"ფეხბურთელებს ხეზე ხომ ვერ მოვკრეფთ?"
28-07-2014
"ფეხბურთელებს ხეზე  ხომ ვერ მოვკრეფთ?"
20 წლიანი სამწვრთნელო სტაჟის გარდა, სოსო ფრუიძეს იმითაც შეუძლია თავის მოწონება, რომ იმერეთის თითქმის ყველა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელად უმუშავია! მერე რა, თუ საერთაშორისო მატჩების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის?! - სამაგიეროდ, გასულ კვირას მისმა "ჩიხურამ" კიდევ ერთხელ იყოჩაღა და ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან თურქეთის ნაკრების ყოფილი თავკაცის - შენოლ გიუნეშის მიერ გაწვრთნილი "ბურსასფორი" დაიფრინა. საჩხერულ კლუბსა და მის მწვრთნელს მორიგი გამოცდის ჩაბარება ივლისის ბოლო დღეს, ბაქოს "ნეფთჩისთან" სტუმრობით მოუწევთ. თუმცა, სოსო
ფრუიძე იმედიანად არის განწყობილი და წაფორხილების უფლება არც აქვს, რადგან თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონის" შერცხვენის შემდეგ, სწორედ საჩხერის "ჩიხურა" გახლავთ ევროთასებს შემორჩენილი ერთადერთი ქართული კლუბი!

- რის ხარჯზე ვაჯობეთ ფავორიტად მიჩნეულ "ბურსას"? სწორი ტაქტიკის, შეუპოვარი ბრძოლის, ორთაბრძოლების მოგების ხარჯზე!

- არადა, საგოლე მომენტების მიუხედავად, "ჩიხურას"
მაინც ეტყობოდა, რომ აქცენტს საკუთარი კარის "მშრალად შენახვაზე" აკეთებდა...

- ჩვენი მთავარი ამოცანა მართლაც გოლის არგაშვება იყო, რადგან, თუ "ბურსა" გოლის გატანას მოახერხებდა, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. საბოლოოდ, ჩვენი გეგმა განვახორციელეთ კიდეც, პენალტების სერიაში კი მეტოქეზე მეტად გაგვიმართლა და შემდეგ ეტაპზე გავედით.

- მწვრთნელის დავალება ყველა ფეხბურთელმა შეასრულა?
- ტაქტიკაც და თითოეული მოთამაშისთვის მიცემული დავალებაც მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით შევადგინეთ. შესაბამისად, დავალებას თითქმის ყველა მათგანმა კარგად გაართვა თავი. ბუნებრივია, იყო შეცდომებიც, რიგ ეპიზოდებში გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ მთლიანობაში წარმატება თავდადებულმა თამაშმა და სწორმა ტაქტიკამ მოგვიტანა.

- აუგს "ჩიხურას" ვერც ერთ ფეხბურთელზე ვერ ვიტყვით, მაგრამ დაცვის ცენტრში მოთამაშე გიორგი რეხვიაშვილმა მართლაც ჩინებულად ითამაშა.

- გეთანხმებით, სასაყვედურო არც ერთ ფეხბურთელთან არა მაქვს. რაც შეეხება რეხვიაშვილს, კარგი თამაში მისგან არც მიკვირს. ბოლო მატჩში კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია და კლუბების ყურადღებას იმსახურებს.

- მაქსიმე ქვილითაიას მსგავსად, თურქების დამარცხებამ თქვენც დიდგორის ბრძოლა ხომ არ გაგახსენათ?
- ჩვენმა გოლკიპერმა ძალიან კარგად ითამაშა, მის მიერ გაკეთებული შედარება კი გამარჯვებით გამოწვეულ ემოციას უნდა მივაწეროთ... ისე კი, ბუნებრივია, ყველა ბედნიერი ვართ, საშუალო-ევროპული დონის კლუბის დამარცხება რომ შევძელით. სამწუხარო ის არის, რომ სულ ასე არ მოხდება და თუ სწორ გზას არ დავადგებით, ასეთი წარმატება მხოლოდ იშვიათი გამონათება იქნება. მოთამაშეს პატარაობიდანვე სწორად უნდა გაზრდა. კარგ ფეხბურთელებს ხეზე ხომ ვერ მოვკრეფთ?! - მათი გაზრდაა საჭირო! სწორად უნდა გავზარდოთ, ასეთი დონის კლუბებს რომ გაუმკლავდნენ.

- გამოცდილი მწვრთნელი კი ხართ, მაგრამ შენოლ გიუნეშის დარი სპეციალისტის გუნდის დამარცხება თქვენთვისაც დიდი პატივი იქნება.
- რა თქმა უნდა. მწვრთნელის საქმე ასეა - ხან მოიგებ, ხან - წააგებ (იცინის). ისე კი, ცნობილი სპეციალისტის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის საინტერესოა. ვფიქრობ, ტაქტიკური თვალსაზრისით, გიუნეშთან არაფერი წაგვიგია. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ შემდეგ ეტაპზე "ჩიხურა" გავიდა!

- ვიცი, რომ თორნიკე მუმლაძის საქციელით თქვენც ძალიან უკმაყოფილო დარჩით. მის დასჯას კლუბიც აპირებს?
- შენი გუნდის არის თუ მოწინააღმდეგის, გულშემატკივარს სპორტში დასაქმებული ყველა ადამიანი პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს. მით უმეტეს, ემოციის ასეთი ფორმით გამოხატვა არც ეთიკის და არც კულტურის ნორმებს არ შეესაბამება. თორნიკე ჯერ ახალგაზრდაა, მთელი საფეხბურთო კარიერა წინ აქვს და დარწმუნებული ვარ, ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებს. როცა ევროპულ სარბიელზე გავდივართ, არა მხოლოდ ჩვენი კლუბის, მთელი ქვეყნის ემისრები ვართ და ასეთი საქციელი არავის გვეკადრება.

- თორნიკემ თქვა, რომ პირველი მატჩისას თურქი გულშემატკივარი ძალიან აგრესიული იყო - აგინებდნენ და სხვადასხვა საგანს ესროდნენ ტრიბუნიდან...

- როცა სათადარიგო მოთამაშეები მოედანზე გასასვლელად ემზადებოდნენ, მართლაც მოხდა ინციდენტები, რომლებსაც გამოხმაურება არ მოჰყოლია. თუმცა, თურქული კლუბის ხელმძღვანელობასთან სასაყვედურო  ნამდვილად არაფერი გვაქვს - ძალიან კარგად დაგვხვდნენ. თორნიკე ადგილობრივ ქომაგებზე იყო გაბრაზებული, მაგრამ მის საქციელს გამართლება მაინც არა აქვს!

- მომავალ მეტოქეზე, ბაქოს "ნეფთჩიზე" რას იტყვით?

- შესაძლოა, "ბურსასფორის" დონის გუნდი არ არის, მაგრამ მერწმუნეთ, ბაქოელებს უფრო ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა ჰყავთ. გარდა ამისა, გამოცდილი ფეხბურთელები და ძლიერი სამწვრთნელო შტაბიც ჰყავთ. ასე რომ, მათთანაც არანაკლები ბრძოლის გადატანა მოგვიწევს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით