შოთა არველაძე: ან ქეცბაიამ არ უთხრა მეტი, ან ფეხბურთელებმა ვერ მოუმატეს... - კვირის პალიტრა

შოთა არველაძე: ან ქეცბაიამ არ უთხრა მეტი, ან ფეხბურთელებმა ვერ მოუმატეს...

"ან ქეცბაიამ არ უთხრა მეტი, ან ფეხბურთელებმა ვერ მოუმატეს..."

"არც მათემატიკა იციან, არც სტატისტიკა და ვერც განვითარების პროცესში ერკვევიან. არადა, ქვეყანაში ფეხბურთის განვითარება სწორედ ასეთ რაღაცებს მოჰყვება - თამაშებზე დასწრებას, მოლოდინს, იმედს..."

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში ჩემი მუშაობა გამორიცხულიაო, - შოთა არველაძემ ეს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ თქვა. თურქული "ქასიმფაშას" თავკაცს მაშინ არ დაუკონკრეტებია, რატომ არის ნაკრებში მისი მუშაობა "გამორიცხული", "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში კი უფრო კონკრეტულად ილაპარაკა:

- ჯერ ერთი, "ქასიმფაშასთან" მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და ასე ვერ მივატოვებ - ეს არც ჩემს ხასიათს შეეფერება და არც პროფესიონალი მწვრთნელის საქციელს. არის მეორე მიზეზიც, მაგრამ, სანამ შესაბამისი დრო არ მოვა, ამ ყველაფერზე ლაპარაკს აზრი არა აქვს, სხვების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ მსურს. თავის დროზე ვიტყვი, როგორ, რა პირობებით უნდა ვიმუშაო საქართველოს ნაკრებში! არის მესამე მიზეზიც: ჩემი ძმა, რეზი არველაძე, სფფ-ის გენერალური მდივანი, ფედერაციის ერთერთი წამყვანი ფიგურაა და გარკვეულ უხერხულობას ესეც მიქმნის. თუმცა, ამ სამი ხელის შემშლელი მიზეზიდან ეს ყველაზე უმნიშვნელოა...

- ნაკრებში მუშაობა აქამდეც შემოუთავაზებიათ შენთვის - წლების წინ ჯერ საქართველოს ნაკრებში დაგიძახეს. მოგვიანებით, რუსეთის ნაკრების იმჟამინდელი თავკაცი დიკ ადვოკაატიც გიწვევდა ასისტენტად...

- რუსეთში მუშაობის შესაძლებლობა სერიოზულად არც განმიხილავს, თანაც, მაშინ ჯერ კიდევ "ალკმაარში" ვიყავი ლუი ვან გაალის ასისტენტად. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ნოდარ ახალკაცი ამაზე სალაპარაკოდ სპეციალურად ჩამოვიდა ვალენსიაში, თუმცა, მაშინვე უარი ვუთხარი: მწვრთნელობა ახლახან დავიწყე და არ მინდა, თავიდანვე არასწორად მოვიქცე-მეთქი.

- იმ პერიოდზეა ლაპარაკი, სანამ ქეცბაიას ჩააბარებდნენ ნაკრებს?

- დიახ, იმ დროზე, ჰექტორ კუპერი რომ წავიდა საქართველოს ნაკრებიდან.

- საქართველოში ბევრი ფიქრობს, შოთა არველაძე ისეთი ჭკვიანია, ასეთი ნაკრების ჩაბარებაზე არ დათანხმდებაო!

- არასწორი დამოკიდებულებაა და ნამდვილად არ ვეთანხმები ასეთ შეფასებას! გამოდის, ვინც ამ ნაკრების გაწვრთნაზე დათანხმდება, ჩემზე ნაკლებად ჭკვიანია?! თუ ამაზე უკეთესი შემადგენლობა მყავდა "ქაისერში" მუშაობისას? სანამ თურქეთში ჩამოვიყვანდი, ამისულაშვილი არავის ახსოვდა, ნაკრებში 10-12 თამაშზე მეტი არ ჰქონდა ჩატარებული! ასე რომ, კონტინგენტი არ არის ჩემთვის პრობლემა, რაღაცას შევძლებ, რაღაცას - ვერა. ისე კი, სულ ვამბობ რომ მესამე ადგილზე გასვლა სულაც არ არის ცუდი!

- მაგრამ რამდენი წელიწადია, შესარჩევ ეტაპზე მესამე ადგილიც კი სანატრელი გვაქვს...

