ჯანო ანანიძე: "ოლიმპიაკოსი", "ჰამბურგი" თუ "როსტოვი"?! - კვირის პალიტრა

ჯანო ანანიძე: "ოლიმპიაკოსი", "ჰამბურგი" თუ "როსტოვი"?!

0:4 ისედაც ვაგებთ და არ სჯობს, შევუტიოთ და 3:6 წავაგოთ?!

"თითქმის ყოველდღე მირეკავენ პირეოსის "ოლიმპიაკოსიდან"!"

"დამსახურებულად დამასახელეს "პირველი წრის იმედგაცრუებებს" შორის!"

მოსკოვის "სპარტაკში" დარჩენა თუ გროზნოს "ტერეკში", ტულის "არსენალში" ან "როსტოვში" განათხოვრება? - რუსული პრესა ჯანო ანანიძისთვის მხოლოდ ამ ვარიანტებს იმეტებს. თუმცა, საქართველოს ნაკრების 22 წლის ნახევარმცველმა "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად გაუმხილა, რომ მისი გადაბირება ძალიან უნდა ბერძნული ფეხბურთის გრანდს "ოლიმპიაკოსს", ასევე, ბუნდესლიგისა და ესპანეთის ჩემპიონატის კლუბებს. ახლა მთავარია, "სპარტაკმა" ქართველ ფეხბურთელს უზომოდ დიდი ფასი არ დაადოს, ან - საერთოდ უარი არ უთხრას გასხვისებაზე!

- რუსული კლუბებიდან მე მხოლოდ "როსტოვი" მელაპარაკა - რამდენჯერმე დამირეკეს, ზაფხულამდე ისევ ჩვენთან ითამაშეო. სხვა შემოთავაზებებიც მაქვს, მაგრამ "სპარტაკსაც" ხომ უნდა დაველაპარაკო?! ორშაბათს მოსკოვში ჩემს აგენტს ვხვდები (ინტერვიუ ჩაწერილია 17 იანვარს. - ავტ.) და ბევრი რამ გაირკვევა. მითხრა, რომ გერმანიიდან, საბერძნეთიდან და ესპანეთიდან არის შემოთავაზებები. თუმცა, მოსკოველებს ჯერ არ უთქვამთ, რას აპირებენ. ამიტომ, შესაძლოა, 21 იანვარს "სპარტაკთან" ერთად გავემგზავრო ესპანეთში, წლის პირველ შეკრებაზე. რადგან პრობლემები მქონდა, ხალხი ფიქრობს, რომ "სპარტაკი" აუცილებლად გამასხვისებს. არადა, შესაძლოა, პირდაპირ მითხრან, რომ არსადაც არ მიშვებენ! ისიც არ ვიცი, ახალი წლიდან მწვრთნელი რა თვალით შემომხედავს. ისე კი, უკვე ვუთხარი, თამაში მინდა-მეთქი!

- რა არის ასეთი დაუსრულებელი? კიდევ რამდენი ხანი გაკავშირებს კონტრაქტი "სპარტაკთან"?

- კიდევ წელიწად-ნახევარი! სამწუხაროდ, თავისუფალი აგენტი არა ვარ, სადაც მინდა, იქ რომ წავიდე, "სპარტაკთან" კონტრაქტი მაკავშირებს და კლუბის კეთილ ნებაზე ვარ დამოკიდებული...

- დაიწერა, რომ "როსტოვის" გარდა, შენი გადაბირება გროზნოს "ტერეკს" და ტულის "არსენალსაც" უნდათ...

- მე არავინ დამკავშირებია და ასეთ კლუბებში წასვლას არც ვაპირებ! თუ ევროპული კლუბი არ გამოვიდა, ტულასა და გროზნოში თამაშს ისევ "როსტოვი" მირჩევნია - იქ ყველას ვიცნობ და ყველა მიცნობს! თუმცა, როგორც აგენტმა მითხრა, გერმანული ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბი, მათ შორის - "ჰამბურგია" სერიოზულად დაინტერესებული, არის ესპანური ვარიანტიც. რაც მთავარია, თითქმის ყოველდღე მირეკავენ პირეოსის "ოლიმპიაკოსიდან"! ბერძნები ჩემს აგენტსაც ელაპარაკნენ და ძალიან არიან მოწადინებული. "ოლიმპიაკოსი" საბერძნეთის საუკეთესო კლუბია, ჩემპიონთა ლიგაზეც სულ თამაშობს. თანაც, ახალი წესებით, იქ არც ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტი შემეხება... პირეოსელებს ქეცბაიასთვისაც დაურეკავთ და თემურმა მკითხა, რას აპირებო? მე სიამოვნებით წავალ, მაგრამ "სპარტაკიც" ხომ უნდა იყოს თანახმა-მეთქი?! სატრანსფერო "ფანჯარა" ევროპაში იანვრის ბოლოს იხურება და წესით, მანამდე უნდა გაირკვეს ყველაფერი. მთავარია, რუსებმა დიდი ფული არ მოითხოვონ...

