ყველაზე სევდიანი გულშემატკივრის ისტორია
21-07-2014
ყველაზე სევდიანი გულშემატკივრის ისტორია
"ფეხბურთი ძალიან მიყვარს, ისე ძალიან, რომ თუ ტრიბუნაზე მოვკვდები, არ დამმარხოთ, იქვე დამტოვეთ!"

"კაფუს ანგარიშზე 142 სანაკრებო მატჩია, მე კი უკვე 150-ზე მეტი მომიგროვდა. უკვე შემიძლია, თავს ბრაზილიის ნაკრების მე-12 მოთამაშე ვუწოდო"


როცა გერმანელმა ფეხბურთელებმა მეშვიდე "ლურსმანი" ჩააჭედეს ბრაზილიის ნაკრების კარში, ტელეკამერების ობიექტივში ვინ იცის, მერამდენედ მოხვდა ჭაღარა მამაკაცი, თვალცრემლიანი რომ ეამბორა მსოფლიო თასის ასლს. მალევე, ფოტო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა სათაურით "მსოფლიოში ყველაზე სევდიანი გულშემატკივარი". ცოტა ხანში, მსოფლიო თასს ჩახუტებული
სევდიანი ქომაგი ბრაზილიის მუნდიალის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა!

გულშემატკივარი, რომელიც მალე მთელმა მსოფლიომ გაიცნო, 59 წლის ბრაზილიელი კლოვის აკოსტა ფერნანდეში აღმოჩნდა. მის ანგარიშზე უკვე 155 მატჩი და არაერთი დიდი ტურნირია: ზედიზედ შვიდი მუნდიალი, ექვსი "კოპა ამერიკა", კონფედერაციის ოთხი თასი, ოლიმპიური თამაშები, სამოცზე მეტ ქვეყანაში მოგზაურობა...
"კაფუს ანგარიშზე 142 სანაკრებო მატჩია, მე კი უკვე 150-ზე მეტი მომიგროვდა. უკვე შემიძლია, თავს ბრაზილიის ნაკრების მე-12 მოთამაშე ვუწოდო", - ამბობს ფერნანდეში.

ყველაფერი კი იტალიაში, მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატზე დაიწყო. თუმცა, აპენინის ნახევარკუნძულზე გამგზავრება კლოვისმა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც მეუღლის ულტიმატუმი შეასრულა - ცოლს გერმანული ფორტეპიანო უყიდა. როგორც კი მუსიკალური ინსტრუმენტი დააბინავა, ოჯახის უფროსმა ევროპაში თვე-ნახევრით გამგზავრების უფლება მიიღო. ტურინში მუნდიალის სტარტამდე კარგა ხნით ადრე ჩავიდა და ადგილობრივ კაფეში მუშაობის დაწყებასაც კი აპირებდა! საქმე ის არის, რომ კლოვისს ბრაზილიაში პიცერია ჰქონდა და უნდოდა, იტალიური პიცის მომზადების საიდუმლო შეესწავლა, თუმცა... "მალევე მივხვდი, რომ უფრო გემრიელი პიცა გამომდიოდა და არაფრის სწავლა არ მჭირდებოდა. ასე რომ, უბრალოდ ვსეირნობდი და ქალაქს ვათვალიერებდი".  საბოლოოდ, კლოვისი ისე გაერთო ნაკრებთან ერთად მოგზაურობით, რომ სამუშაომ მეორე პლანზე გადაინაცვლა და პიცერია ძმას გადააბარა.

მუნდიალის მიმდინარეობისას კლოვისი და მისი მეგობრები ნაქირავები ავტომანქანით დადიან: ასე უფრო მოსახერხებელია ქვეყნისა და ხალხის უკეთ გაცნობა, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და ა.შ. ბრაზილიელს ამ წესის დარღვევამ მხოლოდ ერთხელ, 2002 წლის მუნდიალისას, მოუწია: "იაპონიაში ჩასულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემს სადაზღვევო ბარათში არაფერი იყო ნათქვამი ავტომანქანის დაქირავების უფლებაზე. ვიყიდეთ ნახმარი იაპონური ავტომანქანა და მთელი ტურნირის განმავლობაში მისი მეშვეობით გადავაადგილდებოდით. რა მოვუხერხეთ მუნდიალის დასრულების შემდეგ? იაპონიიდან გამგზავრების წინ, ავტომანქანა... PlayStation-ში გავცვალე, შვილთან ხელცარიელი ხომ არ დავბრუნდებოდი?!"