- გაიძახიან, მაინცდამაინც პირველ ადგილზე უნდა გავიდეთო, მე კი სულ ვამბობ - შეიძლება ვერ გახვიდე ჯგუფიდან, მაგრამ წელიწად-ნახევარი თუ შეინარჩუნე გასვლის შანსი, მომდევნო ციკლში კი ფლეი-ოფამდე გააღწიე, ოდესმე ფინალურ სტადიაზეც გახვალ. ეს კი ნიშნავს, რომ იმ წლების განმავლობაში შენი ქვეყანა ფეხბურთით ცხოვრობდა, ვითარდებოდა! ნიშნავს, რომ 12 კი არა, უკვე 52 ფეხბურთელი გყავს, მხოლოდ ერთი კი არა, რვა გამართული კლუბი გყავს და ა.შ. სამწუხაროდ, ამდენი არც მათემატიკა იციან, არც სტატისტიკა და ვერც განვითარების პროცესში ერკვევიან. არადა, ქვეყანაში ფეხბურთის განვითარება სწორედ ასეთ რაღაცებს მოჰყვება - თამაშებზე დასწრებას, მოლოდინს, იმედს... ფეხბურთი უფასო უნდა იყოსო. მაგას რა სჯობს, მაგრამ როგორ უნდა იყოს უფასო, როცა ორი ხელოვნური მოედნის გასაკეთებლად ოთხი მილიონია საჭირო? ფეხბურთით არავინ ცხოვრობს და თან ვითხოვთ, რომ ფეხბურთელები გვყავდეს!

- საქართველოს ამ ნაკრებს ქართველი მწვრთნელი უფრო გამოადგება თუ უცხოელი?

- მაშინ, როცა ბევრად კარგი ფეხბურთელები გვყავდა და არჩევანიც მეტი იყო, სულ უცხოელის მომხრე ვიყავი... ახლა ქართველის მომხრე ვარ!

- უპირველესად რა უნდა გააკეთოს ახალმა მწვრთნელმა?

- ფეხბურთელებს უნდა გააგებინოს, რა უნდა გააკეთონ მინდორზე. უთხრას, რას ავალებს და რას ითხოვს მათგან!

- აქამდე ვერ აგებინებდა მწვრთნელი? თუ ფეხბურთელები ვერ იგებდნენ ან ვერ ასრულებდნენ?

- იმ დროს ნაკრებში არ ვყოფილვარ და არ ვიცი, ქეცბაია ვერ უხსნიდა თუ ფეხბურთელებს არ ესმოდათ. ფაქტია, რომ როცა საერთო ენა გამონახეს, სანამ ერთი მიზანი ჰქონდათ, წაუგებლად იარეს! მაგრამ, როგორც კი არწაგება არასაკმარისი გახდა და მწვრთნელს მოგების სწავლებაც დაევალა, საქმე ცუდად წავიდა. ან ქეცბაიამ არ უთხრა მეტი, ან ფეხბურთელებმა ვერ მოუმატეს...

- შენ და თემური მეგობრები ხართ და, ალბათ, მისი გადადგომის შემდეგაც ილაპარაკეთ... ხომ არ ნანობს, საქართველოს ნაკრების გაწვრთნას რომ დათანხმდა?

- არ ნანობს, მაგრამ ძალიან განიცადა ეს ყველაფერი. განადგურებული იყო კაცი... ნაკრებში რომ არ მემუშავა, ჩემი მშობლები ახლა ცოცხლები იქნებოდნენ, ორივე ნერვიულობამ შეიწირა და ობლად დავრჩიო... კაცი ასეთ რამეს რომ გეტყვის, ამის შედეგ ფეხბურთზე როგორღა უნდა ელაპარაკო?!

- არც გვეპარება ეჭვი, რომ თემურ ქეცბაიას ძალიან უნდოდა ნაკრებთან ერთად წარმატების მიღწევა, ბევრ რამეში მართალიც იყო, მაგრამ ნუთუ ხუთი წლის განმავლობაში ერთი შეცდომაც არ დაუშვია? არადა, მისი თქმით, დამნაშავეები ყოველთვის სხვები იყვნენ...

