"კუპერი არავის აგინებდა, მაგრამ შედეგი იგივე ჰქონდა"
06-10-2014
"კუპერი არავის აგინებდა, მაგრამ შედეგი იგივე ჰქონდა"
"გული მისკდება, გიბრალტართან ფრეს არ გამოვკრათ ხელი"

"ნაწყენი ვარ", "მწვრთნელის ნათქვამმა ხასიათი წამიხდინა" - ასეთი ლაპარაკი ფეხბურთელის არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს"


ფეხბურთი გულშემატკივრისაა. ამიტომაც, ქომაგს არა მხოლოდ უფლება, ვალდებულებაც კი აქვს, ფეხბურთის ავ-კარგზე პირდაპირ ილაპარაკოს. დღეს, როცა ქართულ ფეხბურთზე გულაცრუებულ ქომაგს სტადიონზე ესპანეთის ან იტალიის ნაკრების ეშხით თუ შეიტყუებ, გულშემატკივრის კომპეტენტური აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დილეტანტური კი არა და არც მხოლოდ ემოციაზე დაყრდნობილი - ცივ გონებაზე ნაფიქრი, ობიექტურობით შეზავებული კომპეტენტური შეფასება! ტელეშოუს "რა?
სად? როდის?" წამყვან გიორგი მოსიძისთვის ფეხბურთი ცხოვრების ნაწილია და შევეცადეთ, მისი, როგორც გულშემატკივრის აზრით, გაგვერკვია - რა სჭირს ქართულ ფეხბურთს, სად არის გამოსავალი და როდის ვეღირსებით ფეხბურთით გახარებას?


- ფეხბურთი ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია... ერთ-ერთი უმთავრესი ოცნება კი - საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე
ვნახო! ოღონდ, არ ვიცი, მოვესწრები თუ არა ამ ოცნების ასრულებას... მგონი, ნატოს წევრები უფრო ადრე გავხდებით, ვიდრე მუნდიალზე ვითამაშებთ (იცინის).

- რა ასაკიდან შემოიჭრა ფეხბურთი თქვენს ცხოვრებაში?
- 1981 წლის 13 მაისს 9 წლის ვიყავი, ფინალისთვის არ მიყურებია, მაგრამ მელიქიშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდით და კარგად მახსოვს - ღამით გამაღვიძეს, რომ მენახა, რა ხდებოდა ქუჩაში! იმდენად დავინტერესდი, რის გამო იყო ასეთი ზეიმი, მოგვიანებით სპეციალურად ვუყურე დიუსელდორფის ფინალს... აი, 1982 წლის მუნდიალი უკვე კარგად მახსოვს - საბჭოთა ტელევიზიამ რაც აჩვენა, ყველა მატჩს ვუყურე. ამგვარად, ფეხბურთით ჩემი გატაცება 10 წლის ასაკიდან დაიწყო. კარგად მახსოვს პირველი ეროვნული ჩემპიონატის გახსნის მატჩიც - თბილისის "დინამომ"  გელა კეტაშვილის ავტოგოლით 0:1 რომ წააგო ფოთის "კოლხეთთან"...

- მომდევნო წლებში რა მოხდა, რატომ დატრიალდა უკუღმა ქართული ფეხბურთის ბორბალი?
- ის თანხა, რაც ჩვენნაირ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისთვის იხარჯება, არ არის საკმარისი. მსოფლიო ფეხბურთი უდიდესი ბიზნესი გახდა, ჩვენთან კი, იმ მასშტაბების თანხა არც იხარჯება და ვეჭვობ - არც არასდროს დაიხარჯება. საქართველოს არასდროს ექნება ისეთი გამართული ეკონომიკა, ჩემპიონთა ლიგაში სტაბილურად მოთამაშე კლუბების შესაქმნელად რომ იყოს საკმარისი. ერთი-ორჯერ, შესაძლოა, შემთხვევით "გავძვრეთ" კიდეც, როგორც, მაგალითად, სლოვაკურმა და სლოვენიურმა კლუბებმა მოახერხეს, მაგრამ ამას არ ექნება სტაბილური სახე.

- ანუ, ქართულ საკლუბო ფეხბურთს არაფერი ეშველება?!