- ისევ იჯარაზეა ლაპარაკი თუ ბოლოს და ბოლოს, გაგიშვებს "სპარტაკი"?!

- ევროპულ კლუბებს ყიდვა ურჩევნიათ. თუმცა, აგენტისგან ვიცი, რომ "სპარტაკს" ჩემი გაყიდვა არ სურს. "როსტოვში" რომ წავედი, ჩემი სატრანსფერო ღირებულება 2,2 მილიონი იყო. ახლა 4 მილიონია, მაგრამ ბოლო თვეებია, არ მითამაშია, ალბათ, ფასიც დაიკლებდა და იქნებ რუსებმა გამიშვან კიდეც... როსტოვში რომ მივდიოდი, ბევრმა დასრულებულად ჩათვალა ჩემი კარიერა, მაგრამ ყველამ ნახა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე! მერე, პრობლემები მქონდა - ბიძა გარდამეცვალა, მერე ცხვირის ოპერაცია დამჭირდა. თავადაც არ ვიცოდი, რომ ცხვირის პრობლემის გამო თურმე თავისუფლად ვერ ვსუნთქავდი და ალბათ, ამიტომაც ვიღლებოდი ასე სწრაფად...

- ახლა როგორ არის საქმე?

- გაცილებით უკეთ ვსუნთქავ და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია არ მივარჯიშია, დაღლას თითქმის არ ვგრძნობ! ბოლო ორი კვირა აქტიურად ვვარჯიშობდი სატრენაჟორო დარბაზში, მე და ხუბუტია იპოდრომზეც ერთად დავრბოდით. მოკლედ, თავს ჩინებულად ვგრძნობ.

- "როსტოვში" კარგად თამაშობდი, მოსკოვში დაბრუნების შემდეგ კი სეზონის "იმედგაცრუებებს" შორის დაგასახელეს...

- "სპარტაკი" ისეთი კლუბია, ერთი შეცდომაც კი ასმაგად ფასობს. ამიტომაც ისეთივე თავდაჯერებული ვერ ვიყავი, როგორიც როსტოვში. თანაც, კარგი სეზონის შემდეგ ჩემგან ყველა შედეგიან თამაშს ელოდა, პირველ მატჩებში ვერ ვითამაშე, მერე მწვრთნელთანაც ამერია ურთიერთობა და... "როსტოვიდან" დაბრუნების შემდეგ ფეხბურთი, ფაქტობრივად, აღარ მითამაშია! ასე რომ, დამსახურებულად დამასახელეს "იმედგაცრუებებს" შორის!

- მაინც, რა მოხდა, რატომ თქვი უარი სათასო მატჩზე გამგზავრებაზე?

- ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა. ბოდიში უკვე მოვიხადე, ჩავლილი ამბის გახსენება კი აღარ მსურს!

- აგენტი აქამდე რომ გყოლოდა, იქნებ "სპარტაკისთვის" დროულად დაგეღწია თავი და ამდენი წელი არ დაგეკარგა?

- აგენტი დაახლოებით 6 თვის წინ ავიყვანე. თორემ მანამდე ოფიციალური აგენტი არ მყოლია - სანამ ცოცხალი იყო, მის მოვალეობას მამა მიწევდა...

- კი მაგრამ რევაზ ჩელებაძე?

- რევაზ ჩელებაძე ოფიციალურად ჩემი აგენტი არასდროს ყოფილა. უკვე ოთხი წელიწადია, საქმიანი ურთიერთობაც აღარ გვაქვს.

- მაგრამ კიევის "დინამოში" ხომ სწორედ მან წაგიყვანა?

- დიახ, კიევში ჩელებაძემ წამიყვანა და ამისთვის მადლობელი ვარ. თუმცა, მას შემდეგ, რაც "სპარტაკთან" გავაფორმე ხელშეკრულება, ოფიციალური აგენტი აღარ მყოლია.

- პასში და მოედნის ხედვაში არც უმცროსი ძმა - ლევანი ჩამოგრჩება. ახლა სად ვარჯიშობს?

- მოსკოვში იყო ჩემთან, მაგრამ ფეხი დაიშავა და წამოვიდა. ახლა ბათუმის "დინამოს" მეორე გუნდშია და როგორც ასლან ბალაძე მეუბნება, პირველ გუნდშიც მალე ვნახავთ. მე ყველანაირად ვუწყობ ხელს, დანარჩენი კი თავად ლევანზეა დამოკიდებული.

- მოსკოვის "სპარტაკის" დუბლებში რუსეთში დაბადებული გიორგი მელქაძე ბრწყინავს. როგორ შეატყვე, ხომ არა აქვს საქართველოს სახელით თამაშის სურვილი?

- ძალიან მაგარი ბიჭია და დიდი მომავალი აქვს! თუმცა, რომ გითხრათ, ძალიან უნდა საქართველოს სახელით თამაში-მეთქი, მოგატყუებთ. ვუთხარი კიდეც, რომ ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, რადგან წლების წინ მსგავს სიტუაციაში მეც ვიყავი და საქართველო ავირჩიე, მაგრამ დღეს ამას არავინ აფასებს!

- რას ნიშნავს, არ აფასებენ?

- საქართველო ჩემი სამშობლოა და სხვანაირად ვერც მოვიქცეოდი, მაგრამ გიორგისაც ვუთხარი, საკმარისია, ერთხელ გადაგიბრუნდეს ფეხი, ყველა გადაგივლის-მეთქი! ფეხბურთელი ყოველთვის კარგად ვერ ითამაშებს, მაგრამ ლანძღვა-გინებას რომ დაიწყებენ, არც ის დაავიწყდეთ, რამდენ რამეზე ვთქვი უარი 15 წლის ბიჭმა. ჩემი და კვირკველიას მეტი სხვა არც ვიცი, ასე მოქცეულიყოს. თავს კი არავის ვამადლი, მაგრამ ქართველებს ჩვენიანის დაფასებაც ხომ უნდა შეგვეძლოს?! "როსტოვმა" რუსეთის თასი რომ მოიგო, მთელი რუსეთის დასანახავად საქართველოს დროშით დავრბოდი მოედანზე, მაგრამ ერთი ქართველი ჟურნალისტის მეტს არავის მოვუკითხავვარ...

- ნაკრებზეც ვილაპარაკოთ: პოლონეთთან მატჩზე რას იტყვი?

- ევროპაში ფეხბურთელი არა გვყავს, ნაკრების მოთამაშეთა უმეტესობას სათამაშო პრაქტიკაც აკლია და პოლონეთს რით უნდა ვაჯობოთ?! რაც შეგვეძლო, ვითამაშეთ, თავს ზემოთ კი ძალა არ არის. სანამ ქართული ფეხბურთი ასეთ დღეშია, პოლონეთის დონის ნაკრებებთან მოგება ჩვენთვის ფანტასტიკის სფეროს ჰგავს...

- თემურ ქეცბაია აღარ არის ნაკრების მწვრთნელი. რა იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა?

- შესაძლოა, ის, რომ ნაადრევად გაისტუმრა გუნდიდან გამოცდილი ფეხბურთელები. კობიაშვილი და იაშვილი ცოტა ხანში ისედაც დაასრულებდნენ კარიერას, მაგრამ სანამ გერმანიაში თამაშობდნენ, ნამდვილად შეეძლოთ ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა. როცა გვერდით ასეთი გამოცდილი მოთამაშეები გყავს, ბევრსაც სწავლობ და უფრო თავდაჯერებულიც ხარ! მესმის, რომ თემურს მომავალზე ჰქონდა გათვლა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან გაახალგაზრდავდა.

- როგორ ფიქრობ, კახა ცხადაძის დანიშვნის შემდეგ რა შეიცვლება ნაკრებში?

- გააჩნია, რა ტაქტიკით ათამაშებს გუნდს ახალი მწვრთნელი, ვის გამოიძახებს, როგორ მიუდგება ფეხბურთელებს. ზოგი მწვრთნელი შეგირდებთან მეგობრულ ურთიერთობას ამჯობინებს, სხვა სიმკაცრეს იჩენს და ა.შ. კახა ცხადაძეს კარგად არ ვიცნობ და არ ვიცი, რა ტაქტიკას არჩევს, მაგრამ კარგი ფეხბურთელი იყო, წარმატებული მწვრთნელია და, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებთან ერთადაც წარმატებას ვუსურვებ! რას შეცვლის? მთავარია, უფრო შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ - 0:4 ისედაც ვაგებთ და არ სჯობს, შევუტიოთ და 3:6 წავაგოთ?!