ირაკლი ცირეკიძე ძიუდოდან მიდის! - კვირის პალიტრა

ირაკლი ცირეკიძე ძიუდოდან მიდის!

გასული კვირის ყველაზე ხმაურიანი განცხადება ძიუდოისტ ირაკლი ცირეკიძეს ეკუთვნის. ქუთაისელმა ფალავანმა გამოაცხადა, - ძიუდოდან მივდივარო და ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა.

განვლილი წელი ქართული ძიუდოსთვის წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა, გამარჯვებებზე მეტად, შარშანდელი სეზონი კონფლიქტებითა და სკანდალებით გამოირჩა, მაგრამ ირაკლის გადაწყვეტილება მაინც ძალზე მოულოდნელი იყო. ჯერ ერთი, კონფლიქტები მოგვარდა (გარეგნულად მაინც) და ნაკრების ხელმძღვანელიც შეიცვალა, თუმცა, მთავარი ის გახლავთ, რომ პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი ცირეკიძე ჯერ მხოლოდ 27 წლისაა და სამშობლოსთვის კიდევ არაერთი გამარჯვების მოტანა შეუძლია.

ხმები ირაკლი ცირეკიძის ძიუდოდან წასვლის შესახებ გასული წლის ნოემბერშიც გავრცელდა. საბედნიეროდ, მაშინ ეს ჭორი აღმოჩნდა. ამჯერად კი, საქმე გაცილებით სერიოზულადაა - ცირეკიძე აცხადებს, რომ საჭიდაოდ განწყობას ვეღარ ახერხებს. არადა, ის ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, ვისაც ოლიმპიადა და მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული. მსოფლიო ჩემპიონი ცირეკიძე 2007 წელს, რიო დე ჟანეიროში გახდა, ერთი წლის შემდეგ კი, პეკინში, პლანეტის ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ ფორუმზეც მოიპოვა ოქროს მედალი. ცივსისხლიანობით ცნობილ ფალავანს ნერვი მაშინაც არ შეტოკებია, მის სამშობლოს რუსული ჭურვები რომ ბომბავდნენ, თავად კი რუს მეტოქეს აბრტყელებდა ტატამზე. ამიტომაც გვიკვირს, რამ გადააწყვეტინა წასვლა და იმედი გვაქვს, გადაწყვეტილებას შეცვლის. მით უმეტეს, ევროპის ჩემპიონატი ჯერაც მოსაგები აქვს.

ირაკლი ცირეკიძე ირწმუნება, რომ თებერვალში, პარიზის ტურნირზე კიმონოს უკანასკნელად მოირგებს. მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ფალავანთან ინტერვიუს შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ და უშუალოდ ძიუდოისტისგან შეიტყობთ იმ მიზეზებს, რის გამოც მან აქტიური სპორტის მიტოვება გადაწყვიტა. ფაქტი კი ის არის, რომ თუ ცირეკიძე მართლაც წავიდა, მსოფლიო ძიუდო გამორჩეულ ფალავანს დაკარგავს, მეტოქეები კი უძლიერეს კონკურენტს მოისაკლისებენ.