"თემური წყობილების" დასასრული
"თემური წყობილების" დასასრული
"თემური და მისი რაზმი" დაიშალა...

მეტი ბრძოლა და ნაკლები გოლი (გატანილიც და გაშვებულიც) - ასეთ გუნდად ჩამოყალიბდა საქართველოს ნაკრები ქეცბაიას ხელში


თემურმა ვერ მოახერხა გუნდის გაერთიანება - ის თავისთვის იყო, "რაზმელები" - თავისთვის... გასული ხუთი წლის განმავლობაში გუნდი და მწვრთნელი იშვიათად იყო ერთიანი სხეული. და ეს მხოლოდ ფეხბურთელების ბრალი არ არის, რადგან თემურ ქეცბაიას არასოდეს უთქვამს, შეცდომა დავუშვიო. დამნაშავენი ყოველთვის სხვები იყვნენ - მოქმედი თუ ვეტერანი ფეხბურთელები, თანამდებობის პირები, ჟურნალისტებიც
კი...

საქართველოში დღემდე უყვართ ფეხბურთელი თემურ ქეცბაია. ის გულიანი, მებრძოლი, ემოციური ფეხბურთელი იყო და სხვებისგანაც იმავეს ითხოვდა, მწვრთნელმა ქეცბაიამ კი ეს ვერ შეძლო...
საქართველომ ვერ გაუგო მწვრთნელ თემურ ქეცბაიას!
მეტიც - იმ ხალხმა, ვინც ხუთი წლის წინ დიდი იმედით შეხვდა ნაკრების ახალ თავკაცს, ბოლო სანაკრებო
შეხვედრის შემდეგ ერთი ტაშიც კი ვერ გაიმეტა გასახდელისკენ მიმავალი თავჩაქინდრული მწვრთნელისთვის...
პროფესიული ცოდნის გარდა, მწვრთნელს ფსიქოლოგისა და დიპლომატისთვის აუცილებელი თვისებებიც სჭირდება, ნაკრების ექსთავკაცს კი ეს უნარები არ აღმოაჩნდა. ის ემოციური კაცია და რასაც ფიქრობს, პირდაპირ ამბობს!

ქეცბაია მართალია - ქართველი ფეხბურთელები პოსტსაბჭოთა ქვეყნების გუნდებსაც აღარ უნდათ, ნაკრების მოთამაშეთა უმეტესობას სათამაშო პრაქტიკა აკლია, ზოგიერთი კი სულაც უგუნდოდაა... სანაკრებო შეკრებაზე ჩასული ფეხბურთელის სამ დღეში მომზადება შეუძლებელია, მაგრამ მწვრთნელი ხომ სწორედ იმისთვის არის, რომ ნაკრებში საუკეთესო ფეხბურთელებს უხმოს და არა ისეთებს, არათუ სათამაშო პრაქტიკას, საკლუბო განაცხადში მოხვედრასაც რომ დანატრებული არიან?!

"თემური წყობილება" საქართველოს ნაკრებისთვის უჩვეულოდ დიდხანს - ხუთ წელიწადს გაგრძელდა. რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში ქვეყნის მთავარ გუნდში? ახალი (და ახალგაზრდული) გუნდის შექმნა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ გამოვიდა, რეიტინგში კი ისევე, როგორც ხუთი წლის წინ, ახლაც ასეულს მიღმა ვართ...
მეტი ბრძოლა და ნაკლები გოლი (გატანილიც და გაშვებულიც) - ასეთ გუნდად ჩამოყალიბდა საქართველოს ნაკრები ქეცბაიას ხელში. ნაკრები დიდი ანგარიშით აღარ აგებდა ოფიციალურ მატჩებს (პოლონეთთან შეხვედრა გამონაკლისია. - ავტ.), მაგრამ ამავე დროს, შეტევაც დაავიწყდა და აუცილებლად მოსაგებ მატჩებშიც მხოლოდ დაცვაზე ვფიქრობდით.
სწორი იყო ეს თუ არა, დრო და ახალი მწვრთნელი გამოაჩენს. ის კი ფაქტია, რომ თემურ ქეცბაიასთვის უმთავრეს მიზნად თამაშის არწაგება იქცა...

ესპანეთთან არწაგება კარგია. არც პოლონეთთან ფრე ან შოტლანდიიდან წამოღებული ქულაა ცუდი, მაგრამ როცა ევროპის ჩემპიონატისკენ იწევ, შეტევა უშუალო კონკურენტებთან მაინც უნდა გაბედო!
როცა თემურ ქეცბაიას ეკითხები - 0:1-ის დროს რა აზრი აქვს საყრდენი ნახევარმცველის ნაცვლად იმავე ამპლუის ფეხბურთელის გამოყვანას, ან ფორვარდის ფორვარდით შეცვლას, ჰგონია, რომ მტერი ხარ - პირადად მისი და ზოგადად - ქართული ფეხბურთის! რომ ნაკრების წარმატება არ გიხარია!
არადა, ნეტავ კი იყოს. ნეტავ წარმატება გვაჩვენა და ქართული ფეხბურთის გამარჯვებებზეც ისეთივე აღმაფრენით დავწერთ, მორაგბეებზე, კალათბურთელებზე, მოჭიდავეებზე რომ გვილაპარაკია!
მეგონა, ნაკრების თავკაცი ბოლო მატჩში მაინც უღალატებდა პრინციპს და უფრო შემტევ შემადგენლობას გაიყვანდა მოედანზე. დაე, წაეგო დიდი ანგარიშით (აკი, მაინც სამარცხვინოდ წავაგეთ! - ავტ.), თავის სიმართლეში ხომ მაინც დაგვარწმუნებდა? გვაჩვენებდა, რომ ამ ფორმაციის ნაკრებისთვის შეტევა დამღუპველია...
არადა, ლევან მჭედლიძეს მეორე ფორვარდიც რომ დახმარებოდა, ვინ იცის, იქნებ მოგვეგო კიდეც და თემურ ქეცბაია ნაკრების მწვრთნელობასაც ისევე ლამაზად გამოთხოვებოდა, როგორც დიდი ხნის წინ ფეხბურთელობას გამოეთხოვა...

დავიჯეროთ, მისთვის ბოლო სანაკრებო მატჩშიც არწაგება იყო მთავარი?!
მატჩზე კი რა უნდა ვთქვათ? პირველ ნახევარში არა გვიშავდა, აი, მეორეში კი... ქეცბაიამაც აღიარა, რომ პოლონეთთან მატჩის მეორე ტაიმზე "სალაპარაკოც არაფერია"...
"თემური წყობილება" დამთავრდა. არ ვფიქრობ, რომ ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ საქართველოს ნაკრებში რამე ძირეულად შეიცვლება. იქნებ მოგვენატროს კიდეც ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, იქნებ ახალი თავკაცის ხელში უარესი შედეგი გვქონდეს, მაგრამ ერთში კი დარწმუნებული ვარ - თემურ ქეცბაიას ადგილი აღარ იყო საქართველოს ნაკრების სათავეში. მისი ხელმძღვანელობით ნაკრები ამაზე წინ ვეღარ წავიდოდა...
როგორი იყო ეს ხუთწლედი, ამას დრო და ახალი მწვრთნელი დაგვანახებს.
ის კი ნამდვილად დასანანია, რომ ქეცბაია ისე ვერ წავიდა ნაკრებიდან, მისი, როგორც ფეხბურთელის კარიერა რომ იმსახურებდა.

თემურ ქეცბაია ნაკრებიდან თავჩაქინდრული წავიდა...
bacho
24 ნოემბერი 2014 21:47
კუპერიც იყო ნაკრების მწვრთნელი მაგრამ ვარსკვლავები არ მოუწყვეტიათ ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო ნაკრებში ქეცბაი როგორც ფეხბურთEლი და ჭარსულს მაინც ეცით ამ ადამიანისდას პატივი თუ სულ ერთია ყველაფერი და ყველა უნდა ვლანძGოთ ქართველებმა რაც შეედზლო გააკეთა
.
18 ნოემბერი 2014 16:37
ასეთ შემთხვევებში ფედერაციაც უნდა გადამდგარიყო, გააბანძეს ფეხბურთი
ძველი გულშემატკივარი.
17 ნოემბერი 2014 19:53
ქეცბაიას 5 წლის ნაკრების სათავეში ყოფნის შედეგი სახეზეა. შეიძლება, არც სხვა მწვრთნელის ხელში ყოფილიყო უკეთესი შედეგი, მაგრამ ის რვაციფრიანი თანხა, რომელიც მას გადუხადეს, შეიძლებოდა ბავშვთა ფეხბურთს განვითარებას მოხმარებოდა. ნაკრების არგენტინელმა მწვრთნელმა კუპერმა, როდესაც დაინახა, რომ შედეგს ვერ აღწევდა, უარი თქვა გასამრჯელოს ნაწილზე. მაგრამ ამისათვიუს სინდისია საჭირო და არა ამბიციურობა და ყველასადმი იმის კიჟინი, რომ წარმატებული ადამიანისადმი (თავის თავს გულისხმობდა!) ყველა ქართველს შური კლავს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები