ოთარ მარცვალაძე: "ქართველებს მართლაც გვჭირს ეს "სენი"
08-09-2014
ოთარ მარცვალაძე: "ქართველებს მართლაც გვჭირს ეს "სენი"
"თუკი რამეს მიაღწია, იმის ნაცვლად, რომ კიდევ უფრო წინ წასულიყო, ქართველების უმეტესობამ რეგრესი განიცადა..."

"როცა 5-10 ათასი დოლარით მეტს გიხდიან, ბუნებრივია, იქ წახვალ, სადაც მეტი ხელფასია!"


გასული კვირის ბოლო დღეს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ირლანდიას უმასპინძლა. შეხვედრის შედეგი თქვენ უკვე იცით, თუმცა, "კვირის პალიტრის" ფორმატის გამო, ამ მატჩზე ლაპარაკს გაზეთის მომდევნო ნომერში თუ შევძლებთ. ამიტომაც რესპონდენტად ნაკრების ის ფეხბურთელი შევარჩიეთ, საირლანდიო განაცხადში რომ
ვერ მოხვდა. მით უმეტეს, ოთარ მარცვალაძემ ახლახან სანქტ-პეტერბურგის "ტოსნოსთან" ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და რუსული კლუბის სხვა ქართველ ლეგიონერებს შეუერთდა. ამგვარად, "ტოსნოს" ქართველი ფეხბურთელი უკვე ყველა რგოლში ჰყავს - მეკარე ნუკრი რევიშვილი, მცველი გიორგი ნავალოვსკი, ნახევარმცველი მიხეილ გორელიშვილი და თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე... იქამდე, მარცვალაძეს თბილისის
"ვიტ ჯორჯიაში", კიევის "დინამოში", "ზაკარპატიეში", მახაჩყალის "ანჟიში", ნიჟნი-ნოვგოროდის "ვოლგაში", "კრასნოდარში", ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" და ვლადიკავკაზის "ალანიაში" უთამაშია, ბოლო რამდენიმე თვე კი თბილისის "დინამოში" გაატარა და "ოქროს დუბლიც" შეასრულა. 30 წლის ქართველ ფორვარდს რუსეთში შევეხმიანეთ.

- "ფკ ტოსნო" შარშან დაფუძნდა და უკვე უმაღლესი ლიგის საგზურისათვის იბრძვის. როგორც ჩანს, კლუბში სერიოზული ინვესტიციაა ჩადებული...
- გასული სეზონი "ტოსნომ" რუსეთის მეორე დივიზიონში დაიწყო, პირველი ლიგის საგზური პირველივე მცდელობაზე მოიპოვა, წელს კი პრემიერლიგაში გადასვლა დაუსახეს მიზნად - მგონი, ამ ყველაფრიდანაც ჩანს, რომ ხანმოკლე ისტორიის მიუხედავად, "ტოსნო" საკმაოდ ამბიციური კლუბია. პირობებს რაც შეეხება, კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, მოთამაშეებმა მხოლოდ ფეხბურთზე რომ იფიქრონ!

- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 6-7 კლუბი გამოიცვალე. რისი ბრალია, ერთ სეზონზე მეტხანს ვერც ერთ კლუბში რომ ვერ ჩერდები?
- ისე დაემთხვა, რომ თითქმის ყველგან ფინანსური პრობლემები შეიქმნა. "კრასნოდარიდან" მალევე წამოვედი, ხაბაროვსკის "სკა-ენერგიასთანაც" მხოლოდ ექვსთვიანი კონტრაქტი მქონდა და უკეთეს კლუბში - "ალანიაში" გადავედი. სამწუხაროდ, ვლადიკავკაზის კლუბი უფულობის გამო დაიშალა და თბილისის "დინამოსთან" გავაფორმე ნახევარწლიანი ხელშეკრულება... "დინამოში" მშვენივრად ვგრძნობდი თავს, მაგრამ საბოლოოდ, მაინც რუსეთში დაბრუნება ვამჯობინე...

- ოთარ მარცვალაძისგან გაცილებით მეტს ელოდნენ, მაგრამ... ისე გამოვიდა, რომ რუსეთის ჩემპიონატს ვერ გასცდი...
- გული მეც მწყდება, ევროპაში რომ ვერ ვითამაშე, მაგრამ ის კლუბები, სადაც მითამაშია, ევროპის ბევრ გუნდს ნამდვილად მირჩევნია! ისე კი, ტრავმებმაც ძალიან ბევრი დრო დამაკარგვინა...

- არ გწყინს, როცა კითხულობ ან გესმის, რომ ქართველ მოთამაშეებს ფეხბურთი აღარ აინტერესებთ და რუსეთის ჩემპიონატის სხვადასხვა დივიზიონში მხოლოდ ფულის გულისთვის მიდიან?

- მესმის, რომ ქართველ გულშემატკივარს უნდა, ქართველმა ფეხბურთელებმა ძლიერ კლუბებში ითამაშონ, მაგრამ ყველას ხომ არ ეძლევა ამის შესაძლებლობა? ზოგს უმართლებს, მიდიან და თამაშობენ, სხვები რუსეთსა და უკრაინაში თამაშობენ... ფულს რაც შეეხება, როცა ხელფასში განსხვავება 5-10 ათასი დოლარია, ბუნებრივია, იქ წახვალ, სადაც მეტი ანაზღაურებაა! პატარა აღარ ვარ, უკვე 30 წლის გავხდი და ასეთ რაღაცებსაც ვაქცევ ყურადღებას...

- ათამდე კლუბი გამოგიცვლია. ყველაზე უკეთ სად გრძნობდი თავს?

- გამორჩევა გამიჭირდება, ყველა კლუბი თავისებურად კარგი იყო... "დინამოში" ძალიან კარგი იყო, "ანჟიშიც", სხვა გუნდებშიც, მაგრამ, ალბათ, ყველაზე კარგი სიტუაცია მაინც "ვოლგაში" იყო... სადაც ბევრი ქართველი ვიყავით ერთად, ყველგან კარგად ვგრძნობდი თავს. უკვე არა მხოლოდ მეგობრები, ოჯახის წევრები, ერთმანეთის ნათესავები ვართ...

- "ანჟის" ყოფილმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ მითხრა, ქართველები კარგად კი თამაშობდნენ, მაგრამ რვანი ერთად რომ დაიწყებდნენ ქართულად ლაპარაკს, დაღესტნელი გულშემატკივარი ძალიან ღიზიანდებოდაო... მართლა გთხოვდათ, რუსულად ილაპარაკეთო?
- რვა კი არა, ორი ქართველი რომ მოხვდება ერთად რუსეთში, ისინი ლაპარაკობენ ქართულად და მით უმეტეს - ამდენი ვიყავით... ომარი ხან გვტუქსავდა, ხან გვთხოვდა, სირცხვილია, რას იფიქრებენო, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსას ვაგრძელებდით...

- ეთანხმები ყოფილ მწვრთნელს, რომ ქართველი ფეხბურთელების უმეტესობა მცირედით კმაყოფილდება, მოტივაცია აკლიათ, "ხასიათის მოთამაშეები" არიან?
- ქართველებს მართლაც გვჭირს ეს "სენი" - თუკი რამეს მიაღწია, იმის ნაცვლად, რომ კიდევ უფრო წინ წასულიყო, ქართველების უმეტესობამ რეგრესი განიცადა... თუმცა, ჩემი აზრით, ეს მაინც ინდივიდუალურია და ყველას არ ეხება.

- წინათ პირიქით იყო, ბოლო წლებში კი, რუსეთ-უკრაინის გარდა, ქართველი ფეხბურთელები სხვაგან იშვიათად აინტერესებთ...  აღარ არიან საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები?
- ყოველთვის იყვნენ და ახლაც არიან, მაგრამ ევროპულ კლუბში სათანადოდ მომზადებული უნდა წახვიდე, საქართველოს ჩემპიონატში ევროპული კლუბებისთვის მომზადება კი ძალიან ძნელია. პოსტსაბჭოთა ქვეყნების კლუბებში მოხვედრა შედარებით ადვილია, რუსეთსა და უკრაინაში თამაშის შემდეგ კი აქაურ ჩემპიონატს ისე ეჩვევი, თუ სერიოზული ევროპული კლუბი არ დაინტერესდა, საშუალო დონის კლუბისთვის ამ ყველაფრის მიტოვება და წასვლა უკვე გიჭირს.

