"ორთაბრძოლის წინ ჰამლეტ გონაშვილის სიმღერებს ვუსმენ" - ამერიკაში ქართული ტორნადო დაბრუნდა - კვირის პალიტრა

"ორთაბრძოლის წინ ჰამლეტ გონაშვილის სიმღერებს ვუსმენ" - ამერიკაში ქართული ტორნადო დაბრუნდა

"ერთ დღესაც მენეჯერი მირეკავს - ხავიერ ალბერტო მამანის უნდა შეებრძოლოო. როგორ, სამივეს მე უნდა ვეჩხუბო-მეთქი?!"

საქართველოსა და აშშ-ში "ჩაქუჩას" მეტსახელით იცნობენ, ევროპაში - "ტორნადოდ", მაგრამ სახელებზე უფრო მნიშვნელოვანი შედეგებია, ტიტულებით კი ავთანდილ ხურციძეს ნამდვილად შეუძლია თავის მოწონება - არის მსოფლიო ჩემპიონი IBO-ს და WBC-ს ვერსიით, ასევე, WBA-ს და EBA-ს ქამრის მრავალგზის მფლობელი. შვიდი წლის განმავლობაში უკრაინაში ვარჯიშობდა, ტიტულების უმეტესობაც იმ პერიოდს უკავშირდება, თუმცა, ბოლო საპრომოუტერო კომპანია "Elite Boxing Promotions"-მა იმდენი პრობლემა შეუქმნა, უკრაინიდან წამოვიდა და რამდენიმე წელი რინგზე აღარ გასულა. მეტიც, კარიერის დასრულებაც კი გადაწყვიტა, მაგრამ მაინც დაბრუნდა. მერე რა, რომ მაისში 36 წლის გახდება?! დაბრუნდა კრივშიც და ამერიკაშიც, სადაც უკვე ორი ბრძოლის ჩატარება მოასწრო და ორივეში ნოკაუტით გაიმარჯვა! 20 თებერვალს ავთანდილ ხურციძე მანჰეტენში მორიგ ორთაბრძოლას გამართავს. მეტოქის ვინაობა ჯერ არა, მაგრამ ის კი ზუსტად იცის, რომ მის მოწინააღმდეგეს "გალახვა" არ ასცდება!

- უკრაინელ პრომოუტერებთან უთანხმოების გამო, ბოლო წლებში არც ერთი ბრძოლა არ გამიმართავს. ამის გამო რეიტინგებშიც დავკარგე მოწინავე პოზიციები. აშშ-ში რომ დავბრუნდი რვა თვის წინ, რეიტინგში აღარც კი ვიყავი დაფიქსირებული! თუმცა, შარშან გამართული ორივე ორთაბრძოლა ნოკაუტით მოვიგე და დეკემბრის ბოლოს ახალი რეიტინგი რომ გამოქვეყნდა, 1000 მოკრივეს შორის ჩემს წონით კატეგორიაში (72,5 კგ) მე-40 ნომრად ვარ. მომდევნო მატჩის მოგებით ათეულშიც დავიბრუნებ ადგილს!

- ვინ არის თქვენი მომავალი მეტოქე?

- სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი და არც მაინტერესებს. მენეჯერებს მხოლოდ ორთაბრძოლის ადგილსა და დროს ვეკითხები ხოლმე! მითხრეს, რომ რინგზე 20 თებერვალს უნდა გავიდე, რა მნიშვნელობა აქვს, ვის შევხვდები? როცა რინგზე მეტოქის საცემად გადიხარ, რა ნამუსით უნდა იკითხო, ვინ არის, ვინაობას რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ხომ უნდა გალახო (იცინის)?!

- მომავალი მატჩისთვის სად ემზადებით?

- ჯერ ლოს-ანჯელესში ჩავედი, მაგრამ იქაურობას ვერ შევეგუე - სულ მზიანი ამინდებია, მე კი ქუთაისელი, თანაც უკრაინაში შვიდი წელი ნაცხოვრები კაცი ვარ (იცინის). ასე რომ, ახლა ისევ ფილადელფიაში ვარ, 12 წლის წინანდელ პრომოუტერთან. ძალიან მეხმარება ჩემი მეგობარი გიორგი დონაძე და ამინდიც ქუთაისის მსგავსია...

