"რისთვის ვისწავლო, თუ მწვრთნელობის ნაცვლად მაქინაციები უნდა ვიცოდე?!" - კვირის პალიტრა

"რისთვის ვისწავლო, თუ მწვრთნელობის ნაცვლად მაქინაციები უნდა ვიცოდე?!"

"სჯობს, გამოუცდელმა, მაგრამ სუფთა გულისა და წარსულის ახალგაზრდა ფეხბურთელმა ითამაშოს, ვიდრე თამაშების ყიდვა-გაყიდვაში ჭიპმოჭრილმა, მაქინაციებში ყელამდე ჩაფლულმა გამოცდილმა "ვეტერანმა"

ჭაობში ჩაძირულმა ქართულმა ფეხბურთმა მორიგი სიმყრალე ამოუშვა ზედაპირზე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა "ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე" რვა ქართველი მსაჯი დააკავეს! ბრალდებაში ნათქვამია, რომ დაკავებული არბიტრები 2 500-დან 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ...

გარიგებული მატჩები, სკანდალები და ხმაურიანი დაკავებები საქართველოს ჩემპიონატისთვის უცხო არ არის, მაგრამ რვა მსაჯის (მათ შორის - ფიფას არბიტრის) დაკავებამ კიდევ ერთხელ დაგვაყენა მწარე სიმართლის პირისპირ - მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში ფეხბურთი ბიზნესად არის გადაქცეული და სწორი მენეჯმენტის წყალობით კლუბები მრავალმილიონიან მოგებას ნახულობენ, ქართული ფეხბურთის "ბიზნესი" აღებმიცემობას ვერ გასცდა - კლუბები სახელმწიფოს უყურებენ ხელებში, მსაჯები და ფეხბურთელები - ტოტალიზატორის მაფიას, მწვრთნელები - მეორე წრეში დასაბრუნებელი "ვალების" დავთარს და ა.შ. გიორგი დევდარიანი ამბობს, რომ ვისაც დანაშაული დაუმტკიცდება, ფეხბურთიდან უნდა მოიკვეთოს, თუნდაც ამისთვის საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ! საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები ელის, მაგრამ ბოლო მოვლენების ფონზე, რა გასაკვირია, ნაკრების თავკაცს სხვა თემებზე უფრო მეტი რომ ველაპარაკეთ...

- ციხისთვისაც არავინ მემეტება, არც ის მგონია, რომ ამ რვა მსაჯის გამოა ქართული ფეხბურთი ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ერთი-ორი წლის წინ არ დაწყებულა?! წლებია, ასე გრძელდება... წინათ მხოლოდ უმაღლესი ლიგის მატჩებზე ჰქონდათ ეჭვი, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამ სენმა დუბლების პირველობაში, პირველ ლიგაში, ჭაბუკთა ლიგაშიც მოიკიდა ფეხი!

- არათუ მოიკიდა, დაბალ ლიგებში გაცილებით დიდი მასშტაბი ჰქონია...

- რადგან იქ დამკვირვებელიც ნაკლებია და კონტროლიც, როგორ ჩანს, მაქინაციებისთვის მეტი საშუალება აქვთ. ვიმეორებ - პატიმრობას არავის ვუსურვებ, მაგრამ ასეთი ხალხი ფეხბურთიდან აუცილებლად უნდა მოაშორონ! არა მგონია, დაკავებული მსაჯები ისეთი პრინციპულები იყვნენ, ზეწოლას გაუძლონ და თანამზრახველები არ გათქვან - ისე მოაღებენ პირს და იმდენ გვარ-სახელს დაასახელებენ, თქვენი მოწონებული! მიმაჩნია, რომ ვისი დანაშაულიც დამტკიცდება, უნდა დააკავონ და ფეხბურთიდან მოკვეთონ, თუნდაც ამის გამო საქართველოს ჩემპიონატი აღმოჩნდეს ჩაშლის პირას!

- ასეთ ჩემპიონატს იქნებ მართლაც ასე სჯობდეს...

- პირადად მე, მირჩევნია, ახალგაზრდა, პატიოსანი მსაჯის არასწორი გადაწყვეტილება ვნახო, ვიდრე სპეციალურად დაშვებული "შეცდომა". სჯობს, გამოუცდელმა, მაგრამ სუფთა გულისა და წარსულის ახალგაზრდა ფეხბურთელმა ითამაშოს, ვიდრე თამაშების ყიდვა-გაყიდვაში ჭიპმოჭრილმა, მაქინაციებში ყელამდე ჩაფლულმა გამოცდილმა "ვეტერანმა". ევროთასებზე მაინც ვერაფერს ვაღწევთ და ახალგაზრდებმა მაინც ითამაშონ, გამოცდილება მიიღონ.

- როგორც ჩანს, არბიტრები ისე გათავხედდნენ, აღარავის ერიდებოდნენ, თორემ მატჩს კომისარი, დელეგატი, დამკვირვებლები ხომ ესწრებიან?

- როგორც ჩანს, დაუსჯელობის განცდა ჰქონდათ, ამდენი წელია "მაზავდნენ" და დასჯილი არავინ უნახავთ... არადა, სურვილის შემთხვევაში, შესაბამის სტრუქტურას ძალიან ადვილად შეუძლია ასეთი რაღაცების გამოაშკარავება. როცა სჭირდებათ, ყველაფრის გაგება შეუძლიათ და მსაჯისა და ვიღაც ჩამწყობის გაშიფვრა რა გახდა?

- როცა ასეთი სიბინძურე წლების განმავლობაში გრძელდება, პასუხისმგებლობა მთლიანად საფეხბურთო სამყაროსა და მის ხელმძღვანელობასაც ხომ ეკისრება?

- თუ დამადასტურებელი საბუთი არ გაქვს, კაცს ხელს როგორ დაადებ? რამდენიმე თვის წინ ვასილ მაისურაძესთან ერთად ზვიად სიჭინავასაც ველაპარაკე. ერთ-ერთმა არბიტრმა ძალიან ცუდად იმსაჯა და ფედერაციის პრეზიდენტს შევჩივლე, ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს-მეთქი? ზვიად სიჭინავამ სწორედ მაშინ გვიჩვენა უეფადან მოსული ორასამდე რაპორტი(!) და გვითხრა, ეს ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროში მაქვს მიტანილი, მეტი არაფერი შემიძლიაო. როგორც ჩანს, მტკიცებულებების მოსაპოვებლად შსს-ს დრო დასჭირდა... იმედია, ყურადღება და კონტროლი მომავალშიც გაგრძელდება, სხვაგვარად, ასეთი რაღაცების პრევენცია არ გამოვა.

- რამდენიმე თვის წინ საქართველოს ჩემპიონატში მომუშავე მწვრთნელების უმეტესობამ "ლელოს" გამოკითხვაში თქვა, რომ, "მათი აზრით, საქართველოს ჩემპიონატში არის გარიგებული მატჩები". ოღონდ, რა თქმა უნდა, ჩემს გუნდს ეს არასდროს უკადრიაო! გამოდის, მე და თქვენ "ვაწყობდით" თამაშებს?

- ვერ დავიჯერებ, რომ გამომძიებლებმა დაკავებული მსაჯების თანამონაწილეების ვინაობა არ იცოდნენ. დაასახელონ, "გვერდით გასწიონ" და პრობლემაც მოგვარდება!

- გაზაფხულზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში საკმაოდ ემოციური ჩართვა გქონდათ, მრცხვენია, რომ მეც ამ ორგანიზმის წევრი ვარო... რას გულისხმობდით?

- ახლა რომ ვსაუბრობთ, დაახლოებით იმავე თემაზე მინდოდა ლაპარაკი... საფეხბურთო მაქინაციებმა ისეთი მასშტაბი მიიღო, ხშირად მწვრთნელს ეჭვიც არაფერზე აქვს, ისე გახვევენ ხოლმე გაუგებრობაში. უკვე ყველა ეჭვით უყურებს ერთმანეთს... ხალხი შრომაში ღამეებს ათენებს, კონსპექტებს აკეთებს, სწავლა-განათლებაში ფულს ხარჯავს... ამ დროს კი ვიღაც გაურიგდება მსაჯს ან რამდენიმე ფეხბურთელს - იმან წითელი ბარათი უნდა მიიღოს, იმან პენალტი დანიშნოსო და... მაშინ, რატომღა ვწვალობთ? რისთვის ვიღებთ პროლიცენზიას? რისთვის მჭირდება სწავლა, თუ ცოდნას ვერაფერში ვიყენებ და უმუშევარი ვრჩები? გამოდის, მწვრთნელობის ნაცვლად მაქინაციები უნდა ვიცოდე, ამ ყველაფერში გავითქვიფო და ამით გავიდე ფონს?

- და ამ ყველაფრის მერე კიდევ გვიკვირს, რატომ აღარ მიდის სტადიონზე მაყურებელი...

- აღარ მიდის, რადგან ყველაფერს ეჭვით უყურებს და ჰგონია, ყველა თამაში ჩაწყობილია. უკანასკნელ წლებში იმდენი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ, ქომაგს ვერც გაამტყუნებ... ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ სიბინძურემ განსაკუთრებით მოიკიდა ფეხი დუბლების ჩემპიონატში, პირველ ლიგაში, ჭაბუკთა ლიგაში - იქ, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელი უნდა გაიზარდოს. 17-18 წლის ბავშვი ასეთ სიბინძურეს რომ ნახავს, 27 წლის ასაკში ხომ უკვე ნორმა, ჩვეულებრივი ამბავი იქნება მისთვის?

- ითქვა, რომ ერთი თამაშის მსაჯობისთვის საქართველოს ჩემპიონატის არბიტრი 1080 ლარს იღებს. ნუთუ ეს ისეთი "მცირე" თანხაა, რომ სხვადასხვა მაქინაციით ფულის შოვნის გარდა, მსაჯებს სხვა გზა არ რჩებათ?

- კვირაში სამი-ოთხი მატჩი რომ იმსაჯოს, მსაჯს იმდენი თანხა გამოუვა, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის სანატრელი ხელფასი იქნებოდა... ფული ყველას სჭირდება, მაგრამ ამისთვის ყველაფერი ხომ არ უნდა ვიკადროთ? მით უმეტეს, იქ, სადაც ახალგაზრდები იზრდებიან!

- ფეხბურთი მთელ მსოფლიოში ბიზნესად იქცა. საქართველოშიც "ბიზნესია", ოღონდ, როგორც ჩანს, მხოლოდ ერთეულებისთვის...

- ამიტომაც არის, რომ ფეხბურთი სახელმწიფოსგან ვეღარ იღებს დამატებით დაფინანსებას! საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ფეხბურთელების 90%-ზე მეტი კერძო კლუბებიდან მოდის - "საბურთალოდან", "დინამოდან", "ლოკომოტივიდან"... ჰოდა, გეკითხებით, მაშინ, რატომღა იხარჯება ეს ფული? წლიდან წლამდე რომ ვიღაც ხელფასს აიღებს, ამით ან საქართველოს ნაკრებს ემატება რამე, ან თავად იმ კლუბს? სამართლიანი იქნება, ფეხბურთის ფედერაციამ მართლაც შეადგინოს პროგრამა და კონკრეტული კლუბები კი არა, პროგრამა დაფინანსდეს.

- არაერთხელ გითქვამთ, ჩემპიონატში კლუბების რაოდენობა გადამწყვეტი არ არისო. აბა, რა არის გადამწყვეტი?

- ყველა კლუბს უნდა ჰქონდეს განვითარების გრძელვადიანი გეგმა! სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ წლიდან წლამდე მის მიერ გადახდილი თანხა გადაყრილი ფული არ არის, რომ მოხმარდა ადგილობრივი ფეხბურთელების გაზრდას, რომლებიც მერე ისევ იმ კლუბსა და რეგიონს მოუტანენ შემოსავალს. ახლა კი ერთი და იგივე ფეხბურთელები "ტრიალებენ" კლუბიდან კლუბში... კლუბის გაზრდილი ფეხბურთელის ტრანსფერისგან მიღებული შემოსავალი ისევ კლუბსა და ინფრასტრუქტურას უნდა მოახმარონ. დღეს კი რა ხდება? - ფული მოგეცი, ერთი წლის შემდეგ თეთრიც აღარ გაქვს და არც არაფერი გაგიკეთებია. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არა მხოლოდ ფეხბურთში, ხანგრძლივი განვითარების გეგმა საქართველოს ერთ სფეროშიც ვერ დავინახე. უღრან ტყეში გზააბნეული კაცი ერთ ადგილს რომ ტკეპნის და გზას ვერ პოულობს, ისე ვართ. არა გვაქვს არჩეული გზა, საითაც უნდა ვიაროთ...

- 19-წლამდელთა ნაკრებმა უკვე დაიწყო შესარჩევი ეტაპისთვის მზადება.

- ხელწამოსაკრავი მეტოქეები ნამდვილად არა გვყავს - კვიპროსს, მონტენეგროსა და რუმინეთს კარგი გუნდები ჰყავთ. თუმცა, ტურნირი საქართველოში უნდა გაიმართოს და ჯგუფიდან გასვლის გარდა, სხვა შედეგი არ დაგვაკმაყოფილებს. ჩემს გუნდს რაც შეეხება, სუფთა, ფეხბურთზე შეყვარებული ბავშვები, უნიჭიერესი ფეხბურთელები არიან, მაგრამ... უმეტესობას სათამაშო პრაქტიკა აკლია, სხვები ტრავმის გამო არ არიან ფორმაში და ა.შ. ამის მიუხედავად, არა გვაქვს უფლება, სტადიონზე მოსული ქომაგი შინ გაწბილებული გავუშვათ...

- დაახლოებით ისეთივე პრობლემები გქონიათ, როგორიც ეროვნულ ნაკრებს. რას იტყვით თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებაზე - თუ მომდევნო ორი მატჩი წავაგეთ, გადავდგებიო?

- ეს მისი გადასაწყვეტია და მრჩევლად ვერ გამოვადგები. ჩემი აზრით, მხოლოდ ქეცბაიას ბრალი არ არის, ნაკრები რომ ვერ თამაშობს. შეცდომებს მწვრთნელებიც ვუშვებთ და, ალბათ, თემურსაც ჰქონდა, მაგრამ რაღაც დოზით პასუხისმგებლობა ფეხბურთელებმაც უნდა აიღონ. როგორი მაგარი მწვრთნელიც უნდა იყო, ძალიან ძნელია შედეგს მიაღწიო ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც თვეების განმავლობაში არ თამაშობენ... დარწმუნებული ვარ, მოგება ძალიან უნდათ, მაგრამ მოგებისთვის თვეების, წლების განმავლობაში უნდა ემზადებოდე! ასე რომ, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ქართული ფეხბურთი რვა მსაჯმა და თემურ ქეცბაიამ დაანგრიეს.