ირ-ლანდია, შოტ-ლანდია... და საქართველო?! - კვირის პალიტრა

ირ-ლანდია, შოტ-ლანდია... და საქართველო?!

ჩვენს იმედს შოტლანდიაც გადაახტა

შოტლანდია 1:0 საქართველო

ირლანდიასთან სექტემბერში წავაგეთ და საქართველოს ნაკრებმა არც ბრიტანეთის მეორე წარმომადგენელს დასწყვიტა გული. წავაგეთ და ჩვენდა სამწუხაროდ, ამაში არც გასაკვირი ყოფილა რამე და არც მოულოდნელი.

კი ბატონო, მეორე ტაიმში პირველზე უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ საერთო ჯამში, თემურ ქეცბაიას გუნდმა მაინც ვერ (თუ არ) უღალატა ჩვეულ სტილს. გლაზგოს "აიბროქსზე" კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს არ შეუძლია ფეხბურთში ყველაზე მთავარი - შეტევა!

როცა შოტლანდიის დონის ნაკრებთანაც თავქუდმოგლეჯილი ვიცავთ თავს, მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ, თუნდაც მცირედი შეტევითი პოტენციალის მქონე მოთამაშეებს სათადარიგოთა სკამზე "ვამწნილებთ" და ჯიუტად ვიძახებთ რამდენიმე თვის უთამაშებელ ფეხბურთელებს, რაღაზეა ლაპარაკი?!

შესაძლოა, თავი სწორედ ტრავმირებული თუ უთამაშებელი ფეხბურთელების სიმრავლით, უამინდობითა ან ცუდი მსაჯობით გავიმართლოთ, მაგრამ, როცა არათუ კინკილა თავდამსხმელამდე, ნახევარმცველებამდეც ვერ ახერხებ ბურთის მიტანას, მთელი მატჩის განმავლობაში ერთხელაც(!) ვერ ურტყამ ზუსტად კარის ჩარჩოში და მეორე თავდამსხმელის გამოყვანას ვერც ბოლო წუთებზე ბედავ, თავის მართლება აღარ უნდა დაიწყო!

გულზე მოგვხვდა, შოტლანდიაში ჩვენი და გიბრალტარის შანსები თანაბრად რომ შეაფასეს?! ფაქტია, რომ ორი ტურის შემდეგ, სწორედ ეს ორი ნაკრებია უქულოდ... ჰო, და... "უძლიერესის" ვინაობასაც სწორედ ერთმანეთში გაარკვევენ - 14 ოქტომბერს...

ქეცბაიამ თქვა, რომ "თუ შოტლანდიასა და გიბრალტართან მატჩებში ნაკრები დადებით შედეგს ვერ აჩვენებს, გადადგომაზე დაფიქრდება!" შოტლანდიიდან რა შედეგიც წამოვიღეთ, ვნახეთ, ქეცბაია კი ისევ ნაკრების მწვრთნელია (ყოველ შემთხვევაში, შაბათ ღამემდე ასე იყო. - ავტ.). და რა გამოდის, საქართველოს ნაკრების თავკაცის მუშაობის საზომი გიბრალტართან მატჩის შედეგი ყოფილა?! იმ გუნდთან, რომელიც შესარჩევ მატჩებში პირველად მონაწილეობს და ორ შეხვედრაში 14(!) უპასუხო ბურთის გაშვება მოახერხა?!

ირ-ლანდია, შოტ-ლანდია... მაგრამ ისინი თუ "ლანდები" არიან საფეხბურთო რუკაზე, ჩვენ ვინღა ვართ?!