პირველი ქართველი ინგლისელ ზვიგენებში - კვირის პალიტრა

პირველი ქართველი ინგლისელ ზვიგენებში

შალვა მამუკაშვილი: "უნდა დავამტკიცო, რომ ქართველი "ყოჩი" "ზვიგენებშიც" არ ჩაიძირება!"

შალვა მამუკაშვილი პირველი ქართველი მორაგბეა, ინგლისური კლუბის ღირსებას რომ დაიცავს. საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "ყოჩების" პირველხაზელმა მანჩესტერულ კლუბ "სეილ შარქსთან" ("სეილის ზვიგენები") ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და უკვე შეუერთდა ახალ გუნდს. ამგვარად, ქართველ ჰუკერს, ანუ ჩვენებურად, შერკინების კვაჭს, საპასუხისმგებლო მისია აქვს: ინგლისელებს კარგად გააცნოს ქართული რაგბი, დაამტკიცოს, რომ ქართველი "ყოჩი" ინგლისელ "ზვიგენებშიც" ყოჩია! შალვა მამუკაშვილი ჯერ 23 წლის არის, "ყოჩების" გარდა, თბილისის "არმიის" შემადგენლობაშიც უთამაშია, ბორჯღალოსანთა მაისურით კი უკვე 22 მატჩის გამართვა მოასწრო და ინგლისში გაისად გასამართ მსოფლიო თასს ინგლისში მიღებული გამოცდილებით შეხვდება.

- საქართველოს ნაკრების მორაგბეთა უმეტესობა საფრანგეთის ელიტურ დივიზიონში თამაშობს, ინგლისურ კლუბებში მოხვედრა კი შედარებით რთულია. მაგალითად, ინგლისში სამუშაო ვიზა რომ მოგცენ, წლის განმავლობაში სანაკრებო მატჩების 70%-ზე მეტში უნდა გქონდეს ნათამაშები. ამ სირთულეების გამო, ჩვენი ბიჭები საფრანგეთში თამაშს ამჯობინებდნენ და ისე მოხდა, რომ პირველი მე აღმოვჩნდი...

- როგორ დაინტერესდა ინგლისური კლუბი საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშით?

- ინგლისის ჩემპიონატში მომუშავე აგენტი ნაკრებში ჩემი თანაგუნდელის - თამაზ მჭედლიძის მეშვეობით დამიკავშირდა და მითხრა, რომ "შარქსი" ტრავმირებული ძირითადი ჰუკერის - ტომი ტეილორის შემცვლელს ეძებდა. ნანახი ჰქონიათ ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩები, კონტრაქტი გამომიგზავნეს და ერთწლიან ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. სამედიცინო შემოწმება უკვე გავიარე და ინგლისური ენის გამოცდაც ჩავაბარე.

- რას ელოდით და რა დაგხვდათ ინგლისურ კლუბში?

- ვიცოდი, რომ ყოველმხრივ გამართულ, მაღალპროფესიულ კლუბში მივდიოდი, მაგრამ ინგლისელებმა მაინც გამაკვირვეს. ნაკრებში ჩვენც ასეთივე სტრუქტურა და განრიგი გვაქვს, პროფესიულად ვცხოვრობთ, ვვარჯიშობთ, ქართულ კლუბებში კი განსხვავებული ვითარებაა. ასე რომ, ქართულიდან ინგლისურ ყოველდღიურობაზე გადასართველად დრო ნამდვილად დამჭირდება. "შარქსში" ყველა პირობაა იმისთვის, რომ სპორტსმენმა მხოლოდ თამაშზე იფიქროს...

- ახალმა თანაგუნდელებმა როგორ მიგიღეს?

- მეგობრულად. თუმცა, სანამ მათთან ერთად არ ითამაშებ და საქმეში არ გნახავენ, მაინც უჭირავთ ერთგვარი დისტანცია. თუმცა, რაგბი ისეთი თამაშია, დასაახლოებლად ერთი მატჩიც კმარა...

- როგორც ვიცი, "სეილ შარქსი" მანჩესტერის გარეუბნის გუნდად ითვლება. მის სახელზეც ხომ არ შეიტყვეთ რამე - "ზვიგენები" რატომ ჰქვიათ?

- სეილი მანჩესტერზე მიბმული პატარა ქალაქია. "შარქსი" საშინაო მატჩებს მანჩესტერის ცენტრში მდებარე AJ Bell Stadium-ზე ატარებს, საწვრთნელი ბაზა კი კერინგტონში აქვს. რაც შეეხება სახელს, მისი წარმოშობის შესახებ ვერაფერს გეტყვით.

- საიდანაც უნდა მოდიოდეს, ფაქტია, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან პირდაპირ "ზვიგენებში" მოხვდით...

- "ყოჩებიდან" - "ზვიგენებში"! მართალი ხართ, უნდა დავამტკიცო, რომ ქართველი "ყოჩი" "ზვიგენებშიც" არ ჩაიძირება!

- "შარქსში" თამაშობს ინგლისის ნაკრების მგეზავი, სკანდალებით ცნობილი დენი ჩიპრიანიც. როგორ შეატყვეთ, მართლაც ისეთია, როგორც ახასიათებენ?

- ჯერ მხოლოდ რამდენჯერმე ვივარჯიშე ახალ თანაგუნდელებთან ერთად და მათ შემფასებლად ვერ გამოვდგები. ერთი კი ვიცი, რომ ჩიპრიანი ძალიან კარგი 10 ნომერია, მის ხასიათსა და საქციელზე კი მოგვიანებით ვილაპარაკოთ (იცინის).

- ინგლისელები ქართულ რაგბის რა დონეზე იცნობენ?

- სხვათა შორის, საკმაოდ კარგად. პირველ რიგში, ყველა იმას მეკითხება - ვითამაშე თუ არა შარშან, სამოასთან მოგებულ მატჩში (შეგახსენებთ, 2013 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩში, საქართველოს ნაკრებმა 16:15 მოუგო სამოას. - ავტ.). თანაც, სამოელთა 12 ნომერიც "შარქსის" მოთამაშეა. ჰო, და კიდევ - ყველა მამუკა გორგოძეს ახსენებს - ის მსოფლიო დონის ვარსკვლავი და ქართული რაგბის ემისარია მთელ მსოფლიოში!

- შალვა მამუკაშვილი კი, ამ ეტაპზე, ინგლისში იქნება ქართული რაგბის დესპანი... ეს პასუხისმგებლობა ხომ არ გაშინებთ?

- შიში რა მოსატანია, მაგრამ ორმაგი მობილიზება კი მმართებს - მხოლოდ ჩემს თავსა და კარიერაზე კი არა, იმაზეც უნდა ვიფიქრო, რომ ჩემი ქვეყანა არ შევარცხვინო!

- ინგლისელებს თქვენი სახელის გამოთქმა ხომ არ უჭირთ - თანაგუნდელები როგორ მოგმართავენ?

- უმეტესობა სახელით მომმართავს, დანარჩენები "შალას" მეძახიან (იცინის).

- რაც შეეხება ფეხბურთს? მანჩესტერის ორი გრანდიდან, რომელს უგულშემატკივრებ - "იუნაიტედს" თუ "სიტის"?

- "იუნაიტედი" არასდროს მომწონდა და ალბათ - უფრო "სიტის"... თუმცა, ორივე კლუბის სტადიონზე წავალ - სირცხვილია, მანჩესტერში ცხოვრობდე და "ოლდ ტრაფორდზე" არ იყო ნამყოფი...

- ვიცი, რომ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა გაქვს დამთავრებული... არადა, სად რაგბი და სად - ტექნიკური საგნები?!

- სანამ "კომაროვში" გადავიდოდი, რაგბის მანამდეც ვთამაშობდი... ისე კი, სპორტს და მათემატიკას ერთმანეთისთვის ხელი არ შეუშლია, საკმაოდ კარგადაც ვსწავლობდი, მაგრამ ახალგაზრდულ ნაკრებში რომ მოვხვდი, რაგბიმ საბოლოოდ გადაწონა და კომპიუტერთან ჯდომას რაგბის თამაში ვარჩიე... მით უმეტეს, მათემატიკა არსად გამექცევა და მასთან მიბრუნება კარიერის დასრულების შემდეგაც შეიძლება...