40 დღე გორგოძის გარეშე - კვირის პალიტრა

40 დღე გორგოძის გარეშე

6 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ერთა თასის მეორე ტურს თბილისში გერმანიასთან მატჩით გახსნის. რაგბის მოყვარულთ კარგად

მოეხსენებათ, წლევანდელი ერთა თასი 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა. ამიტომაც ბორჯღალოსანთათვის ლიდერის სტატუსის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ტიმ ლეინის სამწყსო თბილისში თებერვლის დასაწყისში შეიკრიბება და ზამთრის ბოლო თვეში გასამართი სამი მატჩისთვის (6 თებერვალს - გერმანიასთან, 13-ში - პორტუგალიაში და 27-ში - ესპანეთის წინააღმდეგ) მზადებას შეუდგება.

აქამდე გვეგონა, რომ ავსტრალიელი მწვრთნელი ყველა უძლიერესი ქართველი მორაგბის შეკრებას მოახერხებდა, მაგრამ სიხარული ნაადრევი გამოდგა - გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ეროვნულ გუნდს უპირობო ლიდერი - მამუკა გორგოძე დააკლდება, თანაც უახლოესი სამი მატჩის განმავლობაში.

საფრანგეთის ელიტური დივიზიონის "მონპელიეს" მეორეხაზელი საფრანგეთის რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიამ 40-დღიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტის პირველ რიცხვებამდე "გულივერა" მოედანზე ვერც კლუბის და ვერც ნაკრების შემადგენლობაში ვერ გავა. 30 დეკემბერს "მონპელიესა" და "სტად ფრანსეს" შეხვედრისას ქართველ გოლიათს მოწინააღმდეგე შემოელახა (მე შენ გეტყვი, გაუჭირდებოდა!), ფრანგმა დისციპლინარებმა კი გორგოძეს მეტოქისთვის თვალის დაზიანების მცდელობაში დასდეს ბრალი და დისკვალიფიკაციაც გაუშანშალეს. ნაკრების ლიდერი სამივე შეხვედრაში ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ მისი არყოფნა ყველაზე მეტად პორტუგალიელ "ლობუშებთან" მატჩშია დასანანი - ლისაბონში ხომ ურთულესი შეხვედრა გველის. შეგახსენებთ, რომ შარშან ბორჯღალოსნები პორტუგალიას თბილისში 20:20 დაუზავდნენ.