ვნახეთ უცხო მწვრთნელი ვინმე... - კვირის პალიტრა

ვნახეთ უცხო მწვრთნელი ვინმე...

"მოთამაშე რომ იყო, ჟირესი ისეთივე დიდებული მწვრთნელი ვერ გამოდგა"

"კუპერის სანაკრებო "ნეკროლოგად" ბულგარეთში გამართული "ამხანაგური" მატჩი იქცა - მასპინძლებმა 6:2 გადაგვიარეს"

მოყმეებისა რა გითხრათ (მეტიც, უმეტესობას სიბერემდეც აღარაფერი აკლდა. - ავტ.), მაგრამ უცხოელები და თან მწვრთნელები ნამდვილად იყვნენ. დიახ, არსებობის განმავლობაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ექვსი არაქართველი მწვრთნელი გამოიცვალა და ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, უცხოელი მწვრთნელების ქართულ კარიერას წარმატებულს ძნელად თუ დავარქმევთ. შესაბამისად, ქვეყნის მთავარ გუნდში მათი დაბრუნებაც ნაკლებსავარაუდოა. მით უმეტეს, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ნაკრებს ქართველ სპეციალისტს ჩააბარებენ, მაგრამ ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია და... მეტი რა გზაა - ახლის მოსვლამდე ძველები გავიხსენოთ. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების უცხოელი მწვრთნელები:

იოჰან ბოსკამპი (1999 წელი)

ბოსკამპი პირველი უცხოელი მწვრთნელია, ვისაც საქართველოს ნაკრების გაწვრთნის "ბედნიერება" ხვდა წილად. რამდენიმე წლის განმავლობაში ჰოლანდიელი სპეციალისტი ბელგიურ კლუბებში მუშაობდა, სანაკრებო სპეციფიკას კი 1999 წლის გაზაფხულიდან, საქართველოს ნაკრებში დანიშვნის შემდეგ გაუგო გემო. სხვათა შორის, იმ დროს იოჰანი ზუსტად 50 წლის იყო. ჰოლანდიელი ჯერ თბილისის "დინამოში" დანიშნეს, მალევე - ნაკრებშიც. გრაფიკი არც წასვლისას დაურღვევია: ჯერ "დინამოდან" გაუშვეს, მერე - ნაკრებიდანაც...

იოჰან ბოსკამპმა ხუთ ოფიციალურ მატჩში უთავკაცა საქართველოს ნაკრებს: წააგო ნორვეგიასთან, საბერძნეთთან (შინ), სლოვენიასა და ალბანეთთან, ლატვიასთან საშინაო შეხვედრაში კი ფრეს დასჯერდა. სტატისტიკა სტატისტიკად, მაგრამ ბოსკამპის ხსენებაზე ფეხბურთის ქართველ ქომაგს უპირველესად ჰოლანდიელი მწვრთნელის სკანდალური ფრაზა ახსენდება: "მენტალიტეტ დებილ!" მავან ქართველ ფეხბურთელზე ნათქვამი ეს ფრაზა მაშინ ბევრს ემცხეთა, ის კი არ გახსენებიათ, რომ სიმართლე მწარეა და დიდწილად სწორედ მენტალური პრობლემის ბრალია, ქართველი ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა პოტენციალი სანახევროდაც რომ ვერ გამოავლინა!

საქართველოდან წასვლის შემდეგ ბოსკამპმა ორი სეზონი თორნიკე ოქრიაშვილის ამჟამინდელ კლუბ "გენკში" იმუშავა, იქიდან არაბეთში გაემგზავრა, 2005-2006 წლებში კი ინგლისურ "სტოკ სიტის" წვრთნიდა. საბოლოოდ, ჰოლანდიელი იქვე დაბრუნდა, სადაც დაიწყო - ბელგიას მიაშურა და სამწვრთნელო კარიერა 2009 წელს, "ბევერენში" დაასრულა. ამჟამად სპორტულ კომენტატორად მუშაობს და, ალბათ, დღემდე არ ასვენებს იმაზე ფიქრი, რამ წამოიყვანა სანაკრებო შეკრებაზე ზაზა ჯანაშია მოსკოვიდან თბილისში... ავტომანქანით!

