გაგამარუ ძურიოს ჩემპიონია! - კვირის პალიტრა

გაგამარუ ძურიოს ჩემპიონია!

ტოკიოში ჩატარებული წლის პირველი სუპერტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა 22 წლის თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) და სუმოს რანგით მეორე დივიზიონის -

ძურიოს ჩემპიონი გახდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მარტის ბაშოზე ის უკვე უმაღლეს - მაკუუჩის დივიზიონში იჭიდავებს. გაგამარუმ 15 ორთაბრძოლიდან 12 მოიგო და დივიზიონის ჩემპიონი დამსახურებულად გახდა. ბოლო ტურის წინ თემურის უახლოესმა მდევარმა საკაიზავამ წაიფორხილა, გაგამარუმ კი დარჩენილი ორი შეხვედრა მოიგო და ძურიოს დივიზიონში მოჭიდავეთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა.

სამწუხაროდ, დიდია შანსი, მაკუუჩის დივიზიონში დაწინაურებულ გაგამარუს იქ თანამემამულეები აღარც დახვდნენ. ტოჩინოშინმაც (ლევან გორგაძე) და კოკაიმაც (ლევან ცაგურია) ტოკიოს ბაშო 5-10 ბალანსით დაასრულეს და რანგში დაქვეითება არ ასცდებათ. თუ ტოჩინოშინის ცუდ გამოსვლას ობიექტური მიზეზი აქვს (გორგაძემ მხრის ტრავმა ტურნირის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მიიღო და ბაშოს ბოლომდე ტრავმირებული ჭიდაობდა), პირველი ევროპელი სუმოისტის - კოკაისგან მეტს ველოდით. ახლა საკითხავი მხოლოდ ისაა, რამდენით დააქვეითებენ წოდებაში ცაგურიასა და გორგაძეს.