ელენეს ევროპული ბრინჯაო - კვირის პალიტრა

ელენეს ევროპული ბრინჯაო

2006 წელს 16 წლის ფიგურულად მოციგურავე ელენე გედევანიშვილმა ლიონში გამართულ თავის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დაიკავა. თუმცა, რაკი მას შემდეგ ქართველ გოგონას თვალში საცემი წარმატებისთვის აღარ მიუღწევია, ბევრმა ხელიც კი ჩაიქნია და გედევანიშვილის გამარჯვება შემთხვევითობას მიაწერა.

ელენეს ოთხი წელი დასჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ მართლაც დიდი პოტენციალის პატრონია, საფრანგეთში ნაჩვენები შედეგი კი არც შემთხვევითი ყოფილა და არც უკანასკნელი.

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილმა კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. 20 წლის ქართველი მოციგურავისთვის კონტინენტის წლევანდელი პირველობა იღბლიანი გამოდგა (გედევანიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე მეხუთედ ისრიალა) და დამსახურებულად დაიმკვიდრა თავი საპრიზო სამეულში.

ასპარეზობის პირველ დღეს ელენემ ჯონ დევენპორტის "ციებ-ცხელების" მოტივებზე აყრევინა ნაპერწკლები ციგურებს და მოკლე პროგრამის შემდეგ ტურნირში მონაწილე 41 გოგონას შორის მეოთხე შედეგი აჩვენა. ჩვენებური მხოლოდ თავისზე გაცილებით გამოცდილ და სახელიან მოციგურავეებს: იტალიელ კაროლინა კოსტნერსა და ფინელებს - კიირა კორპისა და ლაურა ლეპისტოს ჩამორჩა. პირველ დღეს ელენემ 60, 82 ქულას მოუყარა თავი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია მის კარიერაში, აქამდე გედევანიშვილის ყველაზე მაღალი შეფასება 60, 32 ქულა გახლდათ.

მოკლე პროგრამას ქართველი მოციგურავე ყოველთვის გაცილებით უკეთ ასრულებდა ხოლმე, აი, თავისუფალში კი... საბედნიეროდ, კარგად დაწყებული საქმე ელენემ ტურნირის მეორე დღესაც ასევე განაგრძო, რაც იმედს გვიტოვებს, რომ ესტონეთში ჩატარებული ევროპირველობა გარდამტეხი იქნება მის კარიერაში და ამიერიდან თავისუფალ პროგრამაში მის ასპარეზობას შიშით აღარ დაველოდებით...

103, 72 ქულა (50, 20 ტექნიკურ, 53, 52 კი პროგრამულ კომპონენტებში) - ასეთი შეფასება მიიღო გედევანიშვილმა თავისუფალი პროგრამის შესრულებისთვის. ჟორჟ ბიზეს ცეცხლოვან "კარმენს" ელენემ ქართული ნაპერწკალიც მიაშველა, ურთულესი ილეთები ჩააგვირისტა და ტალინის "საკუ სუურჰალ არენას" ყინული ისე "დახაზა", თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ მომავალ ჩემპიონს, კაროლინა კოსტნერს ჩამორჩა. იტალიელმა პირველ დღეს მოპოვებული ლიდერობა არც ასპარეზობის დასკვნით ეტაპზე გაუშვა ხელიდან და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

ორი დღის ჯამში საპრიზო სამეულმა ასეთი სახე მიიღო: კაროლინა კოსტნერი (173, 46), ლაურა ლეპისტო (166, 37), ელენე გედევანიშვილი (164, 54). 20 წლის ქართველმა ისეთი გამოცდილი მოციგურავეები ჩამოიტოვა, როგორებიც კიირა კორპი, სარა მაიერი, ჯულია სებესტიენი და სხვები არიან. 2010 წელი გედევანიშვილისთვის ჩინებულად დაიწყო, წინ კი ოლიმპიადაა.