- ჩემი აზრით, ჩვენ არასდროს გვეყოლება "რეალისა" და "ბარსელონას" დონის გუნდები - ეს 40-50-მილიონიანი ქვეყნების ფუფუნებაა... შესაძლოა, ხანდახან შევძლოთ ჯგუფურ ეტაპზე გაღწევა, მაგრამ ეს არის ქართული ფეხბურთის მაქსიმუმი - იქ განწირულები ვიქნებით. აი, ნაკრებს კი, ალბათ, მეტი შეუძლია...

- რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს? გვყავდა ნიჭიერი თაობებიც, ცნობილი უცხოელი თუ ქართველი მწვრთნელებიც, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა წარმატებას მაინც ვერ მიაღწია...
- საფეხბურთო მეურნეობის როგორც კარგი, ისე ცუდი მუშაობა შედეგს დაახლოებით 10-15 წლის შემდეგ იძლევა და "მივიღეთ" კიდეც - იმ რეალობის შედეგს, რაც 1990-იანი წლების ბოლოს იყო საქართველოში, ახლა ვიმკით და თაობაც შესაბამისი გვყავს... წინათ ნაკრებში იყვნენ ქეცბაია, არველაძეები, ქინქლაძე, ჯამარაული, ყაველაშვილი და სხვები, დღევანდელ ნაკრებში მოთამაშე თითო-ოროლა "მერცხალი" კი ამინდს ვერ ქმნის. ვინც უნდა იყოს მწვრთნელი, არ მჯერა, რომ სერიოზულ შედეგს მივაღწევთ! შესაძლოა, შიგადაშიგ გაგვახარონ ხოლმე, უფრო შემტევი ფეხბურთი ითამაშონ, მაგრამ შედეგი იგივე იქნება...  გულშემატკივარს არ მოსწონს, სულ დაცვაში რომ ვართ და მაინც ვაგებთ, მერე, რომ შევუტევთ და მაინც წავაგებთ, ის არ მოეწონებათ და ა.შ. ამ შემადგენლობით, როგორ ჯგუფშიც უნდა ვიყოთ, არ მგონია, ბოლოდან მესამე ადგილზე მაღალი პოზიციის დაკავება მოვახერხოთ... არადა, გერმანიას თუ არ ჩავთვლით, ახლა მშვენიერი ჯგუფი შეგვხვდა. 1990-იანი წლების ნაკრები რომ გვყავდეს, მეორე ადგილისთვისაც კი ვიბრძოლებდით!

- ბოსკამპი, ტოპმიოლერი, ჟირესი, კუპერი... ამ მწვრთნელებს ფეხბურთელების არჩევანიც გაცილებით დიდი ჰქონდათ, არც კვალიფიკაცია დაეწუნებოდათ, მაგრამ წარმატებას ვერც ერთმა ვერ მიაღწია...

- ბოსკამპი ნამდვილად არ ყოფილა მსოფლიო მასშტაბის მწვრთნელი, ტოპმიოლერი და კუპერი კი, როცა საქართველოში სამუშაოდ ჩამოვიდნენ, უკვე წარსულის მწვრთნელები იყვნენ, იმ ასაკში, როცა მწვრთნელები "ფულის კეთებაზე" არიან გადასული - კარიერის პიკი უკვე გავლილი აქვთ და ფულს სახელის ხარჯზე აკეთებენ... ამიტომაც, თავიდანვე ვამბობდი, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა.

- ანუ, მიგაჩნიათ, რომ წარუმატებლობა მწვრთნელების ბრალია?
- სხვა მიზეზებიც იყო, მაგრამ იმ მწვრთნელებზე კი ტყუილად ვამყარებდით სერიოზულ იმედებს... დამწყები, ახალგაზრდა მწვრთნელი უფრო გამოგვადგებოდა, რაღაცის დამტკიცების ამბიცია რომ აქვს. მაგალითად, ისეთი, როგორიც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თავკაცი იგორ კოკოშკოვია... ამ თვალსაზრისით, ქეცბაია უფრო პერსპექტიული ჩანდა და გარკვეული დროის განმავლობაში, გაამართლა კიდეც, მერე კი... აღარც კონტინგენტი უწყობს ხელს.

