ქართველი "ქალთევზა" რეკორდსმენია!
25-08-2014
ქართველი "ქალთევზა" რეკორდსმენია!
"შავ ზღვაში 250 კილომეტრზე შევცურავ და მშვიდობის მემორიალს აღვმართავ"

რუსუდან გორდეზიანი: "მე რეკორდი კი არ მაინტერესებს, მხოლოდ ის მინდა, მთელმა მსოფლიომ საქართველოს მიაპყროს ყურადღება"


ქორეოგრაფი, ისტორიკოსი და ახლა უკვე - რეკორდსმენიც... 28 წლის რუსუდან გორდეზიანმა სადღეღამისო უწყვეტი ცურვით 25 საათსა და 15 წუთში გაცურა 73 კილომეტრი სარფიდან ანაკლიის მიმართულებით! მანდილოსნებზე ლაპარაკიც ზედმეტია და საქართველოს ისტორიაში მამაკაცებსაც კი მხოლოდ 13 კილომეტრით ნაკლები - 60-კილომეტრიანი დისტანცია დაუძლევიათ: 1910 წელს ბათუმელმა წყალმაშველმა მამედ
ბედიამ გაცურა შავი ზღვა ბათუმიდან ფოთამდე, ერთი საუკუნის შემდეგ კი იგივე მარშრუტი ზურაბ ხომასურიძემ გაიმეორა... რუსუდან გორდეზიანს რეკორდები მანამდეც დაუმყარებია - შარშან 24-საათიანი მარათონი გამართა თბილისის 50-მეტრიან საცურაო აუზში და საათში ხუთწუთიანი შესვენებებით 46 500 მეტრი გაცურა; მალევე წყლის დაბალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის მიუხედავად,
ორგზის გადაცურა თბილისის ზღვა - 4 000 მეტრი და ა.შ. მომავალში ქართველი "ქალთევზა" - რუსუდან გორდეზიანი ლა-მანშის გადაცურვას, ასევე, შავ ზღვაში 250 კილომეტრზე(!) შეცურვასა და იქ მშვიდობის მემორიალის აღმართვას აპირებს.


- ცურვა ბავშვობიდან მიყვარდა, რამდენიმე კილომეტრის გაცურვა უპრობლემოდ შემეძლო. ოღონდ, სანამ ბატონი ჯუმბერ ლეჟავა არ გავიცანი, არასდროს მიფიქრია, რომ საქართველოში ვინმეს აინტერესებდა ასეთი დიდი დისტანციების გადალახვა. ბატონმა ჯუმბერმა კი გამაგებინა... მერე  ჩამჭიდა ხელი და აღარც გაუშვია, თავის აღმოჩენას მეძახდა... ლეგენდარული მარშრუტის - ბათუმი-ფოთის გაცურვაც ერთად დავგეგმეთ. სამწუხაროდ, ამ ერთი თვის წინ ჯუმბერ ლეჟავა გარდაიცვალა და, ალბათ, ეს გაცურვა აღარც შედგებოდა, ჩემი მარათონით შინაგან საქმეთა სამინისტრო რომ არ დაინტერესებულიყო. სწორედ მისი ეგიდით გაიმართა ეს გაცურვა, მე კი შსს-ს სპორტული კლუბის - MIA FORCE-ს სახელით ვიასპარეზე. რაც მთავარია, ჩემი სარეკორდო გაცურვა აფხაზეთის ომში და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს ეძღვნება!

- ჯუმბერ ლეჟავა არა მხოლოდ მწვრთნელი,  თქვენი მეგზურიც უნდა ყოფილიყო გაცურვის დროს... მისმა გარდაცვალებამ სტიმული ხომ არ დაგაკარგვინათ?

- პირიქით, პასუხისმგებლობა მომემატა, სხვა რომ არაფერი, ეს გაცურვა თუნდაც მხოლოდ ბატონი ჯუმბერის სახელის კიდევ ერთხელ უკვდავსაყოფად უნდა შემდგარიყო! ძალიან დამეხმარნენ მისი მეგობრები, ბატონმა ბეგლარ ელბაქიძემ კი გაცურვისას სულაც მეგზურობაც გამიწია - საკვებს მაწვდიდა, მამხნევებდა...

- ბეგლარ ელბაქიძე თავადაც რეკორდსმენია ზეზელა, ანუ ორხელაწეულ ცურვაში, და გამოცდილებას ისიც გაგიზიარებდათ...
- დაზღვევის მიზნით რამდენიმე მეტრის უკან კატერი მომყვებოდა, 700-800 მეტრის დაშორებით კი გემი იყო, სადაც, ეკიპაჟის გარდა, მსაჯები და სარეკორდო კომისიის წევრებიც იყვნენ. თუმცა, კატერს ერთხელაც არ შევხებივარ, არც ფსკერზე დამიდგამს ფეხი - სარფში რომ ჩავედი ზღვაში, 25 საათის და 15 წუთის განმავლობაში აღარ ამოვსულვარ!

- თანაც, ყოველგვარი სპეცკოსტიუმის და დამცავი საშუალებების გარეშე...
- შემეძლო, სიცივისგან დასაცავად ვეშაპის ქონი ან სხვა საშუალება წამესვა, მაგრამ არ გამომიყენებია - მხოლოდ ჩვეულებრივი საცურაო კოსტიუმი, წყლის სათვალე და ქუდი! ასეთი მარათონისას სპორტსმენი მინიმუმ ხუთ კილოგრამს იკლებს წონაში და გაცურვამდე, სპეციალურად მოვიმატე წონაში... 7 კილოგრამი. თუმცა, ერთი კილოგრამიც არ დამიკლია არც ამჯერად და არც შარშან - 24-საათიანი მარათონისას...

- თანაც წინასწარ გამოცხადებული 40 საათის ნაცვლად, 25 საათში დაფარეთ დისტანცია!
- 40 საათი თავის დაზღვევის მიზნით ითქვა. მით უმეტეს, ანაკლიამდე გაცურვას, ანუ 100-კილომეტრიანი დისტანციის დაფარვას ვგეგმავდი. სამწუხაროდ, რიონის შესართავთან ორმხრივ დინებაში აღმოვჩნდი, რასაც პირქარიც დაემატა. ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე საათის განმავლობაში ცურვა მხოლოდ იმისთვის დამჭირდებოდა, წყალში ადგილი რომ შემენარჩუნებინა და კომისიამ მარათონის შეწყვეტა გადაწყვიტა. თუ სპონსორები გამოჩნდებიან, გაისად ამ მიღწევის გაუმჯობესებასა და მსოფლიო რეკორდის დამყარებას ვაპირებ!

- ათეულობით კილომეტრის გასაცურად არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური სიმტკიცეც ხომ აუცილებელია? რა გაძლევთ ამის ძალას?
- მამამ მითხრა რამდენიმე წლის წინ, არასდროს დაეცე, გული მაშინაც კი არ გაიტეხო, როცა სიკვდილს თვალებში უყურებო და ეს სულ მახსოვს... თანაც, როცა ვცურავ, ენერგია, პირიქით, მემატება! დაღლა არც 73 კილომეტრის გაცურვის შემდეგ მიგრძნია, იმის მიუხედავად, რომ მთელი ღამე წყალში გავატარე. დისკომფორტი მხოლოდ კანის დამწვრობამ შემიქმნა - გასარუჯად მხოლოდ ხუთი დღე მქონდა და საკმარისად გარუჯვა ვერ მოვასწარი... 

- ცნობილია, რომ ლა-მანშის გადაცურვასაც გეგმავთ...

- მართალია. გარდა ამისა, გაისად მსოფლიო რეკორდის დამყარებასაც ვაპირებ - სანაპიროდან 250 კილომეტრის სიღრმეზე უნდა შევცურო შავ ზღვაში. ეს ნამდვილი სენსაცია იქნება, რადგან ამხელა მანძილი არასდროს არავის დაუფარავს! ოღონდ, მე რეკორდი კი არ მაინტერესებს, მხოლოდ ის მინდა, მთელმა მსოფლიომ საქართველოს მიაპყროს ყურადღება. არა მხოლოდ გავცურავ იქამდე, მინდა, შუაგულ ზღვაში, ნაპირიდან 250 კილომეტრის დაშორებით, აღიმართოს მშვიდობის მემორიალი - ისეთ სიმაღლეზე, რომ ყველა გამვლელი გემი დაინახავს და ნაპირიდანაც გამოჩნდება! ეს მემორიალი იქნება ხმელეთისა და ზღვის მეგობრობის მაჩვენებელი, დასტური, რომ ადამიანმა ასეთ მანძილზე შეცურა ზღვაში!

- დარწმუნებული ხართ, რომ შეძლებთ 250 კილომეტრის გაცურვას?
- დარწმუნებული ვარ! მათ შორის, იმაშიც, რომ ყველა ადამიანმა სამშობლოს უნდა მოახმაროს თავისი ნიჭი და უნარი... ჩემი რეკორდით იმდენი ადამიანი გავახარე, რომ მინდა მთელ საქართველოს მივცე შესაძლებლობა, მშვიდობის მემორიალის აგებაშიც შეიტანოს თავისი წვლილი, ყველას შეეძლოს, სიმბოლური თანხის - ერთი ლარის გაღებით ერთი აგური შეაშველოს მშვიდობის მემორიალის აგებას - მშვიდობისა და ქართველთა ერთიანობის სიმბოლოს, რომელიც შავ ზღვაში აღიმართება!
datiko48
06 სექტემბერი 2014 08:51
შენ შემოგევლე შვილო,ღმერთმა დაგლოცოს და სულ ბედნიერი გზით გატაროს ამ ქვეყანაზე და უფალს ვთხოვ რომ შენისთანა სულის შვილები გაამრავლოს საქართველოში!!!
gavazeli
26 აგვისტო 2014 11:46
რუსუდანს წარმატებებს და მსოფლიო რეკორდის დამყარებას ვუსურვებ, მაგრამ ერთი კითხვაც მაქვს: შავ ზღვაში, ნაპირიდან 250 კმ-ზე როგორ უნდა აღიმართოს მშვიდობის მემორიალი? კუნძული არაა და საიდანაც უნდა შეცუროს, მაგ მანძილძე სიღრმე 1 კილომეტრი მაინცაა. ასეთ კარგ წამოწყებას თავიდანვე ქართული, უსაფუძვლო ბაქიბუქის ელფარს ნუ მივცემთ.
gaixare
25 აგვისტო 2014 13:34
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ! ნამდვიილი გმირი ხარ! გამარჯვებულს გევლოს სულ!

რედაქტორის რჩევით