ქართული სპორტი 2014 - კვირის პალიტრა

ქართული სპორტი 2014

ნაკრების მწვრთნელის ცვლილება, სკანდალები, დაკარგული სპორტსმენები, მოპოვებული ტიტულები და საგზურები - გასულ წელს ქართულ სპორტშიც ბევრი რამ მოხდა:

პირველად

2014 წლის ივლისი ისტორიულია ქართული სპორტისთვის. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა არსებობის მანIძილზე პირველად იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე! გაცილებით გამოცდილ და ძლიერ გუნდებთან (მონტენეგრო, რუმინეთი, იტალია, საბერძნეთი და რუსეთი. - ავტ.) ბრძოლაში დებიუტანტი ქართველები თითქმის უშანსოდ იყვნენ, მაგრამ, რაც მთავარია, პირველი ნაბიჯი გადადგმულია. მოგებები კი…მომდევნო ტურნირებზე იქნება!

არშემდგარი პროტესტი

უნდა გაემგზავროს თუ არა ქართული დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე? ეს კითხვა კარგა ხნის განმავლობაში ისმოდა ქართული სპორტის სამყაროში. პროტესტის მომხრეთა სიმრავლის მიუხედავად, ქართველებმა სოჭში მაინც იასპარეზეს. საპრიზო ადგილებთან მიახლოებას მათგან არც არავინ ელოდა და სასწაული არც მომხდარა. ქართველთაგან საუკეთესო შედეგი (მე-19 ადგილი) კი ელენე გედევანიშვილის ანგარიშზეა.

ჭიდაობას რა უნდა?!

ყოველ შემთხვევაში, სკანდალი ნამდვილად არ სჭირდება. არადა, 2014 წელს, შედეგებზე მეტი ქართულ საჭიდაო სამყაროში სწორედ ხმაური და სკანდალი ვნახეთ. როცა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდების მწვრთნელები. ამ გადაწყვეტილების მიზეზად კურტანიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგები დაასახელა. თუმცა, ფედერაციის პრეზიდენტს მალე თითქმის მთელი საჭიდაო სამყარო აუმხედრდა - პროტესტანტებმა ლუკა კურტანიძეს ჯერ კაბინეტის კარი აუჭედეს, მერე კი კვერცხებიც დაუშინეს...

ამ ყველაფრის მიუხედავად, კურტანიძემ თანამდებობა ნოემბრის ბოლომდე შეინარჩუნა, ზამთრის პირველივე დღეს კი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმმა თავისი გაიტანა და კურტანიძე თანამდებობიდან გადააყენა. 26 დეკემბერს გამართული საარჩევნო ყრილობა კი მანუჩარ კვირკველიას გამარჯვებით დასრულდა.

ჭრიკიშვილი მსოფლიო ჩემპიონია!

ავთანდილ ჭრიკიშვილისთვის გასული სეზონიც ტრიუმფული იყო: პარიზის "დიდ სლემზე", თბილისის "გრან-პრიზე" და ევროპის ჩემპიონატზე გაჩემპიონების შემდეგ, "ჩირიკამ" რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდანაც ოქროს მედალი წამოიღო და ქართველებს შვიდწლიანი პაუზის შემდეგ დაგვიბრუნა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული!

"თემური წყობილების" დასასრული

საქართველოს ნაკრებში თემურ ქეცბაიას ხუთწლიანი მმართველობაც 2014-ში დასრულდა. 2009 წელს დიდი იმედებითა და ზარ-ზეიმით დანიშნულმა მწვრთნელმაც ისევე დაასრულა ნაკრებში მუშაობა, როგორც მისმა წინამორბედებმა. ქეცბაიას ხელში ნაკრები დიდი ანგარიშით აღარ აგებდა ოფიციალურ მატჩებს, მაგრამ ამავე დროს, შეტევაც დაავიწყდა და აუცილებლად მოსაგებ მატჩებშიც მხოლოდ დაცვაზე ვფიქრობდით. ნაკრების ექსთავკაცს არც ფსიქოლოგისა და დიპლომატის თვისებები აღმოაჩნდა... ამიტომაც, ხალხმა, ვინც ხუთი წლის წინ დიდი იმედით შეხვდა ნაკრების ახალ თავკაცს, ბოლო სანაკრებო შეხვედრის შემდეგ ერთი ტაშიც კი ვერ გაიმეტა გასახდელისკენ მიმავალი თავჩაქინდრული მწვრთნელისთვის...

საუკეთესოები

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საქართველოს 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენად ზედიზედ მეორედ დაასახელა ავთანდილ ჭრიკიშვილი, წლის საუკეთესო გუნდი კი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის მესამეადგილოსანი - ძიუდოს ეროვნული ნაკრები გახდა. ჭრიკიშვილმა გაიმარჯვა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვაში, გარდა ამისა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამაც აღიარა წლის საუკეთესო ძიუდოისტად! 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც - ნაკრები გუნდების თავკაცების, ეროვნული ჩემპიონატისა და პირველი ლიგის კლუბების მწვრთნელებისა და კაპიტნების გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ეროვნული ნაკრების და ყაზანის "რუბინის" მცველი სოლომონ კვერკველია დასახელდა!

"გორგოძილა" მსოფლიო ნაკრებში

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძე გასულ წელსაც ბევრჯერ დააფასეს: ჯერ "ბარბაროსებში" გამოძახების შემდეგ, 7 ივნისს ქართველი მორაგბისთვის უპრეცედენტო პატივი ხვდა წილად - მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა კეიპტაუნში - სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ!

მეოთხე მსოფლიოზე რუსეთის გავლით

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა მსოფლიო თასის საგზური. ევროპის ერთა თასის წლევანდელი გათამაშების ბოლოსწინა ტურში, ბორჯღალოსნებმა 36:10 აჯობეს რუს "დათვებს" და სანუკვარი საგზური დაისაკუთრეს. 2015 წლის მსოფლიო თასზე ზელანდიასთან, არგენტინასთან, ტონგასა და ნამიბიასთან ერთად ითამაშებენ.

გაცხადებული ცხადაძე

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამიერიდან კახაბერ ცხადაძე უთავკაცებს - მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში, 46 წლის მწვრთნელი პარალელურად იმუშავებს ბაქოს "ინტერში" და საქართველოს ნაკრებში, 2015 წლის ივნისიდან კი, ორი წლით გაახანგრძლივებს ხელშეკრულებას და  მთლიანად ეროვნულ ნაკრებზე გადაერთვება.

ზედიზედ მესამე ევრობასკეტი

გაგვახარა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმაც. იგორ კოკოშკოვის გუნდმა წარმატებით დასძლია საკვალიფიკაციო ეტაპი და გაისად ზედიზედ მესამედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები ჩ  ჯგუფში მოხვდა ხორვატიასთან, სლოვენიასთან, საბერძნეთთან, მაკედონიასა და ჰოლანდიასთან ერთად.

ამერიკას შეერთებული ტატიშვილი

ტყუილად გვეგონა, "მამლუქები" აღარასდროს გვეყოლებაო... გასული წლის იანვარში ძიუდოისტმა ბეთქილ შუკვანმა მიაშურა აზერბაიჯანის ნაკრებს, აპრილში კი საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა გადაწყვიტა აშშ-ის სახელით ასპარეზობა! "სულითა და გულით ქართველი ვარ და ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ არჩევანი აღარ მრჩება - ან ამერიკის სახელით უნდა ვითამაშო, ან საერთოდ შევეშვა ჩოგბურთის თამაშს!", - გვითხრა ტატიშვილმა.