- სწორედ ბოსკამპი არ იყო, ქართველებს მენტალიტეტი რომ დაგვიწუნა, როცა გაიგო, რომ ზაზა ჯანაშია შეკრებაზე თავისი ავტომანქანით წამოვიდა... მოსკოვიდან?! საერთოდაც, ავტომანქანები ქართველი ფეხბურთელების "სენია" - თქვა კიდეც გიორგი დევდარიანმა - BMჭ-ს იყიდიან და ფეხბურთი აღარ აინტერესებთო...
- ქართული მენტალიტეტი მორაგბეებსა და კალათბურთელებზე არ ვრცელდება? ისინი რატომ არ კარგავენ მოტივაციას?! მაგრამ ფეხბურთი ყველაზე რთული და კომპლექსური სახეობაა და ყველაზე მეტ დანახარჯს მოითხოვს. საქართველოში კი საკმარისი თანხა არ იდება ფეხბურთში და შედეგიც შესაბამისი გვაქვს.

- ნაკრებში კონფლიქტები მანამდეც ხდებოდა - იმავე ქეცბაიას თავადაც ჰქონია უთანხმოება ეროვნული გუნდის მწვრთნელთან, მაგრამ ბოლო წლებში მსგავსი ფაქტები ძალიან გახშირდა... როგორ ფიქრობთ, ეს ქეცბაიას ემოციური ხასიათის ბრალია, ფეხბურთელების თუ სხვა რამის?

- ამაზე ბევრი არაფერი ვიცი. მსმენია, ქეცბაია ფეხბურთელებს აგინებსო, თუმცა, თავად მოთამაშეები ამას არ ადასტურებენ... უხეშად რომ ვთქვათ, არც ფეხბურთელები არიან დიდი პროფესიონალები და არც - მწვრთნელი! კუპერი არავის აგინებდა, მაგრამ შედეგი იგივე ჰქონდა. თუ შედეგი იქნება, აგინოს და თუ არც შედეგი აქვს, რატომღა იგინება (იცინის)?!

- ირლანდიასთან მატჩს დაესწარით?
- არა და რეპორტაჟსაც პრინციპულად არ ვუყურე - წინასწარვე ვიცოდი, რაც მოხდებოდა... ბოლოს მაინც მოვახერხეთ თამაშის წაგება, რომელიც, როგორც ამბობენ, არ იყო წასაგები. არადა, ირლანდია ჩვენზე არანაკლებ "ფარჩაკი" გუნდია და ეს გამოჩნდება კიდეც მომდევნო მატჩებში...

- უბედურებაც ის არის, რომ "ფარჩაკ" გუნდებთან და აუცილებლად მოსაგებ მატჩებშიც ვერ ვუტევთ...

- ამაზე მწვრთნელი გვეუბნება - ფეხბურთელები არ მყავს და რა გავაკეთოო... არადა, ფეხბურთელთა უმეტესობა კლუბებში უკეთესად თამაშობს, ნაკრებში კი... მაგალითად, ლადო დვალიშვილს კლუბში ხშირად გააქვს გოლები, ნაკრებში მის მიერ გატანილი ბურთი კი მე არ მინახავს!

- ნაკრების მოთამაშე, რომელსაც ყოველ წუთს ესმის მწვრთნელისგან - ფეხბურთელები არ მყავსო, მოედანზე შებოჭილი და დაკომპლექსებული არ იქნება?!
- კრიშტიანუ რონალდუს ხან აქებენ, ხან აკრიტიკებენ, მაგრამ ყოველ სეზონს მაინც უმაღლეს დონეზე ატარებს! ფეხბურთელი არ უნდა კითხულობდეს, რა ილაპარაკა მწვრთნელმა. თავდაუზოგავად უნდა ითამაშოს, მოედანზე დაამტკიცოს რა შეუძლია... "ნაწყენი ვარ", "მწვრთნელის ნათქვამმა ხასიათი წამიხდინა" - ასეთი ლაპარაკი ფეხბურთელის არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. ასეა, როცა ბავშვობიდანვე, საფეხბურთო სკოლიდან არ აჩვევენ პროფესიონალიზმს...

- თემურ ქეცბაიამ თქვა, რომ თუ მომდევნო ორ მატჩს ვერ მოიგებს, გადადგება. სწორი გადაწყვეტილებაა, თუ აქამდეც უნდა წასულიყო?
- მისთვის აჯობებდა, წინა ციკლის ბოლოს წასულიყო, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დაენანა ის მილიონები, რაც კონტრაქტის ბოლომდე აქვს ასაღები... არადა, ჩვენი ქვეყნისა და მის მიერ ნაჩვენები შედეგებისთვის შეუფერებლად დიდ თანხას იღებს!