- არადა, უკრაინიდან რომ წამოხვედით, კრივისთვის თავის დანებებს აპირებდით...

- სპორტი სუფთა საქმედ მიმაჩნდა და წლების წინ სწორედ ამიტომ ავირჩიე. სამწუხაროდ, ამ სფეროში იმდენ თაღლითს გადავეყარე, ცოტათი გულიც ამიცრუვდა, თანაც, ტიტულებიც საკმაოდ მაქვს და ვიფიქრე, კარიერას დავასრულებ-მეთქი. მაგრამ მერე, ლაპარაკი რომ დაიწყეს, ხომ გამოჩნდა, რა მოკრივეც იყოო, დაბრუნება გადავწყვიტე. მადლობა ჩემს ყოფილ პრომოუტერებს, ამდენი პრობლემა რომ შემიქმნეს და დაბრუნების სტიმული მომცეს (იცინის). ქუთაისში ყოფნისას ჩემს პირველ მწვრთნელთან, მურთაზ ბებიასთან ვვარჯიშობდი, რომელსაც დიდი წვლილი აქვს პროფესიონალ მოკრივედ ჩემს ჩამოყალიბებაში. კრივში დაბრუნების შემდეგ პირველი გამარჯვება მხოლოდ მოგება არ იყო - ეს იყო ერთი უბრალო ქუთაისელი ბიჭის გამარჯვება უმდიდრეს კომპანიაზე!

- ასე ძალიან რით გაგაბრაზეს ყოფილმა პრომოუტერებმა?

- უკრაინაში რამდენიმე საპრომოუტერო კომპანია გამოვიცვალე. ძმები კლიჩკოების კომპანიასთანაც ვთანამშრომლობდი, ბოლოს კი, ჩემდა სამწუხაროდ, "Elite Boxing Promotions"-ში აღმოვჩნდი. ამ კომპანიამ რამდენჯერმე დაარღვია კონტრაქტის პირობები და პარიზშიც მათი გამოუცდელობის გამო წავაგე კამერუნელ-ფრანგ ჰასან ნდამ ნჯიკამთან. ავიაბილეთი მეტოქის პრომოუტერს ააღებინეს, მან კი იმდენი მოახერხა, ორის ნაცვლად, თვითმფრინავში 7 საათი გავატარე. მერე სასტუმროსთან მალოდინეს და ავტომანქანითაც ლამის მთელი პარიზი შემომატარეს, კიდევ უფრო რომ დავღლილიყავი. მოკლედ, ყველაფერი გააკეთეს, ბრძოლას განერვიულებული რომ შევხვედროდი. ამის მიუხედავად, კამერუნელს მაინც ვაჯობე და ადგილობრივი მსაჯების არაობიექტურობა რომ არა, ქამარიც მე მეკუთვნოდა! ჩემს პრომოუტერებს პირდაპირ ვუთხარი, მუშაობა არ იცით-მეთქი, მაგრამ "Elite Boxing "-ში მაინც დავრჩი, რადგან ბრძოლის საქართველოში გამართვას დამპირდნენ. იმ ბრძოლის ორგანიზებითაც ძალიან უკმაყოფილო ვარ, მაგრამ მთავარია, ეს ორთაბრძოლა ჩემს სამშობლოში შედგა და რინგზე ქართველი ქომაგის წინაშე გამოსვლის ბედნიერება მერგო!

- უკრაინაში ისეთი ამბებია, მაშინ თუ არა, ახლა მაინც მოგიწევდათ იქიდან წამოსვლა, ასე რომ, კარგიც იყო, დროულად რომ დააღწიეთ თავი...

- უკრაინელების უზომოდ მადლობელი ვარ, დიდი გამოცდილებაც მივიღე და ჩემი ყველა ტიტულიც იმ პერიოდს უკავშირდება. უკრაინელ მეგობრებთან დღემდე ხშირი კავშირი მაქვს და მნიშვნელოვან ბრძოლების დროს, ქართულთან ერთად, რინგზე უკრაინის დროშასაც გავიტან! სხვათა შორის, უკრაინაში ახალი ჩასული რომ ვიყავი, საქართველოს დროშას ვმალავდი ხოლმე - ვაითუ, წავაგო და ჩემი ქვეყანა შევარცხვინო-მეთქი! დროშას ჩემი მეგობრები მალავდნენ და როცა მოვიგებდი, მაშინვე მაწვდიდნენ... კარიერაში სულ ორი წაგება მაქვს და ორივეჯერ მსაჯებმა "ივაჟკაცეს". ხომ წარმოგიდგენიათ, რუსი რომ ქართველს უგულშემატკივრებს? მაგრამ ნჯიკამთან ბრძოლის შემდეგ, რუსებიც კი წერდნენ, ქართველს ჩემპიონობა წაართვესო!

- უკრაინაში თქვენი ყოველი ბრძოლის წინ რინგზე ქართველი მოცეკვავეები ანთებდნენ ცეცხლს. აშშ-ში როგორ იქნება საქმე?

- მალე ამერიკის რინგზეც ნახავთ ქართულ დროშასა და ფაფახ-ხანჯლიან მოცეკვავეებს! ამით მოწინააღმდეგეს კი არ "ვაშინებ", მე ვიმუხტები ხოლმე ენერგიით. რაც მთავარია, ვამაყობ და ყველას ვაჩვენებ, ქართველები საუცხოო კულტურის პატრონები რომ ვართ! საქართველოში ხალხურ სიმღერებს იშვიათად ვუსმენდი, მაგრამ ახლა, ორთაბრძოლის წინ, თითქმის სულ ჰამლეტ გონაშვილის სიმღერებს ვუსმენ...…სხვათა შორის, რინგიდან მაშინვე ვამჩნევ ხოლმე დარბაზში მსხდომ ქართველებს. უკრაინაში ვარჩევდი და აქ, ამდენ შავკანიანში, ქართველის ცნობას რა უნდა (იცინის)?!

- როგორც გავიგე, მომავალი ბრძოლისთვის მოსამზადებლად თქვენზე გაცილებით ზორბა მეტოქეებთან სპარინგობთ...

- რა ვქნა, ჩემი წონის მოკრივეები სპარინგზე უარს მეუბნებიან - ისეთი ძალა გაქვს, ალბათ, სხვა პლანეტიდან ხარო. ნეტავ როდიდან აღარ არის ქუთაისი ამ პლანეტაზე (იცინის)?! ისე, მართალია, ჩემთან სპარინგი ბრძოლას უფრო ჰგავს, ვიდრე საკონტროლო მატჩს. უფალმა განსაკუთრებული ჯან-ღონით დამაჯილდოვა, თანაც, სპარინგსაც სერიოზულად ვუდგები - მიმაჩნია, რომ სწორედ ვარჯიშზე უნდა დაიღალო, ორთაბრძოლისას რომ არ იგრძნო დაღლა! ეს ყველას არ ესმის, თავს უფრთხილდებიან და სპარინგპარტნიორად სუსტ მეტოქეებს ირჩევენ. მიხარია კიდეც, სპარინგპარტნიორად რომ არ მოვწონვარ - მათ რომ მოვეწონო, სულ რინგზე უნდა ვეგდო, ასეთ მდგომარეობაში კი ღმერთმა არ განახოთ ჩემი თავი (იცინის).

- და იძულებული ხართ, სხვა წონითი კატეგორიის მოკრივეებს ესპარინგოთ...

- ბოლოს ჯესი ჰარდს შევხვდი, ძალზე პერსპექტიულ და პოპულარულ მოკრივეს. თანაც, ჩემზე მაღალიც არის და მძიმეც. ათი რაუნდი უნდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ მხოლოდ სამი რაუნდი გამიძლო. სხვათა შორის, ფილადელფიაში იმავე დარბაზში და იმავე მწვრთნელთან ვვარჯიშობ, სადაც ბერნარდ ჰოპკინსი (მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, პირველი მოკრივე, ვინც ოთხივე ძირითადი ვერსიით გახდა მსოფლიო ჩემპიონი; სამგზის - ყველაზე ასაკოვანი მსოფლიო ჩემპიონი. - ავტ.)! ბერნარდი ორიოდე კვირის წინ შემპირდა, ვისპარინგოთო. ჯერჯერობით არ გამოჩენილა, მაგრამ, როცა უთხრეს, ჰარდმა მხოლოდ სამი რაუნდი გაუძლოო, შემოუთვლია, "ჰამერს" გადაეცით, აუცილებლად გავლახავო! ორთაბრძოლის წინ "მუქარა" კრივში ჩვეულებრივი ამბავია, მით უმეტეს, შავკანიანებისთვის. ჰოპკინსი ჩემზე ორი წონითი კატეგორიით მძიმეა, გაცილებით ასაკოვანი და გამოცდილიც არის, მაგრამ მოვიდეს და დავხვდები (იცინის)!

- "ჰამერი" ახსენეთ - აქამდე "ჩაქუჩასა" და "ტორნადოს" გეძახდნენ და როგორც ჩანს, ამერიკელებს თქვენი მეტსახელი გადაუთარგმნიათ (Hammer ინგლისურად ჩაქუჩს ნიშნავს. - ავტ.)...

- 12 წლის წინ ამერიკელებმაც "ჩაქუჩათი" გამიცნეს. ახლაც "ჰამერს" მეძახიან. ასე რომ, მეტსახელები საკმარისზე მეტი მაქვს და ვფიქრობ, რინგზე გამოსვლისას მეტსახელებიც ხომ არ გამოვაცხადებინო? - "მარჯვენა კუთხეში ავთანდილ ჰამერ ტორნადო-ხურციძე" (იცინის)! კიევში ახალი ჩასული ვიყავი და ერთ დღესაც მენეჯერი მირეკავს - ხავიერ ალბერტო მამანის უნდა შეებრძოლოო. როგორ, სამივეს მე უნდა ვეჩხუბო-მეთქი?! ვერ მივხვდი, ერთ კაცს რომ ერქვა ამხელა სახელი (იცინის).

- ჰოპკინსის გარდა, სხვა ცნობილ მოკრივეს თუ შეხვედრიხართ?

- როგორ არა, მაგრამ არ მიყვარს ინიციატივის გამოჩენა, ფოტოს გადაღება და ა.შ. შენი მიღწევებით უნდა დაიმსახურო, ცნობილ სპორტსმენებს თავად გაუჩნდეთ შენთან შეხვედრის ან ფოტოს გადაღების სურვილი. როგორც, მაგალითად, ჰოპკინსს!

- ავთანდილ ხურციძე თავისი წონის ლიდერებთან ბრძოლის უფლებას როდის მოიპოვებს?

- სწორედ უძლიერეს მოკრივეებთან საბრძოლველად ჩამოვედი აშშ-ში! ამისთვის კი საუკეთესოთა ათეულში მოხვედრაა აუცილებელი. ჩემი წარსულის პატრონს ბრძოლაზე უარს არც ერთი კომისია არ მეტყვის, მაგრამ თუ რეიტინგის ლიდერი და ტიტულის ოფიციალური პრეტენდენტი არ ვიქნები, თავად მოკრივეს არ ექნება ჩემთან ბრძოლის სურვილი! საბედნიეროდ, უკვე აღვიდგინე ძველი ფორმა. ჩემი მწვრთნელი მეუბნება, "ჟანგი" მოგაცილეო. ეს "ჟანგი" ბოლო წლებში დაგროვებული ზედმეტი ცხიმი იყო. მართალია, საქართველოში უყვართ ღიპიანები, ჯიპიანები და ჯიბიანები, მაგრამ მოკრივეს ღიპი არ უხდება (იცინის).

- მკლავებზე გაკეთებულ სვირინგზე რას გვეტყვით?

- 15 წლის ვიყავი, მეგობარმა რომ გამიკეთა. არაპროფესიონალურად და ულამაზოდ იყო გაკეთებული და რადგან ჰოროსკოპით კურო ვარ, უკრაინაში ხარის გამოსახულება გადავახატე. მეორე ტატუც ჰოროსკოპს უკავშირდება - მაიმუნის წელში ვარ დაბადებული და ამერიკაში ყოფნისას მარცხენა მკლავზე კრივის ხელთათმანებიანი გორილა ამოვისვირინგე. მაქვს წლების წინ გაკეთებული წარწერა-სვირინგიც, ოღონდ "ჩაქუჩას" რუსული ვარიანტის დაწერისას შეცდომა დაუშვეს და "მალატოკ" მაწერია (იცინის).