წლის საუკეთესო მორაგბე: ამას თუ ვერ გავუძელი არაფრის ღირსი არ ვყოფილვარ! - კვირის პალიტრა

წლის საუკეთესო მორაგბე: ამას თუ ვერ გავუძელი არაფრის ღირსი არ ვყოფილვარ!

საქართველოს 2014 წლის საუკეთესო მორაგბე მერაბ შარიქაძე გახდა - ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "ორიაკის" უკანახაზელი. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, "ბუკამ" (მერაბ შარიქაძის მეტსახელია. - ავტ.) უკვე 28-ჯერ მოასწრო ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება და ერთ-ერთ საუკეთესო მბოჭავადაც ითვლება. მერე კიდევ, 21 წლის ასაკში გახდე წლის მორაგბე და აჯობო თუნდაც მამუკა გორგოძეს, რომელიც გასულ წელს მსოფლიო ნაკრებშიც კი მიიწვიეს, დიდ პატივთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაც არის და მერაბ შარიქაძე ამას კარგად აცნობიერებს. რაც მთავარია, 21 წლის მორაგბეს "ვარსკვლავური ავადმყოფობა" რომ არ ემუქრება, ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ თავადაც დარწმუნდებით!

- ალალად გვითხარი, წლის საუკეთესო მორაგბის ტიტულს თუ ელოდი?

- ნამდვილად არ ველოდი, რადგან ბევრ მორაგბეს ჰქონდა ძალიან კარგი სეზონი. უხერხულად ვიგრძენი თავი, ცოტათი დავიბენი კიდეც, საუკეთესოდ მე რომ დამასახელეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, უზომოდ გამიხარდა!

- ქართველი მორკინალები არა მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატში, უცხოურ კლუბებშიც გამოირჩევიან, მაგრამ ბოლო წლებში საქართველოს საუკეთესო მორაგბედ უმეტესწილად უკანახაზელებს ასახელებენ და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული რაგბი წინ მიდის!

- რაგბიში პირველხაზელთა მნიშვნელობა განუზომელია, მაგრამ მათ მიერ შესრულებული "შავი სამუშაო" მაყურებელს თვალში ნაკლებად ხვდება და შესაძლოა, ეს ყველაფერი ამის ბრალიც იყოს. ისე კი, ეს ჯილდო შერკინების მოთამაშეებსაც არაერთხელ აუღიათ და თუ ბოლო წლებში ხაზის მოთამაშეები იმარჯვებენ, ნამდვილად არ ნიშნავს, რომ სულ ასე იქნება. პირადად ჩემთვის, 21 წლის ბიჭისთვის, რომელსაც ჯერ ბევრი არაფრისთვის მიუღწევია, წლის მორაგბედ დასახელება ისეთი უდიდესი მორაგბეების შემდეგ, როგორიც გორგოძე, ზირაქაშვილი და სხვები არიან, დიდი პატივი და კიდევ უფრო მეტი - პასუხისმგებლობაა! საუკეთესო მოთამაშისგან საუკეთესო თამაშს ელიან და ამიერიდან კიდევ მეტად უნდა მოვინდომო...

- არადა, 21 წლის ასაკში ნამდვილად არ არის იოლი ასეთი დაფასების, ყურადღებისა და პოპულარობის გაძლება...

- ამას თუ ვერ გავუძელი, არაფრის ღირსი არ ვყოფილვარ! როგორ შეიძლება, ბუკა შარიქაძეს, რომელსაც ჯერ არაფრისთვის მიუღწევია კარიერაში, თავში აუვარდეს, როცა საოცარი თავმდაბლობით გამოირჩევიან ისეთი მორაგბეები, როგორიც მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშილი, დუდუ ქუბრიაშვილი, ირაკლი მაჩხანელი და სხვები არიან? მათ მაგალითზე გაზრდილი მორაგბე თუ სხვა რაღაცებზე დაიწყებს ფიქრს, არაფრის ღირსი არ ყოფილა... ვიმეორებ, ასეთი დაფასება, უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან კარგად ვაცნობიერებ, რომ მიღწევაზე ძნელი მიღწეულის შენარჩუნებაა!

- იშვიათია ისეთი პროგრესი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რომ გაქვს. ეს რის დამსახურებაა?

- არ მიმაჩნია, რომ გასულ წელს რამე განსაკუთრებული გავაკეთე. თუმცა, წინა წელთან შედარებით პროგრესს მეც ვხედავ და ეს ყველაფერი შრომის, ჩემი მწვრთნელების, ოჯახის წევრების მხარდაჭერის დამსახურებაა. უფლის წყალობით, მძიმე ტრავმაც არ მქონია, ჩემი კარიერა რომ შეეფერხებინა...

- გარდა იმისა, რომ რაგბის კავშირის რჩეული გახდი, წლის სპორტსმენის ნომინანტებს შორისაც იყავი...

