ზვიად სიჭინავა: "ქართული ფეხბურთი მკვდარი არ არის!" - კვირის პალიტრა

ზვიად სიჭინავა: "ქართული ფეხბურთი მკვდარი არ არის!"

"მთავრობასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. თუ არ ვეხუტები და ვკოცნი, ე. ი. ვინმესთან ცუდი ურთიერთობა მაქვს?"

"ნაკრების გამოსვლა შეაფასეო - ანგარიში ტაბლოზეა!"

ვინ გახდება საქართველოს ნაკრების ახალი სარდალი - ფეხბურთის ქართველ ქომაგს ახლა ყველაზე მეტად სწორედ ეს აინტერესებს. თუმცა, არანაკლები აჟიოტაჟი მოჰყვა ზვიად სიჭინავას განცხადებასაც - არ გამოვრიცხავ, სფფ-ის პრეზიდენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობა ისევ მივიღოო! ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ თავკაცთან ინტერვიუ ნაკრების მწვრთნელობის მსურველთა დოსიეებით დაფარულ მაგიდასთან შედგა და საუბარიც ამ თემით დავიწყეთ:

- ფედერაციას შეთავაზება არც ერთი მწვრთნელისთვის არ გაუკეთებია, თუმცა, თავადაც ხედავთ, რამდენი  CV დევს ჩემს მაგიდაზე. თუნდაც, ლოთარ მათეუსზე ვთქვათ - ამბობს, საქართველოს ნაკრების გაწვრთნა არ მინდაო. არადა, მისი CV მისმა აგენტებმა გამოგვიგზავნეს. თხუთმეტამდე უცხოელის დოსიეს თავადაც ხედავთ, "ლელოც" დაგვეხმარა და 7 ქართველი მწვრთნელის კანდიდატურა დაასახელა. ქართველი თუ უცხოელი? ჯერ არ გადაგვიწყვეტია (ინტერვიუ ჩაწერილია 27 ნოემბერს. - ავტ.), თუმცა, უფრო ქართველისკენ ვიხრებით. ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს, დისციპლინა დაამყაროს, მხოლოდ "კარგი ბიჭობა" არაფერს ნიშნავს...

-  მხოლოდ "კარგი ბიჭობა" რომ არ კმარა, წინა მწვრთნელის მაგალითმაც დაადასტურა...

- უცხოელებზე მეტი წარმატება ჩვენს ნაკრებში ქართველ მწვრთნელებს ჰქონდათ. უცხოელი სულ აქ ვერ იქნება, მეტი ანაზღაურება და ხარჯი სჭირდება, არის ენობრივი ბარიერიც, მენტალიტეტის პრობლემა და ა.შ. კანდიდატთა გვარებს არ დავაკონკრეტებ - ვახსენეთ მათეუსი და... ჟურნალისტებმა მაშინვე გადამოწმება დაიწყეს!

- კი მაგრამ, მათეუსის კვალიფიკაციის მწვრთნელი დაგაკმაყოფილებთ? რომელიმე გუნდში იმუშავა წარმატებით?

- გეთანხმებით. თუმცა, ჩვენ არც შეგვითავაზებია, მისი აგენტი თავად დაგვიკავშირდა. მათეუსის გარდა, კიდევ ორი გერმანელისგან გვაქვს შემოთავაზება. არიან პორტუგალიელი, ჰოლანდიელი, ბრაზილიელი, რუსი, ხორვატი მწვრთნელები...

- ტოპმიოლერის ან კუპერის დონის არის რომელიმე?

- არა, თუმცა, რამდენიმე  მათგანი შედარებით ცნობილი სპეციალისტია. კარგია, რომ ცაიტნოტში არა ვართ, არჩევანის გასაკეთებლად თვეზე მეტი გვაქვს დრო.

- აქამდე ყველა თავს არიდებდა საქართველოს ნაკრებში მუშაობას, ახლა კი მსურველთა რიგი დამდგარა... არ გიკვირთ?