იმავე მუნდიალზე, ფიფამ სწორედ კლოვის აკოსტა ფერნანდეში დაასახელა ყველაზე გამორჩეულ გულშემატკივრად და ტურნირის ერთ-ერთი სიმბოლოც უწოდა. "მას შემდეგ გაცილებით პოპულარული გავხდი და სპონსორების მოძებნასაც გაცილებით იოლად ვახერხებდი". თუ 1990 წლის მუნდიალზე კლოვისი საკუთარი ხარჯით გაემგზავრა, ამიერიდან ქვეყნის გარეთ მისი ყოველი გამგზავრება ნამდვილი ბიზნესპროექტია: სპონსორები მზად არიან, კლოვისის ავტომანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ არა მხოლოდ ავიაბილეთების, სასტუმროს ფულიც გადაიხადონ. მაგალითად, 2009 წლის კონფედერაციის თასზე გამგზავრებისთვის საჭირო თანხა კლოვისს რიო-გრანდე დუ სულის მთავრობამ გადაუხადა. მას მერე კლოვისი ბრაზილიის ამ შტატის ელჩი გახლავთ - დაფინანსების სანაცვლოდ კი შტატს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე წარმოადგენს.
მსოფლიო თასის ასლი კლოვისს ყველა ტურნირზე თან ახლავს: "თასი ყველგან დამაქვს. ჩემი ასლი იმავე ზომისაა, როგორიც ორიგინალი, თუმცა, მას გაცილებით ხშირად კოცნიან, ვიდრე ორიგინალს", - ამბობს ულვაშა ბრაზილიელი.

ბუნებრივია, ფერნანდეშს თასის წაღება "მარაკანაზეც" სურდა (მუნდიალის ფინალს სწორედ ლეგენდარულმა სტადიონმა უმასპინძლა. - ავტ.), მაგრამ გერმანელებთან დამამცირებელი მარცხის შემდეგ განუყრელი "სუვენირი" გვერდით მჯდომ გერმანელ გოგონას აჩუქა: "წაიღეთ ის ფინალურ მატჩზე! გილოცავთ, თქვენ ის ნამდვილად დაიმსახურეთ!" - უთხრა გულდათუთქულმა ბრაზილიელმა ბუნდესგუნდის გახარებულ გულშემატკივარს და თასს უკანასკნელად ეამბორა. სხვათა შორის, კლოვისი გერმანელებს დიდ პატივს სცემს და მიაჩნია, რომ ორგანიზაციული თვალსაზრისით 2006 წლის მუნდიალი ყველას სჯობდა: "ავტომანქანით თითქმის მთელი გერმანია გავიარე და ყველგან ძალიან თბილად მხვდებოდნენ. თანაც, ევროპაში ყველაზე უკეთ სწორედ გერმანელები თამაშობენ", - დარწმუნებულია კლოვისი.

ყველაზე მეტად კლოვისი ოჯახის წევრებს ემადლიერება: "მადლობა ჩემს ცოლსა და ოთხ შვილს, რომლებიც ამდენი წელია, მშვიდად ხვდებიან ჩემს გატაცებას. ფეხბურთი ძალიან მიყვარს, ისე ძალიან, რომ თუ ტრიბუნაზე მოვკვდები, არ დამმარხოთ, იქვე დამტოვეთ! ხუმრობა იქით იყოს და, ჩემმა შვილებმა იციან, ჩემი კრემაციის შემდეგ ფერფლის ნაწილი "გრემიოს" სტადიონზე უნდა მიმოფანტონ, დანარჩენი კი ბრაზილიის ნაკრების რომელიმე მნიშვნელოვან მატჩზე". 

რედაქტორის რჩევით