ჩიხ-ურა-პატრიოტიზმი?!
04-08-2014
ჩიხ-ურა-პატრიოტიზმი?!
სად ფეხბურთი და სად ზაქათალა?! სად "ჩიხურა" და სად ლორე-ტაშირი?!

"ისინი, ვისიც ბანერი იყო, ურაპატრიოტული განწყობის ბიჭები არიან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სხვა ეროვნების წარმომადგენლები საქართველოში არ უნდა "გულაობდნენ".


აჩხერის "ჩიხურა" ბოლო დღეების მთავარი გმირია - მოედანზეც, მის ფარგლებს და თქვენ წარმოიდგინეთ, საზღვრებს გარეთაც კი!

ეგ არის, იმერული კლუბის წარმატებულ თამაშს არასასიამოვნო გაგრძელებებიც ახლავს თან. მეტიც, ბოლო ორი მატჩია, "ჩიხურას" თავის მართლება უწევს და ორივეჯერ... სხვების ნაცვლად!

საფეხბურთო კლუბს ქომაგთა გუნდი
იმისათვის დაჰყვება, რომ წარმატებისკენ წააქეზოს და არა იმისთვის, რომ ტრიბუნებზე დამოუკიდებელი თამაში გააჩაღოს,  მით უფრო - პოლიტიკური თამაში, რომელმაც შესაძლოა, ცუდი შედეგი მოუტანოს არა მარტო ფეხბურთელთა გუნდს, არამედ ქვეყანასაც. საფეხბურთო გუნდ "ჩიხურას" ბოლოდროინდელი თამაშების შემდეგ გულშემატ
კივართა საქციელი, სამწუხაროდ, იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც ჯგუფი სტადიონებზე საგულშემატკივროდ კი არა, საკუთარი ან ვიღაცის ინტერესების მიხედვით, პროვოკაციების მოსაწყობად დადის. ძნელია, სხვა დასკვნა გააკეთო თურქეთისა და აზერბაიჯანის გუნდებთან "ჩიხურას" ბოლო  თამაშებისას მომხდარი ინციდენტების შემდეგ. ვიღაც ტერიტორიულ პრეტენზიებს გამოთქვამს მაშინ, როცა ამის არც დროა და საბაბიც არ არსებობს.

რომ გვეგონა, თორნიკე მუმლაძის მიერ "ბურსას" ფანებისთვის მოწყობილ "ფლეშ-მობს" მხოლოდ ამ უკანასკნელის დასჯით გადავურჩითო, თურმე, ჯერ სად ხარ... მუმლაძეს იმერული კლუბიც მიჰყვა - გულშემატკივრების მიერ გამოყენებული ნაცისტური ჟესტებისა და ბანერის გამო, უეფამ ქართული კლუბი 15 ათასი ევროთი დააჯარიმა! რამდენიმე დღეში კი ლამის საერთაშორისო მასშტაბის სკანდალშიც გავებით და ისევ ქართველი გულშემატკივრების გამო:

ბაქოში, ადგილობრივი "ნეფთჩისა" და "ჩიხურას" მატჩის დროს, გულშემატკივართა გაერთიანება "ქართული სპორტის ქომაგებმა" ტრიბუნებზე გამოფინეს ბანერი, რომელზეც საქართველოს რუკა იყო გამოსახული. საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული საზღვრების გარდა, რუკაზე ის ტერიტორიებიც იყო აღნიშნული, ერთ დროს საქართველოს რომ ეკუთვნოდა (მათ შორის, ისტორიული ჰერეთის ტერიტორია. - ავტ.). 

ბანერზე აღბეჭდილი იყო ინგლისური და ქართული წარწერები: "თჰის  ის Gეორგია" ("ეს საქართველოა") და ოთარ ჭილაძის სიტყვები: "მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია".   
ვეჭვობ, ბაქოს სტადიონის ტრიბუნაზე იმწუთას მსხდომი აზერბაიჯანელებისგან რომელიმე იცნობდეს ოთარ ჭილაძის შემოქმედებას. სავარაუდოდ, ვერც ინგლისურს "აბულბულებენ", მაგრამ საქართველოს ასეთი რუკის დანახვა რომ გააღიზიანებდათ, ადვილი გამოსაცნობია. თვითმხილველთა თქმით, სწორედ ამიტომ მივიდა ქართველ ქომაგებთან აზერბაიჯანული კლუბის დირექტორი და ბანერის აღება სთხოვა, "ქართული სპორტის ქომაგებმა" კი ამაზე უარი განაცხადეს და...

ბაქოს ინციდენტის მონაწილე გულშემატკივრები, რომლებიც ქართულ გუნდებს ტრადიციულად დაჰყვებიან სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში საქომაგოდ, იხსენებენ: "ისინი, ვისიც ბანერი იყო, ურა-პატრიოტული განწყობის ბიჭები არიან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სხვა ეროვნების წარმომადგენლები საქართველოში არ უნდა "გულაობდნენ". არ ვიცი, ასე თვითონ გადაწყვიტეს, თუ ვინმემ დაუკვეთა, მაგრამ ჩვენს სტადიონებზე მათი ჯგუფი რომელიმე სექტორში განთავსდება ხოლმე და ერთ ხმაში, თავისებურად ქომაგობენ ჩვენს გუნდს. ის ბანერი ადრეც არაერთხელ ჰქონდათ გამოფენილი შინა თამაშებზე. უბრალოდ, წინა მეტოქეებს, მაკედონიელებს, პრეტენზია არ ჰქონიათ, არც ალბანელებს... თურქებმა აქ ყოფნის დროს, ალბათ, ვერ შენიშნეს...

აი, სტუმრად კი აგრესიას წავაწყდით. ბაქოში ორსართულიანი ავტობუსით გავემგზავრეთ ფეხბურთელების მეუღლეები, ახლობლები და ის გულშემატკივრები, რომლებიც დიდი ხანია, ვმეგობრობთ! ორგანიზაცია ,,ქართული სპორტის ქომაგები"" რამდენიმე წელია, არსებობს და ალბათ, ამიტომაც გამოგვაყოლეს. ჩვენ ამ ბიჭებს არ ვიცნობდით და ავტობუსშიც ერთმანეთისგან შორს ვისხედით. ახლო ურთიერთობა არც იქ გვქონია. თუმცა, როგორც ჩვენიანებს, იმ ბანერების დამაგრებაში მივეხმარეთ, ოღონდ არ ვიცოდით ბანერების შინაარსი. როდესაც გავარკვიეთ, რის გამო დაიწყო აურზაური, გვიან იყო. შევუტიეთ "ქომაგებს", ჩვენთან  შეუთანხმებლად როგორ გამოფინეთ ეგ ბანერებიო, მაგრამ არც შეიმჩნიეს ჩვენი საყვედური. პოლიცია პირველად მათთან მივიდა და სთხოვა, ბანერები ჩამოეხსნათ. ამათ კატეგორიული უარი უთხრეს და პოლიციელების აგრესიაც ამის შედეგი იყო. ჩვენ ხომ არ ვიცოდით, რას ერჩოდნენ ამ ბიჭებს და გადავეშვით მათ დასახმარებლად. მოვიგერიეთ პოლიცია, მაგრამ მერე სპეცრაზმი მოგვისიეს. ისინიც მოვიგერიეთ. 50-მდე ბიჭი ვიყავით და მაგრად დავდექით. ტრიბუნებიდან ყველაფერს გვესროდნენ: ქვებს, ბოთლებს, სანთებელებს, ხილს... ბოლოს, როგორც იქნა, გაირკვა, რას ითხოვდნენ... ბანერის პოლიტიკური შინაარსი აღიზიანებდათ. ეს ინფორმაცია ჩვენამდე არ მოსულა და ბრმად დავიწყეთ ბანერის დაცვა. რომ გვცოდნოდა, რაც ხდებოდა, გავიტანდით მაგ პლაკატებს და დამთავრდებოდა ყველაფერი. ჩვენ, უბრალოდ, ქართველების ცემა არ ვაპატიეთ აზერბაიჯანელებს."
საბედნიეროდ, ორივე ქვეყნის ოფიციალური პირების ჩარევის შემდეგ, ვითარება განიმუხტა და დაკავებულებიც გაათავისუფლეს.

მოგვიანებით, "ქართული სპორტის ქომაგებმა" ოფიციალური მიმართვა გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ეს ბანერი უკვე ერთი წელიწადია დაამზადეს და ყველა სპორტულ ასპარეზობაზე დაატარებენ, ისტორიული რუკითა და ოთარ ჭილაძის სიტყვებით კი სურთ, ქართველ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენონ საქართველოს ისტორიული მიწების არსებობის შესახებ.

ფეხბურთი გულშემატკივრისაა და ისევე როგორც სხვა ნებისმიერს, ქომაგსაც შეუძლია სათქმელი ნებისმიერი ფორმით გამოხატოს, მაგრამ სანამ "მე ვარ და ჩემი პლაკატის" ძახილს დაიწყებ, ხომ უნდა დაფიქრდე? კი, ბატონო, "აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა", "რუსეთი ოკუპანტია" და ა.შ. "ბრძოლა, ჟინი, თავდადება, მოგვიტანეთ გამარჯვება!" - ესეც ჩინებული მოწოდებაა, მაგრამ ბაქოში რომ ჩადიხარ და იქაურ ქომაგს ცხვირწინ უფრიალებ, ზაქათალა და კახი საქართველოაო, ეს ფეხბურთთან რა კავშირშია?

სად ფეხბურთი და სად ზაქათალა?! სად "ჩიხურა" და სად ლორე-ტაშირი?!
ასე, თბილისში ჩამოსული ბაქოელი ქომაგებიც გამოფენენ პლაკატს "ყარაბაღი აზერბაიჯანია!", ამას სომხების პროტესტი მოჰყვება და... ევროპა(ლიგა)მდე თუ არა, დარუბანდამდე ნამდვილად მივალთ.
კი, ბატონო, ზაქათალაც საქართველოს საზღვრებში იყო და ნიკოფსიაც, მაგრამ ისტორიულ რუკას საფეხბურთო მატჩზე რომ გამოფენ, მიწას დაგიბრუნებენ თუ პენალტს დაგარტყმევინებენ საკომპენსაციოდ?!
საქართველოში შეახსენე შენს ხალხსაც და ხელისუფლებასაც (მით უმეტეს, დაკარგულის დაბრუნება სწორედ ხელისუფალთა საქმეა. - ავტ.), ვინ იყავი და რა გეკუთვნოდა, თორემ ისტორიულ რუკას აზერბაიჯანში რომ გამოფენ ზაქათალელი გლეხის ცხვირწინ, ცემა-ტყეპის და სკანდალისთვისაც უნდა იყო მზად. კახსა და ლორე-ტაშირს ისე მივადექით, თითქოს ქართული მიწა ახლახან არ დაგვეკარგოს, ანდა მავთულხლართები ჩვენკენ კი არა, უკან-უკან მიიწევდეს.

ყოველდღე ვკარგავთ რამდენიმე მეტრ სამაჩაბლოს მიწას და ახლა გაგვახსენდა ლორე-ტაშირი?! თუ პირდაპირ ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე ვიწყებთ საქართველოს გაერთიანებას?!
ერთ სტრატეგიულ პარტნიორს - თურქეთს ევროპის ლიგის წინა ეტაპზე მივუჩინეთ "სტრატეგიული ადგილი", ახლა კი მეორე კარის მეზობლისა და მისთვის წარსულის გახსენების დროა?
არადა, ახლა ყველაზე ნაკლებად არის ურაპატრიოტიზმის დრო. პირიქით, ყურადღებით ყოფნის, ჭკვიანურად მოქცევის დროა და ეს ყველა ქართველმა უნდა გააცნობიეროს, მათ შორის - ქომაგებმაც, ფეხბურთელებმაც, ჟურნალისტებმაც და "აუტჩიკებმაც".

კი ბატონო, რამდენიმე თურქმა ქომაგმა სანთებელები და ქოქოლა დაგვაყარა, მაგრამ ამისთვის მთელი თურქეთი უნდა გადავიმტეროთ?! ანდა, რაკიღა ბაქოს "ნეფთჩის" პრეზიდენტმა წამოროშა, "ჩიხურა" გუნდი არ არისო, სასწრაფოდ სომხეთის მხარე უნდა დავიჭიროთ ყარაბაღის კონფლიქტში?!

"ძვალი" არც პლაკატს აქვს - ზედ რაც გინდა, დაწერე, მაგრამ სანამ წართმეულ-გაჩუქებულის დაბრუნებაზე ვიფიქრებთ, რაც შეგვრჩა, ჯერ იმას მოვუაროთ, საქმით დავამტკიცოთ, რომ მართლაც პატრიოტები ვართ. "ნეფთჩის" პრეზიდენტს მოედანზე დავუმტკიცოთ, "ჩიხურა" სწორედაც რომ გუნდია; "სოფლის" გუნდი, რომელიც ბრაზილიელებით გადავსებულ მის კლუბსაც "ბურსას" გზას გაუყენებს!
"ჩიხურა" ქართული ფეხბურთის ბოლო იმედია ევროპაში. ამიტომაც ახლა აღარ არის ურაპატრიოტიზმის, გადამეტებული ემოციითა და მონდომებით ხელის შეშლის დრო. საჩხერის "ჩიხურას" მხარდაჭერა სჭირდება, რათა კიდევ ერთი ბრძოლა მოვიგოთ და ქართულ ფეხბურთს ყველა ქედმაღლურად აღარ უყურებდეს!
აღარ გვინდა მი-ჩიხვა, მი-ჩიხურება გვირჩევნია!

