ბედმა აშკარად გაგვიღიმა - კვირის პალიტრა

ბედმა აშკარად გაგვიღიმა

წარუმატებლობას ქართველები ხშირად ზებუნებრივ ძალებს ვაბრალებთ ხოლმე. ამიტომაც ამა თუ იმ ნაკრების მოთამაშეების ან თავკაცისგან ხშირად მოისმენთ: "არ გაგვიმართლა", "ძლიერი მეტოქეები გვერგო", "მაინცდამაინც პარასკევს გვათამაშეს" და ა.შ.

თუმცა, თუ იმ მეტოქეთა სიძლიერეს გავითვალისწინებთ, გასულ შაბათს, წილისყრამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს რომ არგუნა, საწუწუნო ნამდვილად არაფერი გვაქვს. A  დივიზიონში მყოფ ნაკრებთა შორის, ერთიც არაა ისეთი, საქართველოს ნაკრები მასთან უშანსოდ იყოს, მაგრამ თუ C ქვეჯგუფში ჩვენთან ერთად მოხვედრილ ნაკრებებს გადახედავთ და იმასაც გაითვალისწინებთ, ვინ შეიძლებოდა გვრგებოდა, ბედმა აშკარად გაგვიღიმა.

მაშ ასე: პირველ კალათაში განთესილთაგან პოლონეთი გვერგო. პოლონელები 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები იყვნენ, შემადგენლობის მხრივ კი, საქართველოსთან ბევრი აქვთ საერთო - ერთადერთი ლეგიონერი  NBA-ში, 2-2 ესპანეთსა და იტალიაში და ა.შ.

სასურველი იყო მეორე კალათიდან ბრიტანეთს ავცდენოდით და საბოლოოდ, ასეც მოხდა. ბრიტანელები 2012 წლის ოლიმპიადის მასპინძლები არიან და გასაკვირი არ არის, ევროპირველობაზე მოხვედრაში "გარეშე ძალებიც" დაეხმარონ. მათ ნაცვლად, ევროპის ჩემპიონატის საგზურს ბულგარელებს შევეცილებით, რომლებიც ლეგიონერების სიმრავლით ვერ დაიკვეხნიან, თუმცა, ურიგო გუნდი ნამდვილად არ ჰყავთ.

იმავეს თქმა შეიძლება  C  ჯგუფის დანარჩენ წევრებზეც. ბელგიას ევროპის წინა ჩემპიონატზე მოხვედრამდე სულ ცოტა დააკლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთან სიფრთხილე გვმართებს. რაც შეეხება პორტუგალიას, სახელიანი ლეგიონერები არც ამ გუნდს ჰყავს და თუ წინა შესარჩევი ეტაპის მსგავსად ითამაშეს, მათთვის ორივე მატჩის მოგება შეგვიძლია. მთავარი კი ის არის, რომ მეოთხე კალათიდან სწორედ პირინეელები გვერგნენ და არა მრისხანე იტალია, რომელიც  NBA-ში მოთამაშე სამი ლეგიონერითაც იწონებს თავს და ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ეროვნული ჩემპიონატითაც.

ამგვარად,  A დივიზიონის 15 გუნდი სამ ქვეჯგუფში გადანაწილდა. აგვისტოში, ისინი ორ წრედ (შინ და გარეთ) 8 მატჩს გამართავენ და 2011 წლის ევრობასკეტის ხუთ მონაწილეს გამოავლენენ. ჯგუფების გამარჯვებულები და ორი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული ავტომატურად მიიღებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს. უარესი მაჩვენებლის მქონე მეორე და შედეგებით მის ქვემოთ მყოფი კიდევ ხუთი ნაკრები კი ორ სამგუნდიან ჯგუფს შექმნიან და დამატებით ერთი საგზურისთვის იბრძოლებენ. ქვეჯგუფის მატჩები 2-29 აგვისტოს გაიმართება.