- ამის შესახებ მოგვიანებით შევიტყვე. მეგობარი შემხვდა და მკითხა, სპორტის სამინისტროს წლის შემაჯამებელ საღამოზე რატომ ვერ გნახე, წლის სპორტსმენობის ერთ-ერთი კანდიდატი იყავიო (იცინის). უსამართლობა იქნებოდა და თავს ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი, ვინმეს წლის სპორტსმენად რომ დავესახელებინე. ავთანდილ ჭრიკიშვილმა გასულ სეზონში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო და საქართველოს საუკეთესო სპორტსმენიც დამსახურებულად გახდა!

- საკლუბო ამბებიც ვთქვათ - "ორიაკში" როგორ აღმოჩნდი?

- ჩვენი ხაზის მოთამაშეების მწვრთნელის, მაიკლ ბრედლის, წყალობით. ბრედლი "ორიაკის" მწვრთნელის, ჯერემი დევიდსონის, თანამემამულე და მეგობარია და მასთან რეკომენდაცია გამიწია. ასე აღმოვჩნდი "ორიაკში".

- "ორიაკი" საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში თამაშობს. ჩვენ კი გვინდა, ბუკა შარიქაძე რაც შეიძლება მალე ვნახოთ ტოპ-14-ში...

- ეს მეც მინდა (იცინის). "ორიაკთან" სამწლიანი კონტრაქტი მაქვს, მაგრამ თუ ტოპ-14-ის კლუბისგან იქნება შეთავაზება, მიმდინარე სეზონის ბოლოსაც შემეძლება წასვლა. ჯერ კონკრეტული არაფერია და სიმართლე გითხრათ, არც ვჩქარობ, რადგან საფრანგეთის ტოპ-14-ში თამაში ძალიან რთულია. იქ მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეები არიან თავმოყრილი და ჯერ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო და იღბალმაც უნდა გამიღიმოს, მათთან ერთად თამაში რომ დავიმსახურო.

- ეროვნულ ნაკრებში უკვე 28-ჯერ გითამაშია, რაც 21 წლის ბიჭისთვის ჩინებული შედეგია. ბოლოს, ბორჯღალოსნების რიგებში ნოემბრის ტესტ-მატჩებში ითამაშე...

- ტონგამ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა და დამსახურებულად გვაჯობა, ირლანდიაზე ახალი რა უნდა ვთქვა, ბოლო მატჩი კი საკმაოდ დიდი ანგარიშით მოვუგეთ იაპონიას, რომელმაც მანამდე ტონგელებს აჯობა - თუ ზუსტად მახსოვს, 26 ქულის სხვაობით! ნოემბრის ტესტებისას დიდი გამოცდილება მივიღეთ.

- რაც შეეხება ირლანდიასთან მატჩს? როგორი გრძნობაა დუბლინის "ავივა სთედიუმზე" თამაში?

- ვერ წარმომიდგენია, სადმე ამაზე მეტად სარაგბო ატმოსფერო იყოს! მხოლოდ სტადიონს არ ვგულისხმობ - თამაშამდე რამდენიმე დღით ადრეც კი დუბლინის ქუჩებში საოცარი განწყობა იყო. მართლაც სარაგბო ქვეყანაა, რაგბით ცხოვრობენ...

- უშუალოდ მატჩს რაც შეეხება? ამხელა სხვაობით მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით...

- თავის მართლებად ნუ ჩამითვლით, მაგრამ სანამ თხუთმეტი-თხუთმეტზე ვთამაშობდით, ირლანდიას არაფერი დავუთმეთ! მერე კი კაცნაკლული დავრჩით და ესეც ჩვენ თავს უნდა დავაბრალოთ - მეტი დისციპლინა გვმართებდა! ყვითელ ბარათს ლაშა მალაღურაძის ტრავმაც დაემატა და მოედანზე 13 დავრჩით. სწორედ იმ წუთებში გაგვიტანეს მასპინძლებმა 21 ქულა... ირლანდიასთან თამაში ოპტიმალური შემადგენლობით არის რთული და ორი მოთამაშით ნაკლები რას გავხდებოდით? რომ ამბობენ, ირლანდიასთან ყველაზე მეტი ბოჭვა შარიქაძის ანგარიშზეაო, ნაკლები ვიყავით და სხვა გზა არ იყო - რაც შეიძლება ბევრი შებოჭვა უნდა გაგვეკეთებინა (იცინის)!

- თავად რას ელი და საქართველოს რას უსურვებ 2015 წელს?

- 2015 მსოფლიო თასის წელია და მოუთმენლად ველი ჩემთვის პირველ მსოფლიო ჩემპიონატს, საქართველოს კი მშვიდობიან წელიწადს, სტაბილურობას, ერთმანეთის კიდევ უფრო მეტ სიყვარულს ვუსურვებ!