- გულშემატკივარზეც გკითხავთ - მაქსიმალისტები კი ვართ, მაგრამ მეტისმეტად ბევრს ხომ არ ვითხოვთ ჩვენი ნაკრებისგან? რატომ უნდა მოგვეგო ირლანდიისთვის? ფეხბურთელები გვყავს უკეთესი, თუ ჩემპიონატი გვაქვს?
- ჩვენთან ქომაგიც ისეთივე არაპროფესიონალია, როგორიც ფეხბურთელები (იცინის). ირლანდიასთან აუცილებლად მოგება არავის მოუთხოვია, მაგრამ ხომ შეიძლება, როცა თამაშის მიხედვით არ გვეკუთვნის წაგება, მაშინ მაინც არ წავაგოთ?! ისევ წავაგეთ და თან - ბოლო წუთებზე... მწვრთნელმა არასწორი შეცვლები გააკეთა, გუნდმა კონცენტრაცია დაკარგა, ალბათ, მეკარესაც მართებდა იმ ბურთის მოგერიება... საბოლოოდ კი, წავაგეთ და ქომაგს ამან წაუხდინა ხასიათი, თორემ 1:1 რომ დასრულებულიყო, დარწმუნებული ვარ, ტაშითაც გააცილებდნენ გუნდს, რადგან რაც შეეძლოთ, იბრძოლეს ბიჭებმა. ისე კი, სამხრეთულ ქვეყნებში ქომაგი ყველგან ერთნაირია: მოიგე? - გმირი ხარ, მაგრამ საკმარისია, წაიფორხილო და... დიდი სიყვარული რამდენიმე თვეში დიდ სიძულვილში გადაიზრდება... თემურ ქეცბაია უნდა მიმხვდარიყო, რომ რაღაც მომენტში, შეეძლო, პოზიტიური სახელით წასულიყო. ახლა კი, კრიტიკოსი გაცილებით მეტი ჰყავს, ვიდრე მომხრე...

- და მაინც - ქართველი თუ უცხოელი მწვრთნელი?

- იქნებ მართლაც ღირდეს, რომ ეს გუნდი პერსპექტიული ქართველი მწვრთნელებიდან რომელიმეს ჩავაბაროთ - დიდ ფულს არ მოითხოვენ, ასეთი შედეგი კი - ალბათ, მათაც ექნებათ. ფეხბურთელები მაინც აღარ იტყვიან, მწვრთნელი გვაგინებსო... ისე კი, არ დაგიმალავთ - გული მისკდება, გიბრალტართან ფრეს არ გამოვკრათ ხელი. მით უმეტეს, გვეხერხება ასეთი ნაკრებებისთვის ახალი ისტორიის დაწერა...

- საკლუბო დონეზე ვის ქომაგობს გიორგი მოსიძე?
- "მანჩესტერ სიტის". გიორგი ბაქრაძე "მანჩესტერ იუნაიტედის" თავგადაკლული ფანია. ამიტომაც, სიტუაცია რომ გავაწონასწორო, მე "სიტის" ვქომაგობ (იცინის).

- ფეხბურთელებიდან?
- დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს - კრიშტიანუ რონალდუს!

