"ბრაზილიამ ორი ფეხბურთელის სრულფასოვანი შემცვლელი ვერ მოძებნა" - კვირის პალიტრა

"ბრაზილიამ ორი ფეხბურთელის სრულფასოვანი შემცვლელი ვერ მოძებნა"

"რომელი შვეიცარიელი, ირლანდიელი ან ამერიკელი შეედრებოდა მიშა მესხს, სლავა მეტრეველს, ბორია პაიჭაძეს, გივი ჩოხელს, მურთაზ ხურცილავას?!

მსოფლიოს ახალი, უფრო სწორად - "კარგად დავიწყებული" ჩემპიონი ჰყავს. "დავიწყებულია", აბა რა, მუნდიალზე გერმანელთა ბოლო გამარჯვებიდან ხომ უკვე 24 წელია გასული, არგენტინელთა ტრიუმფიდან კი, სულაც - 28! ის ტურნირი დიეგო მარადონამ მოიგო, წელს კი, გუნდის ვარსკვლავის როლი ლეო მესის დაეკისრა და... ფინალში რაც მოხდა, თქვენ უკვე იცით, "კვირის პალიტრის" ფორმატიდან გამომდინარე, გაზეთის ამ ნომერში მესამე ადგილისთვის მატჩსა და ფინალზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატი კიდევ დიდხანს იქნება მთავარი თემა და ტურნირის გადამწყვეტი თამაშების შეფასება არც მოგვიანებით იქნება უინტერესო. მანამდე კი რევაზ ძოძუაშვილს იმაზე ველაპარაკეთ, რაც უკვე ვნახეთ:

- რაც უნდა კარგი იყოს, ადამიანს უფრო უკეთესი უნდა, მაგრამ ცოტა თუ იტყვის, რომ მსოფლიოს ამ ჩემპიონატს რამე ჰქონდა დასაწუნი! მერე რა, რომ მუნდიალის მონაწილე ქვეყნებივით ბედნიერები ვერ ვართ?! სამაგიეროდ, ჩვენც ხომ გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა, დავმტკბარიყავით, ანალიზი გაგვეკეთებინა ბრაზილიაში გამართული ამ დიდებული ტურნირისთვის!

- თქვენთვის რა იყო მთავარი სიახლე ამ ჩემპიონატზე?

- კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ფეხბურთი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი სახეობაა! მატჩის შემდეგ რომ დასხდებიან და ჭკუას გვასწავლიან, აბა, თამაშის დაწყებამდე თქვას ვინმემ, რა მოხდება, როგორი თამაში იქნება! მსოფლიო ჩემპიონატი უდიდესი დღესასწაულია, სადაც წარმატებით უთამაშია არაერთ ქართველ ფეხბურთელს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ქართველი მოთამაშეები მუნდიალზე ისევ რომ ვნახოთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ეს საქმე მართლაც პროფესიონალებს ჩავაბაროთ...

- ბრაზილია-გერმანია - მატჩი, რომელიც სენსაციებით მდიდარ ამ მუნდიალზეც კი ყველაზე მოულოდნელი შედეგით დასრულდა! მაინც, რა მოხდა იმ შეხვედრაში?

- ისეთი ცენტრფორვარდით, როგორიც ბრაზილიას ჰყავდა ამ ჩემპიონატზე, მეტს რას უნდა ელოდოთ?! რომც ეთამაშა, მხოლოდ ნეიმარი რას გააკეთებდა?! მეტი შეტევითი პოტენციალი კი მასპინძლებს არ ჰქონდათ... გარდა იმისა, რომ ეს შემადგენლობა ისედაც სუსტია, დაცვის ერთ-ერთი ბურჯიც გამოაკლდათ და უკანა ხაზში ძალიან არაორგანიზებულად ითამაშეს.

- ისე, პარადოქსი არ არის, ბრაზილიის ნაკრებს დაცვა უკეთესი ჰყავდეს, ვიდრე შემტევები?!

- ბრაზილიის ამ ფორმაციის ნაკრებში საუკეთესოები ცენტრალური მცველები იყვნენ და ამით ყველაფერია ნათქვამი! მარჯვენა მცველიც კარგი იყო, აი, მარცხნივ კი მცველი ნამდვილად არ ჰყოლიათ: შეგვიძლია, შემტევი ნახევარმცველი დავარქვათ, ან თავდამსხმელი, მაგრამ მცველი - ნამდვილად არა! საკმარისი აღმოჩნდა, ნეიმართან ერთად ცენტრალური მცველი გამოკლებოდათ და გუნდის მთავარი ბირთვი დაიშალა! ბრაზილია-სსრკ-ის მატჩისას ფეოლამ სათადარიგოებიდან ათამაშა ორი ფეხბურთელი - გარინჩა და პელე, რომლებმაც ისეთ დღეში ჩაყარეს საბჭოელები, დღემდე ვერ მოვიდნენ აზრზე! დღეს კი... დღეს ისეა საქმე, რომ ბრაზილიამ ორი ფეხბურთელის სრულფასოვანი შემცვლელი ვერ მოძებნა!

