"იმედია, ხელისუფლება ჯიბრში არ ჩაგვიდგება" - რა ხდება ჭიდაობის ფედერაციაში
15-12-2014
"იმედია, ხელისუფლება ჯიბრში არ ჩაგვიდგება" - რა ხდება ჭიდაობის ფედერაციაში
"ლუკას მთავრობის წარმომადგენლებმა უთხრეს, არასწორად იქცევი, შენს ხალხს რომ გაურბიხარო"

"გათბობა, ვენტილაცია, წყალი არ არის, გასახდელი და ტუალეტი მოუწესრიგებელია და რომელ პირობებზეა ლაპარაკი? ევროპაში გვინდაო, ეს არის ევროპული პირობები?"


ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმმა თავისი გაიტანა და ლუკა კურტანიძე ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გაათავისუფლა. საარჩევნო ყრილობა 26 დეკემბერს გაიმართება, მანამდე კი პრეზიდენტის უფლებამოსილებას საჭიდაო სამყაროს სამი წარმომადგენელი ინაწილებს: ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დიმიტრი გელაშვილი, გენერალური მდივანი გიორგი ლომიძე და სამეთვალყურეო საბჭოს თავკაცი რომან რურუა. რურუა
არჩევნებში მონაწილეობასაც აპირებს და თუ 26 დეკემბრამდე არ გადაიფიქრა, სავარაუდოდ, პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილთან მოუწევს ბრძოლა (არჩევნებში მონაწილეობას მანუჩარ კვირკველიაც აპირებდა, მაგრამ შაბათ საღამოს მონაცემებით, განაცხადი ჯერაც არ ჰქონდა შეტანილი. - ავტ.). რომან რურუას მომავალ არჩევნებზეც ველაპარაკეთ, თავდაპირველად კი, დავინტერესდით, რატომ შეუწყვიტა პრეზიდიუმმა უფლებამოსილება ლუკა
კურტანიძეს.  

- პრეზიდიუმის სხდომა 24 ნოემბერსაც ჩატარდა, მაგრამ არც ლუკა კურტანიძე მოვიდა და არც მისი მომხრეები - კვორუმი რომ არ შემდგარიყო. თუმცა, მაინც შედგა და კურტანიძეს უფლებამოსილება შევუწყვიტეთ. გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს სადავო გახდა, ლუკას მთავრობის წარმომადგენლებმა უთხრეს, არასწორად იქცევი, შენს ხალხს რომ გაურბიხარ, პრეზიდიუმი მოიწვიე და თუ დაგტოვებენ, დარჩიო. კურტანიძემ მიიღო ეს შენიშვნა და პრეზიდიუმი მოიწვია. მას მოხსენების წაკითხვა ვაცადეთ, მერე კი მისი გადაყენების საკითხი დავაყენეთ და კენჭიც ვუყარეთ. 33-დან 29 დელეგატმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის გადაყენებას...

- მისი მუშაობა ხომ სპეციალურ კომისიას უნდა შეესწავლა?

- ფედერაციის თავკაცისთვის რეკომენდაციების მიცემა სამეთვალყურეო საბჭოს საქმეა. თუმცა, ლუკა კურტანიძე ორი წლის განმავლობაში სრულ იგნორირებას უკეთებდა საბჭოს, ერთპიროვნულად მუშაობდა და ამიტომაც დაუშვა ამდენი შეცდომა!

- მაგრამ დეტალურად არავინ ამბობს, კონკრეტულად რა დააშავა ან რა შეცდომა დაუშვა ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა. იქნებ თქვენ მაინც გაგვიმხილოთ, რა დარღვევები აღმოაჩინა სპეციალურად შექმნილმა კომისიამ?
- არის საკითხები, რომლებზე საჯაროდ ლაპარაკი ჩვენი კომპეტენცია არ არის.

- რატომ? სისხლის სამართლის დანაშაულზეა ლაპარაკი?
- ვერ გეტყვით, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. ის კი ვიცი, რომ პრეზიდიუმის და ყრილობის ოქმები გაყალბებულია! თუნდაც ერთი ოქმის გაყალბებაც საკმარისია პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა კი წესდებაც შეცვალა - ერთის ნაცვლად, რვა მუხლი! 37 კაცი (მათ შორის - მსოფლიო ჩემპიონები) გადაწყვეტილებას რომ მიიღებს, შენ კი, რასაც გინდა, დაწერ, ჯერ მდივანს მოაწერინებ ხელს, მერე თავად მოაწერ და რეესტრში გაატარებ, რა გამოდის - პრეზიდიუმის წევრებთან ერთად, რეესტრსაც ატყუებ? ოქმების შემოწმებას ხომ არ დავიწყებდით? არადა, ყველა გაყალბებული აღმოჩნდა! დარბაზში არსებული აუტანელი პირობების გამო, უკმაყოფილო იყვნენ მოჭიდავეები და მწვრთნელებიც. 200 სპორტსმენს ერთი შხაპი ეყოფა? ამიტომაც მოჭიდავეების უმეტესობა ვარჯიშის შემდეგ შინ მიდიოდა დასაბანად (?!). დარბაზშიც აუტანელი პირობებია - არ არის ვენტილაცია და გათბობა. სპორტსმენებმა ვერ გამოთქვეს ეს ყველაფერი, ჩვენ კი შევისწავლეთ და რაც სათქმელი იყო, ვთქვით...

- ნოემბრის დასაწყისში თქვით, არავინ ჩაერიოს და სამ დღეში მოვაგვარებ კონფლიქტს, სიტუაციას დავალაგებო. 1-ელ დეკემბერს პრეზიდიუმმა დიმიტრი გელაშვილსა და გიორგი ლომიძესთან ერთად, პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება დაგაკისრათ. ანუ, სიტუაციის დასალაგებლად დაპირებულზე მეტი დრო გაქვთ...
- "მოგვარებაში" ვგულისხმობდი, რომ უკმაყოფილო სპორტსმენები ვარჯიშს გააგრძელებდნენ, მწვრთნელებიც დაწყნარდებოდნენ და გაგრძელდებოდა მუშაობა. ასეც მოხდა და მალე ყველაფერი კალაპოტში ჩადგება.

- პრეზიდიუმმა უფლებამოსილება აღუდგინა კურტანიძის მიერ გათავისუფლებულ მწვრთნელებსაც...

- კურტანიძეს ჰქონდა მითითება, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეუთანხმებლად არანაირი გადაადგილება არ მოეხდინა. მან ეს არ გაითვალისწინა და მწვრთნელებისა და სპორტსმენების უკმაყოფილება გამოიწვია. ექსპრეზიდენტმა უფლებამოსილებას გადაამეტა, ამიტომაც პრეზიდიუმმა 22 სექტემბრის შემდეგ გამოცემული ყველა, მათ შორის - მწვრთნელების ცვლილებასთან დაკავშირებული ბრძანებაც გააუქმა.

- თუმცა, ლუკა ამბობდა, რომ ნაკრებებს ყველანაირი პირობები შეუქმნა, მწვრთნელები კი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლა...

- დარბაზში 200 სპორტსმენი რომ ღვრის ოფლს, ჰაერი არ იწმინდება და თავისივე ოფლის ანაორთქლს სუნთქავს, 200 კაცზე ერთი შხაპი რომ მუშაობს, ეს არის პირობები? გათბობა, ვენტილაცია, წყალი არ არის, გასახდელი და ტუალეტი მოუწესრიგებელია და რომელ პირობებზეა ლაპარაკი? ევროპაში გვინდაო, ეს არის ევროპული პირობები? სამეთვალყურეო საბჭომ შეისწავლა ეს ყველაფერი, იმსჯელა და მგონი, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ...

- ადასტურებთ, რომ 26 დეკემბერს დანიშნულ საარჩევნო ყრილობაზე პრეზიდენტობისთვის იბრძოლებთ? კონკურენტებზე რას გვეტყვით?
- არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ. რაც შეეხება კონკურენტებს,  ალბათ, სხვებიც გამოჩნდებიან და საჭიდაო სამყარო საუკეთესო კანდიდატს აირჩევს!

- ლუკა კურტანიძე აღარ არის ფედერაციის პრეზიდენტი... ეშველება მისი წასვლით საჭიდაო სამყაროს?

- ყველაფერი დაფინანსებაზეა დამოკიდებული. იმედია, ხელისუფლება ჯიბრში არ ჩაგვიდგება, - კურტანიძე რატომ გაათავისუფლეთო და დახმარებას გააგრძელებს. თუ არადა, სხვა რა გზაა - ენთუზიაზმის იმედად დავრჩებით და ჩვენი ძალებით ვიჭიდავებთ!
ძალიან უსამართლოდ მოექეცით ლუკას.
13 იანვარი 2015 00:27
ძალიან უსამართლოდ მოექეცით ლუკას.
რა ვერ აპატიეთ, ეგ ხელისგულზე დევს: ვერ აპატიეთ თავდადება საქმისთვის და საქართველოსთვის!


მგონი, კვირკველიამ გაიმარჯვა.
მისი საწინააღმდეგი რა მაქვს, მაგრამ ახალგაზრდაა, გამოუცდელია, ადვილად სამართავი იქნება და მიდი მოვდივარ

ლუკას კი ვერ მართავდით, რადგან კარგად იცოდა, სად და რა უჭირდა ქართულ ჭიდაობას. ეს ვერ აპატიეთ!

გული არ გაიტეხო, ლუკა!
ბევრს უყვარხარ საქართველოში.
სიყვარული დაიმსახურე, მაგრამ ავ-კარგის ვერგამრჩევებს რა გამოლევს დუნიაზე?!


tsiko-მ კარგად შენიშნა: ჯერ არ დანიშნულხართ და უკვე ფინანსებზე დაიწყეთ ლაპარაკი.
Vova
19 დეკემბერი 2014 15:07
რომანს ფულს რა გამოულევს, მთელი ცხოვრება სულ მაგაზე ფიქრობს და ჩალიჩობს.
ruruas mezobeli
16 დეკემბერი 2014 16:09
რა იყო რომან,ფული შემოგაკლდაა,ლუკა რომ ებრძოდა მიშას სადისტურ რეჟიმს,შენ ბუჩქებში იყავი,ხოლო ის ე.წ. სპორტსმენები გვარბევდნენ ხალხს და ამ უნამუსობაში პრემიებს იღებდნენ,შე მართლაც ფარისეველო,,,

რედაქტორის რჩევით