"კარგ ნაკრებს კარგი ჩემპიონატი სჭირდება"
01-09-2014
"კარგ ნაკრებს კარგი ჩემპიონატი სჭირდება"
"არ იყო ლამაზი გასვლა, მაგრამ რაც მთავარია, შედეგი ვაჩვენეთ!"

"FIBA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სწორედ საქართველოს ნაკრებს ჰყავდა ყველაზე მრავალრიცხოვანი და ხმაურიანი ქომაგი!"


გასულ კვირას ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, საფეხბურთო ნაკრებმა კი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის დაიწყო მზადება, თუმცა, კვირის მთავარი თემა მაინც კალათბურთი გახლდათ - საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება! მართალი თქვა ზაზა ფაჩულიამ, ცოტა არ იყოს, "არეული" შესარჩევი ეტაპი გამოვიდა
ჩვენთვის: მოგება-წაგებას ერთმანეთს ვუნაცვლებდით და ერთი შეხედვით, პირველ ადგილზე გასვლის შანსიც დავკარგეთო... თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა - საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი მატჩები პირველ პოზიციაზე დაასრულა და გაისად ისევ ითამაშებს კონტინენტის საუკეთესო ნაკრებებთან ერთად. ზაზა ფაჩულია კი ტყუილად არ გვიხსენებია - ნაკრების კაპიტანთან ინტერვიუ სწორედ ამ
თემაზე ლაპარაკით დავიწყეთ:


- საინტერესო, მაგრამ რაღაცნაირად არეული მატჩები ჩავატარეთ... უნგრეთში უზომოდ დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, პორტუგალიაში კი ყველასთვის მოულოდნელი პირველი ტაიმი და ძალიან მაგარი მეორე ნახევარი ვნახეთ საქართველოს ნაკრების შესრულებით. ძალიან დრამატული გამარჯვება იყო... რაც შეეხება ჩეხეთთან მატჩს, შეიძლება თამამად ითქვას, რომ მთელი მატჩის განმავლობაში გამარჯვების შანსი ერთხელაც არ გვქონია!

- თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც პირველ ადგილზე გავედით...
- მოვლენები ისე ვითარდებოდა, თითქოს აღარც გვქონდა პირველზე გასვლის შანსი, მაგრამ სპორტი იმიტომაც არის საინტერესო, რომ მოულოდნელობებით არის აღსავსე და ნებისმიერს შეუძლია ფავორიტად მიჩნეული მეტოქის დამარცხება. ვერ ვიტყვი, პირველი ადგილი დაუმსახურებლად დავიკავეთ-მეთქი, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ ისეთივე თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორიც, მაგალითად, წინა შესარჩევი ეტაპისას. ეს იმის ბრალიც არის, რომ სამი წამყვანი კალათბურთელი გვაკლდა, მართალია, მათი შემცვლელებიც ძალიან დაგვეხმარნენ, მაგრამ გამოცდილებას მაინც სხვა ფასი აქვს... კარგია, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს მიეცათ თავის გამოჩენის, გამოცდილების დაგროვების შანსი და ეს შესაძლებლობა გამოიყენეს კიდეც და დრო თითქმის ყველა მატჩში ეძლეოდათ - ზოგჯერ ბევრი, ზოგჯერ - ნაკლები...