ივო შუშაკი - (2003 წელი)

შუშაკი 54 წლის იყო, ნაკრები რომ ჩაიბარა. ხორვატმა მწვრთნელმა ყველაზე ხანმოკლე დროით უხელმძღვანელა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, თუმცა, ჩამოსულ მწვრთნელთაგან დღემდე ყველაზე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს! საქართველოს "ეროვნულ გმირად" გასახდომად ხორვატს ერთადერთი მატჩი ეყო: 2003 წლის 30 აპრილს სწორედ შუშაკის თავკაცობითა და მალხაზ ასათიანის გოლით დაამარცხა ჩვენმა გუნდმა რუსეთის ეროვნული ნაკრები!

ხორვატმა წარმატებით იმუშავა თბილისის "დინამოშიც": ქვეყნის ჩემპიონობასა და თასთან ერთად, 2004 წელს შუშაკმა მოსკოვიდან დსთ-ის თასიც წამოიღო. საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, შუშაკმა ხორვატულ "ოსიეკსა" და "ზაგრებში" იმუშავა, შუალედში კი სომხური "მიკას" გაწვრთნაც მოასწრო. 2011-2013 წლებში ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ამჟამად უგუნდოდ არის, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უპირატესობას ქართველ მწვრთნელს ანიჭებს და ძნელი სავარაუდოა, არჩევანი შუშაკზე შეაჩეროს.

ალან ჟირესი (2004-2005 წწ.)

მოთამაშე რომ იყო, ჟირესი ისეთივე დიდებული მწვრთნელი ვერ გამოდგა. პლატინისა და ტიგანას ყოფილმა თანაგუნდელმა რამდენიმე გუნდში საკმაოდ წარმატებულად იმუშავა, ურიგო შედეგები არც სენეგალის ნაკრებში აქვს, მაგრამ ქართულ ფეხბურთს თავ-ბოლო ვერც მან უპოვა.

ალან ჟირესი 51 წლის იყო, ჩვენი გუნდი რომ ჩაიბარა, ნაკრების სათავეში კი წელიწადი და ორი თვე გაძლო: 11 მატჩი, 2 მოგება, 3 ფრე და 6 წაგება. ამ მოგებებიდან ოფიციალური მატჩი მხოლოდ ერთი გახლდათ - თბილისში ალბანეთს 2:0 ვაჯობეთ. ფრანგის აქტივში შეგვიძლია ჩავთვალოთ თურქეთიდან წამოღებული 1:1 და თბილისში დანიის ძლიერ ნაკრებთან ნათამაშები საბრძოლო ფრე - 2:2. სამაგიეროდ, გვახსოვს დიდი ანგარიშით წაგებული მატჩებიც: 1:3 საბერძნეთთან და 2:5 თურქეთთან...

ჟირესის ქართული კარიერა 2005 წლის ივნისში ალბანეთში 2:3 წაგებული მატჩის შემდეგ დასრულდა. მომდევნო ოთხი წელიწადი ფრანგმა გაბონის ნაკრებში გაატარა, ორი წელი მალიში იმუშავა და ახლაც აფრიკაშია - 2013 წლიდან სენეგალის ნაკრებს თავკაცობს.

კლაუს ტოპმიოლერი (2006-2008 წწ.)

განსკუთრებულ წარმატებას მწვრთნელმა ტოპმიოლერმა (გერმანელს მოთამაშის რანგშიც საკმაოდ შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა - 108 გოლი "კაიზერსლაუტერნის" მაისურით ჩატარებულ 204 მატჩში! - ავტ.) "ლევერკუზენში" მუშაობისას მიაღწია. მერე "ჰამბურგშიც" წაიმუშავა, საქართველოს ნაკრები კი 54 წლის ასაკში ჩაიბარა.

ტოპმიოლერისთვის საქართველოში გატარებული ორი წელიწადი საკმაოდ წინააღმდეგობრივი გახლდათ: გერმანელის სახელს უკავშირდება ნაკრებში გამოჩენილი ახალი ფეხბურთელები, დიდი ანგარიშით წაგებული და მოგებული (ფარერის კუნძულებიდან წამოღებული 6:0 საქართველოს ნაკრებისთვის ჯერაც სარეკორდო გამარჯვებაა. - ავტ.) მატჩები და ა.შ. შეგახსენებთ, სწორედ ჰერ კლაუსის ხელმძღვანელობით "გაახერხა" საქართველოს ნაკრებმა ფრე ლუქსემბურგთან და წაგება ისეთ "სახელოვან" გუნდებთან, როგორიც არიან მალტური "ჰიბერნიანსი" (0:1), მოლდავეთის 21-წლამდელთა ნაკრები (1:5) და ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდი (1:3)! თუმცა, შიგადაშიგ საქართველოს ნაკრები საკმაოდ სანახაობრივ და შედეგიან თამაშსაც აჩვენებდა. იმ პერიოდიდან ტოპმიოლერს შოტლანდიის, ურუგვაისა და თურქეთის ძლევით თავმოწონებაც შეუძლია.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებიდან ტოპმიოლერიც შერცხვენილი წავიდა - პოსტიდან ჩრდილოეთ ირლანდიასთან 1:4 წაგების შემდეგ დაითხოვეს. გაუშვეს, კუთვნილი ფული მოითხოვა და... მას შემდეგ, ფეხბურთისკენ აღარც გაუხედავს - მშობლიურ გერმანიაში მეღვინეობას მიჰყო ხელი.

P. S. ფეხბურთში თუ არ გამოვადექით, ღვინის სიყვარული ხომ მაინც გვისწავლებია?!

პეტარ სეგრტი (2008 წელი)

ხორვატი მწვრთნელი ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა ქართველ 21-წლამდელებს, ეროვნული ნაკრები კი დროებით, გუნდიდან ტოპმიოლერის გაშვების შემდეგ ჩააბარეს. 42 წლის ხორვატმა ამ პოსტზე ორი ამხანაგური მატჩის ჩატარება მოასწრო: ტალინში ესტონეთის ნაკრებს დაუზავდა 1:1, პორტუგალიაში კი, რომლის ნაკრებშიც მაშინ რონალდუ, დეკუ, სიმაო, კუარეჟმა და სხვა ვარსკვლავები თამაშობდნენ, 0:2 დამარცხდა.

მალევე ხორვატი ექტორ კუპერმა შეცვალა, სეგრტმა კი სამწვრთნელო კარიერა ინდონეზიურ კლუბებში გააგრძელა. ბოლო ერთი წელიწადია, ბოსნიურ "ზვეზდას" წვრთნის.

ექტორ რაულ კუპერი (2008-2009 წწ.)

"მალიორკა", "ვალენსია", "ინტერი", "ბეტისი", "პარმა" - ექტორ კუპერმა ყველა ამ კლუბში დაამტკიცა, რომ მაღალი დონის მწვრთნელია. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა სახელგანთქმული არგენტინელის რეპუტაციაც იოლად შეიწირა. სხვათა შორის, ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში კუპერმა ერთად-ერთხელ იმუშავა ნაკრებ გუნდში და... ანუ პირველად, სერიოზული შეცდომა 52 წლის ასაკში დაუშვა. ვინც არ გვეთანხმება, არგენტინელის თავკაცობით საქართველოს ნაკრების ჩატარებული მატჩების სტატისტიკა ნახოს: 15 მატჩი, 1 მოგება, 3 ფრე და 11 წაგება!

ერთდერთი გამარჯვება კუპერმა სადებიუტო მატჩში - უელსში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში იზეიმა. მერე კი წაგებასაც დაეჩვია (თავად, თორემ საქართველოს ნაკრებს ამ საქმეში ჭიპი აქვს მოჭრილი), მალტასა (0:2) და ისლანდიაში (1:3) შერცხვენით კი მრავლისმნახველი ქართველი ქომაგის გაოცებაც მოახერხა.

კუპერის სანაკრებო "ნეკროლოგად" ბულგარეთში გამართული "ამხანაგური" მატჩი იქცა - მასპინძლებმა 6:2 გადაგვიარეს და... ფეხბურთის ფედერაციაში ახალი მწვრთნელის ძებნა დაიწყეს. საქართველოდან წასულმა კუპერმა საბერძნეთს მიაშურა, მერე ესპანეთსა და თურქეთშიც წაიმუშავა, 2013-2014 წლებში არაბულ "ალ ვასლის" წვრთნიდა. ამჟამად, უმუშევარია...