"არწივი" (ვერ) ვნახეთ დაჭრილი - კვირის პალიტრა

"არწივი" (ვერ) ვნახეთ დაჭრილი

საქართველო 9:23 ტონგა

"საქართველოს ნაკრებს მეტისმეტმა სიფრთხილემ წააგებინა!"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წაგებით დაიწყო ნოემბრის ტესტ-მატჩების სერია - ტონგის ნაკრებმა აშკარად გვაჯობა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. ოკეანეთის წარმომადგენლებს ჩვენზე ძლიერი და გამოცდილი გუნდი ჰყავთ, რეიტინგშიც გვისწრებენ და ფავორიტის სტატუსი გაამართლეს კიდეც. ტონგელებთან წაგება ტრაგედიად ნამდვილად არ მიგვაჩნია, თუმცა, ალალად ვთქვათ - ჩვენი გუნდისგან მეტს ველოდით!

დიახ, ოკეანელებს ჩვენზე გამოცდილი გუნდი ჰყავთ, ტოპგუნდებსაც გაცილებით ხშირად ეთამაშებიან, საქართველოს ნაკრებმა კი ტრავმების გამო ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე მოისაკლისა (მაგალითისთვის გორგოძის, ზირაქაშვილის, ხინჩაგიშვილის, სუთიაშვილის, ფეიქრიშვილისა და ბასილაიას დასახელებაც კმარა. - ავტ.), მაგრამ... ბორჯღალოსნები კარგა ხნით ადრე დაგვპირდნენ, რომ ამის გამო თავის მართლებას არ დაიწყებდნენ - მოედანზე ვინც გავა, თავისი ქვეყნის ღირსებისთვის ის იბრძოლებსო და პირობა შეასრულეს კიდეც! საქართველოს ნაკრებმა მართლაც ბოლომდე იბრძოლა და პირველი ტაიმი 6:3 მოიგო. აი, მეორეში კი, არათუ ჩამოგდება, ჩვენებმა "ზღვის არწივების" (ტონგის ნაკრების მეტსახელია. - ავტ.) "მსუბუქად დაჭრაც" კი ვერ მოახერხეს!

მიზეზი? მარტივია - საქართველოს ნაკრებს მეტისმეტმა სიფრთხილემ წააგებინა! ჩვენი გუნდი იმდენ ყურადღებას უთმობდა დაცვით თამაშს, შესატევად არც ენერგია ეყო და აღარც ფანტაზია! მატჩის მოსაგებად გადამწყვეტი სათამაშო დისციპლინა, დაცვაში ყურადღებით თამაში და ინდივიდუალური ბოჭვები იქნებაო, - მილტონ ჰეიგმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა. ასეც იყო, პირველ ნახევარში ჩვენი გუნდი ზედმიწევნით აკურატული იყო დაცვით თამაშში, შარიქაძე-კაჭარავას ჩინებულმა ბოჭვებმა კი ტონგელებს ერთხელაც არ მისცა საფირმო რეიდების შანსი, მაგრამ ეგ იყო და ეგ - შეტევაში არაფერი გამოგვდიოდა, ტაიმი კი ზუსტად შესრულებული ორი საჯარიმოს წყალობით მოვიგეთ.

მეორე ნახევარიც პირველის მსგავსად დაიწყო - ტონგა ტაიმის დასაწყისიდანვე შეეცადა უპირატესობის მოპოვებას და როგორც კი საწადელს მიაღწია, ანუ მასპინძლების დაღლა მოახერხა, სწრაფი შეტევისთვის აგრერიგ აუცილებელი ღრიჭოებიც გამოუძებნა ბორჯღალოსანთა დაცვას. სწორედ მაშინ დაეტყო ქართულ გუნდს ტრავმირებულთა არყოფნა და შესაბამისად, "მოკლე" სათადარიგოთა სკამი. მასპინძლები ხელით თამაშს მანამდეც ერიდებოდნენ და გრძელი აბრაგანებით ცდილობდნენ მეტოქის ჩათვლის მოედანთან მიახლოებას. უშედეგოდ... გუნდი, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში ერთხელაც ვერ შეუტევს შედეგიანად, ვერ მოიგებს და... აკი წავაგეთ კიდეც!

65-ე და 70-ე წუთებზე "მფრინავმა" ტონგელებმა ზედიზედ ორჯერ გაამართლეს მეტსახელი, ქარივით ჩაუქროლეს მასპინძელთა დაცვას და თამაშიც იქვე დამთავრდა! არა, ქართველებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ, თითქოს შეტევის მოწყობაც სცადეს, მაგრამ ლელო აქეთ მივიღეთ და ანგარიში აღარც შეცვლილა - 9:23...

კიდევ ერთხელ ვიტყვი - ტონგის ნაკრები ძალიან ძლიერი და გამოცდილი გუნდია და მასთან წაგება ტრაგედია ნამდვილად არ არის. მეტიც, გუნდის ლიდერები რომ არ გვკლებოდა, დიდი შანსია, მაინც წაგვეგო, მაგრამ გულდასაწყვეტი ის არის, რომ საქართველოს ნაკრები ერთფეროვნად თამაშობდა, მხოლოდ დაცვაზე ფიქრობდა და ვერ უტევდა! ჩვენი გუნდისგან ცალკეულ ეპიზოდებშიც კი ვერ ვნახეთ ის აფეთქებები, ოკეანელებზე ბევრად ძლიერი ნაკრებებისთვის რომ გვიჩვენებია. ამის მიზეზი კი ისევ და ისევ დაღლილობა მგონია...

ტონგა მსოფლიო თასზეც ჩვენი მეტოქე იქნება, მაგრამ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველოს ნაკრებმა "არწივებს" თამაში დაუმალა - მსოფლიო თასამდე ჯერ დიდი დროა და ინგლისში ჩასვლამდე მომავალი მეტოქეების შემადგენლობაცა და კონდიციებიც არაერთხელ შეიცვლება. საქართველოს ნაკრები კი სწორედ ასეთ მატჩებში ეჩვევა დიდ გუნდებთან თამაშს და ის დროც მალე მოვა, როცა მხოლოდ თავდაცვაზე არ ვიფიქრებთ...

მანამდე კი, ნოემბერში, კიდევ ორი ტესტი გველის: 16 ნოემბერს წლის მთავარი მატჩია ჩვენთვის - დუბლინის "ავივაზე" ირლანდიის ნაკრებს ვესტუმრებით, "ექვსი ერის" მოქმედ ჩემპიონს, ანუ ევროპის უძლიერეს გუნდს! ერთი კვირის თავზე კი, გიორგობა დღეს, იაპონიის ნაკრებს ვუმასპინძლებთ და ორი წლის წინ 3 ქულით წაგებული მატჩისთვის რევანშის აღებას შევეცდებით!