"რასაც ხედავთ, ეგ არის საქართველოს ნაკრების ტაქტიკა!"
25-08-2014
"რასაც ხედავთ, ეგ არის საქართველოს ნაკრების ტაქტიკა!"
"ვერავის დავაბრალებთ - უამრავი შეცდომა დავუშვით. ჩვენი ბრალია, მეტოქეებს კომფორტულად თამაშის შესაძლებლობა რომ მივეცით"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სამი გასვლითი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო. თანაც, მოგებაც არის და მოგებაც - ჯგუფის აუტსაიდერ პორტუგალიასთან ჩვენი გუნდი 23 ქულის სხვაობითაც კი აგებდა, თუმცა, თავდადებისა და უფრო მაღალი კლასის ხარჯზე ოვერტაიმში კინკილა ქულის უპირატესობით მაინც გაიმარჯვა... იქამდე იგორ კოკოშკოვის გუნდმა ასევე ერთი ქულის სხვაობით წააგო უნგრეთში, ჩეხეთის ნაკრებთან მატჩი კი 19-ქულიანი ჩამორჩენით დაასრულა და
პირველი ადგილის დაკავების თეორიული შანსიღა დაიტოვა. თუმცა, სპორტის სასახლეში გასამართი ორივე მატჩის (გაზეთის ფორმატის გამო, კვირას გამართული თამაშის შედეგს ვერ ვითვალისწინებთ. - ავტ.) მოგების შემთხვევაში, ევრობასკეტის ფინალური ეტაპის საგზურის მომტანი მეორე ადგილის დაკავებაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის. ასე რომ, დაველოდოთ ბოლო ტურის მატჩებს. მანამდე კი განვლილი
შეხვედრების შეფასება ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, ვიქტორ სანიკიძეს ვთხოვეთ. წელის ტრავმის გამო საწყის მატჩებში ის ჩვეულად ეფექტიანი ნამდვილად არ ყოფილა და ყველაზე უკეთ ეს თავად იცის...

- ტრავმის მიუხედავად, თავს ძალას ვატანდი და როგორც შემეძლო, მაქსიმალურად ვიხარჯებოდი. ბოლო ორ შეხვედრაში კი წელი ნაკლებად მაწუხებდა და, მგონი, ეს ეტყობოდა კიდეც ჩემს თამაშს.

- თავის დროზე, ჩვენი ჯგუფის კალენდრით ყველა კმაყოფილი ვიყავით - საშინაო მატჩი ჩეხეთთან, ზედიზედ სამი გასვლა და ბოლო ორი შეხვედრა სპორტის სასახლეში... თუმცა, როგორც გამოჩნდა, წარმატებისთვის მხოლოდ ხელსაყრელი კალენდარი არ კმარა.
- ეს შედეგები ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. ნამდვილად არ მეგონა, სამი გასვლითი მატჩიდან მხოლოდ ერთს და იმასაც გაჭირვებით თუ მოვიგებდით. თუმცა, ვერავის დავაბრალებთ - უამრავი შეცდომა დავუშვით და მხოლოდ ჩვენი ბრალია, მეტოქეებს კომფორტულად თამაშის შესაძლებლობა რომ მივეცით.

- თუმცა, პორტუგალიაში მოიგეთ მაინც, უნგრეთსა და ჩეხეთში კი...
- უნგრელებთან მატჩის მიწურულს 7-ქულიანი სხვაობა გავანიავეთ. ბოლო შეტევაც ჩვენი იყო, დროც საკმარისად გვქონდა, მაგრამ... ვერ გამოვიყენეთ და დავმარცხდით. ყველაზე სუსტად კი ჩეხებთან შეხვედრაში ვითამაშეთ - მასპინძლებმა ყველა კოზირი გამოიყენეს, აშკარად გვაჯობეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

- ამ სამ შეხვედრაში კარგი მხოლოდ ის იყო, საქართველოს ნაკრებმა მებრძოლი სული რომ გამოავლინა და პორტუგალიასთან მოგება 23-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად მაინც მოახერხა...

- იმ გამარჯვებით გამოწვეული ემოცია ჩეხეთშიც გაგვყვა, მაგრამ... მოსაგებად მხოლოდ ეს რომ იყოს საკმარისი, რაღა გვიჭირდა... ჩვენს თამაშს დაღი დაღლილობამაც დაასვა, მაგრამ არ შეიძლება, გადაღლაზე მხოლოდ ქართველები ვლაპარაკობდეთ, როცა ქვეჯგუფში ყველა თანაბარი რაოდენობის მატჩს ატარებს.

- რაღა საჭირო არიან სათადარიგო მოთამაშეები, თუ მათი ნდობა რამდენიმე წუთითაც კი არ შეიძლება? ნატურალიზებული კალათბურთელები არ გვჭირდება, სჯობს, გამოცდილება ახალგაზრდა მოთამაშეებმა მიიღონო, მაგრამ ახალგაზრდა კალათბურთელი სათადარიგოთა სკამზე როგორ გაიზრდება?!

- გეთანხმებით. შეუძლებელია, კალათბურთელმა, მით უმეტეს, გამთამაშებელმა 40 წუთი შეუცვლელად ითამაშოს და მთელი ამ დროის განმავლობაში სასარგებლო იყოს! გასაგებია, რომ გადამწყვეტი მატჩები იყო და მწვრთნელმა ვერ გარისკა მოედანზე ახალგაზრდების შეყვანა, მაგრამ ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებსაც ხომ აქვს ზღვარი?

- სამწუხაროდ, უკვე ყველამ იცის, რომ საქართველოს ნაკრები, ფაქტობრივად, ერთადერთი მარტივი "კომბინაციით" ცდილობს ფონს გასვლას - გადაცემა ფაჩულიას ან შენგელიას მისამართით, რომლებიც ფარქვეშიდან ცდილობენ ქულების მოპოვებას... მარკოიშვილი და ჰიკმანი ვერ გვეხმარებიან, მაგრამ სამქულიანების სროლა სხვებსაც ხომ შეუძლიათ?
- გაინტერესებთ, რა დავალებას გვაძლევს მწვრთნელი? მოკლედ ვიტყვი - რასაც ხედავთ, ეგ არის საქართველოს ნაკრების ტაქტიკა! და პრინციპში, აქ ახალი არც არაფერია - ბოლო წლებში სულ ასეთი ტაქტიკური მონახაზით არ ვთამაშობთ?

- ზონურ დაცვას მაშინ მაინც რატომ არ ვეშვებით, მეტოქე სამქულიანებით რომ გვბომბავს?
- ალბათ, დროა, ტაქტიკა ახლა მაინც შევცვალოთ, შეცდომები აღარ გავიმეოროთ. რაც შეეხება ზონურ დაცვას, ეს კითხვა ნაკრების მწვრთნელს უფრო ეკუთვნის.

- როგორ ფიქრობ, იგორ კოკოშკოვმა მომავალშიც უნდა გააგრძელოს ჩვენს გუნდთან მუშაობა, თუ მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები მეტად ვეღარ განვითარდება?
- მიმაჩნია, რომ თუ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის საგზურს მოიპოვებს, ფინალურ ეტაპზეც კოკოშკოვის ხელმძღვანელობით უნდა ითამაშოს. ეს კონტრაქტითაც ასეა გათვალისწინებული... თუმცა, ახლა მთავარია, დარჩენილი მატჩები მოვიგოთ და ფინალურ ეტაპზე თუნდაც მეორე ადგილით გავიდეთ.

რედაქტორის რჩევით