"ჭიდაობის ფედერაციაში ხელფასსაც კი არ ვიღებ!"
22-09-2014
"ჭიდაობის ფედერაციაში ხელფასსაც კი არ ვიღებ!"
"ძველები დავტოვო და მათ არ მივცე დაწინაურების შესაძლებლობა, ვინც შედეგები გააორმაგა?"

"თავისუფლებს" გიორგი გოგშელიძე გაწვრთნის


საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა ძალიან ცუდად იასპარეზეს ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. 16 შესაძლებლობიდან მხოლოდ ერთი მედალი ავიღეთ - ვერცხლი "თავისუფალთა" ლიდერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57კგ) მოიგო, "ბერძენ-რომაელები" კი უმედლოდ დარჩნენ! წლევანდელი სეზონი ორივე ნაკრებმა ჩააგდო (ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე მხოლოდ 4 (!) მედალი მოვიპოვეთ. - ავტ.) და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძის გადაწყვეტილება
ორივე ნაკრების მწვრთნელების გათავისუფლების შესახებ ლოგიკური ჩანს. თუმცა, მისი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ რევაზ მინდორაშვილსა და ბეგი დარჩიასთან ერთად, თანამდებობა ფედერაციის პრეზიდენტმაც უნდა დატოვოს. ამ მოთხოვნით ლუკა კურტანიძეს კაბინეტის კარიც კი აუჭედეს, ოღონდ, ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელი არსად წასვლას არ აპირებს - ჩემი მოვალეობა პირნათლად შევასრულე, ნაკრებებს
იდეალური პირობები ჰქონდათო. მინდორაშვილის და დარჩიას შემცვლელებს ლუკა კურტანიძე ორშაბათს დაასახელებს. თუმცა, "კვირის პალიტრას" უკვე გაუმხილა, რომ "თავისუფლების" თავკაცად გიორგი გოგშელიძის დანიშვნა გადაწყვეტილია.


- რას იტყვის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, რის ბრალია მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთი გამოსვლა?
- აქამდე არ მინდოდა ტაქტიკურ შეცდომებსა და "შიდა სამზარეულოზე" ლაპარაკი, თუმცა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მწვრთნელები ჩემი პრინციპის კი არა, ბოლო ორი წლის შედეგების გამო გავათავისუფლე. წლევანდელის მსგავსად, შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზეც მხოლოდ ერთი მედალი ავიღეთ, მაგრამ მწვრთნელებს მაინც მივეცით შედეგის გამოსწორების შანსი. თუმცა, მაქსიმალური ხელშეწყობის მიუხედავად (მოჭიდავეების ხელფასებსა და პრემიებს თუ არ ჩავთვლით, სახელმწიფომ მათთვის 1,6 მილიონ ლარზე მეტი გაიღო, გაიარეს ორმოცდაათზე მეტი შეკრება და ა.შ.), 16 შესაძლებლიდან წელსაც მხოლოდ ერთი მედალი მოვიგეთ. არადა, ბატონ რევაზ მინდორაშვილს დროულად რომ მოეხდინა რეაგირება იმ გაუგებრობაზე, რაც ხინჩეგაშვილს ფინალში შეემთხვა, ვერცხლის მედალოსნის ნაცვლად მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლებოდა!

- რევაზ მინდორაშვილის ბრალია, ხინჩეგაშვილმა ფინალში რომ წააგო?!
- სწორედ მისი არაკვალიფიციურობის ბრალია. სამწუხაროდ, რევაზ მინდორაშვილი სუსტი ხელმძღვანელი აღმოჩნდა... მან და დარჩიამ ვერ გამოიყენეს ორწლიანი შანსი. არადა, გაისად სალიცენზიო ტურნირებია, 2016 წელს კი - ოლიმპიადა და გამოსავალს მხოლოდ სასწრაფო ცვლილებებში ვხედავ. საქართველოს შვიდი ნაკრებიდან ხუთმა წარმატებით დაასრულა წელი, შარშანდელთან შედარებით ჭაბუკთა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა თითქმის გააორმაგეს მედლების რაოდენობა, მაგრამ პრიორიტეტული ხომ ეროვნული ნაკრებების გამოსვლაა? იქ კი შეკრებების დროსაც უამრავ შეცდომას, ხარვეზს ვხედავდი. ვგრძნობდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე წელსაც კატასტროფული შედეგი გვექნებოდა. ამის მიუხედავად, სადაც მოითხოვეს შეკრებები და ტურნირები, ყველგან გავუშვით. საუკეთესო პირობებში ემზადებოდნენ, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. ორ ნაკრებზე 1 612 000 ლარი დაიხარჯა, შედეგი კი - ნულია! და ამ მწვრთნელებს კიდევ პრეტენზია უნდა ჰქონდეთ?! ძველები დავტოვო და მათ არ მივცე დაწინაურების შესაძლებლობა, ვინც შედეგები გააორმაგა? მე არა მხოლოდ სპორტსმენთა, არამედ მწვრთნელთა შორისაც შევქმენი კონკურენციის პირობები!

- თქვენი ოპონენტები კი ამბობენ, რომ სწორედ ლუკა კურტანიძე უნდა გადადგეს, რადგან ცუდი მმართველია და სპორტსმენებთან ურთიერთობა არ იცისო...
- როცა ფედერაციაში მოვედი, ჭიდაობის ფედერაციის ბიუჯეტში მხოლოდ 2 ათასი ლარი იყო, დღეს კი 400 ათას ლარზე მეტია, რაც სწორი მენეჯმენტის, მოზიდული თანხების შენარჩუნებისა და მიზნობრივად ხარჯვის შედეგია! ვისაც დანახვა უნდა, ადვილად დაინახავს, რა გაკეთდა!

- დარჩიაც და მინდორაშვილიც თქვენი პრეზიდენტობის დროს არ დაინიშნენ? ესე იგი,  მაშინ მათი დანიშვნა შეცდომა იყო?!
- მინდორაშვილმა ვერ გამოავლინა საკვანძო გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რაც ხშირად აუცილებელი იყო. სულ ოცდაათზე მეტი ადამიანი შევცვალე და მათგან მხოლოდ ორმა ვერ ივარგა...

- მაგრამ ის ორი ხომ ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები არიან?!
- ბეგი დარჩიას შემთხვევაში სხვა ვარიანტი არც ყოფილა - თავად მოჭიდავეთა მოთხოვნა იყო, მწვრთნელს, რომელიც უკვე 21 წელია, ნაკრებში მუშაობს, კიდევ ერთი წლით მისცემოდა შანსი. თხოვნა გავითვალისწინე და დავთანხმდი. ყველას იმაზე მეტი გავუკეთე, რასაც იმსახურებდნენ...

- სტიმულირების ნაცვლად, პრემირებამ უკუშედეგი ხომ არ მოიტანა? ისე დაემთხვა, რომ შედეგები სწორედ ამის შემდეგ გაუარესდა...
- სამწუხაროდ, ეროვნულ ნაკრებებში მართლაც უარესი შედეგები გვაქვს, ახალგაზრდებში კი ნამდვილად გაუმჯობესდა მდგომარეობა. ჩინებული თაობა მოდის და 2016 წლის ოლიმპიადისთვის სწორედ მათი იმედი გვაქვს.

- ფიქრობთ, რომ მხოლოდ მწვრთნელები არიან დამნაშავე? წლებია, ისინი ნაკრებში არიან, კატასტროფული შედეგი კი მხოლოდ წელს გვაქვს...
- მოჭიდავეები საქართველოს, ბელორუსის, სომხეთის საუკეთესო ბაზებში ემზადებოდნენ, წარმატებულებს აქვთ შთამბეჭდავი ხელფასი და პრემია, რომელიც ათიათასობით ლარს აღემატება, მაგრამ ახალგაზრდა მოჭიდავეებში მეტ მოტივაციას და რაც მთავარია - დისციპლინას ვხედავ, ეროვნულ ნაკრებში კი... რამდენჯერმე ჩავედი შეკრებაზე და იმ დროს, როცა თბილისიდან ჩასული დილის რვა საათზე უკვე მოწყობაზე ვიყავი, სპორტსმენების ნახევარი და მთავარი მწვრთნელი ადგილზე არ იყვნენ!

- თუ ასეთი მდგომარეობა იყო, რატომ აქამდე არ ჩაერია ფედერაცია?!
- ბევრჯერ მივეცი შენიშვნა, მოვთხოვე, ვთხოვე... ასაკობრივ ნაკრებებში, სადაც დისციპლინაა, შედეგსაც ვხედავთ, უფროსებში კი... ყველანაირი ხელშეწყობის მიუხედავად, შედეგი იგივეა. მწვრთნელების გათავისუფლების გარდა, სხვა გზა არ დამიტოვეს...

