ჭიდაობა წესების გარეშე?! - კვირის პალიტრა

ჭიდაობა წესების გარეშე?!

ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის სათავეში საჭიდაო სამყაროს გასაერთიანებლად მივიდა, თუმცა... ერთიანობისა რა გითხრათ, მაგრამ კურტანიძის გაპრეზიდენტებიდან მეორე წლისთავზე ქართულ საჭიდაო სამყაროში ლაყე კვერცხის სუნი ნამდვილად დგას! სხვათა შორის, ფედერაციის პრეზიდენტს კვერცხები სწორედ მოჭიდავეებმა დაუშინეს, მანამდე კი კაბინეტის კარიც აუჭედეს... პროტესტი ლუკა კურტანიძის მიერ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების თავკაცების გადაყენებამ გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 16 შესაძლებლობიდან ჩვენმა მოჭიდავეებმა ერთადერთი მედალი მოიპოვეს, რასაც რევაზ მინდორაშვილისა და ბეგი დარჩიას გათავისუფლება მოჰყვა. გაწევ-გამოწევა, კარის აჭედვა და კვერცხების წვიმაც სწორედ ამ ამბის გაგრძელებაა.

ლუკა კურტანიძე ამბობს, რომ ფედერაციამ ვალდებულება პირნათლად შეასრულა და ნაკრების გუნდებს ყველანაირი პირობა შეუქმნა, მოწინააღმდეგე მხარე კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს - ფედერაციის უზურპატორ პრეზიდენტს ფინანსური დარღვევები აქვს, სპორტსმენებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს, მწვრთნელების საქმიანობაში ერეოდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი სწორედაც რომ მისი ბრალია, თანამდებობა თავად უნდა დატოვოსო! საბოლოოდ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმმა გადაწყვიტა - 24 ნოემბრამდე მწვრთნელებიცა და პრეზიდენტიც თანამდებობებზე დარჩებიან, ამასობაში კი სამეთვალყურეო საბჭო ყველა საჭირბოროტო საკითხს შეისწავლის და განსახილველად პრეზიდიუმს წარუდგენს.

სავარაუდოდ, 24 ნოემბრამდე ყველაფერი ძველებურად დარჩება. მანამდე კი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის და ოლიმპიური პრიზიორის - რამაზ ნოზაძისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის კომენტარებს გთავაზობთ.

რამაზ ნოზაძე: - რატომ უნდა გადადგეს ლუკა კურტანიძე? იმიტომ, რომ ფედერაციაში წესრიგი ვერ დაამყარა, კონფლიქტები ვერ მოაგვარა, ვარჯიშების გეგმებს ცვლიდა. გარდა ამისა, ძალიან ბინძურად ერეოდა მწვრთნელების საქმეში...

- მწვრთნელების საქმეში ჩარევაში რას გულისხმობთ?

- როცა საწვრთნელი პროცესის დროს სხვა ერევა მწვრთნელის საქმეში, ვარჯიშებსა და ტურნირების კალენდარს ცვლის, სპორტსმენი იოლად კარგავს ფორმას და ეს შედეგზეც აისახება. როცა მწვრთნელი ნაკრებს დააკომპლექტებს და შემადგენლობას გამოაცხადებს, ფედერაციის პრეზიდენტი კი ამის შემდეგ ამბობს, საკონტროლო შეხვედრებით გავარკვიოთ, ვინ იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლასო, ეს მწვრთნელისთვის `თავზე გადახტომაა", სპორტსმენისთვის კი - ფსიქოლოგიური ტრავმა!

- მწვრთნელებმა რატომ არ გააპროტესტეს ეს ამბავი?

- გააპროტესტეს, მაგრამ კურტანიძე დიქტატორულად უდგებოდა საქმეს. ფიქრობდა, რომ ფედერაცია მისია და როგორც თავად გადაწყვეტდა, ყველაფერი ისე იქნებოდა. არადა, ისიც ვერ გაუგია, რა მოვალეობა აქვს ფედერაციის პრეზიდენტს, რა მწვრთნელებს და რა - მოჭიდავეებს! ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა - ჯერ ფედერაციის პრეზიდენტი იყო, მერე მწვრთნელობა დაიწყო და ბოლოს, ტატამსაც დაუბრუნდა. ადეკვატურია, როცა კაცს ვერ გაუგია, პრეზიდენტია, მწვრთნელი თუ სპორტსმენი?