- თემურს გადმოცემის უნარიც თავისებური აქვს და ხშირად სხვების ნათქვამსაც სხვაგვარად აღიქვამს. გააჩნია, შეკითხვის ფორმასა და ტონს - როგორც კი კითხვის ნიშანს დაინახავს, ჟურნალისტებს აღარ პასუხობს, ჰგონია, პირდაპირ მას ადანაშაულებენ! როცა ეკითხებიან, ხომ არ შეცდი, ნაკრებიდან ფეხბურთელები რომ გაუშვიო, მაშინვე აგრესია უჩნდება, რა ჩემი ბრალია, თუ კალაძე პოლიტიკაში წავიდა, ან გოგუა და ყენია ჩემზე გაბრაზდნენო?! შესაძლებლობა უნდა მისცე, კარგზეც და ცუდზეც თავად ილაპარაკოს... ამას წინათ მკითხა ჟურნალისტმა, ქართულ ფეხბურთს უფსკრულიდან ვინ ამოიყვანსო. ლოცვა-მეთქი! უფსკრულიდან სხვა რა ამოგიყვანს?! მწვრთნელს რომ უფსკრულიდან ამოყვანა შეეძლოს, ყოვლისშემძლე იქნებოდა!

- ანუ, ფიქრობ, რომ არა ვართ უფსკრულში, არ არის ქართული ფეხბურთი "დაღუპული"?

- არ არის... მაგრამ რა მდგომარეობაშიც ქვეყანაა, იგივე ხდება ფეხბურთშიც...

- სად დაუშვა ქეცბაიამ მთავარი შეცდომა - ტაქტიკაში, ურთიერთობებში თუ შემადგენლობის არჩევისას?

- ზოგჯერ ერთი შეცდომა ყველა დანარჩენს ფარავს. ანდა, რომ ფიქრობ, არ ვცდებიო, იქნებ სწორედ ეს იყოს ყველაზე დიდი შეცდომა! თორემ ურთიერთობაში ვისთან "ჩაიჭრა" თემურ ქეცბაია? გოგუამ მაისური მიაგდო - ნაკრებში თამაში აღარ მინდაო, სხვა იმაზე გაბრაზდა, ძირითადში არ მათამაშაო, მესამემ - ვიზა არ მაქვსო და ა.შ. შესაძლოა, იაშკასა და კობისთან თემურს ცუდად გამოუვიდა, მაგრამ ამით ქვეყანა ხომ არ დაქცეულა? ერთი-ორი ფეხბურთელის შეცვლა ნაკრებს ვერც დააქცევს და ვერც ააშენებს. თავის დროზე, ყიფიანმა და ჩივაძემაც დაასრულეს კარიერა და რა, აღარ არსებობს ფეხბურთი?!

- ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებმა თემურ ქეცბაიაც "მოინელა"...

- ვიმეორებ: სანამ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს ერთმანეთის ესმოდათ, სანამ სჯეროდათ, რომ გუნდი "ჟილკისა" და მონდომების ხარჯზე ითამაშებდა, არავინ ითხოვდა, მაინცდამაინც "კედელი" გაითამაშე ან პასი გააკეთეო. წელი ისე გავიდა, თამაში არ წაუგიათ, მაგრამ როგორც კი ვიღაც გამოაკლდა გუნდს, ვიღაცამ უარი თქვა ჩამოსვლაზე და რაც მთავარია, როცა ამბიციები გაუჩნდათ მწვრთნელს, ფეხბურთელებს თუ მთავრობის წევრებს, მას შემდეგ აირია სიტუაცია...

- რას ფიქრობ, როგორი ტიპის მწვრთნელი სჭირდება დღეს საქართველოს ნაკრებს - მკაცრი, მეგობრული თუ...

- რა სიმკაცრეზეა ლაპარაკი, როცა მწვრთნელი მხოლოდ სამ დღეს ატარებს ფეხბურთელებთან ერთად?! ნაკრებს სჭირდება მწვრთნელი, რომელიც გეუბნება, რას ითხოვს და რას ელის შენგან. გეუბნება და ამას ვარჯიშსა და თამაშზეც გაჩვენებს. დანარჩენი მოედანზე ხდება - ოქრიაშვილმა რომ ირლანდიას გოლი გაუტანა, ისეთი რაღაცის გაკეთებას მწვრთნელი როგორ დაგავალებს?! ოთხასი ბურთი მაქვს გატანილი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი მდგომარეობიდან თუ შეიძლებოდა დარტყმა. ოქრიმ კი დაარტყა და, მგონი, ყველაზე მაგარი ბურთი გაიტანა ნაკრების ისტორიაში!  შეტევისას მარცხნივ უნდა მისცე პასი თუ მარჯვნივ, ამასაც მწვრთნელი ხომ ვერ გეტყვის?!