- შეიძლება ითქვას, რომ იგორ კოკოშკოვი ახალგაზრდებს ბოლო მატჩებში უფრო ენდო, თორემ გასვლით შეხვედრებში ძირითადი ხუთეულის წევრებს ლამის შეუცვლელად უწევდათ თამაში...
- გეთანხმებით, თუმცა, მწვრთნელმა ასე ჩათვალა საჭიროდ და ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. არადა, სტუმრად ჩატარებული მატჩების შემდეგ, ბევრს ისიც კი არ ეგონა, საერთოდ ჯგუფიდან თუ გავიდოდით... თუმცა, არათუ გავედით, პირველი ადგილიც დავიკავეთ და ევრობასკეტის ფინალური ეტაპის წილისყრისას ეს გარკვეულ უპირატესობასაც მოგვცემს... ქომაგს ვეთანხმები - არ იყო ლამაზი გასვლა, მაგრამ რაც მთავარია, შედეგი ვაჩვენეთ! მით უმეტეს, მარკოიშვილის, შერმადინისა და ჰიკმანის სახით გვაკლდნენ კალათბურთელები, რომელთაც ევროთასებზე თამაშის ყველაზე მეტი გამოცდილება აქვთ ჩვენს გუნდში... თუმცა, ვიმეორებ, რომ არა ახალგაზრდა მოთამაშეების დახმარება, ჯგუფიდან მართლაც ვერ გავიდოდით!

- საკუთარ მოედანზე ამჯერადაც ყველა მატჩი მოვიგეთ, სტუმრად კი ისევ გვიჭირს... ეს რის მაჩვენებელია?
- ევროპაში გასვლითი მატჩების გამართვა ყოველთვის რთულია - იმ განწყობით უნდა ჩახვიდე, რომ მასპინძელ გუნდს მსაჯებიანად აჯობო! გარდა ამისა, გეოგრაფიული ფაქტორიც გასათვალისწინებელია - ამ შესარჩევ ეტაპზე, სადაც ვიყავით, პირდაპირი რეისი არც ერთ ქვეყანაში არ გვქონია: ორი თვითმფრინავის გამოცვლა და დამატებით ავტობუსით მგზავრობა გვიწევდა და რაც უნდა იყოს, ეს მაინც აისახება თამაშზე... თუმცა, ამის გამო საყვედური ნაკრების არც ერთ წევრს არ დასცდენია - უცხოეთში კი ვთამაშობთ, მაგრამ ქართველები ვართ და კარგად ვიცით, რა მდგომარეობაშიც არის ჩვენი ქვეყანა...

- არადა, უნგრეთში რომ მოგვეგო, ამდენი სანერვიულო აღარ გვექნებოდა...

- შეცდომების მიუხედავად, ვიყავით კიდეც მოგებასთან ძალიან ახლოს, მაგრამ უნგრელებს, ფაქტობრივად, მოგებული მატჩი ვაჩუქეთ. 10 ქულით რომ აგებ, ისე არ განიცდი, როგორც მინიმალური სხვაობით დამარცხებისას... აი, პორტუგალია კი ნამდვილად არ არის იმ დონის გუნდი, ასეთი წინააღმდეგობა რომ გაეწია ჩვენთვის. საქმე ასეთ დრამატულ დასასრულამდე არც უნდა მისულიყო, პირველ ნახევარში ძალიან სუსტად რომ არ გვეთამაშა... მეტოქის შეუფასებლობა? შესაძლოა, ესეც იყო მიზეზი, მაგრამ მე ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობის ბრალი უფრო მგონია - პორტუგალიაში ჩასვლამდე უნგრეთში ისეთი დასანანი მარცხი ვიწვნიეთ, გუნდმა ვერ მოასწრო მისი დავიწყება და მომავალ მატჩზე გადართვა. პირადად მე ნერვიულობისგან ორი ღამე არ მიძინია...

- თუმცა, პირენელებთან მატჩს დადებითი მხარეც ჰქონდა - 23-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეთ...
- მეორე ნახევარში ისეთი თამაში ვაჩვენეთ, საქართველოს ნაკრებს რომ სჩვევია. რა დონის მეტოქესაც უნდა ეთამაშებოდე, 23 ქულის "ამოქაჩვა" ძალიან რთულია. ამიტომაც ვთქვი, არეული მატჩები იყო-მეთქი...

