"მირჩევნია, არ ვითამაშო, ვიდრე სიცოცხლე გავრისკო!" - კვირის პალიტრა

"მირჩევნია, არ ვითამაშო, ვიდრე სიცოცხლე გავრისკო!"

"ირლანდია არ არის ისეთი გუნდი, საქართველოს ნაკრებმა მასთან "მეორე ნომრად" რომ ითამაშოს!"

"მე არავის ცხოვრებაში არ ვერევი და უკეთესი იქნება, სხვებმაც თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ, სხვებზე კი ნაკლები ილაპარაკონ..."

წესითა და რიგით, დავით თარგამაძე ახლა მარიუპოლში უნდა იყოს და "ილიჩევეცის" შემადგენლობაში ვარჯიშობდეს, თუმცა, სანაკრებო მატჩის შემდეგ, "თაგვი" (თარგამაძის მეტსახელია. - ავტ.) თბილისში დარჩა. არადა, უკრაინული კლუბის თავკაცმა ნიკოლაი პავლოვმა პირდაპირ უთხრა "სპორტ-ექსპრესს" - თუ თარგამაძე უახლოეს დღეებში არ შეუერთდება "ილიჩევეცს", კლუბიდან გავუშვებთო! დავით თარგამაძე კი ამბობს, რომ უკრაინაში გამგზავრებას არ აპირებს - იქ ომია და თუ კლუბი ადგილსამყოფელს არ შეიცვლის, კონტრაქტიც რომ გამიწყვიტონ, მაინც ვერ შევუერთდებიო!

- ყველამ იცის, რომ იქ ომია, მარიუპოლი კი ერთ-ერთი ცხელი წერტილია. ამავე მიზეზით, ჩემ გარდა, მარიუპოლში კიდევ 6 ფეხბურთელი არ ჩავიდა და ინტერვიუში ეს პავლოვმაც თქვა. ამ სიტუაციაში იქ ნამდვილად არ წავალ, რადგან ფეხბურთზე მეტად საკუთარი უსაფრთხოება მაინტერესებს. ნიკოლაი პავლოვსაც ველაპარაკე - ჩემს კლუბს დიდ პატივს ვცემ, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ თუ ადგილი არ შეიცვალეთ, ვერ ჩამოვალ-მეთქი! თანაგუნდელებსაც ვესაუბრე - ვინც სხვა რეგიონებიდან არის, მარიუპოლში არავინ ჩასულა. ვის აქვს ორი თავი?! ალალბედზე კი ნამდვილად ვერ წავალ...

- "ილიჩევეცის" მწვრთნელმა რა გიპასუხა?

- თავისას არ იშლის - უნდა ჩამოხვიდეო. თუმცა, პავლოვს კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ ასეთ სიტუაციაში უკრაინაში ვერ ჩავალ! არავინ იცის, როდის განახლდება საბრძოლო მოქმედებები, ან შემიშვებენ თუ არა ქალაქში და რა იქნება. გარისკვა კი არ მსურს...

- ანუ, იქ ჩასვლას,  გირჩევნია ზამთრამდე არ ითამაშო?

- რა თქმა უნდა! მირჩევნია, სულ არ ვითამაშო, ვიდრე სიცოცხლე გავრისკო! სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კარიერა!

- გუნდში დაგვიანებით ჩასვლის გამო, პავლოვმა შარშანაც ხომ დაგსაჯა? დუბლშემადგენლობაში ამის გამო არ გადაგიყვანეს?

- ალბათ, ეს დასჯის ერთგვარი ფორმა იყო. თუმცა, ძირითად გუნდში მალევე დამაბრუნეს.

- გვეგონა, რომ უკრაინის ჩემპიონატს უკეთეს ლიგაში გადასასვლელ ერთგვარ ტრამპლინად გამოიყენებდი, მაგრამ... ისე გამოვიდა, რომ ოთხი წელია, უკრაინას ვერ გასცდი!

- ბევრი ვარიანტი მქონდა, მაგრამ ხან გუნდმა არ გამიშვა, ხან სხვა პრობლემა შეიქმნა...

- არ ფიქრობ, რომ შენც დააკელი რამე?

- ალბათ, ჩემი ბრალიც არის... არადა, შემოთავაზებები ჰოლანდიური და რუსული კლუბებიდან მქონდა. სამწუხაროდ, შეთანხმება არ მოხერხდა...

- როცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს ხედავენ, ბევრი ფიქრობს, რომ ფეხბურთზე მეტ ყურადღებას გართობას უთმობ. პავლოვმაც ხომ ეს თქვა?! ქართველი ქომაგებიდანაც ბევრს მიაჩნია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ეს ყველაფერი ხელს უშლის ფეხბურთზე კონცენტრირებაში... რას იტყვი?

- ყველას თავისი ცხოვრება აქვს და საკუთარ გზაზე გაუმარჯოს! მე არავის ცხოვრებაში არ ვერევი და უკეთესი იქნება, სხვებმაც თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ, სხვებზე კი ნაკლები ილაპარაკონ... საფეხბურთო სეზონისას, როცა თამაშები გვაქვს, ნამდვილად არსად დავდივარ, შვებულების დროს კი ყველა ფეხბურთელი დადის გასართობად. დასვენების პერიოდი სწორედ იმისთვის არსებობს, სადაც გინდა, იქ წახვიდე!

- ნაკრებზეც ვთქვათ: ირლანდიასთან წაგება რისი ბრალი იყო?

- ალბათ, ჩვენივე შეცდომების... რაღაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც საჭირო იყო. ფსიქოლოგიურადაც ძალიან ძნელია, გოლს 87-ე წუთზე რომ გაუშვებ და ამდენი შრომა წყალში ჩაგეყრება. მგონი, მოვიდა დრო, ირლანდიასთან "პირველ ნომრად" ვითამაშოთ - გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეტევა შეუძლიათ, გვაქვს პოტენციალი, მხოლოდ ფრეზე კი არა, მოგებაზეც ვიფიქროთ. მით უმეტეს, ირლანდია არ არის ისეთი გუნდი, საქართველოს ნაკრებმა მასთან "მეორე ნომრად" რომ ითამაშოს! თუმცა, ფაქტია, კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა შეტევაში უფრო დამაჯერებლად ვითამაშოთ.

- ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ აღიარა - თავდაჯერება გვაკლია, რაღაცნაირად შებოჭილები ვთამაშობთო... მართალია?

- სამწუხაროდ, მართალია, მოედანზე მართლაც შებოჭილი ვართ...

- და რატომ ხართ შებოჭილი? ირლანდია ნამდვილად არ არის იმ დონის გუნდი, შიშით ეთამაშო... თანაც, თანამედროვე ფეხბურთში შიში უცხო ხილია - ალბანეთმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო, ისლანდიამ 3:0 დაამარცხა თურქეთი და ა.შ.

- კომპლექსს ვერ დავარქმევ, მაგრამ, ალბათ, კიდევ გვჭირდება დრო, ნაკრებშიც ისევე თავდაჯერებულად რომ ვითამაშოთ, როგორც კლუბებში.

- რატომ ხდება ამდენი კონფლიქტი ნაკრების მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის? ეს მხოლოდ თემურ ქეცბაიას ემოციური ხასიათის ბრალია?

- ქეცბაია ემოციური ნამდვილად არის. დიდი პასუხისმგებლობაა, შენი ქვეყნის მთავარი გუნდი რომ გაბარია. თუმცა, მწვრთნელს ყველა ფეხბურთელთან ინდივიდუალური ურთიერთობა აქვს და ვერ იტყვი, რომ საქართველოს ნაკრებს პრობლემები ამიტომ აქვს.

- თავდაჯერებაზე ვლაპარაკობდით - როცა ნაკრების ფეხბურთელს გუნდის მთავარი მწვრთნელისგან ყოველ წუთს ესმის, ფეხბურთელები არა მყავს და რა გავაკეთოო, რომელ თავდაჯერებასა და მოტივაციაზეა ლაპარაკი?

- ვინც უნდა იყოს, ასეთი ნათქვამი გულზე მოხვდება... თუმცა, რა გაეწყობა - ქეცბაია ნაკრების მთავარი მწვრთნელია და ასე ფიქრობს... თუმცა, არა მგონია, მხოლოდ ეს იყოს დღეს ნაკრების მთავარი პრობლემა!