იური სიომინი: "მალხაზ ასათიანი ნამდვილი არისტოკრატი იყო - ჩივაძეს მაგონებდა!" - კვირის პალიტრა

იური სიომინი: "მალხაზ ასათიანი ნამდვილი არისტოკრატი იყო - ჩივაძეს მაგონებდა!"

იური სიომინი: "დისციპლინა და საქმისადმი პროფესიული მიდგომა რომ ჰქონოდა, ზაზა ბევრად მეტს მიაღწევდა!"

"მთავარი მაინც მეგობრობაა, რომელიც დღემდე გრძელდება..."

იური სიომინს ქართველი ქომაგი ზაზა ჯანაშიას, მალხაზ ასათიანის და სხვა ჩვენებურების მწვრთნელად იცნობს. და მხოლოდ ცოტამ თუ იცის, რომ სანამ მწვრთნელობას დაიწყებდა, იური პავლოვიჩი მოსკოვის "ლოკომოტივში" გივი ნოდიას გვერდით აგორებდა ბურთს! სიომინი, რომელიც ამჟამად სარანსკის "მორდოვიას" მწვრთნელია, დღემდე თბილად იხსენებს გივი გიორგევიჩს, მისი თაობის სხვა ქართველ ფეხბურთელებსა თუ ყოფილ შეგირდებს. ამაში თქვენც დარწმუნდებით, როცა ინტერვიუს წაიკითხავთ.

- იური პავლოვიჩ, პირველად რა გახსენდებათ, როცა საქართველოს და ქართულ ფეხბურთს ახსენებენ?

- მახსენდება ის ძველი, კარგი დრო, ქართველი ფეხბურთელების დიდებული თაობა - მურთაზ ხურცილავა, დავით ყიფიანი, საშა ჩივაძე, ვალოდია გუცაევი, რევაზ ჩელებაძე, რომლებმაც უძლიერესი მწვრთნელის - ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით დაუვიწყარი გამარჯვებები აჩუქეს ქართულ და საბჭოთა ფეხბურთს... კიდევ? ის ძალიან თბილი ურთიერთობა, რაც წლების განმავლობაში მქონდა და დღესაც მაქვს ჩემი თაობის ქართველ ფეხბურთელებთან; მახსენდება მოსკოვსა და თბილისში გამართული ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩები... გასახსენებელი მართლაც ბევრი მაქვს, მაგრამ მთავარი მაინც მეგობრობაა, რომელიც დღემდე გრძელდება...

- რამდენიმე წლის განმავლობაში მოსკოვის "ლოკომოტივში" გივი ნოდიასთან ერთად თამაშობდით. მასზე რას გვეტყვით?

- დიდებული კაცი იყო... იშვიათად მინახავს მასავით კეთილი ადამიანი. ვერ წარმომიდგენია, ერთი მტერი მაინც ჰყოლოდა - ყველას მეგობარი იყო! როგორც ფეხბურთელი? დიდებული გოლეადორი იყო - ნამდვილი ფორვარდი... ძალიან დამწყდა გული, გივი ნოდიას დაკრძალვაზე ჩამოსვლა რომ ვერ მოვახერხე...

- თქვენი თაობის ქართველი ფეხბურთელებიდან კიდევ ვისთან მეგობრობდით?

- დღემდე ვმეგობრობ მურთაზ ხურცილავასთან - გულთბილი მოკითხვა გადაეცით! დროდადრო ვეხმიანებით ხოლმე ერთმანეთს მე და საშა ჩივაძე, ვალოდია გუცაევი, სხვა ვეტერანები. თითქმის ყველა ცნობილ ქართველ მოთამაშესთან ვმეგობრობდი...

- რას გაიხსენებთ როგორც მწვრთნელი, რომელსაც არაერთი ქართველი შეგირდი ჰყოლია? ვინ იყო ყველაზე ნიჭიერი ქართველი, რომელსაც თქვენს გაწვრთნილ გუნდში უთამაშია?

- უნიჭოებს გუნდში არც ავიყვანდი (იცინის). რომელი ერთი ვახსენო?! ძალიან ნიჭიერი თავდამსხმელი იყო ზაზა ჯანაშია, მაგრამ მწვრთნელებისთვის რომ დაეჯერებინა, უფრო უკეთ ითამაშებდა!

- დისციპლინას გულისხმობთ?

- დისციპლინის მხრივ ზაზას მართლაც ბევრი პრობლემა ჰქონდა... ხშირად მიხდებოდა სხვადასხვა სახის "გასაჭირიდან" მისი დახსნა.

- მაგალითად?

- არ ღირს ამაზე ლაპარაკი, მთავარია, რომ ვახერხებდი მის შველას (იცინის). დისციპლინა და საქმისადმი პროფესიული მიდგომა რომ ჰქონოდა, ზაზა ბევრად მეტს მიაღწევდა!

- ზაზას ზედმეტ წონასთან დაკავშირებული პრობლემაც ხშირად აწუხებდა...

- ეს პრობლემა ზაზას თავიდანვე აწუხებდა. ძალიან უყვარდა გემრიელად ჭამა, მეგობრებთან ყოფნა...

- ცნობილია, რომ ამის გამო, ბევრჯერ დაგიჯარიმებიათ კიდეც...

- როცა საჭირო იყო, ვაჯარიმებდით კიდეც, თუმცა, პრემიასაც ვაძლევდით. მთავარია, რომ თავის საქმეს ჩინებულად აკეთებდა, გოლები გაჰქონდა და გუნდისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელი იყო...

- გურმანობის გარდა, ზაზა ჯანაშია არაორდინარული საქციელითაც გამოირჩეოდა. ერთხელ, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე, თავისი ავტომანქანითაც კი წამოვიდა მოსკოვიდან თბილისში! გახსოვთ ეს ისტორია?

- რა თქმა უნდა, მახსოვს ეს უნიკალური შემთხვევა - ასეთი რამე მხოლოდ ზაზას თუ მოუვიდოდა თავში (იცინის). როგორც ჩანს, სურდა, ყველასთვის ეჩვენებინა, რა კარგი მანქანა აქვს.

- მართალია, რომ სწორედ თქვენ დაუმალეთ მიწვევა რომის "ლაციოდან" და იტალიაში არ გაუშვით?

- ლაპარაკი იყო, მაგრამ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე საქმე არ მისულა. რომაული კლუბი სერიოზულად რომ ყოფილიყო დაინტერესებული, არა მგონია, ჯანაშიასთვის წასვლაში ხელი შეგვეშალა. თურქეთში ხომ გავუშვით, "ლაციოში" რატომ არ გავუშვებდით?!

- მალხაზ ასათიანზე რას იტყვით?

- მალხაზი უმაღლესი დონის პროფესიონალი იყო, ამიტომაც ზაზასთან შედარებით, გაცილებით დიდხანს ითამაშა "ლოკომოტივში". მოგვიანებით კიევის "დინამოშიც" წავიყვანე... სამწუხაროდ, მძიმე ტრავმის შემდეგ, ასათიანმა ვეღარ შეძლო დიდ ფეხბურთში დაბრუნება და ადრე დაასრულა კარიერა. ცნობილია, რომ როცა მოსკოვის "ლოკომოტივში" ჩაირიცხა, ასათიანი ნახევარმცველი იყო, მე კი ცენტრალურ მცველად ვათამაშებდი. ამ პოზიციაზე დიდებულად თამაშობდა, ნამდვილი არისტოკრატი იყო. ყველაზე მეტად ჩივაძეს ვამსგავსებდი...

- თუმცა, ქართველი ქომაგების უმეტესობა გაბრაზებული იყო თქვენზე, მალხაზს ამპლუა რომ შეუცვალეთ და მცველად "გადააკეთეთ"...

- ვფიქრობ, ტყუილუბრალოდ ბრაზობდნენ - იმ პერიოდში "ლოკომოტივის" ნახევარდაცვის ხაზში უდიდესი კონკურენცია იყო, რომლის დაძლევაც მალხაზმა ვერ მოახერხა. დარწმუნებული ვარ, არ შევმცდარვარ - სწორედ ცენტრალური მცველის პოზიციაზე იყო მალხაზ ასათიანის ადგილი! მით უმეტეს, არა მხოლოდ დაცვას, შეტევაში ჩართვასაც ძალიან კარგად ახერხებდა. და რაც მთავარია, თვითონაც მოსწონდა დაცვაში თამაში! ასე რომ, მისთვის ამპლუის შეცვლა სწორი გადაწყვეტილება იყო...

- რა იყო ასათიანის ყველაზე კარგი თვისება?

- ძალიან ჭკვიანი იყო! შეეძლო, წინასწარ "წაეკითხა", რას აპირებდა მოწინააღმდეგე, როგორი პოზიცია დაეკავებინა, როდის წასულიყო შეტევაში და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ არა ტრავმა, მალხაზ ასათიანი კიდევ დიდხანს ითამაშებდა უმაღლეს დონეზე...

- საქართველოს ნაკრებმა სწორედ ასათიანის გოლით მოუგო რუსეთს. ამის გამო მალხაზს კლუბში ხომ არ "გაუბრაზდნენ"?

- რას ამბობთ, ეს ხომ თამაშია! პირიქით, ასათიანს ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდნენ. ჩვენთან ძლიერები უყვართ და პატივსაც სცემენ! ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ასათიანი ძალიან პატიოსანი, ფეხბურთისთვის თავდადებული ადამიანია...

- ჯანაშიასა და ასათიანის გარდა, თქვენი ხელმძღვანელობით სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც უთამაშიათ. მაგალითად, მიხეილ აშვეთიას, დავით მუჯირს, გიორგი დემეტრაძეს...

- კარგი ბიჭები იყვნენ. მათგან ყველაზე დიდხანს აშვეთიამ ითამაშა "ლოკომოტივში". დათო მხოლოდ ნახევარი წლის განმავლობაში გვეხმარებოდა, რამდენიმე მატჩი ჩაატარა დემეტრაძემაც, რომელსაც ხშირად აწუხებდა ტრავმები... ზოგი კარგად თამაშობდა, ზოგიერთი - შედარებით სუსტად, მაგრამ ყველანი კარგი ფეხბურთელები და ადამიანები იყვნენ...

- როგორ ფიქრობთ, რატომ აღარ იწვევენ უცხოეთში ქართველ ფეხბურთელებს?

- ეს მხოლოდ ქართული ფეხბურთის პრობლემა არ არის - იგივე ხდება რუსეთში, აზერბაიჯანში, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ამის მიზეზი ის არის, რომ ძველებური ურთიერთობა აღარ გვაქვს... თანაც, ჯანაშიას და ასათიანის თაობის ფეხბურთელები კარგად იყვნენ მომზადებული, ჰქონდათ ჩინებული ტექნიკა და ოსტატობა, ახალ თაობას კი კიდევ ბევრი შრომა სჭირდება...

- ჯანო ანანიძის თამაშს თუ ადევნებთ თვალს?

- ის ფაქტი, რომ არის ისეთი კლუბის ფეხბურთელი, როგორიც მოსკოვის "სპარტაკია", ჯანოს ბევრს ავალდებულებს. ანანიძეს ნიჭი ნამდვილად არ აკლია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი შრომა მოუწევს, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად რომ იქცეს.

- დასასრულ, რას ეტყვით ჩვენს მკითხველს, საქართველოში მყოფ თქვენს მეგობრებს?

- პირველ რიგში, დიდ მოკითხვას ვუთვლი ჩემი თაობის ყველა ქართველ ფეხბურთელს! ქართველებს კი ვურჩევ, მოთმინება გამოიჩინონ და აუცილებლად ეყოლებათ ძლიერი ნაკრებიც და კლუბებიც - მადლიან ქართულ მიწაზე ყოველთვის იბადებოდნენ და მომავალშიც დაიბადებიან ნიჭიერი ფეხბურთელები! კიდევ ვნახავთ თუ არა ჩემს გაწვრთნილ გუნდში ქართველ ფეხბურთელებს? ქართველი მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან, ჩინებული ტექნიკა და იმპროვიზაციის უნარი აქვთ და იმედი მაქვს, მათთან მუშაობა ისევ მომიწევს!