"უცხოელ მწვრთნელთან მუშაობა საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ქართველს ვამჯობინებ"
22-12-2014
"უცხოელ მწვრთნელთან მუშაობა საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ქართველს ვამჯობინებ"
"ევროპაში კლუბი არ მეგულება, "ამსტერდამ არენაზე" 4:0 მოგებას რომ დაგეგმავს"

გასულ ოთხშაბათს არნემის "ვიტესმა" სტუმრად 4:0 გაანადგურა ამსტერდამის "აიაქსი" და ჰოლანდიის თასის 1/4-ფინალში გავიდა. "ვიტესის" ორივე ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა, ვაკო ყაზაიშვილმა კი მორიგი ამსტერდამული გოლითაც (შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქართველმა შარშანაც გაიტანა "ამსტერდამ არენაზე" და "ვიტესს" 1:0 მოაგებინა. - ავტ.) ისახელა თავი. რაც შეეხება არნემელთა კაპიტანს, გურამ კაშიამ დაიბრუნა ადგილი "ვიტესის" ძირითად შემადგენლობაში და იმედია, სეზონის ბოლომდე აღარ დაკარგავს. გურამს "აიაქსთან"
მატჩის შემდეგ ველაპარაკეთ.

- ჩვენთვის ეს დიდი მატჩი იყო! "ვიტესი" უკვე გამოეთიშა ჰოლანდიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას. ახლა მთლიანად ქვეყნის თასზე ვართ კონცენტრირებული და "აიაქსთან" მატჩისთვისაც განსაკუთრებულად მოვემზადეთ. ევროპაში კლუბი არ მეგულება, "ამსტერდამ არენაზე" 4:0 მოგებას რომ დაგეგმავს. ბოლო ათი წლის განმავლობაში "აიაქსის" სტადიონზე დიდი ანგარიშით გამარჯვება
მხოლოდ მადრიდის "რეალმა" და პსვ-მ შეძლეს, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა და ოთხი უპასუხო ბურთი გავუტანეთ (იცინის)... 

- ერედივიზიონში კი რამდენიმე კვირაა, თამაში არ მოგიგიათ...
- არ გვიმართლებდა, თორემ თითქმის ყველა მატჩში მეტოქეზე უკეთ ვთამაშობდით. აი, "აიაქსს" კი არაფერი დავუთმეთ, იმ მატჩის ორთაბრძოლების უმეტესობა ჩვენი ფეხბურთელების სასარგებლოდ დასრულდა. ვინც თამაშს უყურა, დამეთანხმება, რომ მოედანზე ჩანდა მხოლოდ ერთი გუნდი, რომელმაც მეტოქე ყველაფერში დაჯაბნა - დაცვით თამაშში, კონტრშეტევაში, საგოლე მომენტებში...

- ანგარიშზე სასიამოვნო ჩვენთვის ის იყო, ორივე ქართველმა შეუცვლელად რომ ითამაშეთ. ყაზაიშვილმა გოლიც გაიტანა...
- კარგი გოლი გაიტანა, მაგრამ თან ყველა გააკვირვა - ვინ წარმოიდგენდა, რომ ყაზაიშვილს ასე კარგად შეუძლია დაცვითი ფუნქციების შესრულება? არც დაცვაში ჩასვლა დაზარებია, არც პრესინგი და ბრძოლა. "ვიტესის" ნახევარდაცვამ ჩინებულად ითამაშა, ყაზაიშვილი კი მათშიც გამოირჩეოდა და მთელი მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

- მეორე წელიწადია, ყაზაიშვილს "ამსტერდამ არენაზე" გააქვს გოლი "აიაქსის" კარში!

- ამას შემთხვევითობას ვეღარ დაარქმევ - ვაკო კარგი ფეხბურთელია და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მატჩში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია. შანსი ამჯერადაც გამოიყენა და ფაქტობრივად, მე-60 წუთზე დაასრულა თამაში! 

- რატომ ვეღარ ვხედავდით "ვიტესის" კაპიტან გურამ კაშიას გუნდის ძირითად შემადგენლობაში?

- ეს კითხვა "ვიტესის" მთავარ მწვრთნელს მეც ბევრჯერ დავუსვი და მპასუხობდა, სანამ ტრავმას იშუშებდი, ცენტრალური მცველების დუეტი კარგად თამაშობდა, ისინი უკეთეს წყვილს ქმნიანო! მე განსხვავებული აზრი მქონდა, მაგრამ რას ვიზამდი? მერე "ალკმაართან" წავაგეთ, "იგლსს" ვერ მოვუგეთ. არ მათამაშებდა და თან სულ წუწუნებდა, მოედანზე არ არის ლიდერი, ფეხბურთელი, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, პასუხისმგებლობას აიღებსო... კაპიტანს თუ არ ათამაშებ, ასეთი რაღაც რატომღა გიკვირს?! წლებია, კაპიტანი ვარ, გუნდზე პასუხს ვაგებ და ამ ორ მატჩში ვეღარ გავუძღვებოდი?! საბედნიეროდ, როგორც იქნა, შეიცვალა აზრი და დარწმუნდა, რომ მოედანზე ყოფნას ვიმსახურებ...

- გუნდის კაპიტნისთვის თამაშის სათადარიგოთა სკამიდან ყურება ძნელი არ არის?
- ძნელია, მაგრამ, როცა სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი, მაშინაც კაპიტანი ვიყავი! არაფერი შეცვლილა: ისევ ვეხმარებოდი ბიჭებს, გასახდელშიც ძველებურად ვიყავი ლიდერი, ვინც მწვრთნელს ელაპარაკება, თანაგუნდელებს ამხნევებს და ა.შ. ისე კი, ბუნებრივია, ძალიან რთული იყო თამაშის სათადარიგოთა სკამიდან ყურება, ლამის ნევროზი დამემართა (იცინის). თადარიგში ყოფნას არა ვარ ჩვეული, ბოლო წლებია, კლუბშიც და ნაკრებშიც სულ ძირითადში ვიყავი ხოლმე და გამიჭირდა ჩემი გუნდის თამაშის შორიდან ყურება. იმედგაცრუებული და ცოტათი დაბნეულიც კი ვიყავი...

- ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც კუთხურის ალამთან "მებრძოლი" გურამ კაშიაა აღბეჭდილი. მწვრთნელის "ჯავრი" მართლაც ალამზე იყარე?

- ეს ნამდვილად არ ყოფილა პროტესტის ან მწვრთნელისთვის უკმაყოფილების დემონსტრირება. გუნდი 2:0 იგებდა, მოედანზე ჩემი შეყვანა არც იგეგმებოდა და არც მწვრთნელს უთქვამს, გახურდიო. ეს ჩვეულებრივი მოთელვა  იყო, საჭიროების შემთხვევაში, მოედანზე შესასვლელად მზად რომ ვყოფილიყავი. ფოტოკამერებმა ეს მომენტი დააფიქსირეს და გააბუქეს, კაშია გაბრაზებულია, რომ არ ათამაშებენ და ჯავრს კუთხურის ალამზე იყრისო...

- საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ - პოლონეთთან 0:4 წაგება კანონზომიერი იყო?

- პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. გასახდელში რომ შევდიოდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ წავაგებდით იმ მატჩს. მაგრამ მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, სტანდარტული მდგომარეობიდან გაგვიტანეს ჯერ ერთი, მერე მეორე გოლი და... თამაში იქვე დასრულდა! ის დასანანი ბურთები რომ არ გაგვეშვა, დარწმუნებული ვარ, სულ სხვაგვარი თამაში იქნებოდა. პოლონელები ფიზიკურად ჩვენზე ძლიერები იყვნენ, სიმაღლეშიც გვჯობნიდნენ, მაგრამ ასეთი ანგარიშით წაგებას მართლა არ ვიმსახურებდით!

- პოლონეთთან მატჩის დაწყებამდეც იყო ცნობილი, რომ თამაშის შემდეგ თემურ ქეცბაია ნაკრებს ტოვებდა. ამან იმოქმედა ფეხბურთელებზე?
- არანაირად. ეს საქართველოს ნაკრებია და ფეხბურთელები ნებისმიერ მატჩში მოტივირებული გავდივართ მოედანზე. 

- წასვლისას რა გითხრათ თემურმა?
- ყველანი ძალიან ვიყავით იმედგაცრუებული... თემურთან მივედი, დავემშვიდობე და ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადავუხადე. მასთან ახლაც მაქვს სატელეფონო კონტაქტი. ერთად ოთხი წელიწადი ვიმუშავეთ და, ბუნებრივია, ურთიერთობას გავაგრძელებთ. რა შეიცვალა ნაკრებში მისი მოსვლის შემდეგ? ახლა ძნელია ამაზე ლაპარაკი. ჯერ ისიც კი არ ვიცით, ქეცბაიას შემცვლელი ქართველი იქნება თუ უცხოელი, რას მოგვთხოვს, რა ადამიანი იქნება და ა.შ.

- საქართველოს ამ ნაკრებს ქართველი მწვრთნელი უფრო გამოადგება თუ უცხოელი?
- გამოცდილ უცხოელ მწვრთნელთან მუშაობა საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე მეც ქართველს ვამჯობინებ. სხვა რომ არაფერი, მენტალური, კულტურული, ენობრივი ბარიერი მაინც არ გვექნება მასთან...

- მაგრამ ბოლო ხუთი წელი ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით არ ითამაშეთ? შედეგი?
- წარუმატებლობაში მხოლოდ მწვრთნელის დადანაშაულება არასწორია, თავისი წილი პასუხისმგებლობა ფეხბურთელმაც უნდა აიღოს. ნაკრების მწვრთნელს რამდენიმე დღე აქვს, მოთამაშე რომ მოამზადოს, დავალება მისცეს. მაგრამ მოედანზე ხომ ფეხბურთელი გადის, მწვრთნელის დავალება ხომ მან უნდა შეასრულოს მოედანზე? ასე რომ, ყველაფერი მიშვნელოვანია - რა დავალებას მოგცემს მწვრთნელი, მართებულია თუ არა და შენ როგორ შეასრულებ.
soso
15 იანვარი 2015 13:05
დღეს-დღეისობით ყველაზემაგარი ქართველი ფეხბურთელი ყველა კუთხით: თამაში, წარმატება, ბოლომდე დახარჯვა ნაკრებში, ადამიანი! წარმატებები კაშო!
მიბაძეთ დანარჩენმა ფეხბურთელებმა, მისგან ისწავლეთ, სულ კიარ გეყოლებათ ასეთი სამაგალითო თანაგუნდელი...

რედაქტორის რჩევით