"ჩემთვის დიდი პატივია, შრომა რომ დამიფასდა და ისეთი დონის კლუბმა მიმიწვია როგორიც "ცსკაა"!" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის დიდი პატივია, შრომა რომ დამიფასდა და ისეთი დონის კლუბმა მიმიწვია როგორიც "ცსკაა"!"

"რუსული ბაზრის გახსნა თუ გვიხარია, რატომ არ შეიძლება ქართველმა სპორტსმენმა გაიტანოს თავისი ნიჭი?!"

"სანამ ჩემს პატრიოტიზმში შეეპარება ვინმეს ეჭვი, ჯერ დამარწმუნოს, რომ საქართველო ჩემზე მეტად უყვარს!"

უკვე დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ ევრობასკეტის შესარჩევ მატჩებს საქართველოს ნაკრები მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე ჩაატარებს. ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრის გამოკლება ჩვენი გუნდისთვის დიდი დანაკლისია, თუმცა, გაცილებით მეტი აჟიოტაჟი მანუს ახალმა კლუბმა გამოიწვია: მოსკოვის ცსკა ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი გრანდია, ევროლიგის ოთხთა ფინალშიც რეგულარულად მონაწილეობს, თუმცა... ცსკა რუსული არმიის კლუბია, ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცებთან გაიგივებულ გუნდში კი ქართველი სპორტსმენის ადგილი არ არის, - ასე ფიქრობენ ის გულშემატკივრები, რომლებმაც ქართველ კალათბურთელს არჩევანი დაუწუნეს. მანუჩარ მარკოიშვილი კი დარწმუნებულია, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირში არ არის და მის ადგილას სხვა სპორტსმენებიც ასევე მოიქცეოდნენ.

- სოციალურ ქსელებში წაკითხულ შეფასებებს ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ მათ, ვინც მაკრიტიკებს, რაღა მაინცდამაინც ცსკა-ში გადავიდაო, კითხვითვე ვუპასუხებ - რატომაც არა?!

- სხვა ვარიანტებიც გქონდა?

- სიამოვნებით დავრჩებოდი "გალათასარაიში", მაგრამ მე ორწლიან კონტრაქტს ვითხოვდი, თურქული კლუბი კი, რომელსაც დაფინანსება შეუმცირდა, მხოლოდ 1+1 თვეს მთავაზობდა. სტამბოლში დარჩენა ისე ძალიან მინდოდა ბოლოს ამაზეც ყაბულს ვიყავი, თუმცა, მოლაპარაკება ძალიან გაჭიანურდა. ამასობაში ცსკა დამიკავშირდა და პირდაპირ ორწლიანი ხელშეკრულება შემომთავაზა.

- და არც დაფიქრებულხარ...

- ცსკა შემთხვევით არ გამხდარა ევროპული კალათბურთის გრანდი. ეს არის კლუბი, რომელიც  NBA-ს გუნდების სტილით მუშაობს, გეგმაზომიერად ვითარდება და უკანასკნელ წლებში ევროპის ერთ-ერთ კარგად ორგანიზებულ კლუბად ჩამოყალიბდა. თუმცა, ის ხალხი, ვისაც წარმოდგენაც კი არა აქვს, რას ნიშნავს სხვაობა მაღალი და დაბალი დონის კლუბებს შორის, ამას ვერც მიხვდება! სამი ოპერაცია მაქვს გადატანილი, მიზნის მისაღწევად თავი არასდროს დამიზოგავს და ჩემთვის დიდი პატივია, შრომა რომ დამიფასდა და ასეთი დონის კლუბმა მიმიწვია!

- ცსკა რა დონის კლუბიც არის, კალათბურთის ყველა მოყვარულმა იცის, მაგრამ ბევრ ქართველს მაინც არ ესიამოვნა შენი სიტყვები - ცსკა-ში თამაშზე სულ ვოცნებობდი და მოუთმენლად ველი, როდის ჩავიცვამ ახალი კლუბის მაისურსო.

- ნუთუ პირველი ან მით უმეტეს, ბოლო ქართველი სპორტსმენი ვარ, ვინც რუსულ კლუბში თამაშობს? კარგი იქნებოდა, სხვა ქართველებიც რომ თამაშობდნენ ასეთი დონის გუნდებში, მაგრამ ასეთს ბევრს ჩამოთვლით? რუსული ბაზრის გახსნა "ბორჯომის", ღვინისა და სხვა ქართული პროდუქციისთვის თუ გვიხარია, რატომ არ შეიძლება ქართველმა სპორტსმენმა გაიტანოს რუსეთში თავისი "პროდუქტი" - თავისი ნიჭი და გამოცდილება?! ეს ისეთი წინადადებაა, რომელზეც უარს ვერ იტყვი. დარწმუნებული ვარ, ქართველი სპორტსმენების 90%, ვისაც ასეთი შანსი მიეცემოდა, ჩემსავით მოიქცეოდა!

- მაგრამ ცსკა არა მხოლოდ რუსული, რუსეთის არმიის კლუბიც არის.

- ჰო, მაგრამ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს სპორტთან?! ესე იგი, არც ქართველი მორაგბეები უნდა ჩავიდნენ რუსეთში სათამაშოდ, არც სოჭის ოლიმპიადაზე უნდა წავსულიყავით... 2018 წლის მუნდიალის საგზური რომ მოვიპოვოთ, რუსეთში არ უნდა ჩავიდეთ? თუ ასეა, რატომ ვიყენებთ რუსულ პროდუქციას, რატომ ვუღებთ კარს რუს ტურისტებს, რატომ ფლობენ საქართველოს სტრატეგიული ობიექტების უმეტესობას რუსული კომპანიები?

თანაც, სანამ ჩემს პატრიოტიზმში შეეპარება ვინმეს ეჭვი, ჯერ დამარწმუნოს, რომ საქართველო ჩემზე მეტად უყვარს!

- არა მგონია, ვინმეს შენს პატრიოტიზმში ეპარებოდეს ეჭვი, თუმცა, რუსული არმიის კლუბში გადასვლა მაინც ვერ გაპატიეს.

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა, არ დავიწყებ მტკიცებას, ვინმეზე მეტად ან ნაკლებად მიყვარს-მეთქი. განსხვავება ის არის, რომ მე ამ სიყვარულს საქმით ვამტკიცებ, ჩემი საქმე კი კალათბურთის თამაშია! დავიჯერო, მათ, ვინც რუსულ კლუბში გადასვლისთვის მაკრიტიკებენ, ჩემზე მეტად უყვართ ან ჩემზე მეტი აქვთ გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის? რუსი ოკუპანტების მიერ დახოცილ გმირებს საქართველო არასდროს დაივიწყებს, მაგრამ იმ გმირებს ვერც მე შევედრები ოდესმე და ვერც ისინი, მე რომ მსაყვედურობენ!

- ცსკა-ს ძირითად ხუთეულში მოხვედრა ძალიან რთული იქნება...

- არც ვითხოვ, მწვრთნელმა აუცილებლად სასტარტო ხუთეულში მათამაშოს-მეთქი, მაგრამ თუ მათამაშებს, უარს ნამდვილად არ ვიტყვი (იცინის). თუმცა, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. მწვრთნელიც ახალი მისულია კლუბში და ჯერ არ ვიცით, რომელ მოთამაშეს რა როლს დააკისრებს. ვფიქრობ, ცსკა-ში არ მექნება იმდენი თავისუფლება, რამდენიც სხვა კლუბებში. ამიტომ სათამაშო დრო დაცვაში კარგი თამაშით უნდა დავიმსახურო. როცა სათამაშო დრო საკმაოდ გაქვს, ტყორცნის, პასის, შეტევის შესაძლებლობაც  მეტია. მოკლედ, უნდა ვიაქტიურო, მერე კი მწვრთნელი გადაწყვეტს, მენდოს თუ არა. ცსკა უძლიერესი კლუბია, მაგრამ მხოლოდ იქ მოხვედრა არ მაკმაყოფილებს, მინდა, მაღალ დონეზე ვითამაშო, მოედანზე გატარებული ყოველი წუთისგან სიამოვნება მივიღო, ვიყო გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე.

- საბოლოოდ გადაწყდა, რომ ამ ზაფხულს ნაკრებს ვერ დაეხმარები?

- სამწუხაროდ, 2015 წლის ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე ჩემი თამაში გამორიცხულია. ექიმებმა კატეგორიულად მითხრეს, რომ თუ ახლა ვარჯიშს გავაგრძელებ, სეზონის მსვლელობისას ტრავმა ისევ შემახსენებს თავს. ასე რომ, სათანადოდ უნდა ვიმკურნალო და ახალ სეზონს მომზადებული შევხვდე.