"ქართული რაგბის მომავალზე არ ვნერვიულობ" - კვირის პალიტრა

"ქართული რაგბის მომავალზე არ ვნერვიულობ"

ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესი თვე დაიწყო. 8 და 23 ნოემბერს, ნოემბრის ტესტების ეგიდით, ბორჯღალოსნები ტონგასა და იაპონიას უმასპინძლებენ, შუალედში კი, "ავივა სთედიუმზე" ევროპის საუკეთესო გუნდ "ირლანდიას" ესტუმრებიან! იქამდე ევროთასზე ქართული კლუბის დებიუტიც ვნახეთ, ქართველმა 19-წლამდელებმა კი ევროპის ჩემპიონატის ფინალით გაგვახარეს. ასე რომ, საქართველოს რაგბის კავშირის თავმჯდომარე გია ნიჟარაძესთან სალაპარაკო თემის მოძებნა არც ამჯერად გაგვჭირვებია.

- სამწუხაროდ, ტესტ-მატჩებში ტრავმის გამო დაგვაკლდებიან მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი, ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე... ექიმების მეთვალყურეობით ვარჯიშობს კიდევ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე და იმედია, დაშავებულთა რიგებს აღარავინ შეემატება. ლიდერთა არყოფნა ნამდვილად დაგვეტყობა, მაგრამ რას ვიზამთ, სპორტი ასეთია - ვინც ჯანმრთელი იქნება, ის გავა მოედანზე და ბოლომდე დაიხარჯება თავისი ქვეყნისთვის!

- ტონგის ნაკრები მსოფლიო თასზეც ჩვენი მეტოქეა და, ბუნებრივია, ტესტ-მატჩში გუნდები ბოლომდე არ "გაიხსნებიან".

- ურთულესი მატჩი იქნება! რეიტინგითაც და მიღწევებითაც ტონგა ჩვენზე წინ დგას. თუმცა, გუნდების რეალური მზადება მსოფლიო ჩემპიონატამდე 2-3 თვით ადრე იწყება და უძლიერეს გუნდს ნაკრებები უშუალოდ მსოფლიო თასის წინ უყრიან თავს. ასე რომ, ინგლისში ტონგასაც სხვა ნაკრები ეყოლება და ჩვენც ახლანდელზე გაცილებით ძლიერ გუნდს გავიყვანთ! ამიტომაც თამაშის "დამალვა" აზრს კარგავს. ამის შესაძლებლობას რაგბის სპეციფიკაც არ მოგცემს, ნახევარი ძალით ვერ ითამაშებ! ლიდერები ძალიან დაგვაკლდებიან, მაგრამ სამაგიეროდ, ეს მათი შემცვლელებისთვის არის თავის გამოჩენის კარგი შანსი. ასე რომ, თავის მართლებას, წამყვანი მოთამაშეები გვაკლდა და ამიტომ ვერ ვითამაშეთო, ჩვენგან ვერ მოისმენთ!

- ტესტ-მატჩებში შედეგი გადამწყვეტი არ არის, მაგრამ იაპონიასთან ძველი ანგარიში გვაქვს გასასწორებელი...

- მსაჯის უხეში შეცდომის გამო, 2012 წელს თბილისში 3 ქულით წავაგეთ და ძალიან გაბრაზებული ვართ! არადა, იაპონელებს სამოაც დამარცხებული ჰყავთ, ტონგაც, ფიჯიც და გაცილებით ძლიერი გუნდების გამწარებაც შეუძლიათ. სხვა სფეროების მსგავსად, იაპონია რაგბიშიც საოცარი სისწრაფით ვითარდება - ამ ქვეყნის სარაგბო პირველობაში დიდი ფულია ჩადებული და ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, არა მხოლოდ ზელანდიელი და ავსტრალიელი ლეგიონერები, უკვე ევროპელებიც ჩადიან. 2019 წლის მსოფლიო თასსაც იაპონია უმასპინძლებს, აქედანვე ემზადებიან და ჩინებული ნაკრებიც ჰყავთ. თუმცა, მათთან ჩვენი ანგარიში გვაქვს!

