გია ლაბაძე: "რაგბი სამსახური გახდა"
15-12-2014
გია ლაბაძე: "რაგბი სამსახური გახდა"
გია ლაბაძეს ტულონში ვარსკვლავს უხსნიან

"საფრანგეთში რაგბის სათამაშოდ ვიყავი ჩამოსული და მაგალითს ვაძლევდი იმ ფრანგებს, ვინც ჩემსავით არ ვარჯიშობდა"


რამდენიმე დღეში ტულონში ოფიციალურად გაიხსნება გია ლაბაძის სახელობის "ვარსკვლავი". ლაბაძე პირველი თაობის ბორჯღალოსანთა გამორჩეული წარმომადგენელია. "დიდი რაგბის" პარალელურად, საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების წამყვანი მოთამაშე და ფრანგული "ტულონის" კაპიტანი და ლიდერი გახლდათ. სწორედ იმ "ტულონის", დღეს ევროპული რაგბის გრანდად რომ მიიჩნევა და მიმდინარე სეზონიდან მამუკა გორგოძითაც იწონებს თავს ("გორგოძილას" გარდა, გუნდში ირიცხებიან
კოტე მიქაუტაძე და ლევან ჩილაჩავაც. - ავტ.)! წლებია, ვეტერან მორაგბეს ქართველ ჟურნალისტთან არ ულაპარაკია და რადგან 2011 წლის მსოფლიო თასის წინ ნაკრებიდან გულნატკენი წავიდა, ოთხი წლის წინანდელ ამბებზეც ველაპარაკეთ. მანამდე კი უფრო სასიამოვნო თემა - გია ლაბაძის სახელობის "ვარსკვლავი", რომელიც 20 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნება:


-
მხოლოდ ჩემი სახელობის "ვარსკვლავს" არ გახსნიან - პატივი იმ ოც მორაგბეს დაგვდეს, ტულონელთა აზრით, კლუბში განსაკუთრებული კვალი რომ დავტოვეთ. "ვარსკვლავს" კი ვეძახით, მაგრამ სინამდვილეში, რაგბის ბურთის ფორმა აქვს. თუმცა, რა ფორმისა და რაოდენობისაც უნდა იყოს, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია!

- ვიცით, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, საცხოვრებლად ტულონში დარჩით, ქალაქში, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარეთ... ამჟამად რას საქმიანობთ?

- ტულონის მერიაში, სპორტის განყოფილებაში ვმუშაობ. კლუბის ახალი სტადიონის ადმინისტრატორიც ვარ. სარაგბო სკოლები, გუნდები, პროგრამები მეხება, ასევე, ტურნირების ორგანიზება და ა.შ. დირექტორის არყოფნაში სტადიონის უფროსიც მე ვარ, მნეც და მენეჯერიც. ფაქტობრივად, სტადიონზე ვცხოვრობ...

- არადა, კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას აპირებდით...
- სწავლას დრო სჭირდება, მერიაში მუშაობა კი დიდ დროს მოითხოვს და... ჯერ ვერ მოვიცალე. ისე კი, გადაწყვეტილება არ შემიცვლია, უახლოეს თვეებში მწვრთნელისთვის საჭირო განათლებასაც დავუთმობ დროს.

- "ტულონს" თქვენს მერე "დაებედა" - კლუბში ერთი ქართველი მორაგბე მაინც სულ არის. ამჟამად სამი არიან: გორგოძე, მიქაუტაძე და ჩილაჩავა...

- ქართველები ხშირად ვხვდებით - სტადიონზე, ვარჯიშების დროს, საღამოობითაც... ხან უფროსები ვიკრიბებით, ხან ბავშვები, ხან ყველანი ერთად (იცინის).

- "ტულონის" მულტიმილიონერ მეპატრონე მურად ბურჯელალს ჯერ კიდევ სამი წლის წინ სურდა გორგოძის გადაბირება - როგორც იქნა, აისრულა საწადელი. როგორ შეხვდნენ მამუკას ახალ კლუბში?
- დიდი ხანია, ტულონელები "გორგოძილას" ელოდებიან და ტოპ-14-ის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის ძალიანაც ეიმედებათ, მამუკა ხომ საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია! ახალ კლუბშიც კარგად დაიწყო, მერე ტრავმა ჰქონდა და მოედანს ახლახან დაუბრუნდა. 

- საფრანგეთის ჩემპიონატის ქართული "დესანტის" ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი ხართ... რა შეიცვალა მას შემდეგ ფრანგულ რაგბიში?
- ბოლო 10 წლის განმავლობაში რაგბი ბევრად პროფესიული გახდა. აშკარაა ტექნიკური, ფიზიკური და, რა თქმა უნდა, ფინანსური პროგრესი! ვარჯიშებიცა და თამაშიც გაცილებით ხარისხიანია. ისინიც კი, ჩვენ დროს უმაღლესი დონის პროფესიონალებად რომ მიიჩნეოდნენ, იმდენს არ ვარჯიშობდნენ, რამდენსაც თანამედროვე მორაგბეები. დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვიდეოს - არა მხოლოდ თამაშებს, ყოველდღიურ ვარჯიშებსაც კი იღებენ და აანალიზებენ! გაიზარდა ფიზიკური და ტექნიკური კონდიციები, ანაზღაურება და ა.შ. რაგბი გახდა სამსახური, სადაც დილიდან საღამომდე ხარ და იცი, რომ ხელფასიც შესაბამისი გაქვს!

- გული არ გწყდებათ, "ტულონს" თქვენ დროსაც ასეთი მდიდარი მეპატრონე რომ არ ჰყავდა?

