მანუჩარ კვირკველია: როდის გსმენიათ ჩემგან ლუკა კურტანიძის კრიტიკა, ან საჩხუბარი რა გვაქვს?! - კვირის პალიტრა

მანუჩარ კვირკველია: როდის გსმენიათ ჩემგან ლუკა კურტანიძის კრიტიკა, ან საჩხუბარი რა გვაქვს?!

"ნურავის ექნება უსაფუძვლო მოლოდინი, რომ ერთ-ორ თვეში შეიძლება შედეგის მიღწევა!"

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა წინამორბედისგან დეკემბრის ბოლოს გადაიბარა ფედერაციის დოკუმენტაცია და ბეჭდები. მანუჩარ კვირკველიას თქმით, გადაბარებისა და აუდიტის პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ვიცე-პრეზიდენტების ვინაობასაც მოგვიანებით დაასახელებს. ფედერაციის ახალი თავკაცი ენაწყლიანობით არ გამოირჩევა და ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ ამაში თავად დარწმუნდებით. თუმცა, ლაპარაკზე მეტად, მისგან საქმეს ელიან, საქმე კი ნამდვილად ბევრი ექნება - კრიზისში მყოფი ჭიდაობის რეანიმირებას სწორი ნაბიჯები და მტკიცე ხელი სჭირდება! მანუჩარ კვირკველია ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია, თუმცა, ჭიდაობის ფედერაციაში მუშაობას პირდაპირ უმაღლესი საფეხურიდან იწყებს და... იმედია, პრეზიდენტის სავარძელშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც საჭიდაო ხალიჩაზე იყო.

- როგორი ვითარება დახვდა ახალ პრეზიდენტს ჭიდაობის ფედერაციაში?

-  ჯერჯერობით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან პრეზიდენტად ჩემს არჩევას ახალი წლის დადგომა დაემთხვა და დოკუმენტაციის გადმობარებისა და აუდიტის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

- მართალი ყოფილხართ, ჯერ კიდევ არჩევნებამდე რომ ამბობდით, ჭიდაობის სამყაროს ნახევარზე მეტი მე მიჭერს მხარსო!

- მაშინ ეს სიტყვები უსაფუძვლოდ არ მითქვამს. ადამიანების უმეტესობას ეტყობა ხოლმე, ვის უჭერს მხარს, როგორი განწყობა აქვს და ა.შ. კარგია, რომ ჩემი სიტყვები გამართლდა...

- ბუნებრივია, წარმატებას გისურვებთ, მაგრამ როგორ ფიქრობთ, მაინც რატომ შეაჩერეს დელეგატებმა არჩევანი თქვენზე? ტიტულოვანი მოჭიდავე ხართ, მაგრამ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება არა გაქვთ... ფედერაციის მართვა არ გაგიჭირდებათ?

- დაველოდოთ და ვნახოთ, გამიჭირდება თუ არა... რაც შეეხება მხარდაჭერას, დელეგატებს ჩემი იმედი რომ არ ჰქონოდათ, ხომ არ ამირჩევდნენ?!

- არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებისთვის მადლობა თქვენს წინამორბედსაც გადაუხადეთ. არადა, მანამდე ლუკა კურტანიძეს კრიტიკა არც თქვენგან აკლდა...

- როდის გსმენიათ ჩემგან ლუკა კურტანიძის კრიტიკა, ან საჩხუბარი რა გვაქვს?! მხოლოდ მეგობრული რჩევა მივეცი...

- მოჭიდავეების საქციელზე რას იტყვით - რაც უნდა უკმაყოფილო ყოფილიყვნენ ფედერაციის პრეზიდენტის მუშაობით, მსოფლიოს ორგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონისთვის კვერცხების სროლას აქვს გამართლება?

- რა თქმა უნდა, უსიამოვნო ფაქტი მოხდა.

- როგორ გგონიათ, რაში დაუშვა თქვენმა წინამორბედმა შეცდომა, რატომ აუმხედრდა თითქმის მთელი საჭიდაო სამყარო?

- ეს სპორტსმენებს, იმ ხალხს ჰკითხეთ, ვისაც პრეტენზია ჰქონდა ლუკა კურტანიძესთან. ნამდვილად არ მსურს ლაპარაკი იმაზე, რაც უკვე ჩავლილია...

- ის მაინც გვითხარით, თქვენ რას გაითვალისწინებთ მისი შეცდომებიდან, იგივე რომ არ გაიმეოროთ?

- გმადლობთ შეხსენებისთვის, რომ არ უნდა გავიმეორო (იცინის). შესახსენებელი არც არაფერია - ყველამ იცის, რა სჭირდება სპორტსმენს. უბრალოდ, საჭიროა საქმის გაკეთება!

- მაინც, რა არის გასაკეთებელი უპირველესად? რით უნდა დაიწყოს მუშაობა ფედერაციის ახალმა თავკაცმა?

- არის ძალიან ბევრი ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი სპორტსმენებსა და მწვრთნელებს. და რაც მთავარია, სალიცენზიო ტურნირები იწყება! სწორედ ლიცენზიების მოპოვებაა აუცილებელი, ოლიმპიურ თამაშებზე რაც შეიძლება მეტი მონაწილე რომ გვყავდეს.

- "ფალავანთა კლუბში" როდის გაუმჯობესდება პირობები?

- ამ საკითხზეც ვმუშაობთ. ვაზუსტებთ, რა არის დაზიანებული, შესაკეთებელი და შესაცვლელი. ვეცდებით, დარბაზში არსებული პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს.

- რამდენ ხანში იგრძნობს ჭიდაობის სამყარო იმ ცვლილების შედეგს, რაც ფედერაციის სათავეში მოხდა?

- ნურავის ექნება უსაფუძვლო მოლოდინი, რომ ერთ-ორ თვეში შეიძლება შედეგის მიღწევა! არ დაგვავიწყდეს, რომ დანგრევა გაცილებით იოლია, ვიდრე შენება და შენებას დროც მეტი სჭირდება. მთავარია, სავარჯიშო პროცესი აღდგა და თანდათან ყველაფერი გამოსწორდება.

- ცვლილებები ნაკრები გუნდების თავკაცებსაც შეეხებათ?

- დღესდღეობით ყველა მათგანი აგრძელებს თავის ადგილზე მუშაობას. მეტის თქმას კი ამ ეტაპზე არ ვაპირებ - ყველაფერს დრო გვიჩვენებს! მთავარია, ეს საკითხი ერთი კაცის გადასაწყვეტი აღარ არის.