სტრონგ-მენი - რეკორდს-მენები
17-11-2014
სტრონგ-მენი -  რეკორდს-მენები
"ქართველები ძლიერი სულით გამოვირჩევით, უკან არ ვიხევთ და არც პირობების არქონას ვუშინდებით"

"გივი მარგველაშვილი: - კიევიდან ორი ოქროს მედალი წამოვიღე: ერთი ძალისმიერ სამჭიდში მოვიპოვე, მეორე კი - ამოწევაში. ამასთან, სამი მსოფლიო რეკორდიც დავამყარე:. წოლჭიმში 140 კილოგრამი ავწიე, ამოწევაში - 220 კგ, მესამე რეკორდი კი დაგროვებული კილოგრამების წყალობით დამეწერა. გარდა ამისა, ვარ ევროპის ჩემპიონი და ოთხი ევროპული რეკორდის ავტორი..."


საქართველოს ძალისმიერი სამჭიდის ეროვნულმა ნაკრებმა 19 მედალი წამოიღო კიევში გამართული მსოფლიო თასიდან.
14 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და რამდენიმე მსოფლიო რეკორდი - ასეთია ქართველ "სტრონგმენთა" შედეგი. საერთაშორისო ტურნირებზე ჩვენებურები იმდენ მედალს იხვეჭენ, ერთად რომ ავწონოთ, არა მგონია, შტანგაზე მსუბუქი გამოვიდეს, მაგრამ... წლები გადის, ქართველ "სტრონგმენთა" პირობებს კი უკეთესობისა არაფერი ეტყობა და ტურნირებზე გამგზავრებაც, უმეტესწილად, საკუთარ ან
ქველმოქმედი მეგობრების ხარჯზე უწევთ. იმედია, მსოფლიო თასზე მედლებით დახუნძლულ სამჭიდელებს ამიერიდან მაინც მეტ ყურადღებას მიაქცევენ, მანამდე კი, მსოფლიო თასის ორ მონაწილეს - გივი მარგველაშვილს და ჯიმშერ ჭელიძეს გავესაუბრეთ.  

გივი მარგველაშვილი: - კიევიდან ორი ოქროს მედალი წამოვიღე: ერთი ძალისმიერ სამჭიდში მოვიპოვე, მეორე კი - ამოწევაში. ამასთან, სამი მსოფლიო რეკორდიც დავამყარე:. წოლჭიმში 140 კილოგრამი ავწიე, ამოწევაში - 220 კგ, მესამე რეკორდი კი დაგროვებული კილოგრამების წყალობით დამეწერა. გარდა ამისა, ვარ ევროპის ჩემპიონი და ოთხი ევროპული რეკორდის ავტორი...


- არადა, აღნაგობაზე ნამდვილად არ გეტყობა, ასეთი ჯანმაგარი რომ ხარ!
- 67,5 კგ წონით კატეგორიაში ვასპარეზობ და ჩემს დანახვაზე მართლაც ძნელად იჯერებენ ხოლმე, 220 კილოგრამის დაძლევა რომ შევძელი. არადა, პაუერლიფტინგში კუნთის ზომა გადამწყვეტი არ არის. შეიძლება აღნაგობით ჩემზე დიდ მეტოქეზე მეტი ავწიო. მთავარია, ძლიერი მყესები გქონდეს და სიმძიმესაც მოერევი.

- პაუერლიფტინგში ძალა უფრო მნიშვნელოვანია, ვარჯიში, ნებისყოფა თუ ყველაფერი ერთად?
ჯიმშერ ჭელიძე: - რა თქმა უნდა, ჯანი უნდა მოგდევდეს. ისე კი, ღონის და ხანგრძლივი ვარჯიშის გარდა, მონდომება და ენთუზიაზმიც უმნიშვნელოვანესია. ვარჯიშისას ბოლომდე უნდა დაიხარჯო... მე 36 წლის ვარ, კიევის მსოფლიო თასზე ვეტერანთა ტურნირში მივიღე მონაწილეობა და ძალისმიერ სამჭიდში ოქროს მედლის მოპოვება შევძელი. მანამდე მოგებული მქონდა საქართველოს ჩემპიონატი, "შავი ზღვის ქვეყნების თასი" და ა.შ.
გივი მარგველაშვილი: - მხოლოდ ძალა არ კმარა, აუცილებელია თავდაუზოგავი ვარჯიში, რეჟიმის დაცვა, კარგი მწვრთნელი. ამიტომაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს პირად მწვრთნელს - კონსტანტინე ჯანაშიას. სხვათა შორის, ჩემს მიღწევებს იმიტომ მოჰყვა ამდენი გამოხმაურება, რომ წინა რეკორდების უმეტესობა დამხმარე საშუალებებით იყო დამყარებული, მე კი რეკორდები დოპინგის გარეშე დავამყარე! ეს დოპინგ-ტესტითაც დასტურდება!

- რით განსხვავდება ქართველი "სტრონგმენი" უცხოელისგან?
- ქართველები ძლიერი სულით გამოვირჩევით, უკან არ ვიხევთ და არც პირობების არქონას ვუშინდებით. არადა, უკეთესი პირობები და სათანადო დაფინანსება რომ გვქონდეს, მეტ წარმატებას მივაღწევდით.