- მესისაც გირჩევნიათ?
- ყველანაირად... მესი მხოლოდ ფეხბურთელია, რონალდუ კი, არა მხოლოდ როგორც მოთამაშე, მისი ტიპაჟიც მომწონს - მეტროსექსუალია, მოდის მქადაგებელი და ა.შ.
ვაჟა ზაზაევიჩი
12 ნოემბერი 2014 13:38
მართალი კაცი კი არა, ესაა უსინდისობის და არაპროფესიონალიზმის (წმინდა საფეხბურთო ნიუანსების თვალსაზრისით, ტაქტიკის შერჩევა კონკრეტულ მოწინააღმდეგესთან, პოზიციებზე ფეხბურთელების დაყენება,ცალკე საკითხია თვალშიმოსახვედრი კორუფცის მომენტები შემადგენლობის გამოძახებისას ნაკრებში). არის უზრდელი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის (არადა რის საფუძველზე, ნამდვილად ვერ ვხვდები????) მქონე, მეშჩანი ტიპი. ასე თავში ავარდნილი ჟურნალისტებთან, ფეხბურთის სპეციალისტებთან საუბრისას, ურთიერთობისას - ბორა მილუტინოვიჩს არ ჰქონია, იმის მიუხედავად რომ ქეცბაიას როგორც მწვრთნელს - მისი "მოკუკულიც" კი არ გაუკეთებია (თანაც მილუტინოვიჩი ეს რომ "გასამრჯელოს" იღებს ამ "საშვილიშვილო მოღვაწეობისთვის" იმის მეოთხედზე მუშაობდა)! არ გადაგვაყოლა თავის თავს ბიჯოს????? ყველა დამნაშავეა შედეგებში,საერთო მდგომარეობაში მის გარდა და კიდევ დომენტა სიჭინავა-სასტავის გარდა!!!! ეს ვინ ყოფილა ტო???? რამდენი მაგარი ბიჭი გვყავს ახალგაზრდები და ერთი შანსი არ მიუცია არავისთვის. ხუბუტია, კვირკველია,დვალიშვილი, დაუშვილი, კობახიძე და ა.შ რა პონტში უნდა იყვნენ მუდმივად ნაკრებში??? თანაც ძირითად შემადგენლობაში?????????? ქართული ფეხბურთი მკვდარია და მე რა ვუშველოო ტიპი ბაზრობს! მერედა შე მამაცხონებულო, თუ ასეთი უსაშველო სიტუაციაა, წადი რა რა ნამუსით იღებ ამხელა ხელფასს??? რა მესია ხარ და ქართული ფეხბურთის ამაღორძინებელი??? რატომ და რაში იღებ ამხელა ფულს, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, თუ იმას ხვდები რომ აქ გაუსაძლისი მდგომარეობაა?? გამოდი და თქვი, რომ ჩემი ხელფასის რაღაც ნაწილი - მოხმარდეს ბავშვთა სკოლების შექმნას, არსებული სკოლების დაფინანსებას, თუნდაც საკლუბო გუნდების ელემენტარულად ინფრასტრუქტურით გამართვის საქმეს. რას აკეთებ საიმისოს რომ ეს მილიონები გადახდად ღირდეს (მითუმეტეს შენი თქმით,ისეთ გაუბედურებულ ქვეყანაში,როგორიც საქართველოა???)??? ჰიბრალტარს რომ 25 წუთი ელემენტარული სამსვლიანი კომბინაცია ვერ გაუკეთეთ,ესაა შენი მიღწევა???? ლატვიას, სლოვენიას,ალბანეთს, ისლანდიას, სომხეთს და რა ვიცი კიდევ ვის - რა საფეხბურთო ტრადიციები და ჩემპიონატები აქვთ (ან ფეხბურთელების კლასი), ევროპის ჩემპიონატებზე რომ ხვდებიან და პორტუგალია-იტალიებს უგებენ??? კარგი რა, ნამუსიც კარგი საქონელიაო, რომ იტყვიან. ყველაფრის სხვებზე გადაბრალება და რაღაც დებილური მიზეზების მოყვანა, ფეხბურთელები არ გვყავსო იოლი ვარიანტია ხო გამოსაძრომად??? ლატვიას ვერპაკოვსკისის და პახარსის გარდა (ესენიც მეც შენ გეტყვი და არსენალებში და იუვენტუსებში თამაშობდნენ რა!) ვინ ჰყავდათ ევროპაზე როცა გავიდნენ???? უბრალოდ პროფესიონალები იდგნენ სათავაეში ნაკრებისაც და ზოგადად ფეხბურთისაც! ათამაშებდნენ იმ ფეხბურთელებს, ვინც ასეთნაერადვე უდგებოდნენ საქმეს, ყოველგვარი კორუფციის,ნეპოტიზმისა და "მამაძაღლობის" გარეშე!
zaza
19 ოქტომბერი 2014 14:57
ფეხბურთი გულშემატკივრის კი არა,ტოტალიზატორისაა.ეგ თუ არ იცი,მაშ რაგა იცი?
Lasha
19 ოქტომბერი 2014 11:06
გოგა, კავკასიის ჩემპიონატი ძალიან დიდხანს ვერ ჩატარდება. პირველ რიგში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთად არ დადგებიან, მეორე რიგში - მთელი ჩემპიონატის საპრიზო ფონდის დიდი ნაწილის გაღება აზერბაიჯანს მოუწევს და ამ ტვირთს ტყუილად არ აიკიდებს. მესამე კიდევ - როგორც არ უნდა გაძლიერდეს, დაღესტნურ ანჟის და ტერეკებს და მსგავსებს ყოველთვის ერჩივნებათ რუსეთის, უფრო მაღალი კლასის ჩემპიონატში თამაში ჩვენს საშუალოზე დაბალ გუნდებთან დაპირისპირებას.

რედაქტორის რჩევით