- მართალია, რომ თბილისის "დინამოში" მაღალი ხელფასები და დაბალი მოტივაცია იყო?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ვის რამდენი ჰქონდა ხელფასი და საერთოდაც, რა თანხა მიიჩნევა საქართველოში მაღალ ანაზღაურებად. დანარჩენი კლუბის მფლობელის გადასაწყვეტი იყო და მან ასე გადაწყვიტა. მისი გადასახედიდან, ალბათ, მართალიც არის - ახალმა შემადგენლობამ სამიდან სამი მატჩი მოიგო, სავარაუდოდ, ევროთასზეც ისევე ითამაშებს, როგორც ჩვენ ვითამაშეთ და თუ ასეა, რატომ უნდა გადაეხადა ამდენი ფული ტყუილად?! ახლა უფრო მეტ ახალგაზრდა ფეხბურთელს ეძლევა თამაშის შესაძლებლობა. თუმცა, მხოლოდ ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი, ჩემი აზრით, შედეგს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ თუ მიაღწევს.

- "აქტობესთან" 0:4 რაღას დავაბრალოთ? თუ დავიჯეროთ, რომ ყაზახეთისა და საქართველოს ჩემპიონებს შორის კლასში ამხელა სხვაობაა?
- ყაზახებისთვის მთავარი იყო, პირველ მატჩში გოლი არ გაეშვათ და ეს მოახერხეს კიდეც. სტუმრად კი 0:1 წავაგებდით თუ 0:5, მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. გოლი რომ გავუშვით, მთელი გუნდი შეტევაში წავედით... ისე კი, დამიჯერეთ - "აქტობეს" "დინამოს" ამ შემადგენლობაზე უფრო გამოცდილი ფეხბურთელებიც ჰყავს და პირობებიც უკეთესი აქვს!

- ბოლოს, ნაკრებზეც ვთქვათ - კლუბებში ყოველთვის შედეგიანი ხარ,  ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 22 მატჩში კი მხოლოდ ორჯერ გაიტანე... ეს რის ბრალია?
- მაგ 22 მატჩიდან ჩემს პოზიციაზე მხოლოდ 4-5 შეხვედრა თუ მექნება ჩატარებული - უმეტესად კი ფლანგებზე მათამაშებდნენ, რაც მართლა არ არის ჩემი საქმე... რამდენჯერმე თემურ ქეცბაიამაც დამიძახა ნაკრებში, არაბებთან ამხანაგური მატჩი ტრავმის გამო გამოვტოვე, ირლანდიასთან კი, როგორც ჩანს, არ დავჭირდი... თუმცა, ნაწყენი ნამდვილად არა ვარ - მწვრთნელის გადასაწყვეტია, როდის ვის გამოიძახებს...

- კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს, შეცვლიდი რამეს?

- არაფერს! ისევე გავაგრძელებდი, როგორც აქამდე ვიცხოვრე.
კახა
11 სექტემბერი 2014 13:57
გელაშვილი დიდად არ მიყვარს, მაგრამ ბოლო თამაშში ცუდი ნამდვილად არ იყო...საკმაოდ ბევრი იმოძრავა...მაღალ ბურთზეც იბრძოდა და სწორედ ასეთ ბრძოლაში მოპოვებული ბურთი გადასცა ოქრიაშვილს, რომელმაც ფანტასტიკური გოლი გაიტანა...ისე მარცვალა ნაღდად ჯობია...
anti-qecbaia
09 სექტემბერი 2014 19:10
გელაშვილს ნამდვილად ჯობია
მაიკო
09 სექტემბერი 2014 01:09
საუცხოო ადამიანია და ძალიამ კარგი პროფესიონალი
ოთარი, წარმატებები მინდა ვუსურვო.

რედაქტორის რჩევით