ზაზა ფაჩულია: საკუთარ საქმეში ბოლომდე დავიხარჯოთ და ყველაფერი კარგად იქნება
05-01-2015
ზაზა ფაჩულია: საკუთარ საქმეში ბოლომდე დავიხარჯოთ  და ყველაფერი კარგად იქნება
"აშშ-ში არა მხოლოდ ჩემს ოჯახს, ჩემს ქვეყანასაც წარმოვადგენ, ყველაფერს ვაკეთებ, რათა ქართველები მშრომელ და პროფესიონალ სპორტსმენებთან ასოცირდებოდნენ!"

"საკუთარ საქმეში ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, ბოლომდე დავიხარჯოთ
და ყველაფერი კარგად იქნება!"


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გალა-დაჯილდოებაზე ზაზა ფაჩულია 2014 წლის საუკეთესო ლეგიონერად დასახელდა. თუმცა, ეროვნული ნაკრებისა და "მილუოკი ბაქსის" კალათბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდოს მისაღებად სცენაზე ზაზას დედა ავიდა, წლის საუკეთესო ლეგიონერმა კი მადლობა სპეციალურად ჩაწერილი ვიდეოგზავნილით გადაიხადა. საახალწლო სამზადისის მიუხედავად, თბილისში ზაზას
არყოფნა არც გაგვკვირვებია - NBA-ში ახლა გახურებული სეზონია. თანაც, საპატიო ჯილდოს მოპოვებიდან რამდენიმე საათში ფაჩულიას ატლანტაში უწევდა თამაში - იქ, სადაც რვა ჩინებული სეზონი გაატარა! იმ მატჩში მილუოკელმა "ხარირმებმა" ოცდაათი ქულის სხვაობით (107:77) იმარჯვეს, ქართველმა ცენტრმა კი 14 ქულითა და 8 მოხსნით ისახელა თავი. ზაზა
ფაჩულიამ მომდევნო ორ მატჩშიც დიდი სარგებელი მოუტანა კლუბს, თუმცა, მასთან ინტერვიუ მაინც "ატლანტასთან" მატჩზე ლაპარაკით დავიწყეთ:


- ის დღე განსაკუთრებულად ემოციური იყო ჩემთვის. ვითამაშე ქალაქში, სადაც კარიერის 70% მაქვს გატარებული, ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ, უამრავი ნაცნობი ქომაგის წინაშე... ასეთ მატჩში გამარჯვება ყოველთვის ორმაგად ფასობს. ატლანტაში შარშანაც ვიყავი, მაგრამ ამჯერად, გაცილებით მეტი ქომაგი და თბილი მიღება დამხვდა. ის საღამო ჩემთვის დიდი სხვაობით გამარჯვებამ და ჩემმა კარგმა თამაშმაც გაალამაზა...

- დასამტკიცებელი არავისთვის აღარაფერი გაქვს, ატლანტაში - მით უმეტეს, მაგრამ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მაინც ორმაგი მოტივაციით ითამაშებდი...
- რაც უნდა კარგად გიცნობდნენ, გულის სიღრმეში მაინც გაქვს ამბიცია, პროფესიონალი სპორტსმენი ხარ და გინდა, გამარჯვებაში შენი წვლილი შეიტანო. ჩემთვის პირველ პლანზე გუნდია და მხოლოდ შემდეგ - ინდივიდუალური მიღწევები. თუ გუნდი ვერ თამაშობს, შენი სტატისტიკა არავის აინტერესებს. ამიტომაც ატლანტაშიც გუნდის წარმატებაზე ვიყავი ორიენტირებული. თუმცა, რა თქმა უნდა, მიხარია, რომ მოვიგეთ და გამარჯვებაში წვლილი მეც შევიტანე.

- მიმდინარე სეზონით უკმაყოფილო არ უნდა იყო - სათამაშო დროც გაქვს და შესაბამისად, კარგი სტატისტიკაც...

- შარშანდელთან შედარებით უკეთეს სეზონს ვატარებ, მაგრამ საკუთარი თამაშით კმაყოფილი არასდროს ვარ! მოედანზე ყოფნის სურვილი და პრეტენზია ყოველთვის მექნება და ეს გასაკვირი არც უნდა იყოს. მთავარია, "მილუოკი" ყველა მატჩში იბრძვის, ყოველთვის მოსაგებად გავდივართ, დაცვასაც და თავდასხმასაც მთელი გუნდი ვეხმარებით. ვისაც ჩვენი ამჟამინდელი მწვრთნელის, ჯეისონ კიდის, თამაში უნახავს, ემახსოვრება, როგორი გამთამაშებელი იყო, როგორ მწყობრად თამაშობდა მისი გუნდი... კიდის ხელში "სხვა გზა" არც ჩვენ გვაქვს და გუნდურ კალათბურთს ვთამაშობთ (იცინის).

