ლევან ყენია: "ჩემი შეცდომები უკვე ვაღიარე - ახლა სხვების ჯერია"
03-11-2014
ლევან ყენია: "ჩემი შეცდომები უკვე ვაღიარე - ახლა სხვების ჯერია"
დიუსელდორფის "ფორტუნადან" წამოსვლის შემდეგ, ლევან ყენია რამდენიმე კლუბში ისინჯებოდა - მოსკოვის "ტორპედოში", დონეცკის "მეტალურგში", ლაპარაკი იყო ქართულ კლუბებზეც... თუმცა, გასულ კვირას 24 წლის ფეხბურთელმა ჩეხეთის ერთ-ერთ უძველეს კლუბთან - პრაღის "სლავიასთან" გააფორმა კონტრაქტი. ლევანი ჩეხურ კლუბში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას შეეცდება.

- ძალიან გახარებული ვარ. ორთვიანი პაუზის შემდეგ, ფეხბურთი განსაკუთრებულად მომენატრა. მოუთმენლად ველი, როდის მომეცემა თამაშის შესაძლებლობა.

- "სლავია" ჩეხეთის უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, მაგრამ
დღეს როგორ აქვს საქმე?

- ფინანსურად გერმანული კლუბები უფრო ძლიერები არიან. ისე კი, "სლავიაშიც" ძალიან კარგი პირობებია - ჩინებული სტადიონი აქვთ, მწვრთნელებიც და თანაგუნდელებიც მეგობრულად შემხვდნენ. ჩემი რომ არ ეიმედებოდეთ, არც ამიყვანდნენ (იცინის). 

- "ფორტუნადან" წამოსვლის შემდეგ, რამდენიმე კლუბში იყავი სინჯებზე. დონეც
კის "მეტალურგში" სამედიცინო შემოწმებაც კი გაიარე...

- ვარჯიშს არ ვწყვეტდი, ფორმა რომ შემენარჩუნებინა, "მეტალურგს" კი პირობებზე ვერ შევუთანხმდი. რაც შეეხება მოსკოვის "ტორპედოს", ის არასერიოზული ვარიანტი იყო!

- პატარა ასაკში მიღწეულმა წარმატებამ, ვარსკვლავებთან შედარებამ და ა.შ. დათვური სამსახური ხომ არ გაგიწია? პოტენციალი სრულად რომ ვერ გამოავლინე, მხოლოდ ტრავმების ბრალია თუ შენც დაუშვი შეცდომები?
- ვისაც ახსოვს, როგორ ვთამაშობდი ტრავმის მიღებამდე, თვითონ შეაფასოს... ბევრს ერთწლიანი უთამაშებლობის შემდეგაც კი დაუსრულებია კარიერა, მე კი სამი წლის განმავლობაში ვერ ვთამაშობდი და, ბუნებრივია, არა მხოლოდ ფიზიკური, ფსიქოლოგიური ტრავმაც გადავიტანე. ყველამ, ვინც იმ მძიმე პერიოდში ჩემ გვერდით იყო, იცის, რას გავუძელი...

- სათამაშო პრაქტიკა მჭირდება - ნაკრებში დაბრუნებას ვაპირებო... ეს როგორ წარმოგიდგენია?

- ნაკრებში დაბრუნება მინდა და ამისთვის თითოეული ვარჯიშისას ვიბრძვი. ამიერიდან ოფიციალურ მატჩებშიც ვიბრძოლებ...

- ამბობდი, სანამ ქეცბაიაა მწვრთნელი, ნაკრებში აღარ ვითამაშებო! აზრი შეიცვალე თუ მწვრთნელის შეცვლას დაელოდები?
- ასე პირდაპირ არაფრის თქმა არ მსურს: უბრალოდ, მინდა ვითამაშო, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს... ისე კი, ძალიან მომენატრა ნაკრებში თამაში, ქართველი გულშემატკივარი და ამას მოედანზე დავამტკიცებ!

- რამდენიმე თვისწინანდელ ინტერვიუში თქვი - იმ გადაწყვეტილებით ჩემს თავს და ქვეყანას ვავნეო... ნანობ? საერთოდაც, მართებულია, როცა უთამაშებლობის გამო ფეხბურთელი მწვრთნელს ებუტება?
- ეს ყველაფერი მხოლოდ უთამაშებლობის გამო არ მომხდარა. არავის კრიტიკას აღარ ვაპირებ - თუ დანახვა უნდათ, ყველა ყველაფერს ხედავს! თანაც, მხოლოდ მე არ გავბუტულვარ - ჩემი შეცდომები უკვე ვაღიარე და ახლა სხვების ჯერია. დროა, სხვებმა ჩაიხედონ საკუთარ გულში!

- რას გრძნობს ლევან ყენია, როცა საქართველოს ნაკრების თამაშს ადევნებს თვალს?
- ხომ გითხარით, უზომოდ მომენატრა ნაკრებში თამაში. დანარჩენს კი მოედანზე ვიტყვი, როცა ამის დრო მოვა!
dato gogidze
12 ნოემბერი 2014 09:19
ლევან, გისურვებ წარმატებებს წარმატებებს კი თავდაუზოგავი შრომა სჭირდება, ეს იცი შენ. აბა ღმერთი გფარავდეს და მისი იმედი გქონდეს.

რედაქტორის რჩევით