"თემურს შეეძლო გაცილებით ადრე ელაპარაკა ამ ყველაფერზე" - კვირის პალიტრა

"თემურს შეეძლო გაცილებით ადრე ელაპარაკა ამ ყველაფერზე"

"ვინც მოედანზეა, მოგება-წაგებაში თანაბრად მიუძღვის ბრალი"

"ხუთი დღე არ მივარჯიშია და დარწმუნებული ვიყავი, რომც წავსულიყავი, ნაკრებს ვერ დავეხმარებოდი და ტყუილად, ადგილი რატომ უნდა გამეცდინა? ფორმაში თუ არ ვიქნები და გუნდს სარგებლობას ვერ მოვუტან, მოედანზე ყოფნას რა აზრი აქვს?"

ბოლო სანაკრებო მატჩებია, ლევან მჭედლიძე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს: პოლონეთთან შეხვედრის პირველ ტაიმში იტალიური "ემპოლის" ფორვარდი მასპინძელთაგან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, გიბრალტართან მატჩის განაცხადში კი ტრავმის გამო ვერ მოხვდა და... სწორედ იმ დღეს კლუბის მაისურით ოთხი ბურთი გაიტანა! მას შემდეგ, ლევან მჭედლიძეს ქართველ ჟურნალისტებთან არ ულაპარაკია, "კვირის პალიტრას" კი ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ყველა კითხვაზე გვიპასუხა:

- ლევან, პოლონეთთან მატჩით დავიწყოთ...

- არც ვიცი, რა ვუთხრა ქართველ გულშემატკივარს ასეთი ანგარიშით წაგების შემდეგ... პირველ ნახევარში ცუდად არ გვითამაშია, მერე კი... ისეთი დონის გუნდი, როგორიც პოლონეთია, დაცვაში ზონების გახსნასა და შეცდომის დაშვებას არ გაპატიებს. არც გვაპატია... არადა, მხოლოდ პირველ ტაიმს თუ შევაფასებთ, წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით - მომენტები ორივე ნაკრებმა შექმნა და ვერც ერთმა გამოიყენა... თუმცა, პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და როცა თავის გასამართლებელი არაფერი მაქვს, არც ვაპირებ, თავის მართლება დავიწყო...

- არადა, თავის მართლება, ალბათ, ყველაზე ნაკლებად გეკუთვნის: ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყავი და ბურთი მხოლოდ ჩვენს ნახევარზე რომ არ იყო, დიდწილად სწორედ შენი დამსახურებაა...

- ვინც მოედანზეა, მოგება-წაგებაში თანაბრად მიუძღვის ბრალი. ასე რომ, პოლონეთთან 0:4 წაგებაში მეც ისეთივე დამნაშავე ვარ, როგორც მოედანზე გასული სხვა ქართველები! ტრავმა ახალი მოშუშებული მქონდა, მაგრამ თავი არ დამიზოგავს, რაც შემეძლო, ვიბრძოლე... თუმცა, დღესდღეობით, პოლონელებს ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდი ჰყავთ და ეს მატჩის მეორე ნახევარმაც აჩვენა. ამ გუნდმა 2:0 აჯობა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიის ნაკრებს და ამით ყველაფერი ნათქვამია!

- ტრავმა ახალი მორჩენილი მქონდაო. შეცვლაც ამის გამო ითხოვე მატჩის 68-ე წუთზე?

- მადლობა ამ კითხვისთვის! თემურ ქეცბაიას ბევრი აკრიტიკებდა - მჭედლიძე არ უნდა შეგეცვალაო. არადა, ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება არ ყოფილა, შეცვლა თავად ვითხოვე! მეტოქესთან ერთ-ერთი შეჯახების შემდეგ, თავბრუსხვევას ვგრძნობდი, როგორც გაირკვა, მსუბუქი ტვინის შერყევაც მიმიღია. იმედი მქონდა, თავბრუსხვევა მალე გამივლიდა და თამაში გავაგრძელე, მაგრამ... თუ გუნდს სარგებელს ვერ მოვუტანდი, მოედანზე ჩემს ყოფნას რა აზრი ჰქონდა? სჯობდა, ჯანმრთელ ფეხბურთელს ეთამაშა და როცა მწვრთნელმა მოედნიდან კობახიძის გაყვანა დააპირა, დავუძახე, მე შემცვალე-მეთქი...

- პირველი ნახევრით ყველანი კმაყოფილი დავრჩით. შესვენების დროს რა გითხრათ მწვრთნელმა?

- სათქმელი ბევრი არც არაფერი ყოფილა - თამაში პირველი ტაიმის მსგავსად უნდა გაგვეგრძელებინა და ჩვენს შანსს დავლოდებოდით. ვიცოდით, რომ ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებოდით, მაგრამ მოგება გვჭირდებოდა და პირველმა ნახევარმა დაგვარწმუნა, რომ ეს შეგვეძლო! სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები სტანდარტული მდგომარეობიდან გატანილმა ორმა გოლმა გატეხა... ძალიან ძნელია, როცა მეტოქეს ტოლ-სწორად ეთამაშები და უეცრად "სტანდარტიდან" უშვებ ორ ბურთს... 0:2-ზე დასაკარგი რაღა გვქონდა - შევუტიეთ, ზონები კიდევ უფრო მოვაშიშვლეთ და კიდევ ორი გოლი მივიღეთ...