- ჯეისონ კიდის შემთხვევა ადასტურებს, რომ კარგი მოთამაშისგანაც შეიძლება დადგეს კარგი მწვრთნელი...
- კარიერის ბოლო წლებში, კიდი მოთამაშე-მწვრთნელი იყო და "დალასის" გაჩემპიონებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის. ანალიტიკისა და თამაშის "წაკითხვის" უნარის გარდა, მწვრთნელ კიდში ყველაზე მეტად შრომისმოყვარეობას ვაფასებ. მასავით მშრომელი, საქმეზე უზომოდ შეყვარებული მწვრთნელი იშვიათად მინახავს. დილიდან საღამომდე დარბაზშია და ცდილობს, მაქსიმალურად შეგვიწყოს ხელი. როცა ასეთ დამოკიდებულებას ხედავს, მოთამაშეც ბევრად მეტი პასუხისმგებლობითა და მოტივაციით უდგება საქმეს. ვერასდროს შევეგუები, მწვრთნელი ჩემზე მეტს შრომობდეს, ასე რომ, უფრო და უფრო მეტი ვარჯიში მიწევს (იცინის).

- საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ლეგიონერი ზაზა ფაჩულია - ამ ჯილდოზე რას იტყვი?
- საზღვარგარეთ უამრავი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს და ასეთი აღიარება ორმაგად ფასეულია ჩემთვის. დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რადგან აშშ-ში არა მხოლოდ ჩემს ოჯახს, ჩემს ქვეყანასაც წარმოვადგენ, ყველაფერს ვაკეთებ, რათა ქართველები მშრომელ და პროფესიონალ სპორტსმენებთან ასოცირდებოდნენ! დიდი მადლობა სპორტის სამინისტროს ასეთი დაფასებისთვის...

- 2015 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები უკვე ცნობილია. წილისყრის შედეგით კმაყოფილი ხარ?

- საინტერესო ქვეჯგუფია - არც იოლი და არც განსაკუთრებულად რთული. მთავარია, ტრავმებმა არ შეგვაწუხოს და სრული შემადგენლობით შევიკრიბოთ. გუნდის ბირთვი და მწვრთნელი შენარჩუნებულია, ჩემი ბიჭების ხასიათი კი კარგად ვიცი და მათ მონდომებაში ეჭვი არ მეპარება. წინა ორ ჩემპიონატზე ოპტიმალურ შემადგენლობას ერთხელაც ვერ მოვუყარეთ თავი. იმედია, მესამე მცდელობა მაინც იქნება წარმატებული, სეზონს ყველა ქართველი კალათბურთელი მშვიდობიანად ჩაამთავრებს და ევრობასკეტს უდანაკლისოდ შევხვდებით.

- ახალი წლის დადგომას წელსაც (ინტერვიუ ჩაწერილია 29 დეკემბერს. - ავტ.) თვითმფრინავში უნდა შეხვდე?

- რამდენჯერმე უკვე შევხვდი ახალ წელს ჰაერში... დიდი ალბათობით წელსაც ასე მოხდება - 31 დეკემბერს კლივლენდში გვაქვს თამაში და მილუოკიში იმავე ღამეს ვბრუნდებით. ბავშვობაში ახალი წელი ჩემთვის სულ ოჯახში ყოფნასთან, სუფრასთან, მხიარულებასთან, საჩუქრებთან ასოცირდებოდა, მაგრამ პროფესიულ სპორტში და მით უმეტეს, NBA-ში გადაბარგების შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად არის - შობასაც და ახალ წელსაც სულ თამაში, ქალაქიდან ქალაქში გადაფრენა გვიწევს. მეთორმეტე წელია აშშ-ში ვარ, მე და ჩემი ოჯახი უკვე შევეჩვიეთ ასეთ გრაფიკს, მაგრამ ბავშვები... როგორ გინდა, ბავშვს გააგებინო, რომელიმე ახალ წელს მაინც რატომ არ არის მამა სახლში (იცინის)?

- ახალ წელს შინ ვერ ხვდები, მაგრამ საახალწლო სურვილები მაინც ხომ გაქვს?
- საქართველოს მშვიდობას, წინსვლას, წარმატებას ვუსურვებ! მინდა, საქართველოს ყველა ოჯახს შარშანდელზე უკეთესი წელი ვუსურვო, რაც შეიძლება ბევრ ბედნიერ სახეს ვხედავდე ჩემს ქვეყანაში. თუმცა, ეს ჩვენზეც არის დამოკიდებული - საკუთარ საქმეში ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, ბოლომდე დავიხარჯოთ და ყველაფერი კარგად იქნება!

yuri papava
09 იანვარი 2015 19:29
ზაზა არა მარტო საუკეთესო ლეგიონერია,არამედ საქართველოს საუკეთესო სპორტსმენიც - ნამდვილი პროფესიონალი!
ზ უ რ ა
06 იანვარი 2015 00:04
ჩვენი საამაყო კაპიტანი...
maxaxobski
05 იანვარი 2015 11:09
ცისფერსისხლიანი რომ ხარ იმიტომ ხარ მაგარი,შენს ჯიშს გაუმარჯოს.

რედაქტორის რჩევით