- ბორჯომი და ბაკურიანი კარგია, მაგრამ "ფალავანთა კლუბს" როდის უნდა დაადგეს საშველი?!
- "ფალავანთა კლუბი" 1960-იან წლებში აშენდა და მას მერე ფედერაციის არც ერთ პრეზიდენტს არ მიუქცევია ყურადღება. კორპუსი ავარიულია, კლუბის ნახევარსაუკუნოვანი არქივი ნაგვად იყო ქცეული. გაოხრებული არქივიდან მცირედი ძლივს გადავარჩინეთ, არქივის ოთახიდან ნაგვით დატვირთული შვიდი ტვირთმზიდი გავიტანეთ... ჩემი დანიშვნის შემდეგ "ფალავანთა კლუბში" ელემენტარული პირობები შექმნილია. ამავდროულად, მასშტაბურ პროექტზეც ვმუშაობთ, 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ დიღომში აშენებული საჭიდაო კომპლექსიც ჩვენ გადმოგვეცემა.

- ფედერაციის პრეზიდენტიც ხომ უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას ეროვნული გუნდების კატასტროფული გამოსვლის შემდეგ?
- ჩემი მოვალეობაა, ყველანაირი პირობა შევუქმნა მოჭიდავეებს და მწვრთნელებს. ეს პირნათლად შევასრულე და სწორედ ეს არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა! ყველა შეჯიბრების თუ შეკრების დროს ფედერაციამ იმაზე მეტი გააკეთა, რაც ეკუთვნოდათ. მწვრთნელობა კი ნამდვილად არ არის ჩემი ფუნქცია!

- თუმცა, თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ვარჯიშის პროცესში ერეოდით...
- ვარჯიშის პროცესში ვერ ჩავერეოდი, რადგან შეკრების ადგილებზე მხოლოდ რამდენიმე საათით ჩავდიოდი. თუ "ჩარევას" იმას უწოდებენ, მეტ დისციპლინას, წესრიგს, მობილიზებას რომ ვითხოვდი?! გუნდში წესრიგი თუ არ არის, შედეგი როგორ იქნება?! ჭიდაობა ჩამაბარეს და ვალდებულიც ვარ, წესრიგი და დისციპლინა მოვითხოვო!

- მაგრამ სამსახურში მისულ ფედერაციის პრეზიდენტს კაბინეტის კარი აჭედილი რომ ხვდება, არ ნიშნავს, რომ პასუხს მასაც სთხოვენ?!
- ეს განაწყენებული ხალხის საქციელი იყო... მაგრამ მე რა ვუშველო სპორტსმენს, რომელიც ყველანაირი პირობის მიუხედავად, სამ წელიწადზე მეტია, წარმატებას ვერ აღწევს, საქართველოს ჩემპიონატშიც კი ვერ გაიმარჯვა და იმის ნაცვლად, რომ სამშობლო ასახელოს, ასე უღირსად იქცევა?! კარის აჭედვამ კი არა, თავის დროზე, მე და ჩემი თანამებრძოლები სახელმწიფო მანქანამაც კი ვერ შეგვაშინა - მართლები ვიყავით და გავიმარჯვეთ! მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ჭიდაობის ფედერაციაში არანაირი ფინანსური დაინტერესება არ მაქვს - ხელფასსაც კი არ ვიღებ!

- ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ანაზღაურებას არ იღებს?!
- პრეზიდიუმმა მოითხოვა, ხელფასი მქონოდა, მაგრამ უარი ვთქვი! ასე რომ, მწარედ ცდება, ვინც ფიქრობს, რომ ფედერაციაში ფულის საშოვნელად ვარ... კარის აჭედვისას კი ჩემს ოთახთან იმ ხალხმა მოიყარა თავი, 2012 წლის არჩევნებისას საწინააღმდეგო ბანაკში რომ იყვნენ. აიყოლიეს ის სპორტსმენებიც, რომლებიც სეირის ყურების ნაცვლად, წესით, უნდა ვარჯიშობდნენ. თუმცა, სეირის ყურებას ვერავის დავუშლით...

- თქვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი საჭიდაო სამყაროს გაერთიანება იყო. თუმცა, ბოლო მოვლენებმაც აჩვენა, რომ ეს ვერ შეძელით...
- ნათქვამია - ცხენს ვერაფერი დააკლეს და უნაგირს დაუწყეს მტვრევაო... რა ველაპარაკო ხალხს, ვინც საჭიდაო ხალიჩაზე ვერ აღწევს შედეგს და კარის აჭედვით იქცევს თავს?! როცა მორიგი არჩევნები იქნება, ვინც სურთ, ის აირჩიონ, ჯერჯერობით კი მე მაკისრია პასუხისმგებლობა. მათ, ვინც ვერც სპორტში აღწევენ წარმატებას და არც პასუხისმგებლობა აწუხებთ არაფერს დავუთმობ!

- გათავისუფლების შესახებ მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე გაიგეს, თუ მანამდე უთხარით?
- ბატონ მინდორაშვილს წინადღეს ვუთხარი: ორი წელია, ნაკრები წარმატებას ვერ აღწევს და განახლება აუცილებელია. მოიფიქრე, თუ გაქვს სურვილი, ნაკრების მეორე მწვრთნელად იმუშავე და დაეხმარე ახალ მწვრთნელს, რომელიც შეცდომებს გამოასწორებს-მეთქი. ისიც გავაგებინე, რომ გადაწყვეტილებას მეორე დღეს პრესკონფერენციაზე ვიტყოდი.

- მაშინ რატომ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება თქვენსა და ყოფილ მწვრთნელს შორის?!

- ყველა, ვინც უსამართლოდ იქცევა, საკადრის პასუხს მიიღებს! პასუხისმგებლობას არასდროს გავქცევივარ, არსად წავსულვარ და ჩემს სამშობლოსთან ერთად ვიბრძოდი, მასთან ერთად მშიოდა და მტკიოდა! ყველამ იცოდეს - რევაზ მინდორაშვილიც, გიორგი გოგშელიძეც, დავით ბედინაძეც და ყველა ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ამდენი წელი გამოვიარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის პასუხისმგებლობა, რაც მაკისრია! ჩემი თხოვნაა, მენდოს საზოგადოება, რომელიც არასდროს მიმიტოვებია, ჩემი ქვეყანა, რომლისთვის სიცოცხლე არ დამნანებია... წლების განმავლობაში მე და გიორგი გოგშელიძე დაუნდობელი მოწინააღმდეგეები ვიყავით, მაგრამ ვხედავ, რომ გიორგი უდიდესი პოტენციალის მქონე მწვრთნელია და მინდა, მთელი საქართველო ენდოს!

- ანუ, უკვე გადაწყვეტილია, რომ "თავისუფლებს" გიორგი გოგშელიძე გაწვრთნის?
- გიორგის და მის გუნდს ბოლომდე ვენდობი. მჯერა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე დიდი დელეგაცია მოჭიდავეებს გვეყოლება და ყველა სინჯის მედალს მოვიგებთ! რაც შეეხება "ბერძენ-რომაელთა" თავკაცს, გადაწყვეტილებას მივიღებ და ორშაბათს გამოვაცხადებ ბატონ რომან რურუასთან, მიხეილ სალაძესა და იმ ხალხთან კონსულტაციის შემდეგ, ვინც ათწლეულების განმავლობაში ქმნიდა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ისტორიას...
Tamaz
03 ოქტომბერი 2014 14:35
კურტანიძისდანიშნული მიშა სალაძე ასევე არბევდა მშვიდობიან მომიტიგეებს 90-იან წლებში, იგი გახლდათ ზონდერ-ბრიგადების ხელმძღვანელი.
kakha
01 ოქტომბერი 2014 10:49
ლუკა ვაჟკაცი კაცი ხარ და თან მაგ საქმესში ჩახედული ! მოსათხოვი მაშინ გექნება პასუხი და საგინებელი გახდები , თუ სააკიანის შნირებს დაუტოვებ ქართულ ჭიდაობას ! ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს ! შენი იმედინ გვაქვს !არ დაუთმო ერთი მისხალიც კი მაგ უვარგისებს!
უშანგი
30 სექტემბერი 2014 10:49
ლუკა, არსად წახვიდე. თუ მაინც წახვალ მტერს გაახარებ და მოყვარეს, რომელიც მთელი საქართველოა, გულს ატკენ. ღმერთმა გვიმრავლოს შენისთანა ვაჟკაცები!

რედაქტორის რჩევით