- წინასწარ იყო ცნობილი, რომ პოლონეთთან მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაია თანამდებობას ტოვებდა. ამის გამო ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ორმაგად მობილიზება ხომ არ გთხოვათ?

- თემური პროფესიულად მიუდგა საქმეს. ბუნებრივია, ძალიან სურდა, მისთვის ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მატჩი დადებითი შედეგით დასრულებულიყო, მაგრამ ჩვენ აღარ დაგვიმატა წნეხი და ამ თემაზე არაფერი უთქვამს. ისე კი, ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა, როცა მწვრთნელი თამაშის წინ აცხადებს, შედეგის მიუხედავად, გუნდიდან მივდივარო! ნაკრებში ჩასულმა ფეხბურთელმა თამაშზე იფიქროს თუ მწვრთნელის განცხადებებზე? თუმცა, ვიმეორებ, თემურს ამ თემაზე ჩვენთან არ ულაპარაკია.

- ნაკრებში მის ხუთწლიან მუშაობას როგორ აფასებ?

- მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი... თუმცა, თემურ ქეცბაიას პროფესიონალიზმში ეჭვი არასდროს შემპარვია. ვიცი, რომ ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და ქართული ფეხბურთისთვისაც მხოლოდ კარგი სურდა... ხუთი წელიწადი დიდი დროა, დიდი ნდობაა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ უნდა წასულიყო და ეს მისი არჩევანია... სამწუხაროდ, სანაკრებო შეკრებაზე ჩამოსვლისას პრესით, ტელევიზიითა თუ პირადი საუბრებით მხოლოდ ქართული ფეხბურთის პრობლემებზე ლაპარაკი გვესმის. ვიცი, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, მაგრამ ნაკრებში ჩასული მოთამაშე მხოლოდ მომავალ მატჩზე უნდა იყოს კონცენტრირებული...

- ოფიციალური ინფორმაციით, გიბრალტართან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვე. არადა, ზუსტად იმ დღეს ოთხი ბურთი გაიტანე "ემპოლის" მაისურით!

- გავრცელდა ხმა, თითქოს ქეცბაიაზე იმის გამო ვიყავი ნაწყენი, ირლანდიასთან მატჩში 87-ე წუთზე რომ შემიყვანა მოედანზე. ნაკრებში ჩამოსვლაზე უარი არასდროს მითქვამს! უბრალოდ, თემურს არ დავეთანხმე შეფასებაში, თითქოს მხოლოდ "სტატიკური ფორვარდი" ვარ, "საჯარიმოს თავდამსხმელი", რომელმაც მხოლოდ მაშინ უნდა ითამაშოს, როცა გუნდი უტევს! არადა, "ემპოლიში" ეს რომ გაიგეს, გაეცინათ, ამდენი წელია იტალიაში ვთამაშობ და ყველა მწვრთნელი იმას მთხოვს, "სტატიკური ფორვარდი" იყავიო. არადა, არ ვარ... ქართული ხასიათი მაქვს და ბურთის მოლოდინში მეკარის სიახლოვეს დგომას ბურთთან ხშირი შეხება, საჯარიმოში შორიდან შესვლა, ტექნიკური თამაში მირჩევნია! როცა ეს ვთქვი, ჩათვალეს, რომ ნაკრების მწვრთნელზე გავბრაზდი და შეკრებაზე ამიტომ არ ჩამოვედი... მხოლოდ ის ვთქვი, გასაგებია, რომ მწვრთნელი "სტატიკურ ფორვარდად" მიმიჩნევს, მაგრამ თუ არც ირლანდიასთან მათამაშებს და არც შოტლანდიასთან, აბა, როდისღა უნდა გამოვადგე გუნდს, მხოლოდ გიბრალტართან?

- ფაქტია, რომ ნაკრებში არ ჩამოხვედი, გიბრალტართან მატჩის დღეს კი კლუბში "პოკერი" შეასრულე...

- 5 ოქტომბერს "პალერმოსთან" მატჩის ბოლო წუთებზე ძველი ტრავმა გამიმიზეზდა. კლუბის ექიმებმა მითხრეს, შეგიძლია ნაკრებში წახვიდე და იქაც გაგსინჯონ, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ ვერ ითამაშებ, ფეხი არ "გაგიშვებსო". მინიმუმ ერთკვირიანი დასვენება გამომიწერეს. 11 ოქტომბერს შოტლანდიასთან მატჩი იყო, 14-ში - გიბრალტართან. ხუთი დღე არ მივარჯიშია და დარწმუნებული ვიყავი, რომც წავსულიყავი, ნაკრებს ვერ დავეხმარებოდი და ტყუილად, ადგილი რატომ უნდა გამეცდინა? ფორმაში თუ არ ვიქნები და გუნდს სარგებლობას ვერ მოვუტან, მოედანზე ყოფნას რა აზრი აქვს?

- თუმცა, მაინც ძნელი გასაგებია, რატომ არ თამაშობს ნაკრებში ფეხბურთელი, რომელსაც იმავე დღეს ოთხი გოლი გააქვს...

- მხოლოდ საქართველოში კი არა, ასეთი რამის გაგება ნებისმიერი ქვეყნის ქომაგს გაუჭირდება... სიმართლე კი ის არის, რომ ხუთი დღე მართლაც არ მივარჯიშია, გიბრალტართან მატჩის დღეს გამართულ ამხანაგურ მატჩში კი მწვრთნელმა მეორე ტაიმში შემიყვანა მინდორზე, თანდათანობით რომ აღმედგინა ფორმა. თანაც, ყოველ წამს მიმეორებდა, ოდნავი ტკივილიც რომ იგრძნო, არ გარისკო, მითხარი და მაშინვე შეგცვლიო... მომდევნო მატჩშიც, ერთი კვირის შემდეგ, მხოლოდ ხუთი წუთით შემიშვა მოედანზე...

- თემურ ქეცბაია თუ გელაპარაკა ამ საკითხზე?

- იცოდა, როგორც იყო საქმე და ამ საკითხზე კითხვაც არ გასჩენია, თორემ პოლონეთთან მატჩისთვის ხომ აღარ გამომიძახებდა? ნაკრებში ჩამოსვლა რომ არ მნდომოდა, ვიტყოდი! სიტყვიერი გაფრთხილებით არასდროს დავკმაყოფილებულვარ, კლუბის ექიმს ყოველთვის ვეუბნები, გამსინჯეთ და რენტგენის ფოტოებთან ერთად, ნაკრებში შესაბამისი დასკვნაც გადაგზავნეთ ჩემი მდგომარეობის შესახებ-მეთქი. ასე მოვიქეცით ოქტომბრის მატჩების დროსაც...

- როგორ ფიქრობ, რა შეიცვლება საქართველოს ნაკრებში ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ?

- მინდა, პირველ ყოვლისა, ის ვითარება შეიცვალოს, რაზეც უკვე ვილაპარაკე - ნაკრებში ჩასული ფეხბურთელი მხოლოდ მომავალ მატჩზე უნდა ფიქრობდეს! ჩვენთან კი... წარმოიდგინეთ, რამდენი პრობლემაა გარშემო, როცა მნიშვნელოვანი თამაშის წინ მწვრთნელი ამბობს, რომ ქართული ფეხბურთი "გაპარტახებულია", "მკვდარია" და ა.შ. არადა, ყველა ეს პრობლემა ხომ ხუთი წლის წინაც იყო და სამი თვის წინაც? თუ ახლა "მკვდარია", დარწმუნებული ვარ, არც ერთი თვის წინ იყო ცოცხალი! თემურს შეეძლო გაცილებით ადრე ელაპარაკა ამ ყველაფერზე...

- საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრებს ქართველი მწვრთნელი უფრო გამოადგება თუ უცხოელი?

- მთავარია, პროფესიონალი იყოს, თავისი ფეხბურთელების შესაძლებლობებიც რომ ეცოდინება და მეტოქის თამაშსაც გაშიფრავს, ფეხბურთელებს კონკრეტულ დავალებას მისცემს... ნაკრების ყველა ფეხბურთელმა უნდა იცოდეს, რა ევალება, თავისთვის კი არა, თანაგუნდელებისა და ნაკრებისთვის უნდა თამაშობდეს და რაც მთავარია, სათამაშო პრაქტიკა უნდა ჰქონდეს! არათუ უგუნდოდ, პრაქტიკის გარეშეც რომ ვიყო და ნაკრებში გამომიძახონ, ჩამოსვლაზე უარს ვიტყვი! მხოლოდ ერთი კვირა გამიცდა და მაინც ვერ გავრისკე ნაკრებში წამოსვლა. განა იმიტომ, რომ არ მინდოდა? "პალერმოდან" წამოსვლის შემდეგ, ცხრა თვე უგუნდოდ ვიყავი და იმ პერიოდში არც ერთ ასაკობრივ გუნდში არ ჩამოვსულვარ...

- კარგი იქნება, ყველა შენსავით რომ ფიქრობდეს...

- 24 წლის ვარ და ოფიციალურად, 21 სხვადასხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით მითამაშია! ასე რომ, გამოუცდელობას ვერ დამწამებთ (იცინის). მაგალითად, "ემპოლიში" ყველამ იცის, რომ მწვრთნელის სიტყვა კანონია! ნაკრებში ჩასულს ის კი არ უნდა მითხრან, ბოლომდე დაიხარჯეო, ეს ისედაც ვიცი და ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები! მინდა, მოწინააღმდეგე გუნდი გამიშიფრონ, კონკრეტული დავალება მომცენ!