- გული ნამდვილად არაფერზე მწყდება. პირიქით, მიხარია, რომ რასაც ახლა აკეთებენ, იმავეს ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ ვაკეთებდი! საფრანგეთში რაგბის სათამაშოდ ვიყავი ჩამოსული და მაგალითს ვაძლევდი იმ ფრანგებს, ვინც ჩემსავით არ ვარჯიშობდა.

- სწორედ ამიტომ უყვარხართ და გაფასებენ ტულონში!
- შესაძლოა... მინდოდა, აქ ის გამეკეთებინა, რაც საქართველოსა და რუსეთში თამაშისას ვერ შევძელი... ერთიც არის - საფრანგეთში 26 წლისა ჩამოვედი. 18 წლის ასაკში ან ახლა რომ ჩამოვსულიყავი, შესაძლოა, სხვაგვარად მელაპარაკა (იცინის).

- გაიხსენეთ 2011 წლის ივლისი - პერიოდი, როცა შეიტყვეთ, რომ მსოფლიო თასისთვის გამოძახებულთა შორის არ იყავით...
- ამას "პატარა სიკვდილი" ჰქვია. ცოცხალი ხარ, მაგრამ სულში რაღაცას გიკლავენ... ახლა მეღიმება, მაშინ კი ძალიან განვიცადე...

- და ფაქტობრივად, დაასრულეთ კიდეც პროფესიული კარიერა. რაგბიზე გული აგიცრუვდათ?

- ისე გამოვიდა, რომ მართლაც იქ დამთავრდა ყველაფერი... ყველა მატჩს რომ თამაშობ და სულ ძირითად შემადგენლობაში ხარ, მერე კი უეცრად გეტყვიან, არათუ ოცდაათკაციან, გაფართოებულ შემადგენლობაშიც ვერ მოხვდიო, ყველაფერი ცხადი ხდება. სხვა რა დამრჩენოდა? კარგად იყავით-მეთქი...

- ძალიან გულდაწყვეტილი იყავით - გამოსათხოვარ მატჩზეც რომ დამიძახონ, ალბათ, ნაკრებში მაშინაც არ ჩამოვალო... ახლაც ასე ფიქრობთ?
- ბავშვი ხომ არა ვარ, ვინმეს გავებუტო? თუ იქნება ასეთი მატჩი, ჩამოვალ, აბა, რას ვიზამ...

- საქართველოს ნაკრების თამაშებს თუ ადევნებთ თვალს?

- კარგია, ძლიერ გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა რომ გვეძლევა. ირლანდიის, სამოის, იაპონიის დონის ნაკრებებთან თამაშს დიდი გამოცდილება მოაქვს. ასეთ გუნდებთან მოგებასაც რომ დავიწყებთ, სხვა საქმე იქნება...

- სამოას და იაპონიას მოვუგეთ კიდეც, ირლანდიამდე კი ჯერ შორია... თუმცა, 2007 წლის მსოფლიო თასზე "სამყურები" კინაღამ დავამარცხეთ. ის მატჩი დღემდე გემახსოვრებათ...
- მოგებამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა. 15 წუთი ირლანდიის ჩათვლის მოედანთან გავატარეთ, რამდენჯერმე შეგვეძლო ლელოს დადება, მაგრამ სანტიმეტრები გვაკლდებოდა. მეტი გამოცდილება რომ გვქონოდა, იმ მატჩს მოვიგებდით!

- 2015 წლის მსოფლიო თასზე რას უნდა ველოდოთ საქართველოს ნაკრებისგან?
- საქართველოს ნაკრებს ძირითადი აქცენტი დაცვაზე აქვს გადატანილი. დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ არ შეუტიე, როგორ მოიგებ? როცა დაცვიდან თამაშობ, სწრაფად კონტრშეტევაც უნდა შეგეძლოს. სხვაგვარად ძალიან რთული იქნება გამარჯვება...

- საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მესამეხაზელებიდან ყველაზე მეტად ვინ მოგწონთ?
- გორგოძეზე ახალი რა უნდა ვთქვა? ძალიან მომწონს "ბინგოც" (გიორგი ჩხაიძის მეტსახელია. - ავტ.)... მიხარია, ნიჭიერი ახალგაზრდები რომ გვყავს. სხვათა შორის, მეგობარი აგენტის დახმარებით ახალგაზრდა მორაგბეებს მეც ვეხმარები ხოლმე გზის გაკვალვაში.
madloba
06 იანვარი 2015 00:27
ძალიან საამაყო მორაგბეები გვყავს და მინდა მადლობა ვუთხრა მათ, რომ საქართველო ასე ასახელეს.
(ძველებმაც, ახლებმაც)

საფრანგეთში ვარსკვლავის გახსნას ეხუმრებით?
ბრავო, გია!!!!
tornike
01 იანვარი 2015 18:34
აი ასე უცერემონიოდ გაუსჰვეს ნაკრებიდან ლეგენარული გია, ასევე ლეგენდარული კირვანა(მამუკა მაგრაქველიძე) ასევე რატი ურუშაძე, აქვსენტი გიორგაზე, პატარა გლობუსა, დატო დადუნასჰვილი მოკლედ ნიჟარაძეს მფა ააქ და არ აწყობს ისეთები ვინც საქმეს აკეთებს ამ მორაგბეების ჩამონათვალს დაუკვირდით და ბევრ რამეს მიხვდებით რომ ამ ხირივ საქმე ცუდადააა
gavazeli
17 დეკემბერი 2014 11:46
ძაან მაგარი იყო ლაბაძე. კარგი იქნება, თუ უფრო ხშირად გამოაქვეყნებთ ინტერვიუებს ასეთ სახელოვან სპორტსმენებთან.

რედაქტორის რჩევით