რატი შელეგია

gio
14 აგვისტო 2014 08:43
მართალი ხარ რატი,სად ფეხბურთი და სად დაკარგული მიწები, აი სუფრა ,ყანწი და მკერდზე მუშტი ,ცოტა ცრემლი ,სამშობლო და დაკარგული მიწები სხვა ამბავია,რაც კარგად გამოგვდის რა,ეხლა კიდევ თუ აზერებმა გაზი აღარ მოგვცეს და დილით ყავა ვერ დავლიეთ? რათ გვინდა ასეთი სამშობლო,რა წესია რომ გავახსენეთ წართმეული.შეგვაგინეს თურქებმა და აზერებმა დედა,რა მოხდა მერე , რა ვერ გვისრულებენ ,არ გაუკეთებიათ თუ რა,მაგაზე ლაპარაკი არა ღირს,თორემ გამოყრიან თურქეთიდან ქართველ მონებს და ბოზებს და მერე?..ვერ გაიგო მაგ ხალხმა რომ სამშობლო არის მაქსიმუმი მანძილი სახლიდან უახლოეს ბარ-რესტორნამდე . მაგათ კიდევ რა პროვოკაცია შეკადრეს ჩვენს ძმებს? ესე იგი ჯერ კიდევ გვახსოვს რომ ჩვენი მიწები დასაბრუნებელიაოოოოოოოოოოო,და მოვა დრო და დავიბრუნებთოოოოოოოოო. ხალხია ახლა მაგენი,არა ძმაო,მაგარი ბნელი ქართველები,არა ევროპელები,და რავიცი კიდევ რა ვუწოდო.სირცხვილი მაგათ.გაუმარჯოს რატის მსგავსებს.
vep1963
12 აგვისტო 2014 18:03
რატი ღმერთმა გაგახაროს და გადღენგრძელოს ასეთი ინტერვიუსათვის.დიდი მადლობა ეკა ლომიძეს გაიხარეთ
vep1963
12 აგვისტო 2014 17:47
მტერი ვერ გვავნებს ქართველებს იმდენს ,როგორც ამას ჩვენი იმპულსური ყოვლად გაუაზრებელი ქმედებები.ამის გამო არაერთხელ მოვიტეხეთ კისერი ,მაგრამ მაინც იგივეს ვაგრძელებთ.სანამ ამას ბოლოს არ მოუღებთ მანამდე არ გვეშველება.ასეთ დაძაბულ დროში ყოვლად უპასუხისმგებლოდ და უადგილოდ მიმაჩნია ასეთი ტიპის ბანდეროლების სპორტულ სანახაობებზე და ისიც უცხო ქვეყანაში გამოფენა.ყველამ ყველაფერი მშვენივრად იცის ,მაგრამ სიმართლის თქმასაც შესაფერისი მომენტი სჭირდება.ამ ეტაპზე ქართველებს ნამდვილად არ გვჭირდება არეულობა.არა ვართ ქართველები ეხლა იმ მდგომარეობაში რომ ჩვენს გარშემო ყველას ვეჭიმოთ.ყველაფერს თავის დრო და მომენტი აქვს და იმისათვის რომ მიზანს მივაღწიოთ ამისათვის უმჯობესია მოთმინება და წინდახედულ ქმედებასთან ერთად მუხლჩაუხრელი შრომა და გარჯა იმისათვის რომ ფეხზე წამოვდგეთ და მოვღონიერდეთ;აი ამის მერე კი ყველაფერს თავისთავად მოევლება.შე დალოცვილო ორ-ორ ლარს ვაგროვებდით და ბანერიც ასე გავაკეთეთ და მატჩზეც ასე წავედითო რომ წერ.იმდენს რატომ ვერ აზროვნებ რომ ამ ბანერს რომ გამოფენ და შენს მტერს გააღიზიანებ ჯიბეგაფხეკილს და უპატრონოს რისი იმედი გაქვს.ამას არა სჯობია წყენა დროებით დაიოკო ,კარგად მოემზადო,მოძლიერდე,იარაღი შეიძინო და როდესაც შანსი 60-პროცენტი მაინც შენს მხარეზე იქნება უკმაყოფილება მაშინ გამოთქვა.მაგრამ ქართველებს ვინ მოგვცა მაგის ტვინი და ჭკუა.ერთ კარგ საქმეს რომ გააკეთებ(რუსების მიერ საზღვრის გადმოწევას რომ გააპროტესტებ თუნდაც ბანერით)ამას მეორე უპასუხისმგებლო მოქმედება არ უნდა მიაყოლო ტორემ კაპიკია ყველაფრის ფასი.

რედაქტორის რჩევით