"ბრაზილიამ ორი ფეხბურთელის სრულფასოვანი შემცვლელი ვერ მოძებნა"
14-07-2014
"ბრაზილიამ ორი ფეხბურთელის სრულფასოვანი შემცვლელი ვერ მოძებნა"
"რომელი შვეიცარიელი, ირლანდიელი ან ამერიკელი შეედრებოდა მიშა მესხს, სლავა მეტრეველს, ბორია პაიჭაძეს, გივი ჩოხელს, მურთაზ ხურცილავას?!

მსოფლიოს ახალი, უფრო სწორად - "კარგად დავიწყებული" ჩემპიონი ჰყავს. "დავიწყებულია", აბა რა, მუნდიალზე გერმანელთა ბოლო გამარჯვებიდან ხომ უკვე 24 წელია გასული, არგენტინელთა ტრიუმფიდან კი, სულაც - 28! ის ტურნირი დიეგო მარადონამ მოიგო, წელს კი, გუნდის ვარსკვლავის როლი ლეო მესის დაეკისრა და... ფინალში რაც მოხდა, თქვენ უკვე იცით, "კვირის პალიტრის" ფორმატიდან გამომდინარე, გაზეთის ამ ნომერში
მესამე ადგილისთვის მატჩსა და ფინალზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატი კიდევ დიდხანს იქნება მთავარი თემა და ტურნირის გადამწყვეტი თამაშების შეფასება არც მოგვიანებით იქნება უინტერესო. მანამდე კი რევაზ ძოძუაშვილს იმაზე ველაპარაკეთ, რაც უკვე ვნახეთ:


- რაც უნდა კარგი იყოს, ადამიანს უფრო უკეთესი უნდა, მაგრამ ცოტა თუ
იტყვის, რომ მსოფლიოს ამ ჩემპიონატს რამე ჰქონდა დასაწუნი! მერე რა, რომ მუნდიალის მონაწილე ქვეყნებივით ბედნიერები ვერ ვართ?! სამაგიეროდ, ჩვენც ხომ გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა, დავმტკბარიყავით, ანალიზი გაგვეკეთებინა ბრაზილიაში გამართული ამ დიდებული ტურნირისთვის! 

- თქვენთვის რა იყო მთავარი სიახლე ამ ჩემპიონატზე?

- კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ფეხბურთი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი სახეობაა! მატჩის შემდეგ რომ დასხდებიან და ჭკუას გვასწავლიან, აბა, თამაშის დაწყებამდე თქვას ვინმემ, რა მოხდება, როგორი თამაში იქნება! მსოფლიო ჩემპიონატი უდიდესი დღესასწაულია, სადაც წარმატებით უთამაშია არაერთ ქართველ ფეხბურთელს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ქართველი მოთამაშეები მუნდიალზე ისევ რომ ვნახოთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ეს საქმე მართლაც პროფესიონალებს ჩავაბაროთ...

- ბრაზილია-გერმანია - მატჩი, რომელიც სენსაციებით მდიდარ ამ მუნდიალზეც კი ყველაზე მოულოდნელი შედეგით დასრულდა! მაინც, რა მოხდა იმ შეხვედრაში?
- ისეთი ცენტრფორვარდით, როგორიც ბრაზილიას ჰყავდა ამ ჩემპიონატზე, მეტს რას უნდა ელოდოთ?! რომც ეთამაშა, მხოლოდ ნეიმარი რას გააკეთებდა?! მეტი შეტევითი პოტენციალი კი მასპინძლებს არ ჰქონდათ... გარდა იმისა, რომ ეს შემადგენლობა ისედაც სუსტია, დაცვის ერთ-ერთი ბურჯიც გამოაკლდათ და უკანა ხაზში ძალიან არაორგანიზებულად ითამაშეს.

