"ის ბურთი მოვძებნე და უკვე შინაც მივუჩინე ადგილი!"
06-10-2014
"ის ბურთი მოვძებნე და უკვე შინაც მივუჩინე ადგილი!"
"ვთქვი კიდეც, გოლს აუცილებლად გავიტან-მეთქი, მაგრამ სამი ბურთის გატანაზე ვერც ვიოცნებებდი! მაგარი დღე იყო!"

ჰოლანდიის ერედივიზიაში ქართული ჰეთ-თრიქი ბოლოს 2006 წლის თებერვალში ვნახეთ - მაშინ "ალკმაარელმა" შოთა არველაძემ  გაუტანა  სამი ბურთი "როზენდაალს". რვა წლის თავზე ჩვენებურმა ისევ ააწიოკა ჰოლანდიური კლუბი - არნემის "ვიტესმა" სტუმრად 2:6 აჯობა "დორდრეხტს", ექვსიდან  სამი გოლი კი არნემელთა  შემტევი ნახევარმცველის - 21 წლის ვალერი ყაზაიშვილის ანგარიშზეა! ახალგაზრდა ქართველს ახალ სეზონში ჯერ გოლი არ ჰქონდა გატანილი, "დორდრეხტს"
კი  ერთბაშად სამი გაუტანა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც დამსახურებულად დაასახელეს. სხვათა შორის, მისთვის ტრიუმფული მატჩის ძირითად შემადგენლობაში ვაკო "შემთხვევით" მოხვდა, სამივე გოლი კი მეორე ტაიმში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "ვიტესმა" მომდევნო ტურშიც 6 ბურთი გაიტანა, ყაზაიშვილმა კი "დენ ჰააგთანაც" მთელი მატჩი შეუცვლელად ითამაშა და ამჯერად, მხოლოდ
საგოლე პასს დასჯერდა. მოკლედ, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველი ჩინებულ ფორმაშია და იქნებ არნემის კლუბის თავკაცის მსგავსად, თემურ ქეცბაიასაც გამოსტყუოს სათამაშო დრო შოტლანდიასა და გიბრალტართან მატჩებში. ვაკო ყაზაიშვილს "დენ ჰააგთან" მატჩის შემდეგ, ჰოლანდიაში დავუკავშირდით.


- "ვიტესმა" სეზონი  ცუდად დაიწყო, თუმცა, ბოლო ორ მატჩში 12 გოლი გაიტანეთ! უკვე თამამად  შეიძლება ითქვას, რომ  გუნდის  პრობლემები წარსულს ჩაჰბარდა?

- საწყის ტურებშიც ბევრჯერ შევქმენით საგოლე მომენტი, მაგრამ არ გვიმართლებდა. თანაც,  "აიაქსსა" და პსვ-ს სტუმრად  ვეთამაშეთ, ასეთი დონის გუნდებისთვის გოლის გატანა კი  გასვლით მატჩში ორმაგად რთულია...

- ჰეთ-თრიქის შემდეგ, შენგან "დენ ჰააგთანაც" გოლს ელოდნენ...
- ამჯერად მხოლოდ ერთ საგოლე გადაცემას დავჯერდი... ისე კი, წვლილი მეორე გოლშიც მიმიძღვის. იმედია, ამ სიტყვებს თავის ქებად არ ჩამითვლით. რაც მთავარია, მთელმა გუნდმა ისე ითამაშა, როგორც ვგეგმავდით და პირველივე ტაიმში გადავწყვიტეთ მატჩის ბედი.

- "დორდრეხტთან" მატჩს დავუბრუნდეთ: ჰეთ-თრიქმა უფრო გაგახარა თუ სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრამ?
- ტურის სიმბოლურ ნაკრებში სხვა დროსაც დავუსახელებივარ... აი,  მატჩში სამი გოლი კი, რაც პროფესიულ ფეხბურთში ვარ, პირველად გავიტანე და ძალიან ბედნიერი ვარ! სხვათა შორის,  "დორდრეხტთან" მატჩის დაწყებამდე მხოლოდ ნახევარი საათით ადრე გავიგე, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიქნებოდი - მოთელვისას დენი პროპერი დაშავდა და მის ნაცვლად მწვრთნელმა მე მათამაშა. შესაძლოა, ამანაც დამმუხტა  დადებითად... არ დაგიმალავთ, იმედი მქონდა და ვთქვი კიდეც, გოლს აუცილებლად გავიტან-მეთქი, მაგრამ სამი ბურთის გატანაზე ვერც ვიოცნებებდი! მაგარი დღე იყო!

- თამაშის დასრულებისას თქვი,  ბურთი თუ მოვძებნე, აუცილებლად წავიღებ სამახსოვროდო. იპოვე?

- (იცინის). სხვათა შორის, ვიპოვე!  ცოტათი კი გამიჭირდა, მაგრამ მაინც მივაგენი და უკვე შინაც მივუჩინე ადგილი!

- პეტერ ბოში ("ვიტესის" მთავარი მწვრთნელი. - ავტ.) ახლა მაინც ხომ დარწმუნდა, რომ შენი ადგილი ნახევარდაცვაშია? არადა, საწყის ტურებში თავდამსხმელის პოზიციაზე გათამაშებდა...

- საწყის ოთხ მატჩში მართლაც თავდამსხმელად მათამაშა.  ნახევარდაცვაში უკეთ ვგრძნობ თავს, მაგრამ ბოშმა მითხრა, რომ გუნდს თავდამსხმელის პოზიციაზე ვჭირდებოდი და... პრინციპში, ჩემთვის მთავარი იყო, მეთამაშა,  ამპლუას კი ნამდვილად არ ჰქონია გადამწყვეტი მნიშვნელობა...

- თითქმის ცხრა წელიწადია, ქართველ ფეხბურთელს ერედივიზიონის მატჩში სამი ბურთი არ გაუტანია... ჰოლანდიელებმა  შოთა არველაძის ჰეთ-თრიქიც გაიხსენეს?
- ვერ გეტყვით, ჰოლანდიელებმა გაიხსენეს თუ არა, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია ისეთი ფეხბურთელის გვერდით დასახელება, როგორიც შოთა არველაძეა!

- რა შეიცვალა "ვიტესში", რაც მერაბ ჟორდანია აღარ არის კლუბის ბოსი?

- ბევრი არაფერი, თითქმის ძველებურად არის ყველაფერი.

- სანაკრებო შეკრებაზე "ვიტესის" ორივე ქართველი ხართ გამოძახებული. არადა, ტრავმის გამო გურამ კაშიამ კლუბის ბოლო მატჩები გამოტოვა...
- გურამი ბოლომდე ჯერაც არ გამოჯანმრთელებულა, მაგრამ ნაკრებში ერთად მივდივართ და იმედია, თამაშსაც შეძლებს. არაერთხელ მითქვამს, რომ გურამ კაშია ყველანაირად მეხმარება. კაშო უმაღლესი დონის პროფესიონალი და სამაგალითო ფეხბურთელია ჩემთვის!

- კაშიასგან განსხვავებით, სანაკრებო გამოცდილებით ვერ დაიკვეხნი, მაგრამ... როგორ ფიქრობ, რა არის ეროვნული ნაკრების მთავარი პრობლემა?
- ეროვნულ ნაკრებში ერთადერთი მატჩი მაქვს ნათამაშები და ამაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით... ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა და ტაქტიკა აქვს, ფეხბურთელმა კი ის უნდა შეასრულოს, რასაც მწვრთნელი დაავალებს... ერთი ვიცი, რომ შოტლანდიაში ურთულესი მატჩი გველის და დადებითი შედეგის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით