"არწივი" (ვერ) ვნახეთ დაჭრილი
10-11-2014
"არწივი" (ვერ) ვნახეთ დაჭრილი
საქართველო 9:23 ტონგა

"საქართველოს ნაკრებს მეტისმეტმა სიფრთხილემ წააგებინა!"


საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წაგებით დაიწყო ნოემბრის ტესტ-მატჩების სერია - ტონგის ნაკრებმა აშკარად გვაჯობა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. ოკეანეთის წარმომადგენლებს ჩვენზე ძლიერი და გამოცდილი გუნდი ჰყავთ, რეიტინგშიც გვისწრებენ და ფავორიტის სტატუსი გაამართლეს კიდეც. ტონგელებთან წაგება ტრაგედიად ნამდვილად არ მიგვაჩნია, თუმცა, ალალად ვთქვათ - ჩვენი გუნდისგან მეტს ველოდით!

დიახ, ოკეანელებს ჩვენზე გამოცდილი გუნდი ჰყავთ, ტოპგუნდებსაც გაცილებით ხშირად ეთამაშებიან, საქართველოს ნაკრებმა კი ტრავმების გამო ძირითადი შემადგენლობის
რამდენიმე მოთამაშე მოისაკლისა (მაგალითისთვის გორგოძის, ზირაქაშვილის, ხინჩაგიშვილის, სუთიაშვილის, ფეიქრიშვილისა და ბასილაიას დასახელებაც კმარა. - ავტ.), მაგრამ... ბორჯღალოსნები კარგა ხნით ადრე დაგვპირდნენ, რომ ამის გამო თავის მართლებას არ დაიწყებდნენ - მოედანზე ვინც გავა, თავისი ქვეყნის ღირსებისთვის ის იბრძოლებსო და პირობა შეასრულეს კიდეც! საქართველოს ნაკრებმა მართლაც ბოლომდე
იბრძოლა და პირველი ტაიმი 6:3 მოიგო. აი, მეორეში კი, არათუ ჩამოგდება, ჩვენებმა "ზღვის არწივების" (ტონგის ნაკრების მეტსახელია. - ავტ.) "მსუბუქად დაჭრაც" კი ვერ მოახერხეს!

მიზეზი? მარტივია - საქართველოს ნაკრებს მეტისმეტმა სიფრთხილემ წააგებინა! ჩვენი გუნდი იმდენ ყურადღებას უთმობდა დაცვით თამაშს, შესატევად არც ენერგია ეყო და აღარც ფანტაზია! მატჩის მოსაგებად გადამწყვეტი სათამაშო დისციპლინა, დაცვაში ყურადღებით თამაში და ინდივიდუალური ბოჭვები იქნებაო, - მილტონ ჰეიგმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა. ასეც იყო, პირველ ნახევარში ჩვენი გუნდი ზედმიწევნით აკურატული იყო დაცვით თამაშში, შარიქაძე-კაჭარავას ჩინებულმა ბოჭვებმა კი ტონგელებს ერთხელაც არ მისცა საფირმო რეიდების შანსი, მაგრამ ეგ იყო და ეგ - შეტევაში არაფერი გამოგვდიოდა, ტაიმი კი ზუსტად შესრულებული ორი საჯარიმოს წყალობით მოვიგეთ.

მეორე ნახევარიც პირველის მსგავსად დაიწყო - ტონგა ტაიმის დასაწყისიდანვე შეეცადა უპირატესობის მოპოვებას და როგორც კი საწადელს მიაღწია, ანუ მასპინძლების დაღლა მოახერხა, სწრაფი შეტევისთვის აგრერიგ აუცილებელი ღრიჭოებიც გამოუძებნა ბორჯღალოსანთა დაცვას. სწორედ მაშინ დაეტყო ქართულ გუნდს ტრავმირებულთა არყოფნა და შესაბამისად, "მოკლე" სათადარიგოთა სკამი. მასპინძლები ხელით თამაშს მანამდეც ერიდებოდნენ და გრძელი აბრაგანებით ცდილობდნენ მეტოქის ჩათვლის მოედანთან მიახლოებას. უშედეგოდ... გუნდი, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში ერთხელაც ვერ შეუტევს შედეგიანად, ვერ მოიგებს და... აკი წავაგეთ კიდეც!
65-ე და 70-ე წუთებზე "მფრინავმა" ტონგელებმა ზედიზედ ორჯერ გაამართლეს მეტსახელი, ქარივით ჩაუქროლეს მასპინძელთა დაცვას და თამაშიც იქვე დამთავრდა! არა, ქართველებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ, თითქოს შეტევის მოწყობაც სცადეს, მაგრამ ლელო აქეთ მივიღეთ და ანგარიში აღარც შეცვლილა - 9:23...

კიდევ ერთხელ ვიტყვი - ტონგის ნაკრები ძალიან ძლიერი და გამოცდილი გუნდია და მასთან წაგება ტრაგედია ნამდვილად არ არის. მეტიც, გუნდის ლიდერები რომ არ გვკლებოდა, დიდი შანსია, მაინც წაგვეგო, მაგრამ გულდასაწყვეტი ის არის, რომ საქართველოს ნაკრები ერთფეროვნად თამაშობდა, მხოლოდ დაცვაზე ფიქრობდა და ვერ უტევდა! ჩვენი გუნდისგან ცალკეულ ეპიზოდებშიც კი ვერ ვნახეთ ის აფეთქებები, ოკეანელებზე ბევრად ძლიერი ნაკრებებისთვის რომ გვიჩვენებია. ამის მიზეზი კი ისევ და ისევ დაღლილობა მგონია...

ტონგა მსოფლიო თასზეც ჩვენი მეტოქე იქნება, მაგრამ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველოს ნაკრებმა "არწივებს" თამაში დაუმალა - მსოფლიო თასამდე ჯერ დიდი დროა და ინგლისში ჩასვლამდე მომავალი მეტოქეების შემადგენლობაცა და კონდიციებიც არაერთხელ შეიცვლება. საქართველოს ნაკრები კი სწორედ ასეთ მატჩებში ეჩვევა დიდ გუნდებთან თამაშს და ის დროც მალე მოვა, როცა მხოლოდ თავდაცვაზე არ ვიფიქრებთ...
მანამდე კი, ნოემბერში, კიდევ ორი ტესტი გველის: 16 ნოემბერს წლის მთავარი მატჩია ჩვენთვის - დუბლინის "ავივაზე" ირლანდიის ნაკრებს ვესტუმრებით, "ექვსი ერის" მოქმედ ჩემპიონს, ანუ ევროპის უძლიერეს გუნდს! ერთი კვირის თავზე კი, გიორგობა დღეს, იაპონიის ნაკრებს ვუმასპინძლებთ და ორი წლის წინ 3 ქულით წაგებული მატჩისთვის რევანშის აღებას შევეცდებით!
papa
24 ნოემბერი 2014 21:23
ჯავახელს

დასასრული......??
არა ....... მე დასასრულზე და ყველაფრის დამთავრებაზე კი არ ვიძახი---არა,...აბა რას ამბობ??
ღმერთმა ნუ მოგვიშალოს ქართველებს ნურც დიდი გუნდები და ნურც დიდი გამარჯვებები!!!....
(მჯერა რომ ყოველთვის ეგრეც იქნება!!) .
ამას უბრალოდ ეხლა მე იმ დიდ გუნდზე ვიძახი ირლანდიის ნაკრებს რომ კინაღამ .............დაააადო!!!
(უნდა მოეგოთ კიდეც ამ დონის შეხვედრების ცოტა მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდათ)
მე მხოლოდ აი ამ დიდ გუნდზე და დიდ გამარჯვებებზე ვამბობ დასრულდა--თქო .......თორეეემ ..ისეეეე.....რას ამბობ, ....გუნდიც იქნება და გამარჯვებებიც. ოღონდ ეგ მომავალი გამარჯვებები ეხლა უკვე ახალმა თაობამ უნდა გამოსჭედოს
იმ გუნდს უბრალოდ მეტს ვეღარ მოვთხოვთ
იმიტომ რომ იმ გუნდის ხერხემალი ფსიქოლოგიურად უკვე,,დაბერდა,,, გაცვდა, მოდუნდა. მაგათ უკვე მისაღწევს მიაღწიეს
მართალია ამ თაობას ქართულ რეგბში, ყამირი არ გაუტეხიათ(ქართული რეგბი ყოველთვის ძლიერი იყო), მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე, დამოუკიდებელი საქართველოს სახელით, ვთვლი რომ მაგათ ბევრს მიაღწიეს.
ასე რომ იმ გუნდს დიდი მადლობა და ვისაც ეს საქმე ეხება კიდევ .... იმათ ახალი გუნდი შექმნან!!
და მჯერა რომ, უფრო დიდი გუნდიც გვეყოლება და უფრო მეტი გამარჯვებებიც გვექნება

და საერთოდ .....
.....ქართული რეგბი, ქართული ფეხბურთი და ქართული ძიუდო ..მსოფლიოში ყოველთვის გამორჩეული უნდა იყოს
რათააა???..
იმიტომ!!!
იმიტომ რომ ყველაზე მეტად ქართული სული მანდააა....
მართალია ეს ჩემი პირადი აზრია ...მაგრამ ღრმად მჯერა რომ, თუ ამ სახეობებში ქართულ გულს და სულს ჩადებენ მართლა ესე იქნება.
.ყოფილა და იქნება კიდეც
ჯავახელი
23 ნოემბერი 2014 10:31
papa ეგ რასაც შენ ამბობ მარტალია, მაგრამ საკითხავია რისი დასასრული?
მე გეტყვი...კი ეს დასასრულია! ოღონდ დასაწყისის დასასრული!!!
ჩვენ ეხლა ვიწყებთ..წინ ლომებო!!!!
papa
12 ნოემბერი 2014 20:57
წესი ...წესია
ყველაფერს ააქვს დასაწყისიც და დასასრულიც....
დინამოც დიდი გუნდი იყო. მისი მომრევი გუნდი საკლუბო გუნდების დონეზე ლამის მსოფლიოშიც კი არავინ არ იყო, მაგრამ .... იმ გუნდსაც გადაუარა ზენიტმა და...... დამთავრდა ის გუნდი, ის ფეხბურთი
ესეა რეგბიც .....და ზოგადად ყველაფერიც..
ჩვენზე დიდი გუნდები ყოფილან და ისინიც დამთავრებულან.
ესეა ---არის აღმასვლა, ზენიტი და მერე დაღმასვლა
ესეა ეხლა რეგბის შემთხვევაშიც
ეს გუნდი ლამის ათი--ხუტმეტი წელი სულ ნაბიჯ ნაბიჯ იქმნებოდა. მათ თავისი წილი საქმე კაცურად გააკეთეს, მადლობა მათ
დიდი გუნდები ერთი ხელის დაკვრით არ იქმნებიან.
..ის ჟილკა წავიდა.
ეხლა ახალი თაობა, ახალი ბიჭები და ასე შემდეგ.....
ისევ იქნება დიდი გუნდიც და დიდი სიხარულიც
მთავარია ვიცით რა და როგორ გავაკეთოთ
ასე რომ ყველაფერი წინაა

რედაქტორის რჩევით