ვერც რუსები ჩავძირეთ
21-07-2014
ვერც რუსები ჩავძირეთ
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე - ყველაზე პრინციპული მატჩიც წააგო. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა "პრინციპულობის" მიზეზი მხოლოდ მეტოქის წარმომავლობაში არ უნდა ვეძებოთ - რუსების გარდა, ამ ჩემპიონატზე სხვა მეტოქეების დამარცხების შანსი არც გვქონია.

მატჩის ბედი მხოლოდ უკანასკნელ წუთებზე გადაწყდა, მანამდე კი, ისეთი დაძაბული ბრძოლა ვნახეთ, აუზში წყალი, აუზის კიდეებთან კი ემოციები დუღდა! სწორედ ამის ბრალია, მოთამაშეებთან ერთად, საქართველოს ნაკრებს მწვრთნელიც რომ გაუძევეს. საერთოდაც, ლამის სათვალავი აგვერია,
იმდენი გაძევება ვნახეთ, ჩვენს ნაკრებს კი, ბოლოს სათადარიგოთა სკამზეც აღარავინ შერჩა!

არადა, მანამდე, ქართველების საოცარი ბრძოლისუნარიანობა ვიხილეთ - ერთ ეპიზოდში, ჩვენი გუნდი ოთხი ბურთის სხვაობითაც აგებდა, მაგრამ არათუ გათანაბრება, დაწინაურებაც კი შეძლო. სამწუხაროდ, ბოლო წუთებზე ჩვენს გუნდს გამძლეობა აღარ ეყო, გამოუცდელობამაც თავისი გაიტანა და 15:12
დავმარცხდით. წაგების მიუხედავად, ჩვენების სასაყვედუროდ ენა არავის მოუბრუნდება. ევროპის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ჩვენთვის უკვე წარმატებაა, მოგებაზე კი... მომდევნო ტურნირებზე ვიფიქროთ!  

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით