"ბრაზილია და არგენტინა ფეხბურთს ვერ იყოფენ"
14-07-2014
"ბრაზილია და არგენტინა  ფეხბურთს ვერ იყოფენ"
"ვერავინ იტყვის, რომ სკოლარის ასარჩევად ჰყავდა კარგი მოთამაშეები და ცუდები ათამაშა"

დავით ქლიბაძე ზედიზედ მეათე მუნდიალს დაესწრო! ოთხი ათეული წელია, მსოფლიოს ერთი ჩემპიონატიც არ გამოუტოვებია, მაგრამ... ფეხბურთი ბრაზილიაში რომ უყვართ, მსგავსი არსად მინახავსო, - გაგვიმხილა ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა. ბატონი დავითისთვის მხოლოდ რამდენიმე კითხვის დასმა შევძელით, თანაც - ტურნირის მთავარი მატჩების დაწყებამდე, თუმცა, მაინც საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა:


- ბრაზილიაში ფეხბურთი ყველაფერია. სხვა ქვეყნებშიც ხომ ძალიან უყვართ, მაგრამ აქაურის მსგავსი არსად არაფერი
მინახავს!

- როგორ გამოხატავენ ამ სიყვარულს?

- ვფიქრობდი, 1:7 წაგების შემდეგ ქვეყანაში გლოვა იქნებოდა, მაგრამ ისე ძალიან უყვართ ფეხბურთი, ბოლო წუთებზე გატანილმა ერთადერთმა გოლმაც უდიდესი სიხარული გამოიწვია ქვეყანაში! იცით, როგორი ხალხია? ყველაფერში ეძებენ საბაბს, რომ გაიხარონ, ბედნიერები იყვნენ... რიო-დე-ჟანეიროს უბან ლაპაში, სადაც მე ვცხოვრობ, დილიდან
საღამომდე, განსაკუთრებით კი - ღამით, სულ ცეკვა და სიმღერაა გაჩაღებული. ტაშ-ფანდური და ფეხბურთი - სხვა სალაპარაკო არაფერი აქვთ! რა თქმა უნდა, ძალიან განიცადეს გერმანიასთან შერცხვენა, მაგრამ წუხილმა დიდხანს არ გასტანა და ეს მასმედიის დამსახურებაც არის - მტრული განწყობა ნამდვილად არ ყოფილა: ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება - ასეთი დამოკიდებულება აქვთ...

- როგორც ჩანს, გულშემატკივარმა მიიღო ფეხბურთელების და მწვრთნელის ბოდიში...

- მიიღეს და უმეტესობამ უკვე აპატია კიდეც! ტელევიზიები ყოველ წუთს აჩვენებდნენ კადრებს - როგორ ტირიან ბრაზილიელი ფეხბურთელები გერმანიასთან მატჩის შემდეგ, თანაც, მხოლოდ ფეხბურთელების ბრალიც არ არის - ფაქტია, რომ ბრაზილიურ ფეხბურთში კრიზისია. ამ ნაკრებიდან 4-5 მოთამაშე თუ შეეფერება ამბიციური ბრაზილიური ფეხბურთის დონეს. დანარჩენები საშუალო დონის არიან, ან ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდნენ მუნდიალს. ყოველ შემთხვევაში, ვერავინ იტყვის, რომ სკოლარის ასარჩევად ჰყავდა კარგი მოთამაშეები და ცუდები ათამაშა. შესაძლოა, სხვა მწვრთნელის ხელში 10% მოემატებინათ, მაგრამ ფაქტია - საჩემპიონო რესურსი დღეს ბრაზილიაში არ არის!

- არგენტინა არ უყვართ, გერმანელებმა კი მათ ნაკრებს სამარცხვინო ანგარიშით მოუგეს... ვის უქომაგებენ ბრაზილიელები ფინალში?
- ძნელი სათქმელია, მაგრამ არ გამოვრიცხავ - როგორც მეზობელს და ტრადიციულ საფეხბურთო მეტოქეს, მაინც არგენტინას უგულშემატკივრონ! კინოფილმ "ჭირვეულ მეზობლებში" რომ სიმღერაა: "ჭირვეული მეზობლები, ამირან და გრამიტონი, იყოფენ და ვერ გაიყვეს, კვალითი და ზესტაფონი," ასე არიან ბრაზილია და არგენტინაც - ფეხბურთს ვერ იყოფენ! სხვათა შორის, ბრაზილიაში ძალიან განიცადეს ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანოს გარდაცვალება - ყველა ტელევიზია და გაზეთი ამაზე ლაპარაკობდა (შეგახსენებთ, დი სტეფანო ბუენოს-აირესში დაიბადა და ესპანეთში გადაბარგებამდე სწორედ არგენტინის ნაკრების ღირსებას იცავდა. - ავტ.)...

- მუნდიალის დაწყებამდე ბევრჯერ დაიწერა, რომ მასპინძლები მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ვერ ასწრებდნენ. რას იტყვით, მომზადებული შეხვდა ბრაზილია მუნდიალს?
- "მარაკანასა" და ბელუ ორიზონტეს სტადიონზე ვიყავი და მსგავსი პრობლემა არც ერთგან არ შემხვედრია. ორივე ჩინებული არენაა, მაგრამ ჩემი აზრით, რეკონსტრუქციის შემდეგ "მარაკანას" ძველებური მიმზიდველობა დაკარგული აქვს, ძალიან გათანამედროვებული და გაევროპულებულია!

- დასასრულ, მითხარით, ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონი?
- ის, ვინც მეტოქეზე მეტ გოლს გაიტანს (იცინის)!
rati
15 ივლისი 2014 00:41
1-მა არხმა რატომ არ აჩვენა ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალი?

ვის რაში აინტერესებდა რომელიღაც ლატარიის გათამაშებები?

გადასახადებიდან ფულს ამისთვის ვუხდით?

პასუხი არავინ უნდა მოთხოვოს?

რედაქტორის რჩევით