მოგების სირცხვილი - კვირის პალიტრა

მოგების სირცხვილი

ეს ის შემთხვევაა, როცა ფეხბურთელი ჯერ საკუთარ თავს, კლუბსა და ქვეყანას აყენებს შეურაცხყოფას და მხოლოდ ამის შემდეგ "გზავნილის" ადრესატებს!

ევროთასების წლევანდელი გათამაშება ახალი დაწყებულია, თუმცა, ქართულმა კლუბებმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატეს და გათამაშებას ისე სწრაფად გამოეთიშნენ, ქომაგმა მათ უნიათობაზე გაბრაზებაც ვერ მოასწრო! ექვსი მატჩი, ამდენივე გაშვებული და არც ერთი გატანილი ბურთი - ასეთია ქართული კლუბების მონაგარი ევროთასების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. და მაინც, ბრძოლას სწორედ ის ქართული გუნდი აგრძელებს, ვისიც ყველაზე ნაკლებად გვეიმედებოდა: საჩხერის "ჩიხურამ" თამაშისას ერთი გოლიც ვერ გაუტანა თურქულ "ბურსას", სამაგიეროდ, არც საკუთარ კარში გაუშვა, პენალტების სერია კი ფავორიტ მეტოქეზე უკეთ შეასრულა და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააღწია!

დრო იყო, თურქული კლუბი ქართველ მეტოქესთან მოგებაზე ვერც იოცნებებდა. კარგა ხანია, წარსულს ჩაჰბარდა დრო, ჩვენი მეზობლები ფეხბურთის ბაიბურში რომ არ იყვნენ. ის კი არა, დღეს ლამის ნებისმიერი თურქული კლუბი ფავორიტის რანგში გვსტუმრობს. მიზეზი? სწორად დახარჯული ფული, სწორი მენეჯმენტი, სელექცია...

"ბურსაც" ფავორიტი იყო "ჩიხურასთან" მატჩში. თუმცა, იმერულმა კლუბმა დაამტკიცა, რომ ბიუჯეტში სხვაობა ყოველთვის არ არის გადამწყვეტი, რომ სწორ ტაქტიკასა და თავდაუზოგავ ბრძოლას წინასწარ გამოტირებული მატჩის შემობრუნებაც შეუძლია. საჩხერელთა მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ, რომელიც ორივე მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო თანაგუნდელთა შორის, დრამატული გამარჯვება დიდგორის ბრძოლასაც კი შეადარა. დიდგორისა რა გითხრათ, კლუბის მასშტაბის გათვალისწინებით, "ბურსასფორის" სტუმრობას ვერც "დიდ თურქობას" შევადარებთ, მაგრამ "კარგად დავიწყებული ძველი" - გამარჯვებით მოგვრილი სიხარულის გემო საჩხერლებმა ნამდვილად გაგვახსენეს.

"ჩიხურას" შეეძლო ნამუსი მოეწმინდა ევროთასების პირველივე რაუნდში იავარქმნილი ქართული კლუბებისთვის. შეეძლო, თუმცა, მაინც ვერ გაძლო. უფრო სწორად, ერთმა ფეხბურთელმა დააღალატა - ფეხბურთელმა, მატჩის ერთ-ერთი გმირი რომ გახლდათ და გადამწყვეტი პენალტი გაიტანა!

რაც უნდა სამწუხარო იყოს, მატჩის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი სწორედ ის მომენტი გამოდგა. იმდენად მნიშვნელოვანი, ლამის გამარჯვების სიხარულიც რომ გადაფარა. რადგან საჩხერის "ჩიხურა" იქნებ კიდევ უფრო შორსაც წავიდეს ევროპის ლიგის წლევანდელ გათამაშებაში (მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერელებს ბაქოს "ნეფთჩი" ელის. - ავტ.), გაცილებით მეტი სიხარულიც მოგვიტანოს, მაგრამ სანამ მოგების სწორად აღნიშვნასაც არ ვისწავლით, აქა-იქ გამონათებული გამარჯვება უკმარისობის გრძნობას მაინც დაგვიტოვებს.

იქნებ ზედმეტ ყურადღებასაც ვუთმობთ ეიფორიაში მყოფი მოთამაშის არასწორ საქციელს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ფეხბურთელი ჯერ საკუთარ თავს, კლუბსა და ქვეყანას აყენებს შეურაცხყოფას და მხოლოდ ამის შემდეგ "გზავნილის" ადრესატებს!

გაგახსენოთ? გამარჯვების მომტანი პენალტის შემდეგ, თორნიკე მუმლაძემ ჯერ მაისური გაიძრო, მერე კი "ბურსას" ქომაგების ტრიბუნასთან მიირბინა და რიტუალი ბალახზე გასრიალებითა და თურქი ქომაგებისთვის მიძღვნილი უხამსი ჟესტით დააგვირგვინა.

ქართული კლუბების კარში იმდენი გოლი გადის, ბრაზილიის ნაკრებს არც კი დაესიზმრება და მეტოქე კლუბის ფეხბურთელებმა თუნდაც შიგადაშიგ რომ გაგვისტუმრონ ხოლმე იქ, სადაც თორნიკე მუმლაძემ მიუჩინა ადგილი მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგებს, წარმოგიდგენიათ, ახლა სად ვიქნებოდით?!

თორნიკე არც მალავს, რომ თურქ ქომაგზე გაბრაზებული იყო (ბურსაში გამართული მატჩისას "ჩიხურას" ფეხბურთელებს ლანძღვა-გინება და სანთებლებისა და ლითონის მონეტების წვიმა დაგვაყარესო. ფეხბურთელთან ინტერვიუს წაკითხვა შეგიძLლიათ ჩვენს ვებ გვერდზე - www.kvirispalitra.ge - ავტ.) და როგორც კი შანსი მიეცა, სამაგიეროც დაუფიქრებლად გადაუხადა. მაგრამ თავად ამ საქციელზე საგანგაშო ის არის, რომ ჩიხურას ფეხბურთელი ფიქრობდა, ამ ჟესტით ტრიბუნაზე მსხდომთა უმრავლესობის სათქმელი ვთქვიო! აკი აჰყვნენ კიდეც და ბევრმა საქციელიც მოუწონა, თურქები მეტის ღირსი არიანო.

თურქების ქომაგობა ყველას მოეხსენება - ფოჩიან კანფეტებსა და ტკბილ სიტყვებს ნამდვილად არ აყრიან მეტოქე გუნდს. ამიტომ არც ის არის გასაკვირი, ეიფორიაში მყოფმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავი რომ ვერ მოთოკა, მაგრამ მაინც ნამეტანია!

გამოდის, თორნიკე მუმლაძისთვის მთავარი იყო, თურქი გულშემატკივრები გაემწარებინა. თამაში კი არა, ნიშნი მოეგო მათთვის?!

მასავით ხომ არ უნდა მოიქცე, სამაგიერო მისივე ხერხით ხომ არ უნდა გადაუხადო?! ანდა "ბურსას" სტადიონზე რომ გაეტანა გოლი, იქაც გაბედავდა თორნიკე იმავეს გაკეთებას?! მით უმეტეს, წარმოგიდგენიათ, რა რეაქცია ექნებოდათ ქართველებს, ჩვენებურის ჟესტი თურქ ფეხბურთელს რომ გაემეორებინა?! ამიტომაც, ნურც თურქი მაყურებლის აღშფოთება გაგვიკვირდება და ნურც "ბურსას" ფეხბურთელების.

ბრაზილიელი ხალხი ბედნიერებას თვითონ "იქმნის". ცდილობენ, ყველა წვრილმანში გასახარი იპოვონ, ყველაფერში მხოლოდ პოზიტივი დაინახონ... გერმანიასთან 1:7 წაგების შემდეგაც კი მათმა უმეტესობამ კინკილა გოლის გატანით უფრო გაიხარა, ვიდრე შვიდჯერ მეტის გაშვებით დასევდიანდა(!), ქართველები კი... ფეხბურთითY გახარების საბაბი კაცს ჩვენსავით იშვიათად ჰქონდეს და მასაც ასეთი საქციელით აუფერულებდეს?!

ემოციის გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია - მოედანზეც და მის მიღმაც. მაგრამ ზედმეტი არც ფეხბურთში ვარგა რამე.

თორნიკე მუმლაძეს კი ჯერ ყველაფერი წინ აქვს. მერე რა, რომ სასჯელს უეფასგანაც მიიღებს და "ჩიხურასგანაც"? მთავარია, თორნიკე მიხვდა, რომ არასწორად მოიქცა და გასახდელშივე მოუბოდიშა თურქ ფეხბურთელებს.