ქართული რაგბის ნანატრი სტადიონი! - კვირის პალიტრა

ქართული რაგბის ნანატრი სტადიონი!

"მორაგბეებს საკუთარი სტადიონი ექნებათ, რათა საფეხბურთო მოედნებზე "ნაცნობობით" შეშვება, ან მხოლოდ

2 ათასი ქომაგის წინაშეთამაში არ დასჭირდეთ"

გასული კვირა უმნიშვნელოვანესი იყო ქართული რაგბისთვის. გიორგობა დღეს ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩში იაპონელ "საკურებს" დავუხვდით და... მატჩის შედეგი თქვენ უკვე იცით, თუმცა, "კვირის პალიტრის" ფორმატიდან გამომდინარე, 23 ნოემბრის შეხვედრაზე გაზეთის ამ ნომერში ვერაფერს გეტყვით.

სამაგიეროდ, გვაქვს სიახლე, რომელიც რაგბის ყველა ქომაგს გაახარებს: რამდენიმე წელიწადში ბორჯღალოსნებისთვის დიღომში აშენდება ახალი, თანამედროვე სტადიონი, რომელიც 25-30 ათას მაყურებელს დაიტევს!

ქართული რაგბის საშინაო არენა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს", საქართველოს სახელმწიფოსა და რაგბის კავშირის ერთობლივი ძალისხმევით აშენდება. ამის შესახებ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ილაპარაკეს სპორტისა და ახალგაზრდობის მინსტრმა ლევან ყიფიანმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ. მათი თქმით, საპროექტო სამუშაო უკვე დაწყებულია, 2017 წლის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობა კი, რომლის სამასპინძლოდაც საქართველომ უკვე შეიტანა განაცხადი, მნიშვნელოვანწილად სწორედ ახალი არენის აშენებაზე იქნება დამოკიდებული! ტურნირის მასპინძელი ქვეყნის ვინაობა გაზაფხულზე გაირკვევა, საერთაშორისო ფედერაციამ კი გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ახალი მოედნის მშენებლობა დაიწყო. პარალელურად, მიმდინარეობს მიწის ნაკვეთების მოწყობა სავარჯიშო მოედნების მოსაწყობად, რაც საერთაშორისო ფედერაციის ერთ-ერთი მოთხოვნაა.

მთავარია, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მორაგბეები ბოლოს და ბოლოს, მიიღებენ საკუთარ სტადიონს, რომელიც დიდი ხანია დაიმსახურეს!

სწორედ ამიტომ არის ეს ახალი ამბავი ნებისმიერი მატჩის შედეგზე მნიშვნელოვანი. რაკიღა იაპონიაც, ტონგაცა და მათზე ძლიერი გუნდებიც საქართველოში კიდევ არაერთხელ ჩამოვლენ, მათ ღირსეულად დასახვედრად და რაც მთავარია, დასამარცხებლად, მორაგბეებს საკუთარი სტადიონი ექნებათ, რათა საფეხბურთო მოედნებზე "ნაცნობობით" შეშვება ან მხოლოდ 2 ათასი ქომაგის წინაშე თამაში არ დასჭირდეთ...

საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით საქართველოში ორ ათეულზე მეტი სარაგბო კერა შენდება. თუმცა, ბორჯღალოსნებს ძირითადი არენა მაინც თბილისში ეკუთვნოდათ და... ექნებათ კიდეც.

პრესკონფერენციაზე სხვა სასიამოვნო ამბავიც გაჟღერდა: 17 ნოემბერს ლონდონში IRB-ის ("რაგბის საერთაშორისო საბჭო") ეგიდით გამართულ რაგბის მსოფლიო კონფერენციაზე ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის "IღBB-ის განვითარების ჯილდო" (IRB Development Award) გადაეცა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს. ჯილდო ფონდ "ქართუს" პროექტების მენეჯერმა ირაკლი ქარსელაძემ მიიღო. დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძეც ესწრებოდნენ.

P. S. იმავე კონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ "რაგბის საერთაშორისო საბჭოს" (IRB) ამიერიდან "მსოფლიო რაგბი" (World Rugby) ეწოდება.