"ბოლო წუთამდე ველოდი, როდის დამიძახებდნენ საქართველოს ნაკრებში" - კვირის პალიტრა

"ბოლო წუთამდე ველოდი, როდის დამიძახებდნენ საქართველოს ნაკრებში"

"გუშინდელისთვის პატივისცემას იმსახურებ, მაგრამ ფეხბურთი დღეს და ახლა უნდა ითამაშო!"

"თუ სამშობლოზე მკითხავთ, გიპასუხებთ - საქართველო და რუსეთი!.. ჩვენიანი უცხოებს შორის და უცხო ჩვენიანებშიო - ჩემზეა ნათქვამი"

ომარ თეთრაძე - თბილისის "დინამოს", "რომას", "პაოკის", რუსული კლუბების ყოფილი მოთამაშე. საქართველოში დაბადებულ-გაზრდილ ბერძენ ფეხბურთელს, კარიერაც საქართველოს ნაკრებში უნდა გაეგრძელებინა, თუმცა... თბილისიდან 18 წლისა წავიდა და მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე რუსეთის ნაკრების მაისურით ითამაშა. არადა, როგორც თავად ამბობს, მოუთმენლად ელოდა საქართველოს ნაკრებში მიწვევას... ომარ თეთრაძე ამჟამად ყაზახური "ჟეტისუს" მთავარი მწვრთნელია და რაკიღა ბოლო წლებია, ყაზახური კლუბები ქართული ფეხბურთის რისხვად იქცნენ, ინტერვიუც "აქტობე"-"დინამოზე" ლაპარაკით დავიწყეთ:

- ქართველი ფეხბურთელებისგან ნამდვილად მეტს ველოდით, თბილისის "დინამო" ხომ ბრენდია, ქართული ფეხბურთის სახე. ყველას ახსოვს, როგორ ფეხბურთს თამაშობდა ეს კლუბი. ისე, "აქტობეში" თავიდანვე დარწმუნებული იყვნენ, რომ "დინამოს" ბარიერს გადალახავდნენ და არც შემცდარან!

- რაც უნდა მწარე იყოს ჩვენთვის, ბოლო წლებია, "აქტობე" ყველა ქართულ კლუბს უგებს!

- შემთხვევით არაფერი ხდება! შეადარეთ საქართველოს და ყაზახეთის ჩემპიონატები და შედეგი აღარ გაგაკვირვებთ. თანაც, "აქტობე" დღეს "დინამოზე" გამოცდილი გუნდია. წლებია, ყაზახური კლუბი ძირითად ბირთვს ინარჩუნებს, ფეხბურთელებს უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის. ინდივიდუალურად ქართველებს უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ გუნდურად "აქტობემ" აჯობა!

- სხვათა შორის, "აქტობესთან" დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ "დინამოდან" მთავარი მწვრთნელი და მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები გაუშვეს...

- ბუნებრივია, დასანანი მარცხი იყო... რაც შეეხება ლეგიონერებს, მათი მოყვანა მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, თუ ათი თავით სჯობნიან ადგილობრივ ფეხბურთელებს. ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოიწვიო უცხოელი ფეხბურთელი, თუ მისი დონისა ადგილობრივებიც საკმაოდ გყავს?! ქართველი ნიჭიერი ერია, ქართულ ფეხბურთში სულ იყვნენ უძლიერესი ფეხბურთელები და რაც მთავარია - პიროვნებები! სჯობს, ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი ვათამაშოთ - თავიდან შეცდომებს დაუშვებს, მაგრამ თანდათან გამოცდილებას დააგროვებს, მოუმატებს.

- თქვენს გაწვრთნილ გუნდებში ყოველთვის ბევრი ქართველი იყო. რატომ?

- იმიტომ, რომ ღირსეულად თამაშობდნენ და ადგილობრივებს ყველა მათგანი სჯობდა. საფეხბურთო განათლებით, ქართველი მოთამაშეები სხვებზე მაღლა დგანან!

- უარყოფითი? რა არის ქართველი ფეხბურთელის მთავარი მინუსი?

- არასტაბილურობა, მოტივაციის ნაკლებობა, თავისთვის ცოტას მოთხოვნა... ერთ მატჩს ითამაშებენ და კმაყოფილდებიან, მთელი წელიწადი ამით ცხოვრობენ, პროფესიონალიზმი არ ჰყოფნით! იშოვიან ბინისა და მანქანის ფულს და ამას სჯერდებიან, ხვალინდელ დღეზე აღარ ფიქრობენ. ევროპელი ფეხბურთელი კი - მილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი? მაშინვე უკეთეს კონტრაქტზე იწყებს ფიქრს, თავის თავზე მუშაობს. ევროპელებს ძალიან ჩამოვრჩებით ფეხბურთისადმი დამოკიდებულებით, დისციპლინით, რეჟიმის დაცვით...

- "ჟეტისუში" ლევან ხმალაძეც იყო გასინჯვაზე. როგორც ჩანს, ვერ მოგაწონათ თავი...

- ძალიან მინდოდა, ლევანს ჩემი ნდობა გაემართლებინა, მაგრამ... სამწუხაროდ, იმ მომენტში მზად არ იყო, მე კი დრო არ მქონდა... თუ საზღვარგარეთ გინდა თამაში, სულ ფორმაში უნდა იყო, ნებისმიერ მომენტში შეგეძლოს დამტკიცება, რომ იმსახურებ თამაშს. ხმალაძემ კი ვერ დამარწმუნა!

- ვინ იყო საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, ვისთანაც მწვრთნელის რანგში გიმუშავიათ?

- რომელი ერთი ვთქვა? - მარცვალაძე, რევიშვილი, აშვეთია, აბრამიძე, არზიანი, ხოჯავა და სხვები... გოჩა ხოჯავა უნიჭიერესია, მისი მონაცემების პატრონს შეეძლო, ვარსკვლავი გამხდარიყო, თუმცა, ხასიათმა შეუშალა ხელი... როცა უნდოდა, "ანჟისა" და "ვოლგაში" ხოჯავა მარტო იგებდა თამაშებს! მისი მთავარი პრობლემაც სწორედ ეს იყო - როცა მინდა, ვთამაშობ, როცა ხასიათზე არა ვარ - არა! ფეხბურთში კი ყველა მატჩში, ყველა ვარჯიშზე უნდა დაამტკიცო, რომ თამაშის ღირსი ხარ. გუშინ რომ კარგად ითამაშე, პატივისცემას იმსახურებ, მაგრამ ფეხბურთი დღეს და ახლა უნდა ითამაშო!

- ჩვენებურების სიმრავლის გამო, თქვენს გუნდებს ხშირად უწოდებდნენ "ქართულ გუნდებს". ამის გამო პრობლემებიც ხომ გექმნებოდათ?

- ქართველები კარგად კი თამაშობდნენ, მაგრამ მახაჩყალის "ანჟის" ქომაგი მაინც აღშფოთებული იყო, რა ამბავია ამდენი ქართველიო. ერჩივნათ, ადგილობრივებს ეთამაშათ. მით უმეტეს, ბრაზობდნენ, რვა ფეხბურთელი ქართულად რომ დაიწყებდა ლაპარაკს და გარშემო ვერავის ამჩნევდა... ქართველებს სულ ვაფრთხილებდი, რუსულად ელაპარაკათ და ადგილობრივები არ გაეღიზიანებინათ. ერთხელ ისიც ვუთხარი, რა რეაქცია გექნებათ, თბილისის "დინამოში" რვა რუსი რომ თამაშობდეს-მეთქი? ვერც ერთმა ვერ მიპასუხა...

- მაინც, ვინ არის ომარ თეთრაძე - ქართველი, ბერძენი თუ რუსი?

- გვარად ოსიპოვი ვარ, თეთრაძე კი ბებიაჩემის გვარია, მაგრამ რაც უნდა ვთქვა, ეროვნებას ხომ ვერ შევიცვლი?! ვამაყობ, რომ ვიყავი, ვარ და ვიქნები ბერძენი! საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, ბავშვობა და სიჭაბუკეც საქართველოში გავატარე და რაც მაქვს, ის შინაგანი კულტურაც ქართულმა მიწამ მომცა. თუმცა, დღეს რუსეთის მოქალაქე ვარ და თუ სამშობლოზე მკითხავთ, გიპასუხებთ - საქართველო და რუსეთი!

- შეიძლება, ერთდროულად იყო მტრულად განწყობილი ორი ქვეყნის შვილი?

- ვიმეორებ, საქართველო ჩემი სამშობლოა. წლების განმავლობაში ერთ სახელმწიფოში არ ვცხოვრობდით რუსებთან ერთად?! მერე გაუგებრობა მოხდა, მაგრამ ეს პოლიტიკაა, რომელიც ხალხზე არ უნდა აისახოს! ყაზახეთშიც ხომ იციან, საქართველოდან რომ ვარ და თბილისის "დინამოს" ჩამოსვლამდე ყველა ჟურნალისტი მე მირეკავდა. ჩვენიანი უცხოებს შორის და უცხო ჩვენიანებშიო - ჩემზეა ნათქვამი (იცინის).

- საქართველოში გატარებული ბავშვობიდან რას გაიხსენებთ?

- პატარა ვიყავი, დედამ მუსიკალურ სკოლაში რომ მიმიყვანა, სადაც აკორდეონზე დაკვრა უნდა ესწავლებინათ. თუმცა, სკოლამდე არც მივდიოდი, ფეხბურთის სათამაშოდ გადავუხვევდი ხოლმე. მშობლებმა რომ გაიგეს, მუსიკის გაკვეთილების ფულს ტყუილად იხდიდნენ, მაგრად მომხვდა... მერე კი მამამ საფეხბურთო სკოლა "ავაზაში" მიმიყვანა... მოგვიანებით, თითო სეზონი თბილისის "დინამოსა" და ოზურგეთის "მერცხალში" ვითამაშე... 19 წლისა მოსკოვის "დინამოში" წავედი სათამაშოდ, თუმცა, ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქე ვიყავი და ძალიან განვიცადე, ნაკრებში რომ არ დამიძახეს... 1991-92 წლები იყო - საბჭოეთი იშლებოდა და მოთამაშეებს თავად უნდა გადაეწყვიტათ, რომელ ნაკრებში სურდათ თამაში.

- თქვენ კი საქართველოს ნაკრებისგან ელოდით მიწვევას?

- ბოლო მომენტამდე! მე და კახა ცხადაძე ერთად ვთამაშობდით მოსკოვის "დინამოში". ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ერთად გამოვედით გასახდელიდან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა (სამწუხაროდ, გვარი აღარ მახსოვს) კახა გვერდით გაიყვანა და საქართველოს ნაკრებში მიიწვია, მე კი სიტყვაც არ მითხრეს... ამის შემდეგ კიდევ ერთი კვირა დავიცადე, მერე კი რუსების წინადადებას დავთანხმდი!

- საქართველოში კი ყველას ჰგონია, რომ ომარ თეთრაძეს არ სურდა საქართველოს ნაკრებში თამაში...

- ტყუილია! უკანასკნელ წუთამდე ველოდი, როდის დამიძახებდნენ საქართველოს ნაკრებში.

- რუსებს რომ არ დასთანხმებოდით, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ხომ ვერ ითამაშებდით?

- ახლა ადვილია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ალალად გეტყვით - ძალიან მინდოდა საქართველოს ნაკრებში თამაში! მაგრამ რადგან ნაკრების ხელმძღვანელობამ სხვაგვარად გადაწყვიტა, წყენა ნამდვილად არ ჩამიდვია გულში. ალბათ, მათი აზრით, იმ მომენტში არ ვიმსახურებდი ადგილს ეროვნულ გუნდში. რუსეთის ნაკრებში თამაშს კი ნამდვილად არ ვნანობ, პირიქით, ვამაყობ კიდეც! მით უმეტეს, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვიყავი... ისევ ქართველ ფეხბურთელებზე ვიტყვი - ნაკრებში მოხვედრის შემდეგ, მათი უმეტესობა მოტივაციას კარგავს! რაც მალე შევცვლით ასეთ მენტალიტეტს, მით მალე გავხდებით პროფესიონალები. თუმცა, ერთში კი დარწმუნებული ვარ - ქართველებს შეუძლიათ ფეხბურთის თამაში!

- ოდესმე გინანიათ, ქართული გვარი რომ აიღეთ?

- არ მინანია, მაგრამ თავდაპირველად უხერხულად კი ვგრძნობდი თავს: ყველა ოსიპოვად მიცნობდა, უცებ კი თეთრაძე გავხდი! მახსოვს, ვიტირე კიდეც ამის გამო... მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, თორემ რა იყო სატირალი, უცხოსი ხომ არა, ბებიაჩემის გვარი ავიღე!

- ვიცი, რომ განტვირთვაში მუსიკა გეხმარებათ...

- განსაკუთრებით, მრავალხმიანი ქართული სიმღერები მიყვარს, გოგი ცაბაძის სიმღერებსაც ხშირად ვუსმენ ხოლმე. ხშირად, რომ შემოდიან, მეკითხებიან ხოლმე, ისევ ქართულ სიმღერებს უსმენო (იცინის)? ყველაზე მეტად კი კლასიკური მუსიკა მიყვარს - როცა დასვენება და ყველაფრისგან გამოთიშვა მინდა, ვრთავ ტელეფონს და მუსიკაში ვიძირები.