- წლებია, ქართველი სამჭიდელები წარმატებით გამოდიან საერთაშორისო ტურნირებზე, მათი პირობები კი არა და არ უმჯობესდება. რატომ?

- ალბათ, იმიტომ, რომ სამჭიდი ოლიმპიური სახეობა არ არის, თორემ შედეგები ძალიან კარგი გვაქვს. სამწუხაროდ, არც დარბაზი და ინვენტარი გვიწყობს ხელს, არც დაფინანსება. ქართველი სამჭიდელების უმეტესობა ტურნირებზეც საკუთარი ხარჯით ან მეგობრების დახმარებით დადის! მაგალითად, მესამე ადგილზე გასული უკრაინელი სპორტსმენი, რომელსაც მე ვაჯობე, სახლით და ავტომანქანით დაასაჩუქრეს. წარმოგიდგენიათ, ჩემპიონს როგორ დააფასებენ! ქართველები კი ჯერაც რუსული "ბლინებით" (სიმძიმე, რომელიც შტანგაზე მაგრდება. - ავტ.) ვვარჯიშობთ, რომლებიც ძალიან დიდია. ჩვენს შტანგაზე 220 კილოგრამი რომ ააწყო, შესახედავად იმხელაა, ნახევარი ტონა გეგონება, საზღვარგარეთ კი თანამედროვე ინვენტარი აქვთ, რომელიც წონით იგივეა, თუმცა, შედარებით თხელია და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ასაწევადაც უფრო იოლი...

- ნაკრებში ქალი სამჭიდელიც ხომ გყავთ? მასზე მოგვიყევით...
ჯიმშერ ჭელიძე: - ვალიტა მელიქიძე ევროპის ორგზის ჩემპიონია. ბოლო მსოფლიო თასზე წოლჭიმში 85 კილო ასწია, აბსოლუტურ კატეგორიაში კი მესამე ადგილი დაიკავა! ძალიან უყვარს ეს სახეობა და დიდი ენთუზიაზმითაც ვარჯიშობს. ვალიტა ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს, რაკიღა იქ ხშირად ტარდება მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები და იქვე მომზადება ურჩევნია. პირობებიც გაცილებით უკეთესია...

- სანამ სპორტსმენი შტანგასთან მივა, თავს როგორ იმხნევებს ან მწვრთნელი როგორ ამხნევებს?
გივი მარგველაშვილი: - როცა შტანგასთან მიდიხარ, პირველ რიგში პირჯვარი უნდა გადაისახო და უფალს დახმარება სთხოვო - მის გარდა ამ დროს ვერავინ დაგეხმარება! მხოლოდ იმაზე უნდა იფიქრო, რომ ამ წონის დაძლევას შეძლებ! ამ დროს გამამხნევებელი შეძახილებიც ისმის ხოლმე, მაგრამ ისე ხარ "გათიშული", არავის ხმა არ გესმის, მხოლოდ შტანგაზე ფიქრობ.

ჯიმშერ ჭელიძე: - სპორტსმენები ყვირილით, შეძახილებით ერთმანეთსაც ვამხნევებთ და საკუთარ თავსაც და ამავდროულად, შოუს ელემენტებიც შეგვაქვს ასპარეზობაში.

- ჯიმშერ, თქვენ "ნიჭიერშიც" ხომ მონაწილეობთ?
- დიახ. "უძლიერეს მამაკაცში", ანუ "სტრონგმენშიც" ვვარჯიშობ და ძალისმიერი ნომრები "ნიჭიერშიც" წარმოვადგინე - "ფერმერის გასეირნება" (115-კილოგრამიანი ორი ჩემოდნის წაღება) და "მოუხერხებელი შტანგისტი" (120-კილოგრამიანი მორის აგდება). მეორე ტურში გადავედი და შევეცდები, იქ უფრო შთამბეჭდავი სანახაობა გიჩვენოთ.

- "სტრონგმენი" ახსენეთ - მსგავს შეჯიბრებებში საზღვარგარეთაც მიგიღიათ მონაწილეობა?

- უცხოეთში არა, მაგრამ საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მძიმე წონაში ვიასპარეზე.

- ფიზიკურ ძალას დარბაზის გარეთაც იყენებთ? ნაძლევებსაც ხომ არ იგებთ ხოლმე?
- არა, ვცდილობთ, დარბაზის გარეთ ძალა არ გამოვიყენოთ... სხვათა შორის, მეც და გივიც ქუთაისელები ვართ. კიევში მოპოვებული 14 მედლიდან ხუთი მედალი  ოთხმა მონაწილემ ქუთაისში  წავიღეთ, დანარჩენი კი თბილისში დარჩა (იცინის). გივი მარგველაშვილმა პირადს და აბსოლუტურში გაიმარჯვა, დანარჩენი სამი კი თითო მედალს დავჯერდით...
amerikeli
18 ნოემბერი 2014 06:44
"ქართველები ძლიერი სულით გამოვირჩევით, უკან არ ვიხევთ და არც პირობების არქონას ვუშინდებით."

ნუ ამბობთ ასეთ სისულელებს - მთელ ინტერვიოუს და აზრებს ხაზი ესმება - იოტისოდება ჭკუას რომ არ აქვს თავში ადამიან და ეს რომ გამოჩნდება.

რედაქტორის რჩევით