- ფაქტია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ორივე ნაკრებმა ჩააგდო, ფედერაციის პრეზიდენტს კი ჰქონდა მწვრთნელების გათავისუფლების უფლება და გაათავისუფლა კიდეც.

- ნაკრებებმა იმიტომ ჩააგდეს მსოფლიო ჩემპიონატი, რომ ფედერაციის პრეზიდენტი უხეშად ერეოდა საწვრთნელ პროცესში. როცა არ იცი, როგორ კონდიციაშია, რა უჭირს და რა ულხინს სპორტსმენს, რა უფლებით უცვლი ვარჯიშებს? ხელი რომ არ შეეშალა და შედეგი არ ჰქონოდათ, კურტანიძეს მაშინ მართლაც ექნებოდა პასუხის მოთხოვნის უფლება.

- მოჭიდავეებმა ფინანსური დარღვევებიც ახსენეს...

- ამაზე ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, რადგან პრეზიდიუმის წევრები არა ვართ არც მე, არც მანუჩარ კვირკველია! ჩვენი ტიტულები ნამდვილად გვაძლევს უფლებას, კარიერის დასრულებისთანავე, ავტომატურად გავხდეთ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრები! მაგრამ ლუკა კურტანიძეს ეს იმიტომ არ სურს, რომ იცის, ყველანაირად გავაკონტროლებთ! ბალავაძისა და კარტოზიას ტურნირები გააუქმა, მათ ნაცვლად რაღაც ორი თასი დააარსა და მოჭიდავეებს მხოლოდ ექვსთვიანი ხელფასები დაუტოვა. 150 ლარი სპორტსმენს გზის ფულადაც არ ეყოფა! ანდა, რომ ამბობს, ჭიდაობის ფედერაციის ანგარიშზე 400 ათას ლარზე მეტი მაქვსო, ეს მას კი არ უშოვია, ფილა-ს მიერ გადმორიცხული თანხაა! მოეკლო ამ თანხისთვის 1-2 ათასი ლარი და `ფალავანთა კლუბში" დამატებითი საშხაპე მაინც გაეკეთებინა, 200 მოჭიდავისთვის მხოლოდ ერთი საშხაპე რომ მუშაობს!

- მოჭიდავეებმა მაშინ რატომ არ ამოიღეს ხმა, როცა ლუკა კურტანიძეს არ უშვებდნენ `ფალავანთა კლუბში"?!

- ალბათ, რასაც დღეს აკეთებს, მაშინაც იმას აკეთებდა! შესაძლოა, დიდი სპორტსმენი იყო, მაგრამ, ალბათ, ასეთივე `გამოხდომები" ჰქონდა და ვერავინ იტანდა! ფედერაციის სათავეში მოსვლისთანავე, წესდებაში შეიტანა ცვლილება, რაც მწვრთნელების ერთპიროვნულად გათავისუფლების უფლებას აძლევდა!

- ლუკა კურტანიძე ტიტულოვანი სპორტსმენი და ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტია. კვერცხის სროლა კი ქართველ კაცს, თანაც, მოჭიდავეს, ნამდვილად არ შეეფერება!

- მე საზღვარგარეთ ვცხოვრობ და იქ ვსაქმიანობ, ათასობით კილომეტრით დაშორებული ქვეყნიდან კი იმიტომ ჩამოვედი, რომ მეგობრებმა მითხრეს, სიტუაცია ისეა დაძაბული, შეიძლება, რომელიმე მოჭიდავემ ვეღარ მოითმინოს და კურტანიძეს თავში რაღაც ჩაარტყასო! მოჭიდავეები სუფთა ხალხია, სიბინძურეს ვერ იტანენ, ლუკა კურტანიძემ კი სიბინძურე შემოიტანა ჭიდაობაში! მე არც ფედერაციის პრეზიდენტობა მსურს, არც მწვრთნელობა. მინდა, სიტუაცია დარეგულირდეს და ისევ დავუბრუნდე საქმეს, რომელსაც საზღვარგარეთ ვაკეთებ. კვერცხის სროლა და კარის აჭედვა კი არა, მოჭიდავეები ისე იყვნენ აღშფოთებული, არ გიკვირთ, ბენზინი რომ არ გადაასხეს? მოჭიდავე ლუკა კურტანიძის შედეგებს პატივს ვცემ, მაგრამ პრეზიდენტად ვერ გაამართლა და დაგვანებოს თავი!

ლერი ხაბელოვი: - გასაკვირია, რომ ორი წლის განმავლობაში ხმა არავის ამოუღია და ახლა დაიწყეს ლაპარაკი ფინანსურ და სხვა სახის დარღვევებზე. პრეზიდიუმმა დაავალა სამეთვალყურეო საბჭოს ამ საკითხების შესწავლა და ვისაც რამე პრეტენზია აქვს, შეუძლია იქ დააფიქსიროს. კვერცხების სროლა და კარის აჭედვა კი სამარცხვინო და მიუღებელი საქციელია! ლუკა კურტანიძის მოწინააღმდეგეები კონკრეტულ პრეტენზიებს ვერ ასახელებენ, მხოლოდ ზედაპირულად ლაპარაკობენ საკითხებზე, რომლებიც ვიღაცისგან გაუგიათ. სპორტსმენის საქმე ვარჯიში და ოსტატობის ამაღლებაა. ფედერაციაში კი მას არაფერი ესაქმება!

- თუმცა, ნაკრების წევრები ამბობენ, რომ სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება, ვარჯიშს არ განაახლებენ...

- თუ არ იციან, რა არის სპორტსმენის საქმე, გვყავს მეორე ნომრებიც, ახალგაზრდა მოჭიდავეებიც და აქცენტს მათზე გავაკეთებთ! როცა სპორტსმენი არ ვარჯიშობს და დისციპლინას არღვევს, შრომითი ხელშეკრულების თანახმად, შეგვიძლია ხელფასი შევუჩეროთ, ან საერთოდ გავუწყვიტოთ კონტრაქტი! პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია, მაგრამ ის საფუძვლიანი უნდა იყოს. ეს პროცესი ხელოვნურად მართულის შთაბეჭდილებას ტოვებს.

- და ვინ მართავს ამ პროცესს?

- ყველანი ვხედავთ, ვინ მონაწილეობს საპროტესტო აქციებში. შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ ლუკა კურტანიძემ 7 ხმის სხვაობით მოიგო არჩევნები. მისი მოწინააღმდეგეები ხომ არსად წასულან? ისევ იქ არიან და ისევ მის საწინააღმდეგო ბანაკში! რაც შეეხება წესდებას, კურტანიძეს ის ნამდვილად არ დაურღვევია - წესდებაში გარკვევით წერია, რომ ფედერაციის პრეზიდენტს ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შეუძლია მთავარი მწვრთნელების მოხსნა-დანიშვნა. მეორე საკითხია, რომ შეიძლებოდა, ეს ყველაფერი უფრო `რბილად", უფრო სხვა ფორმით გაკეთებულიყო. მაგალითად, პრეზიდიუმის წინაშე დაეყენებინა საკითხი და ა.შ. თუმცა, ვიმეორებ, იურიდიულად მას არაფერი დაურღვევია. ასეთი მართალი ლუკა კურტანიძე არასდროს ყოფილა!

- თუმცა, მისი მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ფედერაციის პრეზიდენტი საწვრთნელ პროცესში ერეოდა, კალენდარს ცვლიდა და ა.შ.

- თურმე, ფედერაციის პრეზიდენტი რომელიღაც მოჭიდავეს ილეთის სწორად გაკეთებას რომ ასწავლიდა ან ტაქტიკაზე ელაპარაკებოდა, ეს ყოფილა მწვრთნელების საქმეში ჩარევა! ვარჯიშის დროს დარბაზში მუსიკა ჩაართვევინაო. უცხოეთში ბევრჯერ მინახავს, მუსიკა მთელი ვარჯიშის დროს რომ არის ჩართული და ლუკა კურტანიძემ თუ ერთხელ გააკეთა ეს, დანაშაულად უნდა ჩაუთვალონ? იმპიჩმენტისთვის სერიოზული ბრალდებები უნდა არსებობდეს. ანდა, თუ მწვრთნელების საქმეში ერეოდა, ახალგაზრდულ ნაკრებებშიც ხომ იმავეს გააკეთებდა? მათ რატომ აქვთ ასეთი კარგი შედეგი?