- არა. ნაკრები უმუშევართა დასასაქმებელი ბიურო ხომ არ არის? დაუფიქრებლად აქ არავინ წამოვა - ალბათ, აწონ-დაწონეს და სჯერათ, რომ შეძლებენ.

- მწვრთნელის ხელფასს ვინ გადაიხდის? მწვრთნელს კი არჩევთ, მაგრამ ჯერაც უცნობია, სახელმწიფო გააგრძელებს თუ არა ნაკრების თავკაცის ხელფასის გადახდას...

- თუ სახელმწიფო არ გადაიხდის, ჩვენ გადავიხდით! ბოლო ერთი წელია, ისედაც ასე არ არის?! კლუბებისათვის მისაცემი თანხა, მწვრთნელების ფული, ტურნირები - ყველაფერი ფედერაციამ გადაიხადა. მადლობელი ვიქნებით, თუ მთავრობა გადაიხდის. თუ არადა, ჩვენ გადავიხდით. მწვრთნელს უხელფასოდ ხომ არ დავტოვებთ?

- უცხოელ მწვრთნელს თანხაც მეტი სჭირდება...

- მთლად ასეც არ არის - ზოგ ქართველ მწვრთნელს უცხოელებზე მეტი მადა აქვს!

- რატომ ვერ მიაღწია თემურ ქეცბაიამ წარმატებას საქართველოს ნაკრებში?

- თემურ ქეცბაიას მადლობას ვეუბნები იმ ხუთი წლისთვის, ერთად რომ ვიმუშავეთ. იმაზე კი, რაც არ ვიცი, კომენტარს ვერ გავაკეთებ. ბევრი ამტკიცებს, რომ ჩემზე უკეთ იმუშავებდა ამ პოსტზე, მაგრამ მეც ხომ არ დავიწყებ სხვის საქმეში ჩარევას?! მწვრთნელის მუშაობა რომ შევაფასო, მწვრთნელი უნდა ვიყო. ნაკრების გამოსვლა შეაფასეო - ანგარიში ტაბლოზეა! რაღაცები გამოვასწორეთ, წარმატება გვაქვს ასაკობრივ ნაკრებებში, მაგრამ იმას, რაც ქვეყნის მთავარი გუნდისგან გვინდოდა, ვერ მივაღწიეთ.

- რაში დაუშვა მთავარი შეცდომა ქეცბაიამ - ტაქტიკაში, შემადგენლობაში თუ ურთიერთობებში?

- არ ვიცი. ეს რომ ვიცოდე, მაშინ მწვრთნელი ვიქნებოდი და პროლიცენზია მექნებოდა! ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის ფეხბურთის ცოდნა აუცილებელი არ არის, მან მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, ბუღალტერია უნდა იცოდეს - ყველაფერი ის, რაც მოედანს მიღმა სჭირდება ფეხბურთს. მწვრთნელის მუშაობის შეფასება მხოლოდ მწვრთნელს შეუძლია.

- მაგრამ, როცა ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ ნაკრების მწვრთნელი გადადგება და იტყვის, ქართული ფეხბურთი მკვდარიაო, ამ ფეხბურთის ხელმძღვანელი პასუხისმგებლობას არ გრძნობს?

- როგორც უნდა იყოს საქმე ფედერაციაში, ქართული ფეხბურთი არასდროს მოკვდება - იყო, არის და იქნება! ნიჭიერი ბავშვები, ფეხბურთის სიყვარული ამ ქვეყანაში ყოველთვის არის.

- ქართული ფეხბურთის პირველკაცი პასუხისმგებლობას არ გრძნობს, როცა მის ფეხბურთს გაპარტახებულს უწოდებენ?

- არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქართული ფეხბურთი მკვდარი არ არის! ეს დავამტკიცეთ კიდეც. ერთადერთი, სადაც ვერ დავამტკიცეთ, ეროვნული ნაკრებია. ვინც ოთხი-ხუთი წლის წინ გვიკიჟინებდა, ფეხბურთი მაინც მკვდარია, ბავშვებს მიხედეთო, დღეს ამბობს, რა დროს ბავშვებია, მთავარი ეროვნული ნაკრების შედეგიაო... ყველას მოსაწონს ვერასდროს გააკეთებ, რადგან საქართველოში ყველას უყვარს ფეხბურთი და მიაჩნიათ, რომ ჩემს ადგილას თავად მეტის გაკეთებას შეძლებდნენ. მკვდარი არ არის, მაგრამ დღეს მაინც შავ-თეთრი ფეხბურთით ვცხოვრობთ: 50 წლის წინ ეს იყო, 1981-ში ეს მოვიგეთო და ა.შ.

- დღეს არა გვაქვს წარმატება და იმიტომ!

- როცა დღევანდელ ფეხბურთელებს მესხს, მეტრეველს, გუცაევს, ყიფიანსა და ქართული ფეხბურთის სხვა ვარსკვლავებს ადარებ, ბუნებრივია, უკმაყოფილო იქნები. თანაც, კომპიუტერის ეპოქაში ახალგაზრდები იმდენად აღარ არიან დაინტერესებული ფეხბურთით.

- მსაჯების სკანდალზე რას იტყვით? შეიძლებოდა, დასაწყისშივე გამოვლენილიყვნენ დამნაშავეები, საქმე ამ მასშტაბამდე რომ არ მისულიყო?

- სასამართლო ჯერ არ დასრულებულა, უამრავი კითხვაა პასუხგაუცემელი... არ იფიქროთ, რომ სფფ ამაზე გაჩერდება. ფედერაციის ყველა თანამშრომელი მზად არის გამოძიებასთან სათანამშრომლოდ, მაგრამ საეჭვოდაც რომ მომეჩვენოს მსაჯის ან ფეხბურთელის ქმედება, მე როგორ შევამოწმებ?

- ეტყობა, ეს ამბავიც იმ ხუთი ფეხბურთელის საქმესავით ჩაიფარცხება და მხოლოდ მსაჯები დაისჯებიან... ხომ არ ნანობთ, დამნაშავე ფეხბურთელები რომ შეიწყალეთ?

- ის ჩვენი შიდა პრობლემა იყო და უეფა საფუძვლიანად არ ჩარეულა. ამჯერად კი ფიფას არბიტრიც არის ეჭვმიტანილი... ჩვენ მსაჯები უკვე დავსაჯეთ, დანარჩენი კი ჩვენი კომპეტენცია აღარ არის. ციხისთვის არავინ მემეტება. ვისურვებდი, რომ მსაჯებს ბრალი არ დაუმტკიცდეთ.

- პარლამენტარი დავით ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ სფფ-ის პრეზიდენტი თუნდაც მხოლოდ იმიტომ უნდა გადადგეს, დასაწყისშივე რომ არ აღკვეთა დანაშაული და მსაჯებს კიდევ უფრო ღრმად შეტოპვის შესაძლებლობა მისცა...

- ბატონ დავითს ვუპასუხებ, რომ მსაჯთა კორპუსი დამოუკიდებელი ორგანოა, რომელსაც ფედერაცია ქირაობს! შემიძლია, ფიფას რეგულაციებიც გავუგზავნო ამასთან დაკავშირებით.

- შარშან მითხარით, თუ ფეხბურთი უყვარს და საქმის კეთება უნდა, სფფ-ის თავკაცს მთავრობის პოზიცია უნდა ეჭიროსო... ერთ საკითხს მაინც დაასახელებთ, რომელშიც თქვენ და მთავრობა თანხმდებით? ფაქტია, რომ ვერ მორიგდით ვერც კლუბების დაფინანსებაზე, ვერც გუნდების რაოდენობის გაზრდაზე და ა.შ...

- ბევრ საკითხზე შევთანხმებულვართ. რატომ გგონიათ, რომ ვინმესთან ცუდი ურთიერთობა მაქვს? თუ არ ვეხუტები და ვკოცნი, ე. ი. ვინმესთან ცუდი ურთიერთობა მაქვს? მთავრობასთან არანაირი პრობლემა არ გამაჩნია.

- აბა, მათ აქვთ თქვენთან?

- არა მგონია. რატომ უნდა გვქონდეს ერთმანეთთან პრობლემები? თუ ჩემთან პრეტენზია აქვთ, წარმომიდგინონ და კი ბატონო, გვექნება დაძაბული ურთიერთობა. შესაძლოა, ფეხბურთში ვერ ვერკვევი, მწვრთნელი არა ვარ და ტაქტიკა-სტრატეგიას ვერ დავსახავ, მაგრამ ფინანსური საკითხები კარგად ვიცი. როცა დაპირებულ დაფინანსებაზე უარს მეუბნებიან, შორიდან ეს დაპირისპირებას ჰგავს, მაგრამ მე სხვანაირად ვუყურებ: ფიქრობდნენ, რომ შეძლებდნენ, მერე კი ნახეს, რომ რესურსი არ არის და გაჩერდნენ. თუმცა, როცა პროექტი დაწყებულია, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვისაც უნდა იყო მზად. 16-გუნდიან ჩემპიონატს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მაგრამ 13 ტურია გასული და შეგიძლიათ თქვათ, ვინ გავარდება ან ვინ გახდება ჩემპიონი?

- ე. ი. ცვლილებით კმაყოფილი ხართ. გჯერათ, რომ სეზონის ბოლომდე არც ერთ კლუბს პრობლემა არ შეექმნება?

- დარწმუნებული ვარ! ყველა ამბობდა, დაფინანსება არ არისო. ხომ დავეხმარეთ კლუბებს? რამდენიმე კლუბის გარდა, ფინანსურად აღარავის უჭირს. სხვა საკითხია მენეჯმენტის პრობლემა - ზოგიერთი მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს, მთელ ფულს ერთბაშად ხარჯავს. ახლა დავხარჯავ, შედეგი მექნება და მერე რაღაცა გამოჩნდებაო... და თუ არ გექნება შედეგი, მაშინ?

- აქამდე თავს იწონებდით, ფედერაციას ვალი აღარ აქვსო. თუმცა, კლუბებს მაინც ნასესხები ფული დაურიგეთ... თუ ეს შესაძლებელი იყო, აქამდე რატომ არ აიღეთ სესხი და არ დაეხმარეთ კლუბებს?!

- იმიტომ, რომ ეს არის ახალი თანხა, რომელიც შარშან დაგვიმტკიცდა. უეფა ყოველ წელს გვაძლევს ორ მილიონს, ნასესხებ თანხას კი ოვერდრაფტის პრინციპით - სწორედ 2015-16 წლებში უეფას მიერ მოსაცემი თანხიდან გავისტუმრებთ!

- ვლადიმერ გუცაევმა თქვა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში: "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თბილისის აეროპორტის კაფეში წარმიდგინა ზვიად სიჭინავა - გაიცანი, ეს უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტი, მასზე გვაქვს "სტავკაო". თავად სიჭინავამაც მითხრა, არ ინერვიულო, პრეზიდენტი რომ გავხდები, კარგ ადგილას დაგნიშნავო, მაგრამ გადამაგდო"... რატომ გადააგდეთ?

- ასეთი რაღაც არ ყოფილა და არც არავინ გადამიგდია! რა დაპირებას და თანამდებობას გულისხმობს, არ ვიცი... ისე კი, ჩემს პერიოდში ვოვა გუცაევი ნამდვილად მუშაობდა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელად. ისეთ ლეგენდარულ პიროვნებას, როგორიც გუცაევია, ჩემი დაპირება რად უნდა, ან ჩემი გადასაგდები რა სჭირს? მას დიდ პატივს ვცემ და ვამაყობ, რომ ისეთი ადამიანების გაცნობის შანსი მომეცა, როგორიც გუცაევი, ჩივაძე და სხვები არიან. არასდროს არაფერი მითქვამს ამ ხალხზე და არც მივცემ თავს უფლებას, რამე ვთქვა...

- უხერხულობას არ იგრძნობთ, თუ მართლაც მიიღებთ მონაწილეობას სფფ-ის პრეზიდენტის მომავალ არჩევნებში? ბოლო წლების განმავლობაში ხომ საპირისპიროს ამტკიცებდით?

- ვთქვი, არ გამოვრიცხავ-მეთქი, რადგან არჩევნების მოახლოებასთან ერთად, "სუფთა წარსულის" მქონე ხალხზე დაიწყეს ლაპარაკი. ჩემს წარსულში ვინ ნახა "ჭუჭყი"? ერთი მაგალითი მაინც დაასახელონ! იმასაც ამბობენ, გამარჯვების იმედი არა აქვს და კანდიდატურას იმიტომ არ აყენებსო... ყველას გასაგონად ვამბობ: მიიღეთ მონაწილეობა 2015 წლის არჩევნებში და მოიგეთ, ეს თანამდებობა ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ! მე კი თავი დამანებეთ. პასუხისმგებლობა აიღოსო რომ მიკიჟინებენ, მაშინ, ვისაც ასაღები აქვს, თვითონაც აიღოს პასუხისმგებლობა!

- ვის გულისხმობთ?

- ყველას, ვინც ასეთ რაღაცებს ამბობს! ჩემს წილ პასუხისმგებლობას არასდროს გავურბივარ. ამ თანამდებობაზე მიბმული არასდროს ვყოფილვარ და არც პოსტის შენარჩუნების სურვილი მაქვს - არა ვარ ის კაცი, სამსახურის მოძებნა რომ გაუჭირდება...

- აქამდე სულ ამტკიცებდით, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდით...

- მაგრამ ახლა არ გამოვრიცხავ. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტობის პრეტენდენტები ჩემზე მაგარი პიროვნებები არიან საფეხბურთო სამყაროში, მაგრამ, როგორი მენეჯერი იქნება გამარჯვებული კანდიდატი, ამას დრო გვიჩვენებს. ფეხბურთში შეიძლება ცუდად დაარტყა, ვერ ირბინო ან ბურთი აგეჭრას, მაგრამ, როცა ქვეყნის ფეხბურთს მართავ, იქ "აჭრის" უფლება არა გაქვს! ამიტომ ყველას ვურჩევ, კარგად დაფიქრდნენ, სად მიდიან, და რა პასუხისმგებლობა ექნებათ. ამ პოსტზე შეცდომის დაშვების უფლება არა გაქვს!

- ამ წლების განმავლობაში თქვენ უშეცდომოდ იმუშავეთ?

- მენეჯმენტში რომ დამეშვა შეცდომა, "პადსებია" რომ გამეკეთებინა, ახლა გლდანის ციხეში ვიქნებოდი! თუ ის არის შეცდომა, ბრაზილიის ან არგენტინის ნაკრებს რომ ვერ ვეთამაშე, მილიონზე მეტი დავზოგე და ამ ფულით მოედანი გავაკეთე, ან ვეტერან ფეხბურთელებს დავეხმარე, არ ვიცი. ფედერაციის თანამშრომლებისთვის კარგი სამუშაო პირობების შექმნას თუ ჩამითვლიან შეცდომად, მზად ვარ, პასუხი ვაგო!

- სპონსორების მოზიდვა რატომ ვერ მოახერხეთ?

- 100 ათასს უხდიდა ფედერაციას ერთ-ერთი სპონსორი კომპანია. სანაცვლოდ, ყველა თამაშზე ითხოვდა 150 ბილეთს, ბანერებს, მაისურებს, გასვლით მატჩებზე უნდა წაგეყვანა და ა.შ. წელიწადში 50 ათასს ზარალობდა ფედერაცია! ასეთ "სპონსორს" უამრავს მოვიზიდავ!

- რეალური სპონსორები არ არსებობენ ამ ქვეყანაში?

- თქვენ დაასახელეთ, თუ არიან... ერთადერთი რეალური სპონსორი დღეს "სოკარია", რომელიც თავს კი არ იპიარებს, მართლა მოწადინებულია, რომ ფეხბურთს დაეხმაროს. ესპანეთთან მატჩის წინ ერთ-ერთ კომპანიასთან მივედით. როცა გაიგო, რომ ესპანეთის ნაკრებთან უნდა გვეთამაშა, წავაგებთ და არ გვინდა, ჩვენი კომპანია წაგებულ მატჩთან ასოცირდებოდესო! რომელ სპონსორობაზეა ლაპარაკი?!

- არჩევნების თემას დავუბრუნდეთ - თქვით, ამ პოსტისთვის ოთხი კანდიდატი ცოტააო... როცა თქვენ იყრიდით კენჭს, მაშინ რამდენი კანდიდატი იყო?

- გამიმართლა, რომ ბოლო ორი არჩევნებია, მე, მიშელ პლატინისა და ზეპ ბლატერს კონკურენტები არ გვყოლია (იცინის). 2015-ში, ალბათ, პლატინი და ბლატერი ისევ ერთადერთი კანდიდატები იქნებიან...

- თქვენ კი მარტო ნამდვილად აღარ იქნებით...

- იმედია, არ იქნება სიბინძურე და მაიმუნობა, მე კი საერთოდ არ ვიქნები კანდიდატთა შორის! ისე, კიდევ ვიცი მინიმუმ ერთი კანდიდატი, რომელიც ამ ოთხს დაემატება.

- არ მალავთ, რომ მხარს რევაზ არველაძეს დაუჭერთ, მაგრამ, თუ მაინც მიიღეთ მონაწილეობა, საკუთარ გენმდივანს გაუწევთ კონკურენციას? სხვებს უნდა წაართვათ ხმები თუ ერთმანეთის სასარგებლოდ მოხსნით კანდიდატურას?

- შესაძლოა, არც მინდოდეს, მაგრამ ადამიანური პოზიცია მავალდებულებს, სწორედ რეზის დავუჭირო მხარი (იცინის)! კონკურენცია? არა მგონია, აქამდე მივიდეს საქმე. არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას. ასე რომ, ნუ მლანძღავენ, ცოტაც მოითმინონ...

- მაინც, რამდენი? რამდენი დარჩა არჩევნებამდე?

- უეფასთან ვალდებულებები მაქვს აღებული. აპრილში გასამართ ფიფას პრეზიდენტის არჩევნებს კიდევ შემიძლია ავარიდო თავი, მაგრამ მარტში უეფას თავკაცი უნდა აირჩიონ - ვალდებულად მივიჩნევ თავს, არჩევნებისას მიშელ პლატინის გვერდით ვიყო და მხარდაჭერა გამოვუცხადო! ასე რომ, მარტში აუცილებლად უნდა ვიყო ამ პოსტზე!

- მერე სუპერთასიც მოდის და...

- მერე რა? თითქმის დარწმუნებული ვარ, თებერვალში კიდევ ერთი გრანდიოზული ტურნირის მასპინძლობის უფლებას მოვიპოვებთ (ლაპარაკია 2017 წელს 19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე. - ავტ.) და ამიტომ თანამდებობაზე 2017 წლამდე დავრჩე?

- როცა არველაძესთან კონკურენციაზე გკითხეს, იხუმრეთ, რეზი ჩემი ძმა კი არ არის, ბიზნესი ბიზნესიაო. რა არის თქვენთვის ეს პოსტი - ბიზნესი, ძალაუფლება, სასჯელი, თუ...

- ჯერ ერთი, სიტყვა "ბიზნესი" არ მიხსენებია - რეზი ჩემი ძმა ხომ არ არის, ჯანსაღი კონკურენცია გვექნება-მეთქი. როდის მერე ნიშნავს კონკურენცია "ბიზნესს"? რაც შეეხება ჩემს თანამდებობას, სასჯელი ნამდვილად არ არის. პირიქით, სანატრელი ადგილია ძალიან ბევრისთვის! ვინც უნდა მოვიდეს ამ ადგილას, ყოველთვის გვერდში დავუდგები როგორც რიგითი ჯარისკაცი. ვერავინ შემაძულებს ფეხბურთს, გულშემატკივრობას ვერ გადამაჩვევენ!