- და გასვლით მატჩებში უჩვეულოდ ბევრი შეცდომაც დაუშვით - ეს საჯარიმო ტყორცნებსაც ეხება, სამქულიანებსაც, დაკარგულ ბურთებსაც და ა.შ.
- შეცდომებს ყველა გუნდი უშვებს და ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება საჯარიმოებს, საქართველოს ნაკრებში გაგიჭირდებათ მოთამაშის პოვნა, ამ კომპონენტში პრობლემები რომ ჰქონდეს, თუმცა, ესეც ინდივიდუალურია - ხან "წაგივა" ტყორცნა, ხან - არა... ისე, სწორედ საჯარიმოების ზუსტად ტყორცნამ მოგვაგებინა უნგრელებთან...

- სხვათა შორის, პორტუგალიელებისთვის არც თბილისურ მატჩში მოგვიგია იოლად...

- ასეთი ხასიათი აქვთ - იგებენ თუ აგებენ, ერთნაირად თამაშობენ, ბოლომდე იბრძვიან... იოლად არც სხვა მატჩებში მოგვიგია, მაგრამ ვამაყობ, რომ რაც ნაკრებში ვარ, თბილისში ორად ორი მატჩი გვაქვს წაგებული - ბელგიასა და ბოსნიასთან... ასეთი სტაბილურობით ბევრი ვერ დაიკვეხნის... ქართველი გულშემატკივარი ყოველთვის იყო ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი კოზირი, ამ შესარჩევში კი სულაც საუკეთესოები  იყვნენ - FIBA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სწორედ საქართველოს ნაკრებს ჰყავდა ყველაზე მრავალრიცხოვანი და ხმაურიანი ქომაგი!

- გამარჯვებულს არ ასამართლებენ, მაგრამ... როგორ ფიქრობ, შესარჩევი მატჩების ნატურალიზებული მოთამაშის გარეშე ჩატარება სწორი გადაწყვეტილება იყო?
- ბოლო წუთამდე გვქონდა იმედი, რომ რიკი ჰიკმანი საქართველოს ნაკრებს შემოუერთდებოდა... მისი არყოფნის ზუსტი მიზეზი ჩემთვის უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ჰიკმანი ვერ ან არ ჩამოვიდა და უმისოდ მოგვიხდა თამაში... იმედია, გაისად პრობლემა საქართველოს ნაკრების არც ერთ მოთამაშეს არ შეექმნება და ჰიკმანიც, მარკოიშვილიც და შერმადინიც ჩვენთან ერთად იქნებიან.

- ნაკრების წარმატებების პარალელურად, სავალალო მდგომარეობაა ეროვნულ საკალათბურთო ჩემპიონატში... ნაკრების წევრებმა თხოვნითაც მიმართეთ ქვეყნის მთავრობას - კალათბურთს მეტი ყურადღება მიაქციონ...
- სასიამოვნოა, რომ მთავრობის წევრები, მათ შორის - პრემიერ-მინისტრი ჩვენს თხოვნას მაშინვე გამოეხმაურნენ. ნაკრების გამოსვლას აქამდეც ადევნებდნენ თვალს და იმედია, კალათბურთის ხელშეწყობისთვის შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებენ. გააკეთებენ იმას, რასაც ეს ნაკრები, რასაც ქართული კალათბურთი იმსახურებს. ყველამ იცის, რომ კარგ ნაკრებს კარგი ჩემპიონატი სჭირდება! კალათბურთი გუნდური თამაშია და აუცილებელია, მოთამაშეებს, მწვრთნელებს, მსაჯებს სათანადო პირობები ჰქონდეთ. მთავარია, რომ უკვე ყველამ იცის პრობლემის შესახებ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...
ირაკლი
02 სექტემბერი 2014 10:21
ყველაფერი ძალიან კარგად დასრულდა და დიდი მადლობა კალათბურთელებს, მაგრამ კომენტატორები და ხალხი ნუ ცდილობთ რომ მსაჯებს დააბრალოთ ყველაფერი. ეს ქართველების განუკურნებელი სენია

რედაქტორის რჩევით