფლიოს რვა საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა, ესპანეთი, ინგლისი, იტალია, პორტუგალია კი ჯგუფში ჩარჩნენ! საქართველოს ნაკრებზე რომ ამბობენ, ძლიერ კლუბში ერთი ფეხბურთელიც არა ჰყავს და რა გუნდი იქნებაო, კოსტარიკელი ფეხბურთელები "მანჩესტერში" თამაშობენ თუ "ბარსელონაში"?! ჩვეულებრივი მოთამაშეები არიან, გამოდიან, იბრძვიან და მეოთხედფინალშიც დამსახურებულად გავიდნენ!

- ანუ ჩვენი ნაკრების პრობლემა მხოლოდ ეს არ ყოფილა...

- სანამ ევროპის ძლიერ გუნდებში არ გვეყოლება ფეხბურთელები, ვერ გავალთო. კოსტა-რიკა თუ გავიდა, ჩვენ რატომ ვერ უნდა გავიდეთ?!

- ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონი?

- ბავშვობიდან ბრაზილიას ვქომაგობ, თუმცა, მესის გულშემატკივარიც ვარ. ასე რომ, ბრაზილია-არგენტინის ფინალს ვისურვებდი. თუ ასე მოხდა, არც ერთს არ ვუქომაგებ - უბრალოდ ვუყურებ და ვისიამოვნებ!