- ისე, პარადოქსი არ არის, ბრაზილიის ნაკრებს დაცვა უკეთესი ჰყავდეს, ვიდრე შემტევები?!
- ბრაზილიის ამ ფორმაციის ნაკრებში საუკეთესოები ცენტრალური მცველები იყვნენ და ამით ყველაფერია ნათქვამი! მარჯვენა მცველიც კარგი იყო, აი, მარცხნივ კი მცველი ნამდვილად არ ჰყოლიათ: შეგვიძლია, შემტევი ნახევარმცველი დავარქვათ, ან თავდამსხმელი, მაგრამ მცველი - ნამდვილად არა! საკმარისი აღმოჩნდა, ნეიმართან ერთად ცენტრალური მცველი გამოკლებოდათ და გუნდის მთავარი ბირთვი დაიშალა! ბრაზილია-სსრკ-ის მატჩისას ფეოლამ სათადარიგოებიდან ათამაშა ორი ფეხბურთელი - გარინჩა და პელე, რომლებმაც ისეთ დღეში ჩაყარეს საბჭოელები, დღემდე ვერ მოვიდნენ აზრზე! დღეს კი... დღეს ისეა საქმე, რომ ბრაზილიამ ორი ფეხბურთელის სრულფასოვანი შემცვლელი ვერ მოძებნა!

- თუმცა, მხოლოდ ბრაზილიელებს ნუ დავადანაშაულებთ - არ დაგვავიწყდეს, რომ გერმანიის ნაკრებმა ფანტასტიკურად ითამაშა...
- მხოლოდ გერმანიის ნაკრებით კი არა, ამ ქვეყნის კანცლერით - ანგელა მერკელითაც აღფრთოვანებული ვარ. კარგი იქნება, თუ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი მიჰბაძავს ამ ქალბატონს, რომელიც ტრიბუნიდან ძალიან ემოციურად ქომაგობს ხოლმე თავისი ქვეყნის ნაკრებს და ფეხბურთელებს საოცარ მუხტსაც გადასცემს! გერმანიის ნაკრებს წლების განმავლობაში ჰქონდა ჩავარდნა, თუმცა, როგორც კი დაუბრუნდნენ თამაშის ძველ ყაიდას, რომელსაც "გერმანული მანქანა" ჰქვია, როგორც კი ფიზმომზადებას და ძალას სწრაფი, ტექნიკური თამაშიც მიუმატეს, საოცარი შედეგი მიიღეს. რაც მთავარია, თანამედროვე ფეხბურთი რეაქტიულ სისწრაფეზეა გადასული. თუ წარმატების მიღწევა გვინდა, ასეთივე სისწრაფეა საჭირო ქართულ ფეხბურთშიც, მაგრამ როცა ფეხბურთელს ნორმალური კვება, საცხოვრებელი პირობები, ეკიპირება არ აქვს, რომელ სისწრაფეზეა ლაპარაკი?! 

- რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, ამ მუნდიალზე ყველა ნაკრები ცდილობდა, შეტევაში აქტიურად ეთამაშა...
- არგენტინელების მაგალითზე გეტყვით - ჰოლანდიასთან ნახევარფინალურ მატჩში თავქუდმოგლეჯილი კი არ წასულან შეტევაზე, ერთნაირ ყურადღებას უთმობდნენ თავდასხმასაც და დაცვასაც და მიაღწიეს კიდეც საწადელს.

- ესპანეთი, იტალია, ინგლისი ჯგუფში ჩარჩნენ, კოსტა-რიკისა და ალჟირის ნაკრებებმა კი გაილაღეს! ეს რისი ბრალია?
- ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ შესაძლებელია, ჩვენსავით პატარა ქვეყანამაც ითამაშოს დიდი ფეხბურთი! რომელი შვეიცარიელი, ირლანდიელი ან ამერიკელი შეედრებოდა მიშა მესხს, სლავა მეტრეველს, ბორია პაიჭაძეს, გივი ჩოხელს, მურთაზ ხურცილავას?! ქართველებს ახლაც შეგვიძლია, მსოფლიო ფეხბურთის სამყაროს ღირსეული წევრი ვიყოთ. იმას კი, რაც მკითხეთ, ხანგრძლივი ანალიზი სჭირდება. რამდენიმესაათიანი ლექციაა საჭირო, რომ გიპასუხოთ - რის ბრალია გრანდების ფიასკო და მოკრძალებული ნაკრებების შემოთავაზებული სიურპრიზები...