- თუმცა, მხოლოდ ბრაზილიელებს ნუ დავადანაშაულებთ - არ დაგვავიწყდეს, რომ გერმანიის ნაკრებმა ფანტასტიკურად ითამაშა...

- მხოლოდ გერმანიის ნაკრებით კი არა, ამ ქვეყნის კანცლერით - ანგელა მერკელითაც აღფრთოვანებული ვარ. კარგი იქნება, თუ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი მიჰბაძავს ამ ქალბატონს, რომელიც ტრიბუნიდან ძალიან ემოციურად ქომაგობს ხოლმე თავისი ქვეყნის ნაკრებს და ფეხბურთელებს საოცარ მუხტსაც გადასცემს! გერმანიის ნაკრებს წლების განმავლობაში ჰქონდა ჩავარდნა, თუმცა, როგორც კი დაუბრუნდნენ თამაშის ძველ ყაიდას, რომელსაც "გერმანული მანქანა" ჰქვია, როგორც კი ფიზმომზადებას და ძალას სწრაფი, ტექნიკური თამაშიც მიუმატეს, საოცარი შედეგი მიიღეს. რაც მთავარია, თანამედროვე ფეხბურთი რეაქტიულ სისწრაფეზეა გადასული. თუ წარმატების მიღწევა გვინდა, ასეთივე სისწრაფეა საჭირო ქართულ ფეხბურთშიც, მაგრამ როცა ფეხბურთელს ნორმალური კვება, საცხოვრებელი პირობები, ეკიპირება არ აქვს, რომელ სისწრაფეზეა ლაპარაკი?!

- რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, ამ მუნდიალზე ყველა ნაკრები ცდილობდა, შეტევაში აქტიურად ეთამაშა...

- არგენტინელების მაგალითზე გეტყვით - ჰოლანდიასთან ნახევარფინალურ მატჩში თავქუდმოგლეჯილი კი არ წასულან შეტევაზე, ერთნაირ ყურადღებას უთმობდნენ თავდასხმასაც და დაცვასაც და მიაღწიეს კიდეც საწადელს.

- ესპანეთი, იტალია, ინგლისი ჯგუფში ჩარჩნენ, კოსტა-რიკისა და ალჟირის ნაკრებებმა კი გაილაღეს! ეს რისი ბრალია?

- ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ შესაძლებელია, ჩვენსავით პატარა ქვეყანამაც ითამაშოს დიდი ფეხბურთი! რომელი შვეიცარიელი, ირლანდიელი ან ამერიკელი შეედრებოდა მიშა მესხს, სლავა მეტრეველს, ბორია პაიჭაძეს, გივი ჩოხელს, მურთაზ ხურცილავას?! ქართველებს ახლაც შეგვიძლია, მსოფლიო ფეხბურთის სამყაროს ღირსეული წევრი ვიყოთ. იმას კი, რაც მკითხეთ, ხანგრძლივი ანალიზი სჭირდება. რამდენიმესაათიანი ლექციაა საჭირო, რომ გიპასუხოთ - რის ბრალია გრანდების ფიასკო და მოკრძალებული ნაკრებების შემოთავაზებული სიურპრიზები...

- ვინ არის წლევანდელი მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი?

- ძალიან კარგად ითამაშეს მეკარეებმა. მანუელ ნოიერმა სულაც სიახლე შემოიტანა ფეხბურთში - ფაქტობრივად, მეკარე-მცველის ფუნქციებს ასრულებდა! რაც შეეხება ვარსკვლავს, რომელიმე მოთამაშის გამორჩევა გამიჭირდება. ნეიმარის გარდა, გამოკვეთილი ლიდერი არც ერთ გუნდში არ გვინახავს, მაგრამ სამწუხაროდ, არც ნეიმარს აცალეს თამაში... მესი? საკლუბო დონეზე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ მუნდიალზე ჯერ არ არის ისეთი ვარსკვლავი, როგორიც მარადონა და პელე იყვნენ! თუმცა, ვნახოთ, როგორ ითამაშებს ფინალში...