- იაპონიასთან მატჩამდე დუბლინის სახელგანთქმულ "ავივაზე" უნდა ვესტუმროთ ირლანდიის ნაკრებს!

- საქართველოს ნაკრებისთვის უდიდესი პატივია, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ნაკრებმა საკუთარ მოედანზე რომ მიგვიწვია! "ირლანდია" ევროპის საუკეთესო გუნდია, "ექვსი ერის" ჩემპიონი, რომელსაც ბოლო ტესტ-მატჩში ზელანდიელებმა მხოლოდ ბოლო წამებზე აჯობეს. წლებია, ასეთი დონის გუნდებთან თამაშის შანსს ვითხოვთ. აჰა, მოგვეცა კიდეც და ახლა მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, გამოცდილება დავაგროვოთ, ღირსეულად ვითამაშოთ და პატივისცემა ამ თამაშითაც დავიმსახუროთ!

- ქართული სარაგბო კლუბის ევროდებიუტს როგორ აფასებთ?

- ამაზე წლების განმავლობაში ვოცნებობდით! სამწუხაროდ, საკვალიფიკაციო ეტაპი ძალიან ცუდად იყო ორგანიზებული - ყველანაირად "შეგვიწყვეს" ხელი, სათანადოდ რომ ვერ მოვმზადებულიყავით, სტადიონებთან ვერ მოგველაპარაკა, სპონსორი ვერ გვეშოვა და ა.შ. ამის მიუხედავად, დავრწმუნდი, რომ ქართული საკლუბო რაგბი არაფრით ჩამოუვარდება იტალიურს! ეგაა, იტალიელებს მეტი გამოცდილება აქვთ და შესაბამისად, საქმისადმი უფრო პროფესიული მიდგომა, საჭირო მომენტში კონცენტრაციის უკეთესი უნარი და ა.შ.

- ალბათ, უკეთესიც არის, ჯგუფურ ეტაპზე შეუთამაშებელი, ერთი კვირის შეკრებილი კლუბით რომ არ გავედით...

- გეთანხმებით. მით უმეტეს, ქართულ კლუბს სპონსორები არ ჰყავდა და, ალბათ, ვერც ტურნირში მონაწილეობისთვის საჭირო ფულს ვიშოვიდით. მოგვიწევდა ბოდიშის მოხდა - უკაცრავად, ფული ვერ ვიშოვეთ და ჩვენს ნაცვლად, ჯგუფურ ეტაპზე "როვიგო" ათამაშეთო... გაისად მსოფლიო თასია, "თბილისის კავკასიელებს" საქართველოს ნაკრების ვერც ერთი მოთამაშე ვერ დაეხმარება და, ალბათ, კიდევ უფრო სუსტი კლუბი გვეყოლება, მაგრამ მაინც უნდა ვითამაშოთ - გამოცდილება სწორედ ევროთასებზე სტაბილურად თამაშს მოაქვს. უნდა ვითამაშოთ, არც წაგების უნდა შეგვეშინდეს და მერწმუნეთ, რამდენიმე წელიწადში არა მხოლოდ იტალიურ კლუბებს დავამარცხებთ!

- ქართული რაგბი სწორი გზით რომ მიდის, ამას ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების წარმატებული თამაშიც მოწმობს...

- რაგბის აკადემია, მაღალკვალიფიციური მწვრთნელები, თანამედროვე ტექნოლოგიები - ამ სისტემის შესაქმნელად მრავალწლიანი შრომა დაგვჭირდა და დღეს ის წარმატებით მუშაობს. სწორედ ამის შედეგია, რომ ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები აბსოლუტურად განსხვავებულ რაგბის თამაშობენ. მათი სახით არაერთი ვარსკვლავი გვეზრდება და ქართული რაგბის მომავალზე ნამდვილად არ ვნერვიულობ!