- ვინ არის წლევანდელი მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი?
- ძალიან კარგად ითამაშეს მეკარეებმა. მანუელ ნოიერმა სულაც სიახლე შემოიტანა ფეხბურთში - ფაქტობრივად, მეკარე-მცველის ფუნქციებს ასრულებდა! რაც შეეხება ვარსკვლავს, რომელიმე მოთამაშის გამორჩევა გამიჭირდება. ნეიმარის გარდა, გამოკვეთილი ლიდერი არც ერთ გუნდში არ გვინახავს, მაგრამ სამწუხაროდ, არც ნეიმარს აცალეს თამაში... მესი? საკლუბო დონეზე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ მუნდიალზე ჯერ არ არის ისეთი ვარსკვლავი, როგორიც მარადონა და პელე იყვნენ! თუმცა, ვნახოთ, როგორ ითამაშებს ფინალში...
vaxo
16 ივლისი 2014 08:32
ფეხბურთს რომ ვაკვირდები ყოველ 12 წელში რაღაც მეორება მე მოგიყვანთ რამოდენიმე ფაქტს და მერე თვითონ შეაფასეთ რამდენად რეალურია,2002 წელს რეალმა ლიგა მოიგო და 12 წლის შემდეგაც იგივე განმეორდა ანალოგიურად ბაიერნმა 2001-13, იტალიამ 2000 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში წააგო და 12 წლის შემდეგაც იგივე განმეორდა ,1998 წელს ინტერმა უეფას თასი მოიგო და 12 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა,1990 წელს გერმანიამ არგენტინა დაამარცხა1-0 და ორჯერ 12 წლის შემდეგ ანუ ამ წელს იგივე განმეორდა და ესეთი სხვა ფაქტებიც იქნება ამ ლოგიკით 4 წლის შემდეგ ბრაზილია და იტალია არიან ფავორიტები და რადგან ბრაზილია ამ მომენტში უფრო იმედის მომცემია ბრაზილიაა ფავორიტი ეს 7-1 დარტყმა უფრო გააძლიერებს ეს მსოფლიო ფეხბურთზე და მსგავსი მომენტი ქართულ ფეხბურთშიც არის 1981 ში დინამომ რომ მოიგო თასების თასი ორჯერ 12 წლის შემდეგ პატარა წარმატება განმეორდა და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავედით ამიტომ მანამდე თუ არა 2017 წლისთვის შეიძლება დინამომ რაღაც წარმატებას მიაღწოის თუ მანამდე რამე კარგი მოხდა ეს წარმატება ალბათ უფრო მეტი იქნება და შეიძლება 2018 წლის მსოფლიო თასზეც ამოვყოთ თავი მაგრამ ეს მხოლოდ ასტროლოგია დანარჩენი შენ უნდა გაკეთო მხოლოდ ეგეთ შემთხვევაში მუშაობს ეს ყველაფერი..ბრაზილიელებს ეს საქმე კარგად ესმით და მაგის წყალობითაც არიან ხუთგზის ჩემპიონები ადრე ერთ-ერთ გადაცემაში მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა ამ თემაზე.რელიგიური თვლსაზრისით ცალკე თემაა და შეიძლება ცუდია, შეიძლება ამ ყველაფერში ეშმაკის ხელიც ურევია რადგან ეს ზოდიაქო ამქვეყნიური წარმატების და კანონზომიერების ფორმულაა და არა სულიერი განვითარების და ღმერთთან მიახლოების. და მარტო ვარსკვალვების საქმეში ჩახედვით და საკუთარის არ კეთებით შეიძელბა ვერაფერი შედეგი მიიღო, და ეს ყველაფერი მარტო ფეხბურთს არ ეხება ცხოვრებაში ღაღაც საკითხები არის ამაზე დამოკიდებული
Gocha
15 ივლისი 2014 02:49
საერთოდ რას აკეთებენ ესენი ამ სკამებზე ჯდომა სიამოვნებთ . საქართველოს ჩემპიონატის ნებისმიერი თამაში უნდა იყოს მაღალი ხარისხის 16 გუნდიანში რაღაც მეჭვება ...ეტყობა დაფინანსების იმედი აქვთ რომ ისევ ფული აკეთონ. ჩვენ ფეხბურთის გულშემატკივრებმა აქციები უნდა მოვაწყოთ რომ რაც შეიძლება მალე წავიდეს სიჭინავა თორემ ერთი წელი დიდი დროა !! უეფას რომ აქვს დებულება ფედერაციის საქმიანობაში ჩარევას რომ კრძალავს იმას რატომ არ კითხულობენ ფედერაციაში საერთოდ რომ არ ყავთ საფეხბურთო ხალხი

რედაქტორის რჩევით